“გამართული და ხარისხიანი კლინიკა ხულოელებს და მთიან აჭარას” - ამ მოთხოვნით დღეს, 1 აგვისტოს, აქცია გაიმართა დაბა ხულოში. აქციის ორგანიზატორი იყო "სოლიდარობის თემი". ადგილობრივები დაბის ცენტრიდან მსვლელობით წავიდნენ ხულოს “ევექსის კლინიკის” მიმართულებით.
კლინიკასთან ათამდე ადგილობრივი შეიკრიბა. მათ შორის იყო დაბის მკვიდრი, შშმ პირი შორენა ძირკვაძე.
“მაქვს გლაუკომა და დავკარგე მხედველობა. ბათუმში თვალის ექიმთან კონსულტაცია და წნევის გაზომვა ყოველ ორშაბათს 100 ლარი მიჯდება. აქ ამის საშუალება არ მაქვს“, - ამბობს შორენა ძირკვაძე.
Your browser doesn’t support HTML5
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ, სამშობიარო ბლოკის შეფერხებით მუშაობაა. კლინიკაში სამშობიარო ბლოკი ჯერჯერობით არ გაუქმებულა, თუმცა მეან-გინეკოლოგი აღარ ჰყავთ.
მაისში ხელფასის გაზრდა მოითხოვა ხულოს კლინიკის სამმა მეან-გინეკოლოგმა, რომლებიც მორიგეობის დროს საათში 1 ლარსა და 20 თეთრს იღებდნენ. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკამ ხელფასის გაზრდაზე მათ უარი უთხრა, რის გამოც პირველი ივნისიდან სტაციონარში მუშაობა შეწყვიტეს.
ასევე ნახეთ „ორსული გოგო დამხვდა შოკში” - როგორ აჩენენ ქალები შვილებს მაღალმთიან აჭარაში“ქალებს დღეს აქ მშობიარობის შესაძლებლობა არ აქვთ. გინეკოლოგები, რომლებიც შეძლებენ მშობიარე ქალებს გაუწიონ დახმარება, კლინიკაში აღარ არიან... აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ყველა მოქალაქეს სრულყოფილად მიუწვდებოდეს ხელი”, - ამბობს ნათია ჭელიძე, სტუდენტი.
“სოლიდარობის თემი” დაბა ხულოში აქციის გამართვას 2 და 3 აგვისტოსაც გეგმავს.