დაათვალიერა, გახსნა, აჩუქა - “ქართული ოცნება” არჩევნების წინ თავს იწონებს ივანიშვილისა და სახელმწიფოს ფულით შექმნილი პროექტებით

არჩევნებამდე ზუსტად 3 დღე დარჩა. მმართველი პარტია განაგრძობს საარჩევნო შეხვედრებს და ამავდროულად, მიმდინარე პროექტების დათვალიერებასა და გახსნას. განსაკუთრებულად გულუხვია მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. მისი ოჯახის და ფონდის ფულით წინასაარჩევნოდ ქვეყანამ და ხალხმა გულუხვი საჩუქრები მიიღო - სენაკის თეატრის გარემონტებით დაწყებული - იპოდრომითა და საერთაშორისო უნივერსიტეტით დამთავრებული.

  • 27 ოქტომბერი

მხოლოდ გუშინ, არჩევნებამდე 4 დღით ადრე გაიხსნა ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი. გუშინვე ბათუმის საერთაშორისო სტადიონის გახსნას დაესწრო მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები. სტადიონის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გახსნა 14 სექტემბერს იყო დაგეგმილი თუმცა ეპიდემიის გამო გადაიდო. მას მერე ბათუმში სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

  • 26 ოქტომბერი

სტადიონის გახსნამდე 2 დღით ადრე, გორის მერმა Facebook-ზე დაწერა, რომ ივანიშვილმა გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადასცა. საჩუქრის ღირებულება 1,5 მლნ ლარს აღემატება და პარკის მოწყობასაც “ქართუ” დააფინანსებს.

ივანიშვილის ახალი საჩუქრის შესახებ გორელებმა ზუსტად იმ დღეს გაიგეს, როდესაც ქალაქში ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო.

  • 24 ოქტომბერი

არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, ქუთაისში 274 დევნილს სახელმწიფომ ახალი ბინები გადასცა. “2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით… ჯამში, სახლები 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა”, - ეწერა მთავრობის განცხადებაში.

ქუთაისში იგივე განმეორდა, რაც გორში. სასიხარულო ამბავი საზოგადოებამ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დღეს გაიგო.

  • 23 ოქტომბერი

საარჩევნო პერიოდს დაემთხვა გასულ პარასკევს, თბილისში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრეზენტაციაც. ტრანსპორტის შემოყვანაში ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.

  • 21 ოქტომბერი

არჩევნებამდე 10 დღეც არ იყო დარჩენილი, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფულით აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. ღონისძიება 21 ოქტომბერს გაიმართა.

  • 18 ოქტომბერი

“ქართული ოცნების” ლიდერები რეგიონში მიმდინარე პროექტების დათვალიერებასა თუ პრეზენტაციებს ამთხვევენ კანდიდატების წარდგენასაც. ეს მხოლოდ ერთი ან ორი შემთხვევა არაა. მაგალითად, 18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

ამავე დღეს ოფიციალური წყაროებიდან გავიგეთ, რომ “ქართუს” დაფინანსებით სენაკში თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა, ფოთში კი გადაუდებელი დახმარების ცენტრის აშენებაზე.

გამოქვეყნდა ვიდეორგოლი ამიერკავკასიში ყველაზე დიდი ლოკოკინების ფერმის შესახებ. ხობში ლოკოკინები იტალიიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩამოიყვანეს.

ამავე დღეს მთავრობის წევრებმა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს მათ თან ახლდათ მაჟორიტარობის კანდიდატიც.

ფოტო მაკეტიდან

ყველაზე დიდი საჩუქარი წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საარჩევნო კამპანია ერთი თვის დაწყებული იყო, როცა ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების იპოდრომის ტერიტორია გადასცა. მანვე აიღო პარკის მოწყობის ვალდებულება, რომელიც ასევე რამდენიმე მილიონი დაჯდება. ბიძინა ივანიშვილის ახალი საჩუქარი დედაქალაქს რამდენიმე დღეს ქართული მედიის მთავარი თემა გახდა.

“სამართლიან არჩევნების" ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლებები მასშტაბურ ღონისძიებებს საარჩევნო აქტივობების არჩევნებისთვის დამთხვევით არასწორ აღქმებს აჩენენ.

“ეს, ცალსახად, ხორციელდება საარჩევნო, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე… ამ პროექტების წარმოჩენა ისე ხდება, რომ “აი, მადლიერები უნდა იყოთ სახელისუფლებო პარტიის”. არ არის აქცენტი იამზე, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის გადასახადებისგან შედგება. ხელისუფლება ვალდებულია ასეთი პროექტები გააკეთოს არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ სრულად”, - ამბობს ის.

ელენე ნიჟარაძე

მისი თქმით, ეს საკითხი კანონმდებლობით ვერ დარეგულირდება და პოლიტიკოსების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

“მისასალმებელია, რომ [ქართუ] ადგილობრივ ხელისუფლებას პარკს გადასცემს ან თეატრს ააშენებს. თუმცა, ამ შემთხვევაში “ქართუ” პირდაპირ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და შესაბამისად წინასაარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული იმისთვის, რომ ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს”, - ამბობს ის.

მმართველ პარტიაში ამ საკითხზე რადიო თავისუფლებასთან არ ისაუბრეს.

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე კი მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ წინასაარჩევნო პერიოდში გახსნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის საჩუქრებს.