ჩეჩნეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა, მუფთი სალაჰ მეჟიევმა ფონდის საჩუქარს „უპრეცედენტო" უწოდა. კავკასიის საკითხზე მომუშავე ექსპერტებიც შენიშნავენ, რომ რამზან კადიროვმა ასე გულუხვად პირველად დააჯილდოვა „მოთვინიერებული“ სასულიერო პირები.
ჩეჩნეთის ყველა, 309-ვე იმამმა მიიღო რუსული წარმოების მანქანა LADA Granta. ახალი მანქანების გასაღებთან ერთად, მათ რამზან კადიროვისგან ასევე მიიღეს ას-ასი ათასი რუსული რუბლი (1,1 ათასი დოლარი). სასულიერო პირებისთვის შეძენილი ავტომობილების ჯამური საფასური - სავარაუდოდ, 247 მლნ რუბლი - მთლიანად დაფარა ახმატ კადიროვის ფონდმა, რომელსაც რეგიონის მეთაურის „ალტერნატიულ ხაზინასაც“ უწოდებენ. ახალი LADA Granta-ს საწყისი ფასი დაახლოებით 700 ათასი რუბლია (7,7 ათასი დოლარი).
ფორმალურად, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ავტომობილების გადაცემა დაუკავშირა წინასწარმეტყველ მუჰამედის ამაღლების ღამის დადგომას. ჩეჩნეთის მუფთიმ სალაჰ მეჟიევმა ჯილდოს "უპრეცედენტო" უწოდა და თქვა, რომ მხოლოდ "ყოვლისშემძლის მიერ კურთხეულ" რამზან კადიროვს შეეძლო ასეთი "მადლიანი საქმის" გაკეთება.
კადიროვმა ჩეჩნეთის უკლებლივ ყველა იმამი დააჯილდოვა სამუფთოს ცალკეული წევრების დასაჩუქრებიდან ერთი თვის თავზე. საქმე ისაა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, კადიროვმა იმამებს გადასცა 25 ავტომობილი, როგორც თვითონ განმარტა, მადლიერების ნიშნად „მიუღებელი იდეოლოგიის, მათ შორის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის”, თუმცა ერთი თვის შემდეგ, გადაწყდა ყველა, 309 იმამის ახალი ავტომობილით დასაჩუქრება.
ორივე შემთხვევაში, საჩუქრების შესაძენად საჭირო თანხა გამოყო ახმატ კადიროვის ფონდმა, რომელიც 2020 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ამ ფონდში არსებული სახსრების მოცულობა უცნობია. ფონდი არ არის ანგარიშვალდებული რუსეთის არცერთი მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე. იმამების დასაჩუქრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ფონდიდან უკრაინის ომისთვის გამოიყო 28,6 მილიარდი რუბლი (310 მლნ დოლარი). არადა, ოფიციალურად „საქველმოქმედო ორგანიზაციას" ასეთი თანხა არ გააჩნია.
„იმამების ავტომობილებით დასაჩუქრება ნამდვილად უპრეცედენტოა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩეჩნეთში“, - აღნიშნავს ევროპაში დაფუძნებული ჩეჩნური მოძრაობის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელი ჯამბულატ სულეიმანოვი.
საჩუქარი მორჩილებისთვის
2023 წლის დეკემბრის პირველ დასაჩუქრებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩეჩენი იმამები დაზარალებულის სტატუსით წარდგნენ ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველის სასამართლო პროცესზე. სხდომა რამდენჯერმე გადაიდო სასულიერო პირების გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ საბოლოოდ თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ ვოლგოგრადში ყურანის დაწვამ "უზარმაზარი მორალური ზიანი" მიაყენა ყველა მუსლიმს.
პროკურატურის ერთ-ერთმა მოწმემ, სოფელ ტურბინას მეჩეთის იმამმა, ჰასან გორშუევმა ყურანის დაწვას "შეურაცხყოფაზე უარესი" უწოდა და თქვა, რომ ვიდეოს გამო "წნევამ აუწია“. სასამართლო პროცესზე დაზარალებულებმა თავიანთ თავს ზედმეტის უფლება არ მისცეს: არცერთმა „დაზარალებულმა“ არ ახსენა ბრალდებულის ცემის ამბავი, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად გაუსწორდა რამზან კადიროვის შვილი ადამი.
„ჟურაველის ქმედება ნამდვილად შეეხო ჩეჩნებისა და ყველა მუსლიმის გრძნობებს, მაგრამ წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრის ცემა ასევე სცილდება ჩეჩნური ტრადიციებისა და საზოგადოებაში მიღებული წესების ჩარჩოებს“, - აღნიშნავს სულეიმანოვი, რომლის ვარაუდით, უკლებლივ ყველა იმამის დასაჩუქრება კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება:
ასევე ნახეთ კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა”კადიროვი სასულიერო პირების მეშვეობით ცდილობს ჩეჩნებში სიმშვიდის შენარჩუნებას. სასულიერო პირები აბსოლუტურად კორუმპირებულები არიან. ომი უკრაინაში, კადიროვის ქცევა, ჩეჩნური ტრადიციებიდან გადახვევა, მისი ოჯახის წევრების მიერ ხალხის აბუჩად აგდება - ეს ყველაფერი ბევრს აღიზიანებს ჩეჩნეთში, რაც კარგად იცის კადიროვმა და სწორედ ამის გამოა, რომ ფრთხილობს“.
ჯამბულატ სულეიმანოვის თქმით, ჩეჩნეთის მეთაურს კარგად ესმის, რომ ყოველ პარასკევს, ქადაგების დროს სწორედ იმამები უყვებიან ხალხს, როგორი უნდა იყოს მთავრობა ისლამის მიხედვით. ამ თვალსაზრისით, სამუფთო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ანალოგია.
„განსხვავება ისაა, რომ იმამებს, მუფთიებს, მოლებს ისლამში არ აქვთ ისეთი სტატუსი, როგორიც სასულიერო პირებს აქვთ ქრისტიანობაში, სადაც ოფიციალური ეკლესიის ირგვლივ აგებულია მთელი იერარქია“, - განმარტავს თათარი პოლიტოლოგი რუსლან აისინი, რომელიც სპეციალიზებულია რუსეთში მცხოვრები მუსლიმების უფლებებზე.
„რუსეთში სამუფთოები შექმნა ეკატერინე II-მ, XVIII საუკუნის ბოლოს აჯანყებულ თათრებთან, ნოღაელებსა და ბაშკირებთან საბრძოლველად. ისლამში მსგავსი არაფერია, ეს სისტემა ოსმალეთის იმპერიის გამოცდილებიდან არის გადმოღებული. სამუფთოები ფაქტობრივად არსებობენ ორმაგი კონტროლის რეჟიმში: სამუფთო აკონტროლებს მუსლიმებს, სამუფთოს აკონტროლებს ხელისუფლება. ყველა ეს საჩუქარი, რა თქმა უნდა, კარგი და ერთგული სამსახურის საფასურია", - აღნიშნავს რუსლან აისინი, რომლის თქმითაც, იმამები ჩეჩნეთში, ისევე როგორც დანარჩენ რუსეთში, ლეგიტიმაციას უკეთებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ე.წ. უბრალო მუსლიმების თვალში, რომლებსაც არ ესმით ისლამური დოქტრინის ყველა წვრილმანი.
„ამასთან, მორწმუნეებს უჭირთ კადიროვის მხრიდან იმამებისთვის გაკეთებული მსგავსი საჩუქრების აღქმა სხვა რამედ, თუ არა ღია, დემონსტრაციულ მოსყიდვად. როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნით გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. კადიროვი და მისი ხალხი ხედავენ, რომ უმრავლესობა არ ენდობა პუტინ-კადიროვის მუფთიებსა და იმამებს, მაგრამ სხვაგვარად საქმის კეთება არ იციან, ამიტომ ქრთამავენ მათ მიმართ ისედაც ლოიალურად განწყობილ ადამიანებს: თანამდებობის პირებს, იმამებს, მასწავლებლებს, ექიმებს - ყველას, ვინც მათზე მატერიალურადაა დამოკიდებული“, - განმარტავს პოლიტოლოგი.
ეთიკის მიღმა
„ისლამში არ არსებობს ზოგადი პოზიცია რელიგიური მოღვაწეების მიერ ხელისუფლებისგან საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს მრავალი გაფრთხილება ხელისუფლებასთან სიახლოვის შესახებ“, - განმარტავს რამზან მაგომადოვი, ნიცაში მდებარე მეჩეთის ჩეჩენი იმამი, რომლის თქმითაც, ჩეჩნეთის ეგრეთ წოდებული რელიგიური ლიდერები მხარს უჭერენ დიდ უსამართლობას, უზარმაზარ ბოროტებას, რასაც ხელისუფლება სჩადის.
„ბევრი მათგანი აქტიურად მოუწოდებს ჩეჩნებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუმცა ისლამი კატეგორიულად კრძალავს მკვლელობას მართლმსაჯულების გარეშე, რადგან ყურანში ნათქვამია: „ის, ვინც კლავს ადამიანს არა მკვლელობის პასუხად ან დედამიწაზე ბოროტების გავრცელების აღსაკვეთად, ჰგავს იმას, ვინც ყველა ადამიანი მოკლა“, - ამბობს რამზან მაგომადოვი.
ჩეჩნეთის მუფთიმ სალაჰ მეჟიევმა თავის ქადაგებებში უკრაინის ომს არაერთხელ უწოდა მუსლიმთათვის წმინდა და კურთხეული ომი.
„ისინი, ვინც ამ ომში დაიღუპებიან, რა თქმა უნდა, შაჰიდები, ალაჰის გზაზე დაღუპული გმირები იქნებიან“, - თქვა მან საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე.
ჩეჩნეთის რელიგიური ლიდერები ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მცხოვრებს და რუსეთის ყველა მუსლიმს მოუწოდებდნენ ფრონტზე წასვლისკენ. 2023 წლის ივნისში, უფლებადამცველმა ჯგუფმა СК SOS-მა განაცხადა, რომ იმამებს, ისევე როგორც ჩინოვნიკებსა და მეთაურებს, აქვთ ვალდებულება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გადაიბირონ გარკვეული რაოდენობის ადამიანი.
2022 წლის ბოლოს, ჩეჩნეთის სამუფთოს წარმომადგენლები ეწვივნენ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლს, სადაც მოინახულეს მეჩეთი, რომელსაც, სავარაუდოდ, ახმატ კადიროვის ფონდი აღადგენს და ესაუბრნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაწვეულ მებრძოლებს.
„იმამები და სამუფთოს წარმომადგენლები დუმილს ამჯობინებენ, როდესაც კადიროვი დაჟინებით აღორძინებს სისხლის აღების წესს, რაც ეწინააღმდეგება ისლამის მთელ არსს“, - დასძენს მაგომადოვი.
2023 წლის დეკემბერში იმამების დასაჩუქრების პირველ ცერემონიაზე, ჩეჩნეთის მუფთიმ სალაჰ მეჟიევმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით რესპუბლიკაში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო „93 მოსისხლე გვარის შესარიგებლად და 6 ათასზე მეტი ოჯახის გასაერთიანებლად“. თუმცა ამ ღონისძიებიდან ერთი კვირის თავზე კადიროვმა გამართა შეხვედრა, რომლის მსვლელობისას მან არსებითად კარტ-ბლანში მისცა უშიშროების ძალებს საზღვარგარეთ მყოფი მისი კრიტიკოსების ნათესავების დევნაზე. სულ მალე უშიშროების ძალები შეცვივდნენ ოპოზიციური არხის NIYSO-ის ორი ადმინისტრატორის ოჯახებში და დაჰპირდნენ მათ, რომ „ოჯახის ყველა მამაკაცს დახოცავდნენ“, თუ კადიროვის ოპონენტები არ შეწყვეტდნენ თავიანთ საქმიანობას.
რამზან მაგომადოვი აღნიშნავს, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერის, ტელეგრამარხ 1ADAT-ის სავარაუდო ადმინისტრატორის, სალმან ტაფსუკაევის გატაცება, რაც 2020 წლის 6 სექტემბერს გელენჯიკში მოხდა, ერთგვარი საჩვენებელი ოპერაცია იყო. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა აქტივისტზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო. ჩეჩნეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ხელმძღვანელმა სალაჰ მეჟიევმა მაშინ განაცხადა: ”ის სათანადოდ შეარცხვინეს. ვინც ეს გააკეთა, მან შური იძია დედის, დის, მეუღლის ღირსებისათვის”.
"მაშინ მეჟიევმა გაამართლა სადიზმი. ცხადია, აქ არ შეიძლება საუბარი არანაირ ეთიკასა და ისლამზე, არანაირ ადამიანურობაზე. ისინი ამართლებენ ნებისმიერ სისაძაგლეს, რასაც ჩეჩნეთის ხელისუფლება სჩადის", - დაასკვნა მაგომადოვმა.
რამზან კადიროვის, როგორც "წმინდა ყურანის მსახურის", "ისლამის გმირის", "წინასწარმეტყველ მუჰამედის დამცველის" იმიჯი ფართოდ არის გავრცელებული ჩეჩნეთში. ამასთან, კადიროვი იგნორირებას უკეთებს რუსეთის კოლონიებში მუსლიმთა უფლებების უხეშ დარღვევას, მოსკოვის გარეუბნებში მეჩეთების დარბევას და რელიგიური შესამოსლის ტარების გამო გახშირებულ დისკრიმინაციას.
ჩეჩნეთის ხელისუფლება მოუწოდებს რესპუბლიკის მოსახლეობას, უარი თქვან სისხლის აღების პრაქტიკაზე: 2010 წლიდან, ჩეჩნეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ხელმძღვანელობით, მოქმედებს სპეციალური კომისია, რომლის მიზანი მოსისხლე მტრების შერიგებაა. სამუფთოს მონაცემებით, კომისიის ძალისხმევით, 2022 წელს 58 ოჯახი შერიგდა, თუმცა, როგორც თვითონ პროცესის მონაწილეები ანიშნავენ, ეს პროცედურა იძულებითი ხასიათისაა.
კომისიის მუშაობის პარალელურად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა რეგულარულად აცხადებენ მოსისხლე მტრებად თავიანთ მოწინააღმდეგეებს - ერთ-ერთი ბოლო ასეთი განცხადების (2022 წლის აგვისტო) ადრესატები იყვნენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრე სამხედროები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.
ამავდროულად, ჩეჩნეთის ხელისუფლება ჩქმალავს ოჯახებში მომხდარ ღირსების მკვლელობებს და აიძულებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ჩაწერონ „მონანიების“ ვიდეოები. 2023 წლის აგვისტოში სანქტ-პეტერბურგში მოიტაცეს და ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებს გადასცეს 20 წლის სელიმა ისმაილოვა, რომელმაც მანამდე ოჯახური ძალადობისგან თავის დაღწევა სცადა. ერთ-ერთ ადგილობრივ არხზე გამოსვლისას ქალმა განაცხადა, რომ უსაფრთხოდ იყო და განმარტოება სურდა. ამის შემდეგ ქალი არავის უნახავს. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის СК SOS-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სულეიმანოვა „სავარაუდოდ მოკლულია“. ორგანიზაციამ განცხადება შეიტანა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში და მოითხოვა სელიმა ისმაილოვას ოჯახის წევრების შემოწმება ღირსების მკვლელობის ფაქტზე.