„მე ისევ აქ ვარ“ (2024, ბრაზილია, რეჟისორი ვალტერ სალესი)
პირველის ჩვენებას ვერც გაბედავდნენ - „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი“ კრძალავს სქესის შეცვლის „პროპაგანდას“. „ემილია პერესი“ კი არის ამბავი მდიდარ ნარკობარონზე, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად სქესს იცვლის ისრაელის კლინიკაში, შემდეგ კი ქალების უფლებების დამცველი ხდება.
აი ბრაზილიური ფილმი “მე ისევ აქ ვარ” სწორედაც რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვას” ეძღვნება და გამოდგებოდა კიდეც “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის საილუსტრაციოდ… რომ არა ერთი ნიუანსი - “მე ისევ აქ ვარ” აღადგენს დიქტატურის ოცწლიან ეპოქას ბრაზილიაში და ჰყვება პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. ადამიანთა გატაცების, დასჯის, თვალთვალის ამსახველი სცენები ძალიან ჰგავს იმას, რასაც მთელი ზამთარი ვხედავდით რეალურ ცხოვრებაში. ასეთი მსგავსება კი სისტემას არ სჭირდება.
ასევე ნახეთ ინტერესების შეცვლილი ზონაკინემატოგრაფისტის ნიჭიერება, პირველ რიგში, არის უნარი მოჰყვეს კონკრეტულზე, აჩვენოს კონკრეტული, მაგრამ ისე, რომ კონკრეტული სხვებისთვისაც გასაგები და ნაცნობი აღმოჩნდეს. ცალკეული ფრაზები, რომლებიც ისმის ფილმში: „აქ უკვე საშიში ხდება ცხოვრება“, „ჩემი ქმარი გასაჭირშია“, „ჩვენ ყველანი გასაჭირში ვართ, მთელი ქვეყანა [გასაჭირშია]“... მრავალჯერ გაგონილი გვაქვს. შეიძლება ბევრი არაფერი ვიცოდეთ დიქტატურაზე ბრაზილიაში, მაგრამ ის ხომ ნამდვილად ვიცით, თუ რა აქვთ საერთო ასეთ რეჟიმებს - ყველა, ვინც მხარს არ უჭერს ხელისუფლებას, აგენტად, მოღალატედ, ტერორისტად ცხადდება.
“მე ისევ აქ ვარ“ ვიზუალური პოემაა, რომელიც ბრაზილიის ისტორიის ვრცელ პერიოდს 1964-2014 წლებს მოიცავს. თუმცა ფილმში ყურადღება გადატანილია არა ქვეყნის პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების აღწერაზე, არამედ ბრძოლაზე, რომელშიც ჩაებმება იუნის პაივა, ხუთი შვილის დედა, თავისი გატაცებული ქმრის, ყოფილი პარლამენტარის, ოპოზიციონერის, რუბენს პაივას კვალის დასადგენად. წინა პლანზე გამოტანილია ხმა ოჯახისა, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას მიუხედავად საშინელი განსაცდელისა.
დიქტატურის სისასტიკე განსაკუთრებით კარგად ჩანს, როცა უბრალო ადამიანების ყოფაში შეიჭრება, როცა გადარჩენისთვის ბრძოლაში ბავშვებიც კი ერთვებიან. აღარ სჭირდება ამ ამბავს „პედალი“ დაძაბულობის გასაძლიერებლად. ეს კარგად ესმის ვალტერ სალესს და სწორედ უბრალოება, სისადავე გამოარჩევს ერთი შეხედვით ტრივიალურ ბიოგრაფიულ ფილმს 2024 წლის კინოპროდუქციაში.
ასევე ნახეთ კახპა და ოლიგარქის ვაჟისისადავე, თითქმის ასკეტურობა, მთავარი როლის შემსრულებლის, ფერნანდა ტორესის თამაშის სტილსაც განსაზღვრავს. გატაცებული ქმრის ძებნა, 12-დღიანი პატიმრობა და დამამცირებელი დაკითხვა, შემდეგ ბრძოლა ქმრის მკვლელების დასასჯელად და რაც მთავარია, შვილების დაცვა - ყველა ეს ამბავი თითქოს ემოციების გაშიშვლებას მოითხოვს. მაგრამ ამ ფილმში ყველაფერი პირიქით ხდება.
მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად ტრაგედიისა, რომელიც გადაიტანა ტორესის პერსონაჟმა, ის არსად, არცერთ სცენაში არ კარგავს თავის ელეგანტურობას, ღირსების გრძნობას და შინაგან სიმშვიდეს. ფერნანდა თამაშობს უფრო თვალებით, ვიდრე სიტყვებით (საერთოდ, მზერების თამაში ფინალურ ტიტრებამდე მიჰყვება ვალტერ სალესის ფილმს).
ის არასდროს განასახიერებს მსხვერპლს, არ ტირის, ცდილობს მაქსიმალურად დამალოს ემოციები. ეს სიმშვიდე თავდაცვის იარაღია, შვილების გადარჩენის იარაღია და თანაც, ვალტერ სალესის ფილმის მთავარი გზავნილია - დემოკრატიის იმედი ქალი ხდება - სიტყვაძუნწი, სტოიცისტი ქალი, რომელიც მხოლოდ ერთხელ, ერთ ეპიზოდში იქნება ახლოს დამარცხებასთან - როცა გადაწყვეტს უფროსი ქალიშვილი ლონდონში გაგზავნოს სასწავლებლად. იუნისი, ისე, სხვათა შორის იკითხავს: „ჩვენც ხომ არ წავსულიყავით აქედან?“ გაქცევის, ქვეყნის დატოვების აზრი გაიელვებს, მაგრამ მაშინვე ქრება. არა, ის გააგრძელებს ბრძოლას და როცა ფოტოგრაფი საოჯახო სურათის გადასაღებად მოემზადება, ის იტყვის: „არა, ჩვენ არ გვინდა სევდიანი ოჯახის პორტრეტის გადაღება. ჩვენ გავიღიმებთ!“
„მე ისევ აქ ვარ“ ინდივიდუალური ხსოვნის რეკონსტრუქციაა, რომელშიც პირადი ქრონიკა და კოლექტივის, ქვეყნის ისტორია უნდა გაერთიანდეს. ამიტომაც ბუნებრივია რომ მთელი ფილმი აწყობილია, როგორც საოჯახო ფოტოალბომი, უფრო სწორად „კინოალბომი“, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ფორმატში გადაღებულ კადრებს - 8 მმ კინოფირიდან 35 მმ ფირის ჩათვლით.
ოჯახური ბედნიერების იდილიური სურათები, მზიანი პეიზაჟები, ხალხით სავსე პლაჟები, მხიარულება - ყველაფერი, რაც ჩანს ფილმის პროლოგში, სიხარულის და ბედნიერების განცდა იმდენადაა გაძლიერებული, ისეთი კაშკაშა და თბილია, რომ „ზღვრის“ ეს სახე უკვე ქმნის მოახლოებული ხიფათის შეგრძნებას. მერე კი სითბო, სინათლე და დინამიკა გაუჩინარდება და შეიცვლება ფიქსირებული, სტატიკური მიზანსცენებით, ავისმომასწავებელი სიჩუმით, სიცივით და სიბნელით, რაც ვალტერ სალესისთვის დიქტატურის სახეა.
ასევე ნახეთ ჯინ ჰეკმანის პრინციპიკინომ შეინახა ბედნიერება, მზე, ოკეანე, ფერები, ღიმილი, მუსიკა. შეინახა სიცოცხლე, გადაარჩინა სიცოცხლე და დაუტოვა ისტორიას, რომელიც აქ ციკლურად ვითარდება. 20 წელი დასჭირდა ბრაზილიას იმისთვის, რომ სამხედრო დიქტატურისგან სრულიად განთავისუფლებულიყო. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ფილმის ფინალი - მძიმე დროში ცხოვრება იმას არ ნიშნავს, რომ ეს დრო უსასრულოდ გაგრძელდება.
კომისიამ, რომელიც იკვლევდა დიქტატურის წლებს, აღიარა წამების, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნის, ადამიანთა გაუჩინარების, მკვლელობის ფაქტები. თუმცა ქვეყანამ მიიღო ამნისტიის კანონი და დამნაშავეები არ დასჯილან. უფრო მეტიც, ბრაზილიაში დღემდე არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იმ წლებს „აყვავების ეპოქად“ მიიჩნევენ. სხვათა შორის სწორედ მათ გააპროტესტეს ვალტერ სალესის ფილმის პრემიერა. თუმცა ფილმის აკრძალვა ვერ შეძლეს; პოლიტიკურმა დრამამ დიქტატურის დავიწყების წინააღმდეგ, რეკორდი დაამყარა ბრაზილიურ კინოგაქირავებაში. „მე ისევ აქ ვარ“ 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ასე რომ, ვალტერ სალესის ფილმის სათაური ორნაირად შეიძლება გავიგოთ - ერთი მხრივ, ეს დაპატიმრებული მამის სიტყვებია, „მე ისევ აქ ვარ!“, „მე ისევ თქვენთან ვარ!“... - მამის ხსოვნას გამოხატავს. მეორე მხრივ, სიტყვები ეკუთვნის ავტორიტარულ ხელისუფლებას, რომლის გავლენა ბრაზილიაში ისევ ძლიერია. და არამარტო ბრაზილიაში. ისტორია დღეს ციკლური განვითარების იმ სტადიაშია, როცა რუბენს პაივას მსგავსი პოლიტიკოსები (იგი ბრაზილიის ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო) ძალაუფლებას უთმობენ ათასი რჯულის ეგომანიაკებს და პოპულისტებს.
ასევე ნახეთ თვითდასჯა, როგორც ნეტარება„მე ისევ აქ ვარ“ ამერიკის კინოაკადემიამ აღიარა, როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი... ანუ ჰოლივუდმა, რომელსაც კონსერვატორები ხშირად ნათლავენ, როგორც „ლიბერალიზმის ბუდეს“, უფრო მეტიც, როგორც „ოცნებების ფაბრიკას“, სადაც პერვერტები, უჯიშოები, უსამშობლოები ტრადიციული ღირებულებებისგან დაცლილ იდეოლოგიას ქმნიან, საუკეთესოდ ცნო კინო, რომელიც იცავს ოჯახის იდეას, იცავს ბავშვებს, იცავს წესიერებას, ერთგულებას... ქვეყანაში, რომელსაც ამ ფასეულობების პროპაგანდისტი ხელისუფლება მართავს, ვალტერ სალესის ფილმს მხოლოდ კინოთეატრებში არა... უნივერსიტეტებში, სკოლებში უჩვენებდნენ. პარლამენტში უჩვენებდნენ.
მაგრამ ერთია, როცა კანონს იღებ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, ერთს აღიარებ, სხვას კი ჩაგრავ და მეორეა, როცა თავად იცავ ოჯახურ ღირებულებებს, თავად ზრუნავ შვილების მომავალსა და თავისუფლებაზე... ისე, როგორც იცხოვრა იუნის პაივამ.