გიდების პროტესტი

გიდების საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

სოფიკო რეზრიჩენკო უკვე დიდი ხანია, პოლონურ არასამთავრობო სექტორთან, ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის საკითხების შესახებ.

Your browser doesn’t support HTML5

გიდების პროტესტი

სოფიკო რეზრიჩენკოს პოლონეთიდან ხშირად სტუმრობენ და ქართული კულტურის, ტრადიციების, ისტორიული ძეგლების გარდა საქართველოს ოკუპაციითაც ინტერესდებიან. სოფიკო ამბობს, რომ პოლონელებს დიდი ახსნა არ სჭირდებათ ოკუპაციის შესახებ, რადგან იგივე გზა მათაც გაიარეს, თუმცა არიან ტურისტები, რომლებსაც ადგილზე შექმნილი ვითარება აბნევთ და ამის მიზეზი, რუსული კომპანიების მიერ დაბეჭდილი საქართველოს რუკებია, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოჭრილია. სოფიკო გიდების საერთაშორისო დღეს, გორში რუსთაველის სკვერში გიდების მიერ მოწყობილ აქციას შეუერთდა და რუსული პროპაგანდის მიერ ბოლო დროს გავრცელებული, დამახინჯებული ინფორმაცია გააპროტესტა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ტურისტული კომპანიების მიერ დაბეჭდილი რუკები სოციალურ ქსელში გავრცელდა. საქართველოს რუკას ჩამოჭრილი აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. გიდების საერთაშორისო დღეს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

ასევე ნახეთ გიდებმა ქუთაისში გამართეს აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ

ინგა ბეჟანიანი ამ აქციას გორში შეუერთდა. მისი აზრით, ქართველი გიდები კარგად უნდა იყვნენ მომზადებული, რომ ტურისტების კითხვებს, თუნდაც ოკუპაციის შესახებ ამომწურავად უპასუხონ, მაგრამ ეს ხშირად ვერ ხერხდება და ამით კარგად სარგებლობენ რუსეთის ტუროპერატორები.

გორელი გიდების აქცია სოფელ ერგნეთში გაგრძელდა, სადაც აგვისტოს ომის მუზეუმი და საოკუპაციო გამყოფი ხაზი ნახეს. გორის მცხოვრები ნინო გიორგაძე აქციაზე საქართველოს რუკით მივიდა. ის მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდას, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სიმართლე უნდა დაუპირისპირონ და ამ საქმეში ადგილობრივი ტურისტული კომპანიების და გიდების როლი მნიშვნელოვანია. გიორგაძის აზრით ტუროპერატორებმა ტურისტულ მარშრუტებში უნდა ჩასვან ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლები, რათა ტურისტებმა, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან შემოსულმა სტუმრებმა საკუთარი თვალით ნახონ აგვისტოს ომის შედეგები.

ასევე ნახეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკების შედგენა-გავრცელება დაისჯება

საქართველოს დამახინჯებული რუკის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი ქმედება და რეაგირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადდება.

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება და რეკლამირება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. კანონპროექტით, მსგავსი ქმედება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან სულ მცირე 2000 ლარის ჯარიმით დაისჯება.