„დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მხოლოდ შემიძლია დავადასტურო შიშის მართებულობა, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორის აქტებს, არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელ მსოფლიოში ავიახაზების წინააღმდეგ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა 15 იანვარს პრესკონფერენციაზე.
პოლონეთის ლიდერის ეს შოკისმომგვრელი კომენტარები მოულოდნელი არ იყო: ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა საეჭვო, საგანგაშო, აუხსნელი ინციდენტების რიცხვი. ზოგიერთი შეეხებოდა საერთაშორისო ავიაკომპანიებს და ბრალდებებს, რომ რუსეთი ცდილობდა საჰაერო ტვირთში საიდუმლო ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსებას; ზოგიერთი შეეხებოდა გემებს და წყალქვეშა კაბელების დაზიანებას.
ევროპის დედაქალაქების მზარდ რაოდენობაში კი სულ უფრო ცხადი ხდება, ვინ არის დამნაშავე და რა ხდება: მოსკოვი აწარმოებს ჩრდილოვან კამპანიას დასავლეთის წინააღმდეგ.
პრობლემის მზარდ სერიოზულობას კიდევ უფრო ხაზი გაუსვა ცნობებმა, რომ აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელში ჩაიგდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჩინოვნიკების კომუნიკაციები, სადაც ისინი განიხილავდნენ შეთქმულებას ბომბების შესახებ და, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაავალა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ორ მთავარ მრჩეველს, გაეფრთხილებინათ რუსი ოფიციალური პირები.
მოსკოვი რეგულარულად უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს ტერორისტული თავდასხმების, მათ შორის, ცეცხლის წაკიდების, ბინებში შეჭრის, მოწამვლისა და დასავლეთში ადამიანებზე თავდასხმების შესახებ.
რაც ვიცით
გასული წლის ივლისში, ლიეტუვიდან გაგზავნილ პაკეტს მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდა გერმანიის ქალაქ ლაიფციგის DHL-ის საცავში. გაჩნდა ხანძარი, რომლის ლოკალიზებაც მალევე მოახერხეს. ზიანი მინიმალური იყო. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა.
დაახლოებით იმავე დროს, 1300 კილომეტრის დაშორებით, მსგავსი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა აალდა ინგლისის ქალაქ ბირმინგემის DHL-ის საწყობში. ის DHL-ის თვითმფრინავით ჩაიტანეს. ამავე დროს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე სატრანსპორტო კომპანიის ობიექტშიც აფეთქდა მოწყობილობა და ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებს მის ჩასაქრობად ორი საათი დასჭირდათ.
ერთად აღებული სამივე ხანძარი აჩვენებდა ტენდენციას - ვიღაც შეგნებულად ათავსებდა ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს სატვირთო ფრენებში. ამ ყველაფერმა განგაში გამოიწვია სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო სააგენტოებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ასევე ნახეთ ვანო ნადირაძე: "ქართველმა მზვერავებმა ახალ წელს მტრის ზურგში გაბედული მოქმედებით ისახელეს თავი"არა მხოლოდ ბომბები
ცეცხლგამჩენი პაკეტების პარალელურად გავრცელდა კიდევ ცნობები სხვა ინციდენტის შესახებ, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.
„ფაინენშალ ტაიმსის“, CNN-ისა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, 2024 წლის დასაწყისში არმინ პაპერგერის, გერმანული ინდუსტრიული გიგანტის „რაინმეტალის“ აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობა სცადეს.
კომპანია მსოფლიოში საარტილერიო და სატანკო ჭურვების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. რაც მთავარია, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კომპანიამ მკვეთრად გააფართოვა უკრაინისათვის ჭურვების წარმოება.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შეთქმულების შესახებ გერმანიას აცნობეს და შედეგად გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა პაპერგერს დაცვა გამოუყვეს.
ასევე მოხდა რამდენიმე ზღვაზე - ძირითადად ბალტიის ზღვაში - როდესაც სხვადასხვა გემმა გაწყვიტა ან დააზიანა წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო ან დენის კაბელები.
გასულ თვეში ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა ნავთობის ტანკერი Eagle S-ი, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან მიცურავდა ეგვიპტის პორტ-საიდში. მოგვიანებით ხელისუფლებამ დაადგინა, რომ გემმა ღუზა გადაატარა და დააზიანა კაბელი ფინეთის ყურეში.
ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურები დაკავებულ ტანკერზე, ფინეთში და რა ვიცით რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე"გემები ოფიციალურად რუსეთს არ ეკუთვნოდა - ისინი სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ ცურავდნენ, მაგრამ ოფიციალური პირები ფინეთში და სხვაგან მათ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ მიაკუთვნებენ.
ეს არის გემების ფლოტი - ზოგიერთი ამომცნობი ნიშნების გარეშე, ზოგი კი სხვა ქვეყნის დროშის მატარებელი - რომელიც კრემლმა, გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნა დასავლური სანქციებისათვის თავის ასარიდებლად. უკრაინელი მკვლევრების აზრით, რუსეთის ნავთობის უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ ახლა სწორედ ამ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით იყიდება.
„ჩრდილოვანი ფლოტი“ შესაძლოა ასევე ეხმარებოდეს რუსეთს სადაზვერვო მეთვალყურეობის განხორციელებაში. Eagle S-ის დაკავების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი აღჭურვილი იყო „სპეციალური გადამცემი და მიმღები მოწყობილობებით, რომლებიც გამოიყენებოდა საზღვაო აქტივობის მონიტორინგისთვის“.
„წელს ევროპაში 500 საეჭვო ინციდენტი დაფიქსირდა“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ გასულ თვეში ნატოს მინისტრების შეხვედრის წინ. მათგან 100-მდე შეიძლება მიეკუთვნებოდეს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებს, ჯაშუშობას, გავლენის ოპერაციებს.
ასევე ნახეთ "ბალტიის გუშაგი" - რას უპირისპირებს ნატო რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს"?რა შედეგი მოჰყვა?
ამ თვის დასაწყისში ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა Eagle S-ი და ის ნაოსნობისთვის უვარგისად გამოაცხადა. კიდევ ერთი გემი, ჩინეთის საკუთრებაში მყოფი Yi Peng 3, გააჩერეს საერთაშორისო წყლებში დანიისა და შვედეთის მახლობლად, ეჭვის ფონზე, რომ მან ღუზით გაჭრა ტელეკომუნიკაციის ორი კაბელი. გემი საბოლოოდ გაათავისუფლეს.
ოქტომბერში პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება ცეცხლგამჩენ პაკეტებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოთხი ადამიანი დააკავეს „საერთაშორისო დივერსიულ ჯგუფში მონაწილეობისთვის“ და კიდევ ორს ეძებდნენ.
„ჯგუფი ეწეოდა საბოტაჟს და დივერსიას, რომელიც დაკავშირებული იყო კურიერული კომპანიების მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში შენიღბული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საშიში მასალების შემცველი ამანათების გაგზავნასთან, რომლებიც სპონტანურად ალდებოდნენ ან ფეთქდებოდნენ სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტირების დროს“, - თქვა სპიკერმა. „ჯგუფის მიზანი იყო, ასევე, შეემოწმებინა გადაცემის არხი ამგვარი ამანათებისთვის, რომლებიც საბოლოოდ უნდა გაეგზავნათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში“.
უფრო ფართო შეთქმულებაზე მიანიშნა ტომას ჰალდენვანგმა, გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ გერმანიაში რუსული ჯაშუშობისა და დივერსიული აქტივობების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა.
ლაიფციგის პაკეტი ფრენის დროს რომ აალებულიყო, ჰალდენვანგმა განუცხადა კანონმდებლებს სექტემბერში, „ეს ავარიას გამოიწვევდა“.
გასული აგვისტოს შემდეგ, როდესაც აშშ-მა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს მუშაობა ავიაკომპანიის მაღალ ხელმძღვანელებთან სატვირთო ფრენების სკრინინგის ახალი პროცედურების განსახორციელებლად, ბაიდენმა უბრძანა უსაფრთხოების ორ მაღალჩინოსანს - CIA-ს დირექტორს უილიამ ბერნსს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს, დაჰკავშირებოდნენ რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მთავარ თანაშემწეებს და გაეფრთხილებინათ ისინი. ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ასევე მოიპოვეს რუსული სამხედრო დაზვერვის სააგენტოს უმაღლესი თანამდებობის პირთა საუბრების ჩანაწერი, სადაც ისინი ცეცხლგამჩენ ამანათებს განიხილავდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი სხვა ძალისხმევისთვის ამზადებდნენ ნიადაგს.
ოქტომბერში, ბრიტანეთის მთავარი შიდა კონტრდაზვერვის სააგენტოს, MI5-ის ხელმძღვანელმა, კონკრეტულად გამოყო GRU და თქვა, რომ „მათი მუდმივი მისიაა ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში არეულობის დათესვა: ჩვენ ვნახეთ ცეცხლის წაკიდება, დივერსია და სხვა საშიში ქმედებები, რომლებსაც მზარდი თავზეხელაღებულობით ახორციელებენ“.
ასევე ნახეთ რას ცვლის სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში?განგაშის ზარები
მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ დასახელებულა, ტუსკის კომენტარები, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გააკეთა, გასაოცარი იყო. ევროპის ქვეყნის მნიშვნელოვანმა მეთაურმა საჯაროდ ლამის პირდაპირ დასდო ბრალი მოსკოვს ტერორიზმში.
ეს განცხადებები ეხმიანება სხვა დასავლელი ოფიციალური პირების კომენტარებს, რომელთა მიხედვითაც რუსეთი ცდილობს აწარმოოს „ჩრდილოვანი“ კამპანია - მათ შორის, დივერსია, ჯაშუშობა, დეზინფორმაცია - ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. მიზანი? დასავლეთის დესტაბილიზაცია და ძირის გამოთხრა უკრაინის მხარდაჭერისათვის.
თავის მხრივ, რუსეთმა არაერთხელ და ხმამაღლა უარყო რაიმე მონაწილეობა თვითმფრინავების ტვირთის მოწყობილობებთან ან ჩრდილოვანი ფლოტის კაბელის დაზიანებასთან დაკავშირებით. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ავიაკომპანიის დივერსიული შეთქმულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „გაურკვეველი შეთქმულების“ მაგალითი უწოდა.
ასევე ნახეთ მარკო რუბიო: ომის დასრულებისთვის უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობა