- ეს არის ამონარიდი ვრცელი წერილიდან, რომელიც მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა (ერისკაცობაში ნიკოლოზ კანტარიანმა) მისწერა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს.
წერილი სექტემბერშია გაგზავნილი.
რადიო თავისუფლების მოლდოვის სამსახურის ცნობით, თავდაპირველად წერილის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის დამოუკიდებელი, ბესარაბიის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
მოგვიანებით, მიტროპოლიტ ვლადიმირის ეპისტოლეს ფოტოასლი თავის ბლოგში ყოფილმა დეპუტატმა, ვლად კუბრიაკოვმა გამოაქვეყნა.
თუმცა მოლდოვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ხანია არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივა აქვს ორი მართლმადიდებელი ეკლესიის თანაარსებობას რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შემდეგ.
ამ ფონზე, მოლდოველი მიტროპოლიტის ეპისტოლეს "მოლდოვაში არსებული ვითარების ფხიზელი შეფასება“ და მოსკოვის საპატრიარქოსთან მოლდოვის პრორუსული მართლმადიდებელი ეკლესიის „ცივილიზებული გაყრის“ მცდელობა უწოდა რელიგიათმცოდნე სერგეი ჩაპნინმა.
"ეს ვითარება აგონიას ახანგრძლივებს"
მოლდოვის სამიტროპოლიტოს მდივანმა, მთავარდიაკონმა ვადიმ კეიბაშმა რადიო თავისუფლების უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმირმა წერილი რუსეთის პატრიარქს 5 სექტემბერს გაუგზავნა, მაგრამ თვე-ნახევრის შემდეგაც კი მოსკოვიდან მასზე არანაირი პასუხი არ მიუღია.
რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან ასეთი დუმილი, მოსკოვის დაქვემდებარებაში ფორმალურად შემავალი კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის სამიტროპოლიტოსადმი რუსეთის ეკლესიაში გაბატონებული „იმპერიული“ ტენდენციის მორიგ გამოხატულებად მიაჩნია რელიგიათმცოდნე სერგეი ჩაპნინს.
„ძნელი წარმოსადგენია ასეთ ეპისტოლეზე მოსკოვიდან "კარგი" პასუხი. პატრიარქ კირილეს სურს მოლდოვის ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად იხილოს და ილუზორული ერთიანობა მაინც შეინარჩუნოს. მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ეკლესიის იმპერიული ხასიათის შენარჩუნება, რომლის საზღვრები გეოგრაფიულად გაცილებით ფართოა, ვიდრე რუსეთის ფედერაციის საზღვრები. წერილში მიტროპოლიტი ვლადიმირი საუბრობს რუმინეთთან როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიო კავშირზე, როგორც ახალ რეალობაზე, რომლის მიღებისთვისაც ის უკვე მზად არის“, - ამბობს სერგეი ჩაპნინი.
„განხეთქილებასა“ და „უფსკრულში“ მოსალოდნელ გადაჩეხის საფრთხეზე რუსეთის პატრიარქს ზემოხსენებულ ეპისტოლეში მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმირიც აფრთხილებს და მოვლენათა ასეთი განვითარების გამო პასუხისმგებლობას პირდაპირ აკისრებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იგნორირებას უკეთებს მის დაქვემდებარებაში არსებული კიშინიოვის სამიტროპოლიტოს თხოვნას.
მიტროპოლიტი ვლადიმირი ჩივის, რომ მოსკოვის საპატრიარქომ მოლდოვისა და სრულიად კიშინიოვის სამიტროპოლიტოს გვერდის ავლით დანიშნა დნესტრისპირეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები, სამაგიეროდ უარი თქვა საეპისკოპოსო ხარისხში აეყვანა მიტროპოლიტ ვლადიმირის მიერ შეთავაზებული კანდიდატი, არქიმანდრიტი ფილარეტი (კუზმინი).
ეპისტოლეს თანახმად, საქმე იქამდეც კი მისულა, რომ მოსკოვის საპატრიარქომ უარი უთხრა მოლდოვის და სრულიად კიშინიოვის სამიტროპოლიტოს, ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის გამო დენის, გაზისა და კომუნალური გადასახადების გაზრდილი საფასურის კომპენსაცია გადაეხადა, მაშინ, როცა რუმინეთის საპატრიარქომ ეს მისი პატრონაჟით 2023 წლის 31 აგვისტოს ამოქმედებული ბესარაბიის მართლმადიდებლური სამიტროპოლიტოს შემთხვევაში გააკეთა.
„რაოდენ მკაცრადაც არ უნდა ჟღერდეს, რეალობა ასეთია - ბესარაბიის სამიტროპოლიტომ რუმინეთის საპატრიარქოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და რუმინეთის ღია მხარდაჭერით აჩვენა, რომ ის არის ძალა, რომელსაც ვერავინ ვეღარ შეაჩერებს; რომ იგი, როგორც ჩანს, მიაღწევს თავისი ისტორიული უფლების აღდგენას, ხოლო კიშინიოვისა და მოლდოვის სამიტროპოლიტო ჩვენი მხარის რელიგიურ, სოციალურ და კულტურულ სცენაზე დარჩება, როგორც დამხმარე და უსარგებლო ელემენტი", - წერს მიტროპოლიტი ვლადიმირი და რუსეთის პატრიარქს აცნობებს, რომ მოლდოვის ბედი უკვე გადაწყვეტილია დიდი სახელმწიფოების მიერ.
"დროის შედარებით მოკლე პერიოდში ის აუცილებლად შეუერთდება რუმინეთს და, ცხადია, ყველაფერი, რისთვისაც იბრძვის მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად გადაიქცევა. როგორც ზემოთ ვთქვი, კიშინიოვ-მოლდოვის სამიტროპოლიტო ამ მეტამორფოზის მხოლოდ დაკვირვებას შეძლებს. რადგან ნებისმიერი ჩვენი განზრახვა, შევაჩეროთ ეს პროცესი, არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მიერ, არამედ, პირველ ყოვლისა, მთელი ჩვენი სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მიერ, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირად იყურებიან რუმინეთისა და დასავლეთის მხარეს, - აღქმული იქნება, როგორც ძირგამომთხრელი და არაპოპულარული ნაბიჯი. რამეთუ ისტორიულ ფაქტს ვერავინ აღუდგება წინ, ხოლო ამ პროცესის გაჭიანურება, მხოლოდ აგონიას გაახანგრძლივებს“, - აფრთხილებს მიტროპოლიტი ვლადიმირი რუსეთის პატრიარქ კირილეს.
„მიტროპოლიტ ვლადიმირის მცირე გამარჯვება“
მიტროპოლიტ ვლადიმირს პატრიარქ კირილესთვის ეპისტოლე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საშემოდგომო სხდომის დაწყებამდე გაუგზავნია, შემდეგ კი პირადადაც ჩასულა მოსკოვში ამ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.
რელიგიათმცოდნე სერგი ჩაპნინის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულა პატრიარქ კირილესა და მიტროპოლიტ ვლადიმირის შეხვედრაც, რომელზეც საუბარი „მაღალ ტონებში“ ყოფილა.
„მაგრამ, აშკარაა, რომ პატრიარქი გარკვეულ დათმობებზე წავიდა. წერილში ნახსენებია არქიმანდრიტი ფილარეტი (კუზმინი), რომლის ეპისკოპოსად დანიშვნა მიტროპოლიტ ვლადიმირს ერთი წლის წინ სურდა, მაგრამ რუსეთის პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება დაბლოკა.
მაგრამ სინოდის ბოლოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტ ფილარეტის საეპისკოპოსო ხელდასხმის შესახებ. მეტიც, პატრიარქი კირილე მოულოდნელად სხვა დათმობებზე წავიდა. მან არა მხოლოდ დაამტკიცა ფილარეტის კანდიდატურა, არამედ დათანხმდა, რომ ხელდასხმა უნდა მოხდეს კიშინიოვში და არა მოსკოვში. ეს არის მიტროპოლიტ ვლადიმირის მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - ამბობს ჩაპნინი.
უცნობია, თუ რა უპასუხა რუსეთის პატრიარქმა მისდამი გაგზავნილი ეპისტოლეს ბოლოში დასმულ რიტორიკულ კითხვებს:
„ამ ვითარებაში, გეკითხებით, თქვენო უწმინდესობავ, როგორ ავიცილოთ თავიდან, ერთი მხრივ, იმ უფსკრულში ჩავარდნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის უკანასკნელმა შეჭრამ გააჩინა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც სასულიერო პირების, ისე ხალხის მზარდი უნდობლობა ჩვენი იმ პოზიციისადმი, რომელიც თითქოსდა პირდაპირ უკავშირდება რუსეთის ინტერესებს? როგორ შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როდესაც გეოგრაფიული კავშირები ფაქტობრივად გაწყვეტილია, როდესაც ჩვენ უკვე აღარ ძალგვიძს რუსეთის ფედერაციაში დამზადებული საკლესიო ნივთების შეძენა, რადგან ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები ფაქტობრივად აღარ არსებობს?“
სერგეი ჩაპნინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პატრიარქისთვის, რომელიც მთლიანად უჭერს მხარს რუსეთის საომარ ოპერაციას უკრაინაში, მიტროპოლიტ ვლადიმირის ეს წერილი უკიდურესად უსიამოვნო მოულოდნელობა იქნებოდა.
„თუ საეკლესიო დიპლომატიის ენიდან ჩვეულებრივ ენაზე ვთარგმნით, მიტროპოლიტის გზავნილი უკიდურესად მკაცრად ჟღერს: ჩვენ ვტოვებთ მოსკოვის საპატრიარქოს და თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინოთ ჩვენს გადაწყვეტილებაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარეები პირდაპირ საპირისპირო პოზიციებს იკავებენ. ვიმეორებ: განხეთქილება გარდაუვალია. ერთადერთი კითხვაა ისაა, თუ რამდენად რბილი ან, პირიქით, სკანდალური და მკაცრი იქნება ეს განხეთქილება“, - ამბობს სერგეი ჩაპნინი, მართლმადიდებლობის მკვლევარი.
ასევე ნახეთ
პატრიარქ კირილეს თქმით, ის პუტინისგან არ იღებს განკარგულებებს- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარ კირილეს (გუნდიაევს) შარშან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აქტიურად აკრიტიკებენ ხელისუფლებასთან უკიდურესად დაახლოებისთვის. აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ზოგიერთ ქვეყანაში ეს იწვევს სახელმწიფო ზეწოლის ზრდას ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი არიან.
- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი დე იურე არ არის ეკლესიის მეთაური, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში აღიქმება ასეთად.
- კირილე უარყოფს კრემლის მხრიდან ზეწოლას. მას მიაჩნია, რომ რუსეთში „სიმფონიაა“ საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. კირილეს თქმით, ამის შესახებ „ოცნებობდნენ ბიზანტიაში“, მაგრამ იქ ამას ის უშლიდა ხელს, რომ იმპერატორებს თავი ეკლესიის მეთაურებად მიაჩნდათ.
- 2022 წლის მაისში რომის კათოლიკური ეკლესიის პაპმა ფრანცისკემ იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასთან საუბარში კირილემ გაამართლა ომი, ლაპარაკობდა რა „დროზე, რომელიც ესაჭიროებათ ნატოს რაკეტებს [რუსეთში სამიზნეებამდე] მისაფრენად“.
- კირილეს სიტყვებზე, პაპის თქმით, მისი პასუხი ასეთი იყო: „ძმაო, ჩვენ სახელმწიფო მოხელეები არ ვართ, ჩვენ მხოლოდ იესოს და არა პოლიტიკის ენის გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის მშვიდობის გზები უნდა ვეძებოთ“. რომის პაპის აზრით, პატრიარქი კირილე „არ უნდა გახდეს პუტინის საკურთხევლის ბიჭი“.