სემეკის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილი მონაცემებით, წლევანდელ იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან საქართველომ 926 მლნ მ3 გაზი იყიდა, რაც 15%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.
აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტში, ჯამში, 107 მლნ დოლარია გადახდილი, 37%-ით ნაკლები 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით. თუმცა 12%-ით არის გაზრდილი შარშანდელთან შედარებით რუსეთისთვის გადახდილი თანხა - 86 მლნ დოლარი 464 მლნ მ3 გაზში.
ჯამში, ქვეყანამ წელს 193 მლნ დოლარამდე ღირებულების 1.4 მილიარდი მ3 გაზი შემოიტანა. ეს ნიშნავს, რომ 1000 მ3 აზერბაიჯანულ გაზში დაახლოებით 116 დოლარია გადახდილი, რუსულში კი - 185 დოლარი. იმის გამო, რომ საქართველო აზერბაიჯანისგან გაზს შეღავათიან ფასად იღებს, სავარაუდოდ, ნაკლებ ფასსაც ეს განაპირობებს. საბაზრო ფასად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ბუნებრივ აირს კომერციული სექტორი ყიდულობს, თუმცა რა ფასად - არ ასაჯაროებს.
აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი შარშანაც შემცირდა. ამიტომ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ვკითხეთ, საქართველოსთვის გაზის იმპორტის შემცირება ხომ არ უკავშირდება აზერბაიჯანის მიერ ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას, რომლითაც ევროპაში გაზის ექსპორტი თითქმის უნდა გაორმაგდეს. ამავე დროს, ევროპასთან აღებული ვალდებულების გამო საქართველოს შემდეგ წლებშიც ხომ არ შეუმცირდება გაზის მიწოდება და რუსულ გაზზე გაიზრდება დამოკიდებულება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროპამ გაზის ალტერნატიული წყაროების ძიება დაიწყო, ერთ-ერთი აზერბაიჯანი აღმოჩნდა. 2022 წელს დადებული შეთანხმებით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდ მ3-მდე გაზს მიაწვდის ევროკავშირს, ანუ თითქმის გააორმაგებს ექსპორტის მოცულობას. თუ მართლაც ასე გაზრდის აზერბაიჯანი ევროკავშირში ექსპორტს, საქართველო მეზობლისგან უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს. აგიხსნით, რატომ.
საქართველო აზერბაიჯანული მხარისგან ბუნებრივ აირს სხვადასხვა წყაროდან იღებს. უმთავრესი კი სამხრეთკავკასიური გაზსადენია, რომლითაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროკავშირს მიეწოდება. ანუ ამ გაზსადენით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი მთავარ ბაზრებზე ხვდება. გატარების სანაცვლოდ, საქართველო ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ3 გაზს იღებს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შარშან ამ მილსადენში 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა, რაც ბოლო 13 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფციური გაზის კონტრაქტით იაფად უფრო მეტ გაზს იყიდის, ვიდრე წინა წლებში. მართლაც, სემეკის ინფორმაციით, შარშან საქართველომ დამატებითი და ოფციური გაზის კონტრაქტებით აზერბაიჯანიდან ჯამში თითქმის 1.4 მილიარდი მ3 გაზი მიიღო, 20%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა შარშანდელის მსგავსად გაზარდა ექსპორტი ევროპასა და თურქეთში.
„მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილებებს გაზით მომარაგებისას ვიღებთ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ საქართველოს ინტერესებს, რაც გულისხმობს იმას, რომ კომერციულად მივიღოთ უკეთესი პირობები და უსაფრთხოების კუთხითაც გვქონდეს დაბალანსებული მიდგომა“, - გვეუბნება ლევან დავითაშვილი და ამატებს, რომ ევროპელების ინტერესები გაითვალისწინა.
დავითაშვილი ასევე ამბობს, რომ სიტუაციურად დღეს საქართველო მაქსიმალურად სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს და ეს მოცემულობა ოპტიმალური ვარიანტია.
„ეს გადაწყვეტილებები იყო კოორდინირებული აზერბაიჯანთან. სახელმწიფომ მიიღო უფრო იაფად უფრო მეტი გაზი, და მეორე - ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის ოპერაციებიდან მეტი შემოსავალი მიიღო, ანუ სახელმწიფო სექტორისთვისაც კარგი იყო. მესამე, ევროპისთვის არაერთხელ გვიჩვენებია თანადგომა ენერგოუსაფრთხოების კუთხით, აქაც გავითვალისწინეთ ევროპელი პარტნიორების ინტერესები. ამიტომ ყველა მხარის ინტერესები დაბალანსებული იყო“, - ამბობს მინისტრი.
გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ თქვა, რომ ევროპას უფრო მეტი მოცულობის გაზი რომ მიეღო, საქართველომ სამხრეთკავკასიური გაზსადენიდან გაზის მიღებაზე უარი თქვა.
„ერთია სამხრეთკავკასიური (SCP) და მეორე ე.წ. ყაზახის გაზსადენი [ყაზახ-საგურამოს გაზსადენი], რომლითაც გაზის მიღება ხდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ. კერძოდ, იმისთვის, რომ ევროპას და მის მოსახლეობას როგორც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ და მათ მოხმარებას, გაზის მიღების წერტილი მთლიანად ყაზახის მილსადენზე გადმოვიტანეთ. შედეგად, აზერბაიჯანმა SCP-ის საშუალებით ევროპისთვის უფრო მეტი გაზის მიწოდება შეძლო. ეს ჩვენი მხრიდან მეგობრული და სწორი ნაბიჯია“.
როგორც 17 ივნისს ლევან დავითაშვილმა თქვა, აზერბაიჯანმა შესაძლოა ყაზახის გაზსადენის გამტარუნარიანობა გაზარდოს, რაც საქართველოს მეტი გაზის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლებია ჩვენს პარტნიორებთან ამაზეა საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს უკვე აქტიური გეგმის ნაწილია. მათი ინვესტიციით უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს აზერბაიჯანის მხარის მილსადენია“, - ამბობს დავითაშვილი.
საქართველოსთვის გაზის მიწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია. 2023 წელს ქვეყნიდან ჯამური მოხმარების 80%-ის იმპორტი განხორციელდა, თუმცა 20%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი. ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ Gazprom-ისგან ნაყიდ გაზს მხოლოდ კომერციული სექტორი ანუ ბიზნესი მოიხმარს და მოსახლეობის გაზმომარაგება რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული.
სემეკი წლიურ ანგარიშში წერს, რომ 2023 წელს, 2022 წლის მსგავსად, ჩანს რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით.
მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო გახდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანიდან შემცირებულ იმპორტს ქვეყანა რუსეთიდან გაზის იმპორტით აბალანსებს.
შარშან საქართველომ თითქმის 3 მილიარდი მ3 გაზი მოიხმარა. რადგან ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა და მთლიანი მოხმარების 1%-ით კი არ არის, ქვეყანა სრულად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმპორტზეა დამოკიდებული.