საპარლამენტო უმცირესობაში ამ პროცესს გარიგებას უწოდებენ - ვარაუდობენ, რომ მმართველ პარტიას სიებში ადგილები საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატებისთვის სჭირდება, რომელთა ზეგავლენების გამოყენებასაც კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს.
საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი სავალდებულო კვოტირების გაუქმებას აპროტესტებენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც.
ქალების პოლიტიკურ კვოტირებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველო“ - პარტია ქალების ხელოვნურ წინ წაწევაში იმავე ქალებისთვის დამაზიანებელ უკუშედეგს ხედავს.
„გირჩის“ ინიციატივა, „ოცნების“ მხარდაჭერით - რა იცვლება და რატომ?
„ეს არის შეურაცხმყოფელი წესი [სავალდებულო გენდერული კვოტები] - გულისხმობს, რომ ქალებს არა აქვთ საკმარისი უნარი და ცოდნა, რომ გაუწიონ საკმარისი კონკურენცია კაცებს...
ჩვენს პარლამენტში, ჩვენს სასესიო დარბაზში მოხდა, როცა ერთმა დეპუტატმა მეორეს წამოაძახა - შე კვოტით შემოსულოო“, - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, 2 აპრილს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
„გირჩიდან“ პარლამენტში 4 კაცი დეპუტატია. საკანონმდებლო ცვლილებები ოთხივეს მომზადებულია.
საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, კვოტები 2032 წლამდე არ უნდა გაუქმებულიყო. კანონში წერია, რომ:
- საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიებს მოეთხოვებათ სიები, სადაც „ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი“. ცესკოში წარდგენილი სია პარტიას დაუბრუნდება, თუკი არ არის დაცული სქესთა შორის ბალანსი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევათ 3 დღე.
- თუკი პარტია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს საარჩევნო სიას, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი, საარჩევნო სუბიექტი კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს.
- 2028 წლის და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
- 2032 წლის ჩათვლით მუნიციპალური არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.
„გირჩის“ ინიციატივა 203-ე მუხლის მთლიანად ამოღებას გულისხმობს.
„გირჩში“ ამბობენ, რომ „თუ ქალი საკმარისად კომპეტენტურია, ის ისედაც მოხვდება სიაში“ და კვოტების გაუქმებით, დაცული იქნება პარტიის უფლებაც - თავად განსაზღვროს, ვინ შეიყვანოს სიაში და ვინ არა.
ასევე ნახეთ ხატია დეკანოიძე „გირჩს“: აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა, 2 აპრილს, ხმაურიანი იყო.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა „გირჩს“ სახელისუფლებო პარტიასთან ფარულ გარიგებაში დასდეს ბრალი.
„მეტ-ნაკლებად სერიოზული ხალხი მეგონეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ და მართალი ყოფილა, რასაც თქვენზე ამბობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში... არაფერი გაინტერესებთ, გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეთ, 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და ამაში ხელისუფლება დაგეხმაროთ“, - მიმართა „გირჩს“ ევროოპტიმისტების დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ, რომლის შეფასებითაც - კვოტების გაუქმება ბედის ანაბარა ტოვებს ქალებს რეგიონებში და მათთვის პოლიტიკური გზები მთლიანად გადაიკეტება.
განსაკუთრებით უმცირებობების უფლებების კუთხით, ასეთივე საფრთხეს ხედავს ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობს - გენდერული კვოტების საკითხს მანამდე დიდად არასოდეს უჭერდა მხარს.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ კვოტირების საკითხთან დაკავშირებით - „გირჩელებს“ „პოლიტიკური მტრები“ უწოდა და სხდომის დამსწრეებს მოასმენინა უმრავლესობის დეპუტატი ქალის - ნინო წილოსანის გამოსვლის ნაწყვეტიც, ახლო წარსულიდან, სადაც ის „გირჩელებს“ გენდერული კვოტირების იგნორირებისთვის აკრიტიკებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ასევე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა. ის ახლა უკვე კვოტირების გაუქმებისთვის არის მზად.
„კვოტირება არის ქალების პოლიტიკაში გაძლიერების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალება“, - უთხრა ჟურნალისტებს წილოსანმა. ის ოპოზიციას ფარსში ადანაშაულებს და კვოტირების მოწინააღმდეგეთა სიების გამოქვეყნებითაც ემუქრება.
ასევე ნახეთ მდინარაძე: ქალების უფლებები ისეთ დონეზეა, რომ პარლამენტში ადგილი დამსახურებით ექნებათ
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 1 აპრილს პირობა დადო, რომ გუნდი კვოტების გაუქმებას „აბსოლუტური უმრავლესობით“ დაუჭერს მხარს.
უკვე დაწყებულია საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და ვარაუდობენ, რომ პროექტი ხუთშაბათს დამტკიცდება.
მდინარაძე ამბობს, რომ ქალ პოლიტიკოსებს კვოტირება სჭირდებოდათ, მაგრამ აღარ სჭირდებათ, რადგან „ქალების უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთ დონეზეა, რომ თავიანთი ადგილი ექნებათ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით და არა კვოტირების მიხედვით მომავალ პარლამენტში და მომავალ თვითმმართველობის ორგანოებში“.
რა შეიცვალა 2020 წლის შემდეგ, რას დაეტყო ქალების გაძლიერება? - ოპოზიციისთვის დამაჯერებელი პასუხი ხელისუფლებაში არავის აქვს.
საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ სავალდებულო კვოტირების გაუქმებას აპროტესტებენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. ისინი მასშტაბური წინააღმდეგობისთვის ემზადებიან.
„გენდერულ თანასწორობას ევროკავშირი ხედავს როგორც მეინსტრიმინგს, როგორც აბსოლუტურად ყველა თავში გასათვალისწინებელ მოვლენას. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უფლებები - ყველგან უნდა იყოს გენდერული თანასწორობა. გენდერულ თანასწორობას და საერთოდ თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი და ის რაც შარშან პლუსად ჩაგვეთვალა, მე-9 რეკომენდაცია [12 რეკომენდაციაში], ერთ-ერთი მიზეზი ეს კვოტებიც იყო“, - „საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, 2 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ კვოტების გაუქმება საქართველოს უკან დასწევს და შესაბამის უარყოფით შეფასებებს მოელის საერთაშორისო პარტნიორებისგანაც.
ადგილები მაჟორიტარებს?
ოპოზიცია ლაპარაკობს „ოცნების“ განზრახვაზე, რომ მომავალ პარლამენტში - ქალების კვოტით განსაზღვრული მანდატები გადაუნაწილონ ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატებს, ძირითადად - კაცებს - რომლებიც პარტიისთვის „ფულის წყარო“ არიან და რეგიონებში გავლენებით სარგებლობენ.
„ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან კარგად არის ნათელი, რომ რეალურად, მიზანი არის ადგილობრივი ფეოდალებისთვის გათავისუფლდეს ადგილები [პარტიულ] სიაში, რომლებიც სხვაგვარად ვეღარ ეტევიან“, - თქვა სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
ასევე ნახეთ ნაცვლიშვილი ქალთა კვოტირების გაუქმებაზე: მიზანი არის ადგილობრივი ფეოდალებისთვის სიაში ადგილის გათავისუფლება- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 90 მანდატი მიიღო; აქედან 30 - მაჟორიტარული წესით.
- თუკი პირობითად ამავე მაჩვენებლით ვიმსჯელებთ - დღეს მოქმედი გენდერული კვოტირებით, 90 მანდატიდან „ოცნებას“
22 მანდატის ქალებისთვის დათმობა მოუწევდა.
- პარლამენტის ვებსაიტის მიხედვით, „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად პარლამენტში 14 ქალი დეპუტატი ჰყავს - ყველა პარტიული სიით.
- ამჟამად პარლამენტში სულ 112 კაცი და 27 ქალია.
მომავალი არჩევნები სრულად პროპორციული იქნება და მაჟორიტარული წესით არავინ შევა პარლამენტში.
თუმცა სწორედ მაჟორიტარების ფუნქციის ერთგვარ „გაცოცხლებად“ თვლიან ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას, პარტიული სიის წევრებისთვის საგანგებო სტატუსის - „დელეგატის“ მინიჭების შესახებ.
ოპოზიციაში ამას „ოცნების“ კანდიდატების „ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისა“ და ამომრჩევლებთან პოლიტიკური თვალთმაქცობის მცდელობას უწოდებენ.
ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტში 2 აპრილს განიხილეს.
„ჩვენი თითოეული მაჟორიტარი არის ღირსეული პიროვნება, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავის სამაჟორიტარო ოლქს და აქვს მუდმივი და პროაქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, - კოლეგა მაჟორიტარებს 2 აპრილს, სხდომაზე, გამოექომაგა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რომელიც ე.წ. დელეგატების პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.
ასევე ნახეთ „ოცნების“ ახალი ცვლილება საარჩევნო კოდექსში - რატომ ახსენებს ოპოზიცია ფეოდალებს?„ქართული ოცნების“ მიზანთან დაკავშირებულ ვარაუდს, რომ ქალი დეპუტატების ადგილებს გავლენიან ყოფილ მაჟორიტარებს გადაუნაწილებენ, „ევროპულ საქართველოში“ სრულიად ლეგიტიმურ ვარაუდად თვლიან.
„ქოცებისთვის ქალი მეორეხარისხოვანია, ის კვოტირებული ქალებიც მეორეხარისხოვანი არიან მათთვის... ეს ამდენი მაჟორიტარი დეპუტატები რომ ჰყავდათ, სადღაც ხომ უნდა მოათავსონ სიაში... ქალებს გაწევენ და რასაც უნდათ, იმას ათქმევინებენ, კაცებთან ეგრე ადვილად ვერ ლაგდებიან“, - ეუბნება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი რადიო თავისუფლებას.
„ევროპული საქართველო“ თავიდანვე კვოტების წინააღმდეგი იყო - მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორობასა და ქალის მეორეხარისხოვან როლს დღემდე საქართველოს პრობლემად თვლის.
„უბრალოდ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გენდერული კვოტები ხელს კი არ უწყობს, არამედ ხელს უშლის. მავნე სტერეოტიპების გამყარება ხდება.
მთავარი როლი პარტიაში კაცებს აქვთ და როცა გენდერული კვოტირება სავალდებულოა, ისინი ქალებს ირჩევენ იმ ნიშნით - რაც მოერგება იმ სტერეოტიპებს, რაც მათ თავებში აქვთ... მორჩილების ნიშნით შერჩეული ქალები ამ სტერეოტიპს ამყარებენ“, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თუკი კვოტები გაუქმდება, პარტიას მომავალი არჩევნებისთვის სიის ფორმირებაც გაუადვილდება.
ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ პრაიმერიზის ფარგლებში მომზადებულ ორ სიაში [ერთი - ვეტერანების, მეორე - ახალგაზრდების შედგენილი] იმაზე მეტმა ქალმა მოიყარა თავი, ვიდრე ამას კვოტები ითვალისწინებს; მაგრამ საბოლოო სიაში [როცა ეს ორი სია ამომრჩეველთა მხარდამჭერის მიხედვით შეჯერდება], კვოტების გამო, შესაძლოა, კანდიდატების გადანაცვლება გახდეს საჭირო. „[კვოტების შემთხვევაში] თავისუფალი კონკურენცია როგორც განსაზღვრავს, იმის მიხედვით ვერ გვეყოლება [სიაში კანდიდატები]... სადღაც შეიძლება ოთხმა კაცმა მოიყაროს თავი“, - გვეუბნება თამარ ჩერგოლეიშვილი.
„გირჩი“ აცხადებს, რომ კანონპროექტი უმრავლესობასთან „შეთანხმების ნაწილია“ და, რომ შეთანხმება შედგა პირადად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან - მამუკა მდინარაძესთან. მათ არ უსაუბრიათ ქალ დეპუტატებთან.
„ღმერთია მოწმე, მამუკა მდინარაძეს მე ვუთხარი - ჩვენ გვაინტერესებს კვოტების გაუქმება-მეთქი... იმათაც აინტერესებდათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური ამბავია. აღფრთოვანებული ვარ, რომ აინტერესებთ - თუ პრივატიზაცია დააინტერესებთ, კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვიქნები“, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი და დასძენს, რომ - „პოლიტიკური ვაჭრობა“ ჩვეულებრივი ამბავია.
როგორც ითქვა, კვოტების გაუქმების სანაცვლოდ, „გირჩი“, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე, „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
ასევე ნახეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს გენდერული კვოტის გაუქმებას ასევე ნახეთ სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს