ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს განსაკუთრებულ ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად:
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების კანონზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებული ნებაა, მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან მომდინარე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მიზანს".
ორგანიზაციები ასევე იხსენებენ ბოლო, 2020 და 2021 წლებში ჩატარებულ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებს და აღნიშნავენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 3%-ით, 19.1%-მდე გაიზარდა, ხოლო თვითმმართველობის ორგანოებში 13.8%-დან - 24%-მდე. "თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ვერ აღწევს ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას - 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა".
1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა.
შეთანხმების თანახმად, უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას. სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
„ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, პარტიული სიის შედგენისას „ლელო“ მაინც დღევანდელ კანონმდებლობაში მოცემული პრინციპით იხელმძღვანელებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.