2023 - უარესიც შეიძლებოდა: მიღწევები და პარადოქსები

გია ნოდია

ორი მთავარი მოვლენა

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წელს მოხდა, იყო ორი რამ: 7-8 წლის მარტის საპროტესტო აქციები, რომლებმაც ხელისუფლება აიძულა, უკან წაეღო „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტების შესახებ, და დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.

ამ ორს შორის თვალსაჩინო ლოგიკური კავშირია. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ევროკავშირმა მარტის აქციების გამო მოგვცა კანდიდატის სტატუსი - მისი გადაწყვეტილება სხვადასხვა, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურმა ფაქტორმა განაპირობა. მაგრამ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მარტში ნანახმა კადრებმა გარდატეხა შეიტანა არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის ცნობიერებაში: „მაინც არაა საქართველო დასაკარგი ქვეყანა“.

შემთხვევითი არაა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები და ევროპელი ანალიტიკოსები, ზოგი პირდაპირ, ზოგი მინიშნებით გვეუბნება: კანდიდატის სტატუსი ქართულმა საზოგადოებამ მიიღო და არა ხელისუფლებამ.

ესე იგი, წარმატებული წელი გვქონია?

თუ ამ ორი მოვლენიდან ამოვალთ, გასული წელი საქართველოსთვის შედარებით წარმატებული გამოდის.

ოღონდ, ხაზი უნდა გავუსვათ სიტყვას „შედარებით“. „შედარებით უკეთესი“ ნიშნავს: „უარესს ველოდით“. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ველოდი.

შარშან თავისუფლების თვალსაზრისში 2022-ის შეჯამება ასე დავასათაურე: „რით იყო ეს წელი გამორჩეულად ცუდი?“ კითხვას ასე ვუპასუხე: ამ წელს ნათლად დავინახეთ, რომ ხელისუფლება უარს ამბობდა ქართულ ევროპულ პროექტზე, რომლის ძირები, სულ მცირე, თერგდალეულებიდან მოდის. (ამის ნიშნები მანამდეც იყო, მაგრამ ასეთი აშკარა არა).

ეს ჩემი ორიგინალური შეფასება არ ყოფილა: ასე ხედავდა ქვეყნის ტრაექტორიას როგორც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ისე საქართველოს ევროპელი მეგობრების უმრავლესობა.

პატარა იმედის საფუძველს იძლეოდა ის, რომ ფორმალურად საქართველოს უარი არ უთქვამს პროდასავლურ ორიენტაციაზე; მან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ევროპული პერსპექტივაც მიიღო. მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინის ომის ფონზე ევროპის მენტალური შემოტრიალების შედეგად მოხდა: საქართველოს ხელისუფლებას საამისოდ არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ის არ მალავდა, რომ ევროპასაც და ამერიკასაც მტრად მიიჩნევდა; მისი ქმედებები ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს უფრო ჰგავდა.

ამ ფონზე ლოგიკური იყო, უარესს დავლოდებოდით. „უარესი“ ნიშნავდა როგორც ევროპისგან კიდევ უფრო მეტ დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, ისე რეჟიმის ოპონენტების (ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების) შემდგომ შევიწროებას. შარშან ძნელად წარმომედგინა, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით.

„რუსული კანონის“ შემოტანამ ეს პესიმისტური მოლოდინი თვალნათლივ დაადასტურა. ეს იყო სამართლებრივი მომზადება სამოქალაქო საზოგადოებაზე შესატევად და, ამავე დროს, ცალსახა გზავნილი დასავალეთს: „თქვენ ჩვენს მტრებს აფინანსებთ, ამას არ გაპატიებთ“.

ის, რომ ხალხმა აიძულა ხელისუფლება კანონპროექტი გაეწვია, ხოლო ბოლოს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, კარგია. მაგრამ, კონკრეტულად, რამდენად კარგი?

ორივე მიღწევა უფრო სიმბოლურია.

ხელისუფლებამ კონკრეტული კანონპროექტი უკან წაიღო, მაგრამ უარი არ უთქვამს მიდგომაზე, რაც მას საფუძვლად ედო. კანდიდატის სტატუსი წევრობისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯია; მაგრამ თუ ქვეყნის პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვალა, სტატუსს კედელზე ჩამოკიდებული დამტვერილი სერტიფიკატის ფასი შერჩება.

შედარებით რეალური მიღწევა ისაა, რომ გაუარესების ტენდენცია რამდენადმე შენელდა. მინისტრმა წულუკიანმა გააგრძელა პოლიტიკური „წმენდა“ კულტურის დაწესებულებებში, მაგრამ პასუხად ბოიკოტი მიიღო. წლის მეორე ნახევარში ხელისუფლება ნაკლებად იჩენდა ღია აგრესიას დასავლეთის მიმართ. როცა ცხადი გახდა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება რეალისტურია, მან არაფერი გააკეთა ისეთი, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ეს გადაეფიქრათ (განსხვავებით შარშანდლისგან, როცა გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა გვარამია დააპატიმრა).

არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის თავში რომელი ჭანჭიკის გადატრიალებამ გამოიწვია ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილობრივი შერბილება. მაგრამ ყველაზე ლოგიკური მგონია ვარაუდი, რომ საზოგადოების პოზიციამ, რომელიც მათ შორის მარტის აქციებში გამოიხატა, ხელისუფლების სტრატეგოსებს აფიქრებინა, რომ საქართველოს ევროპულ პროექტთან ღია დაპირისპირება მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა.

მობუქსავე ოპოზიცია

ეს არ არის მდგომარეობის გაუმჯობესება: ეს გაუარესების შენელებაა, რომელიც შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს. გაუმჯობესების მისაღწევად საზოგადოება კონტრშეტევაზე უნდა გადავიდეს.

ამ კონტრშეტევის ასპარეზი, ცხადია, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებია. თეორიულად არსებობს რევოლუციური სცენარიც, მაგრამ გასულ წელს მასზე, ძირითადად, ხელისუფლება ლაპარაკობდა (ცხადია, ხალხის შესაშინებლად).

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც 2021-ში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ მოიტანა, ოპოზიციაში რევოლუციური მოლოდინების შესუსტება აღმოჩნდა.

ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც ასეთ სცენარზე დებს ფსონს.

თუ ცვლილების იმედი მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება, რამდენად საფუძვლიანია ის?

2023 წელს გაგრძელდა საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილის წუწუნი ოპოზიციის უნიათობაზე. არ გამოჩენილა ახალი ლიდერი ან ძალა, რომელიც ძალთა ბალანსს შეცვლიდა. ოპოზიციურ გვირაბში სინათლე არ გამოჩენილა. ამას შეიძლება წლის მთავარი არმოვლენა ვუწოდოთ.

გარკვეული ცვლილებები მოხდა ოპოზიციის ფლაგმანის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავს. წლის დასაწყისში, შიდა არჩევნების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელობა შეიცვალა, წლის ბოლოს კი პარტია (სწორედ ამ შეცვლის გამო) კიდევ ერთხელ გაიხლიჩა. ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა ან პარტიიდან წავიდა, ან კი, ნიკა მელიას გაჰყვა ახალი პარტიის შესაქმნელად.

პარალელურად, პატიმრობაში მყოფმა პარტიის სიმბოლურმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა რადიკალურად შეიცვალა სტრატეგია: „ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებს“ პოზა „პოლიტიკაში აქტიურად ვმონაწილეობ“ მოდუსით ჩაანაცვლა და ამისთვის ყურადღება დიდად არავის მიუქცევია. შთაბეჭდილება რჩება, რომ გახლეჩილი პარტიის ორივე ნაწილი მიშას ერთგულებას კი იფიცება, მაგრამ ეს რიტუალურ ჟესტად იქცა. სააკაშვილი რჩება მნიშვნელოვან ფიგურად, მაგრამ მისი სახელის და სიტყვის მაგია გაფერმკრთალდა.

ახალი ტენდენციაა სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ქცევაც (თუმცა ამის ნიშნები წინა წელს გამოჩნდა). მან წარმატებით შეიქმნა იმიჯი, რომ ერთადერთი სახელისუფლებო თანამდებობის პირია, ვინც რეალურად იღვწოდა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად. ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ ის მტრად გამოაცხადა: ზურაბიშვილმა ამითაც მოიგო. პრეზიდენტმა გააჩინა მოლოდინი, რომ არჩევნებში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება - თუმცა სტრატეგიულ ბუნდოვანებას ინარჩუნებდა, როცა პოლიტიკურ გეგმებზე ეკითხებოდნენ.

შიდაპოლიტიკური წლის შეჯამება ისაა, რომ ისევ იმ გაურკვევლობაში ვართ, რაშიც ვიყავით. ოპოზიციას აქვს მომავალ არჩევნებში წარმატების შანსი, მაგრამ ამისთვის უნდა იპოვოს გამარჯვების ფორმულა, რომლის კონტურებიც ჯერ არ გამოჩენილა.

კანდიდატის სტატუსი და მისი პარადოქსები

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი პარადოქსი. ერთი ისაა, რომ მან რაღაც ზომით მაინც გააძლიერა ხელისუფლება, რომელიც, ოპონენტთა აზრით, ძირითადი წინაღობაა საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ამით მან დაგვაახლოვა ევროპას, მაგრამ, რაღაც აზრით, დაგვაშორა კიდეც (თუ სტატუსის მიღება „ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენაში დაეხმარება).

ოპონენტების ძირითადი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ - რომ ის, რეალურად, პრორუსული და ანტიევროპული ძალაა, ობიექტურად სამართლიანი დარჩა, მაგრამ უფრო ძნელი იქნება ამაში დააჯერო ადამიანი, რომელიც ყოყმანობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არჩევნების ბედი კი ასეთ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული.

ამავე დროს, ამ ფაქტორის მნიშვნელობა არ უნდა გავაზვიადოთ. ვერ ვიტყვით, რომ სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მომავალი წლის არჩევნებს წააგებდა, ახლა კი ამის ხარჯზე მოიგებს. მაგრამ პარადოქსი პრობლემად რჩება.

მეორე უფრო მნიშვნელოვანი პარადოქსი ზემოთ გაკვრით ვახსენე. ხშირად ვამბობთ, რომ, მართალია, ქვეყნის ხელისუფლებას ეს სტატუსი არ დაუმსახურებია, ის საზოგადოებამ მოიპოვა, ამიტომ უნდა შევიფეროთ.

ამ ფორმულაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ მხოლოდ მარცვალი. საზოგადოების, როგორც მთლიანის წარმომადგენელი მისი ხელისუფლებაა. რანაირად იმსახურებს საზოგადოება ევროპულის სტატუსს, თუ ის ვერ ცვლის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს რეალურად ეწინააღმდეგება? ეს შეკითხვა ჩვენს დასავლელ მეგობრებს განსაკუთრებით ხშირად უჩნდებათ და არც ჩვენ უნდა გავექცეთ.

მარტის აქციები ძალიან შთამბეჭდავი იყო; ვითარების გაუარესების შენელებაც მიღწევაა. მაგრამ თუ ევროპული გზის ერთგულება ცალკეული დემოკრატიული კარნავალებით და სოციოლოგიური კვლევების შედეგებით გამოიხატება, ვერ დავასკვნით, რომ ეს საზოგადოება თავისი ბუნებით ევროპულია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი თვითორგანიზაციის რესურსი, რისი წყალობითაც მისი ევროპული მისწრაფება პოლიტიკურადაც სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით, ამ ძირითად გამოცდას საზოგადოება ვერ აბარებს.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.