როცა მიწას განგებ წვავ - რატომ ვერ პოულობენ კანონდამრღვევ მოქალაქეებს?

​​​​​​​ცეცხლის ალში გახვეული ალაზნისა და შირაქის ველები თითქმის მთელი კახეთიდან ხელისგულივით ჩანს, განსაკუთრებით ღამით.

ასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, იქ, სადაც ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აიღეს, ხანძრებს უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურად თავად მიწის მფლობელები აჩენენ და შემდეგ სამართალდამცავებს ემალებიან, რათა ჯარიმა თავიდან აიცილონ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთების თივისგან გათავისუფლებაა. განგებ გაჩენილი ხანძრების მავნე პრაქტიკა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. არსებობს აკრძალვები და ჯარიმებიც, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.

თავად ფერმერებს თუ შეეკითხები, მათ შორის მას, ვის ნაკვეთშიც ხანძარი იყო, ამბობს, რომ ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა და მომხდარზე არაფერი იცის, თუმცა ამ პრობლემაზე ლაპარაკობენ სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და ის ფერმერები, ვინც მავნე პრაქტიკის გამოყენებაზე უარი თქვა.

წნორში მცხოვრები ნიკა ბაგალიშვილი მიწის მფლობელია, ყოველ წელს მოსავალი მოჰყავს და აგროსკოლაც აქვს. სხვა საკითხებთან ერთად დაინტერესებულ პირებს ასწავლის როგორ მოიყვანონ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი და როგორ გაამდიდრონ ნაკვეთები ბუნებრივ პირობებში აგროქიმიკატების გარეშე.

ნიკა ბაგალიშვილმა მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმენტი ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა ზიანს აყენებს მაწის გასუფთავების მიზნით ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი:

ბავშვებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო, ავიღეთ დამწვარი და საღი მიწა. დავთესეთ ხორბალი. ყველამ თვალნათლივ დაინახა, თუ რა შედეგი მოაქვს მიწის დაწვას. დამწვარ მიწაში ხორბალი აღმოცენდა, თუმცა მალევე დაიწყო კვდომა, ხოლო იქ, სადაც არ იყო დამწვარი მიწა, საღი ხორბალი გაიზარდა. მიწა არის ცოცხალი ორგანიზმი და მისი დაწვა იწვევს უკიდურესად ცუდ შედეგებს“.

ნიკა ბაგალიშვილმა და მისი აგროსკოლის მოსწავლეებმა ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთებში გაჩენილი ხანძრები თავად მიწებს მოუსავლიანს ხდის. ნიკა ფიქრობს, რომ ფერმერთა მასობრივი ინფორმირებისთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. ბაგალიშვილი მიიჩნევს, რომ კანონდამრღვევი მოქალაქეებისთვის მოსამატებელია ჯარიმების რაოდენობაც.

კანონაღსრულების პრობლემაზე ლაპარაკობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი კახეთში, კახაბერ სუხიტაშვილი. ის მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა ფერმერები თავადვე დარწმუნდებიან, რომ რასაც აკეთებენ, საზიანოა არა მარტო პირადად მათთვის, არამედ სამყაროსთვის.

ასევე ნახეთ განგებ გაჩენილი ხანძრები კახეთში, დამწვარი ქარსაფრები და ფრინველები

ბექა გონაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ყოველ წელს მოჰყავს მარცვლეული კულტურები, მიწების გასუფთავების მოტივით ხანძარს არ აჩენს. ის ხორბლის აღების შემდეგ მიწის ნაკვეთს დისკავს და თივა დაჭრილი სახით კვლავ ნიადაგში რჩება, სასუქად გარდაიქმნება და მომდევნო წელს ნაკლები ქიმიური საშუალებაა საჭირო მოსავლიანობის გასაზრდელად. ბექა ამბობს, რომ ამის გაკეთება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ფერმერთა ნაწილი ხანძრებს აჩენს. ბექა გონაშვილი პრობლემის მოგვარების სამ ვერსიას განიხილავს:

„ჩემი აზრით, პრობლემა მოგვარდება, თუკი: 1. სახელმწიფო ან დონორი ფერმერებს ეტყვის, რომ შენ თუ არ გადაწვავ მიწას, მე დაგიფინანსებ სათესლე მასალას ნაწილობრივ, შეიძლება ეს იყოს 100 ლარის ღირებულების საწვავიც. 2. რა თქმა უნდა, ცნობიერების დონე ასამაღლებელია და აქ მეორე აზრი არ არის. უბრალოდ, სახელმწიფომ ადამიანებს საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ თავის თავზე გამოსცადონ და ნახონ, რომ კარგ აზრს სთავაზობ, და მესამე - ეს არის, რა თქმა უნდა, საჯარიმო სანქცია, რომელიც ახლა 200 ლარია და ის გაცილებით მაღალი უნდა იყოს“.

მავნე პრაქტიკა და არასწორი სამეურნეო ქმედება - ასე აფასებენ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კახეთში ხელოვნურად ხანძრების გაჩენას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძის თანახმად, მათ უწყებას ამ პერიოდში განსაკუთრებული კონტროლი და მეთვალყურეობა აქვს დაწესებული, თუმცა პასუხი არა აქვს კითხვაზე, წელს რამდენი კანონდამრღვევი გამოავლინეს და დააჯარიმეს. კორკოტაძე ამბობს, რომ სამართალდამრღვევი პირების გამოვლენა-იდენტიფიცირება ჭირს:

უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ მოხდეს, რადგან კონკრეტულმა ფერმერმა თქვას, სხვამ გააჩინა ხანძარიო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წესიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, სხვა შემთხვევაში ვერ მოვახდენთ რეაგირებას. ყველაზე პრობლემურ საკითხად მიმაჩნია სწორედ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება... გარდა ამისა, ცხადია, ვერც ერთი სახელმწიფო უწყება მუდმივად ვერ იქნება ნებისმიერ ადგილზე, თუ მოქალაქეების თვითშეგნება და ფერმერების დამოკიდებულება არ შეიცვალა. მათ უნდა გაითავისონ, რომ საკუთარი ქონება არ გაანადგურონ და კანონი არ დაარღვიონ“.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთების გასუფთავების მიზნით გადაწვა კანონდარღვევაა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ნარჩენების მართვის კოდექსში გაწერილია ჯარიმებიც, რომელიც 200-დან 1000 ლარამდეა. სამოქალაქო აქტივისტები და გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ გასაზრდელია ჯარიმების რაოდენობა და გასაძლიერებელია ზედამხედველობაც.