გაეროსაც უკრაინა უშველის?!

უკრაინული კარიკატურა, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ ვეტოს გამოყენებას გაეროს უშიშროების საბჭოში

2023 წლის 1 აპრილს, როცა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ირონიულად შენიშნა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ზუსტად შეეფერება fools’ day-ის ანუ სულელის დღესო.

„მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რუსეთი მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი ჩარჩოს არსს“, - განაცხადა მაშინ ევროპელმა დიპლომატმა. უკრაინამაც ვერ დამალა აღშფოთება რუსეთის გაეროში თავმჯდომარეობის გამო და ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა.

გაერო, რომლის მთავარი მიზანია დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, ვერაფერს აკეთებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად. მეტიც, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად, განწირულია ვეტოსთვის, რომელსაც ყოველ ჯერზე იყენებს რუსეთი - საბჭოს მუდმივი წევრი.

ასევე ნახეთ გაერომ რუსეთს მოსთხოვა უკრაინიდან ჯარის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა, რომ უთანასწორობა იწყება საერთაშორისო ინსტიტუტების ზედა რგოლებიდან და, რომ უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ორგანიზაციის რეფორმირებით უნდა დაიწყოსო.

2023 წლის 21 მაისს დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გუტერეში დაუბრუნდა საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირების თემას. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელ რეალობას და არა 1945 წლისას, როცა მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით შეიქმნა გაეროო.

ანტონიუ გუტერეში

გაეროს უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც გაეროს წესდების მიხედვით პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. საბჭო შედგება 15 წევრი ქვეყნისგან: 5 მათგანი მუდმივი წევრია (თითოეულს აქვს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე ვეტოს დადების უფლება), კიდევ 10 ქვეყანა კი უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია, რომლებიც ირჩევიან ორი წლის ვადით (ყოველწლიურად 5 ქვეყანა). მუდმივი წევრები არიან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი (საბჭოთა კავშირის მემკვიდრე), აშშ და საფრანგეთი.

რადიო თავისუფლების საერთაშორისო მიმომხილველის, იაროსლავ შიმოვის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომელშიც ორგანიზაციის ყველა (193) წევრი ქვეყანა მონაწილეობს, დამაჯერებელი უმრავლესობით მიიღო რამდენიმე რეზოლუცია და დაგმო რუსეთის აგრესია, თუმცა ეს დოკუმენტები მხოლოდ ერთგვარი დეკლარაციებია, რომელთა შესრულება სავალდებულო არ არის.

ბევრად სერიოზულია გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციები. სწორედ მათი საშუალებით შეიძლება გატარდეს კონკრეტული ზომები, მაგალითად, შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები ან დაიწყოს სამშვიდობო ოპერაციები, თუმცა რუსეთი, რომელიც ფლობს ვეტოს უფლებას, მუდმივად ბლოკავს მისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს.

ვასილი ნებენზია - რუსეთის ელჩი გაეროში მორიგი ვეტოს წინ, 2022 წლის 1 მაისი

როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, შექმნილი ჩიხური ვითარების გამო, გაეროს უკიდურესად არაეფექტიანად, ფორმალურ რეჟიმში უწევს მუშაობა.

„განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია უშიშროების საბჭო. გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელია იმის გამო, რომ ვეტოს უფლებას მუდმივად იყენებს როგორც მინიმუმ საბჭოს ერთი წევრი. პრაქტიკულად უშიშროების საბჭო გადაქცეულია უბრალო ტრიბუნად, რომელზეც გამოდიან ქვეყნების წარმომადგენლები და თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ. მათ შორის ამას აკეთებს რუსეთი, რომლისთვისაც საბჭო იქცა შესაძლებლობად, გაავრცელოს მსოფლიოში თავისი ხედვა“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომლის თქმითაც, გაეროს რეფორმირებას ბევრი ქვეყანა, პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი უჭერს მხარს.

უშიშროების საბჭოში არსებული მდგომარეობით ყველაზე უკმაყოფილო აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები არიან, რადგან მათ არ ჰყავთ თავიანთი მუდმივი წარმომადგენლები უშიშროების საბჭოში. გარდა ამისა, დიდი ხანია შექმნილია ე.წ. ტოპ კანდიდატთა ჯგუფი, რომელთა პრეტენზიები მუდმივ წევრობაზე ყველაზე გამართლებულად ითვლება.
საუბარია ე.წ. G4 - დიდ ოთხეულზე, რომელშიც შედიან ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი და იაპონია. ინდოეთი და ბრაზილია საკუთარ თავს „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენლებად მიიჩნევენ. გერმანია და იაპონია კი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი და გავლენიანი ქვეყნებია, რომელთა არყოფნა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია 1945 წლის რეალობით, როცა გერმანია და იაპონია აგრესორი, ომში დამარცხებული ქვეყნები იყვნენ. 1945 წლის შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

თუმცა გაეროს რეფორმირება შეუძლებელია უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების თანხმობის გარეშე. არადა, რუსეთისა და ჩინეთის სურვილი, შენარჩუნებულ იქნეს სტატუს-კვო, გაეროსა და მის უშიშროების საბჭოს მუდმივ დიპლომატიურ ჩიხში ტოვებს. გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა განსაკუთრებით თვალშისაცემია უკრაინის ომის ფონზე, რამაც აიძულა კიდეც ანტონიუ გუტერეში, კვლავ დაეწყო ლაპარაკი რეფორმის აუცილებლობაზე.

„რეფორმის მოთხოვნა დაკავშირებულია დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობაში გაეროს უკეთ ადაპტირების აუცილებლობასთან. უკრაინის ომმა ამ პრობლემის განხილვა უფრო აქტუალური და ინტენსიური გახადა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტმა და GLOBSEC-ის ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, როლანდ ფროიდენშტეინმა, - მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები დაისახა. ასეთი რეფორმა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობას, მაგრამ მისი მიღწევა უკიდურესად რთული იქნება“.

როლანდ ფროიდენშტეინი

იაროსლავ შიმოვის თქმით, ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ითვალისწინებს რუსეთის, როგორც აგრესორის, გარიცხვას გაეროს უშიშროების საბჭოდან, თუმცა გერმანელი ანალიტიკოსის ვარაუდით, ამის გაკეთება, შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული იქნება, რადგან, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, რუსეთს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება.

„გარდა ამისა, გაეროს მოქმედი წესდება არ ითვალისწინებს უშიშროების საბჭოდან რომელიმე წევრის გარიცხვას. და კიდევ, უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი ჩინეთია, რომელიც, როგორც წესი, რუსეთის მხარეს იხრება ხოლმე. ასე რომ, ჩემი წარმოსახვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმოვიდგინო რუსეთის გარიცხვის რეალური სცენარი“, - ამბობს როლანდ ფროიდენშტეინი, რომელიც ნაწილობრივ იზიარებს იმ დიპლომატებისა და ანალიტიკოსის აზრს, რომლებიც თვლიან, რომ გაერო არქაული ორგანიზაციაა და თითქმის შეუძლებელია მისი რეფორმირება:

„1945 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამყარო ისეთი იქნებოდა, როგორიც დღეს არის. შექმნისას გაერო ითვალისწინებდა ყველა იმ გაკვეთილს, რომელიც ისწავლა მსოფლიო წესრიგის ორგანიზების წინა მცდელობებიდან, მათ შორის ერთა ლიგიდანაც. მაგრამ ძალიან მალე, კორეის ომის დროს, გამოვლინდა გაეროს სისუსტე. კორეაში გაეროს ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის მონაწილეობის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში კორეის ორად გაყოფით დასრულდა.

ამის შემდეგ, ყველა საერთაშორისო კონფლიქტში, საბჭოთა კავშირი ცდილობდა მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილებას. შედეგად, კრიზისულ ვითარებებში დასავლეთის ქვეყნების მიერ შეთავაზებული ყველა მნიშვნელოვანი რეზოლუცია თუ გადაწყვეტილება იბლოკებოდა და იბლოკება მოსკოვის მიერ.

მაგრამ გაეროს არქაიზმსა და არასაკმარის ეფექტურობაზე საუბრისას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მისი რეფორმა შესაძლებელია მხოლოდ ყველა მონაწილის თანხმობით და ამის მიღწევა უკიდურესად რთულია. მაშინ ჩნდება კითხვა, რა არის უკეთესი: სხვადასხვა ქვეყანას შორის ურთიერთქმედების არქაული სისტემა თუ საერთოდ სისტემის არარსებობა? დღეს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ.

ვფიქრობ, რომ გაეროს სრული დაშლა მთელი მისი დანაყოფებითა და მექანიზმებით არავის მოუტანს სარგებელს. პირიქით: სჯობს არასრულყოფილი სისტემა გქონდეს, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს სისტემა“.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ გაეროს მომავალზე დიდი გავლენა იქონიოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებმა.

„საერთოდ ასეთი ორგანიზაციები იქმნება მაშინ, როცა ყალიბდება საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც წინ რაღაც დიდი ომი თუ დაპირისპირება უძღვის, მსოფლიო ომი თუ არა, რეგიონული მაინც, რომლის დასრულების შემდეგ ვიღაც დამნაშავედ ცხადდება და ეკისრება მას კონტრიბუციების გადახდა და ა.შ. გამარჯვებულები კი იტოვებენ თავისთვის განსაკუთრებულ უფლებებს, რათა ახალი საერთაშორისო წესრიგი მართონ, მშვიდობის გარანტორებად გამოვიდნენ.

გაეროს დღევანდელი სისტემა, რა თქმა უნდა, მოძველდა... ინდოეთი, რომელიც 1,5 მლრდ-ია, არ არის უშიშროების საბჭოს წევრი. ასევე გერმანია და იაპონია, უდიდესი ეკონომიკებისა და პოლიტიკური გავლენების მიუხედავად.

ყველა ხვდება, რომ უშიშროების საბჭოს შემადგენლობა შესაცვლელია, მაგრამ ეს ვერ მოხდება ორდინარულად, რადგან ჩინეთი და რუსეთი გამოიყენებენ ვეტოს უფლებას. არსებული ძლიერი კონფრონტაციის პირობებში ეს ქვეყნები ასევე დაბლოკავენ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების ცვლილებასაც“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომლის თქმითაც, განსხვავებული ვითარება შეიქმნება, თუკი უკრაინასთან ომში რუსეთი დამარცხდება:

კახა გოგოლაშვილი

„ასეთ პირობებში შეიძლება შეთანხმდნენ ახალ წესრიგზე, რომელიც ცხადია მოიცავს გაეროს ცვლილებასაც, მაგრამ ამისთვის ომს უნდა ჰყავდეს აშკარა დამარცხებული. თუ შედეგი ჩამოეკიდება ჰაერში და რუსეთი არ გამოცხადდება დამარცხებულ, დამნაშავე მხარედ, მაშინ გაეროსთვისაც არაფერი შეიცვლება და ის განწირული იქნება სამუდამო არაეფექტიანობისთვის. მსოფლიო კი, სავარაუდოდ, იმოძრავებს უფრო ძალისმიერი მოდელისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტი გაკეთდება სამხედრო ალიანსებსა და კოლექტიურ შეთანხმებებზე“.

გაეროს არაეფექტიანობის ფონზე იაროსლავ შიმოვი იხსენებს დონალდ ტრამპსა და ზოგიერთი სხვა პოპულისტ პოლიტიკოსს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლიდერებს შორის პირადი შეთანხმებები - ერთი-ერთზე შეხვედრების დიპლომატია, ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე მრავალმხრივი შეთანხმებები და ხანგრძლივი დისკუსიები საერთაშორისო ფორუმებზე, თუმცა გერმანელი ანალიტიკოსი როლანდ ფროიდენშტეინი შიშობს, რომ ასეთი მიდგომით და საერთაშორისო წესრიგზე უარის თქმით სამყარო მალე მივა გლობალურ სოციალურ დარვინიზმამდე - სუსტების ხარჯზე ძლიერთა გადარჩენასა და გამუდმებულ კონფლიქტებამდე. „გაერო, ყველა თავისი ნაკლით, ამაზე ბევრად უკეთესია", - ამბობს ანალიტიკოსი.

„იქნებ დემოკრატიულმა ქვეყნებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ისეთ რეგიონულ ორგანიზაციებზე, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო, რომლებიც უკეთესად უზრუნველყოფენ მათი წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, და არა უზარმაზარ გლობალურ ფორუმებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირად ემსგავსება დროის უშედეგო და უაზრო ხარჯვას?" - კითხულობს იაროსლავ შიმოვი.

იაროსლავ შიმოვი

როლანდ ფროიდენშტეინის თქმით, ისეთი რეგიონული ორგანიზაციები, როგორებიცაა NATO, ACEAN, Mercosur, Gulf Cooperation Council და სხვ., ნამდვილად მნიშვნელოვან და სასარგებლო როლს ასრულებენ, მაგრამ, გაეროსთან შედარებით, მათ ვიწრო ამოცანები აქვთ.

„რაც შეეხება ევროკავშირს, ის ცალკე დგას. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტად ზენაციონალური ორგანიზაცია მსოფლიოში. ყველა დანარჩენი, მეტ-ნაკლებად, არის მთავრობათაშორისი სტრუქტურები, მათი წევრები არ გადასცემენ თავიანთი უფლებამოსილებისა და სუვერენიტეტის ნაწილს ამ ორგანიზაციების სტრუქტურებს. ევროკავშირში კი ყველაფერი ზუსტად ასეა: არის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი საერთო სამართლებრივი სივრცე. კითხვას რომ დავუბრუნდეთ, საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას, ისევე როგორც ევროინტეგრაციას, ახლა სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაწყდეს „ჯუნგლების კანონებთან“ დაბრუნებით“, - ამბობს როლანდ ფროიდენშტეინი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და GLOBSEC-ის ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.