გადამწყვეტი „ბრძოლა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად“ - ფინალი

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლის უვადოდ განწესებას მხარი დაუჭირა

უზენაეს სასამართლოში 27 მოსამართლე უვადოდ „ქართული ოცნების“ დანიშნულია. ამ ინსტანციის სრულად დაკომპლექტებამდე მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი ადგილი აშორებს, რომელიც 2025 წლიდან თავისუფლდება.

მოსამართლე გიზო უბილავა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 80 ხმით უვადოდ გაამწესა უზენაეს სასამართლოში, უფლებამოსილების შესრულებას 27 ივნისიდან დაიწყებს. კიდევ ორი - ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი, 2024 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ორი ვაკანსია გაჩნდება.

საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატები კენჭისყრამდე ანბანის მიხედვით დაალაგეს, დათქმით, რომ უზენაეს სასამართლოში დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას ამ სიაში პირველი კანდიდატი შეუდგებოდა.

უბილავა, რომელსაც უპირატესობა გვარის გამო მიენიჭა, ალექსანდრე წულაძის ადგილს დაიკავებს. წულაძემ მოსამართლის თანამდებობა 2023 წლის დეკემბერში დატოვა, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 18 ოქტომბერს ამოეწურებათ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. 27 ივნისს არჩეული სამი მოსამართლის ჩათვლით, ამ ინსტანციაში უკვე 27 უვადო მოსამართლეა და 27-ვე „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.

ერთი მხრივ, ეს ლოგიკური შეიძლება იყოს, რადგან „ქართული ოცნება“ 12 წელია ხელისუფლებაშია, თუმცა ექსპერტები მიუთითებენ მმართველი პარტიის სურვილზე, აკონტროლოს და პოლიტიკურ გავლენებს დაუქვემდებაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი სასამართლო ინსტანცია.

გურო იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„ამ სასამართლოში უვადოდ ინიშნებიან კადრები, რომლებიც მაღალი პროფესიული მედეგობით, კეთილსინდისიერებით თუ მიღწევებით არ გამოირჩევიან. მათი დანიშვნის მთავარი მოტივაცია არის ლოიალურობა მმართველი პარტიისა და სასამართლო კლანის მიმართ. ეს აჩვენებს, რომ მართლმსაჯულებაში გადაწყვეტილება მიიღება არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ კორპორატიული მიდგომებით“, - ეუბნება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, გურო იმნაძე რადიო თავისუფლებას.

ბოლო და ერთი ვაკანტური ადგილი უზენაეს სასამართლოში 2025 წელს გაჩნდება. ამ დროს ეწურება 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, 31 მაისს გამოაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი

„ფაქტია, ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, ამ მოწვევის პარლამენტში უნდათ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება მოასწრონ. ერთ ადგილსაც არ თმობენ (გულისხმობს ე.წ. კლანს - რ.თ.) და ამით ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენენ“, - ამბობს „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.

მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა. ის მხარს უჭერს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა. გასიტაშვილი და ბაქაქური არ დაეთანხმნენ უზენაესი სასამართლოს პლენუმის ვეტინგის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებას და განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გასიტაშვილს უფლებამოსილება 2025 წელს შეუწყდება და, სავარაუდოდ, მასაც „ქართული ოცნების“ დანიშნული უვადო მოსამართლე შეცვლის.

ასევე ნახეთ ყველაფერი ვეტინგზე: როგორ უნდა გაიწმინდოს სისტემა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან

უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცედურა

თუ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს წევრები ნიშნავენ, უზენაესის შემთხვევაში მათ ამის უფლება არ აქვთ. იუსტიციის საბჭო კანდიდატების შესარჩევად კონკურსს აცხადებს და შერჩეულთა სიას პარლამენტს უგზავნის. საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენს და სესიაზე კენჭს უყრის. მოსამართლეებს უვადოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობა ანუ 76 დეპუტატი ამტკიცებს.

იუსტიციის საბჭო მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობის უფლებას აძლევს იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადები და თანდართული დოკუმენტები კანონის მოთხოვნებს შეესაბამება. რეგისტრაციის დასრულებისთანავე ამ პირთა სია, მათი ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საჯარო მოსმენის შემდეგ, საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ ორი მთავარი კრიტერიუმით, ესენია: კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.

პარლამენტისთვის წარსადგენად მოსამართლეობის მსურველებს კენჭს ღია სხდომაზე სათითაოდ უყრიან. კანდიდატების სიაში ხვდებიან ისინი, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს.

2024 წელს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი 24 იანვარს გამოცხადდა. 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.

მოგვიანებით კანდიდატების სიას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან აფილირებული ერთ-ერთი პირი, ხატია ჯავახიშვილი გამოაკლდა. მისი ოჯახის წევრი, ვანო ბოლქვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორია. ხატია ჯავახიშვილმა არ წარადგინა ქონებრივი დეკლარაცია და ნარკოლოგიური ცნობა.

რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - პაატა სილაგაძე და ბადრი შონია, რომლებმაც 2024 წლის მარტში საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვეს.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს არჩევანი გოჩა ჯეირანაშვილზე, გიზო უბილავასა და ბადრი შონიაზე შეაჩერა. სამივე მათგანს მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები სასამართლოს გავლენიანი კლანის წევრებად ან მასთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ.

„პარადოქსია, ვამბობთ, რომ უვადოდ დანიშვნა დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გარანტიაა და ისე აღმოჩნდა, რომ ვადიანმა მოსამართლებმა ამოიღეს ხმა, განსხვავებული აზრი დაუფარავად თქვეს და უვადოდ დანიშნულები დუმილს ინარჩუნებენ.

ვინ ნიშნავს უვადოდ? - ესაა მთავარი, როცა უვადოდ გნიშნავს მურუსიძის კლანი, ვალდებული ხარ ამ წესრიგს დაემორჩილო. სამუდამოდ ანგარიშვალდებულები რჩებიან, იმ ადამიანებთან, ვინც ხელი შეუწყო მათ დანიშვნას. ეს ასე არ უნდა იყოს”, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ახალი უვადო მოსამართლეები - ვინ ვინ არის

გიზო უბილავა

გიზო უბილავა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე

გიზო უბილავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გასაუბრებისას თქვა, რომ სასამართლოში არანაირი კლანი არ არსებობს. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის რამდენჯერმე ჩაკითხვის შემდეგ კი ნათქვამი, რომ „სასამართლო 2012 წლამდეც დამოუკიდებელი იყო და ახლა უფრო დამოუკიდებელია“, ასე შეცვალა: „2012 წლამდე არსებობდა ე.წ. გაიდლაინები, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურაში. მე პრობლემურ საკითხად ჩავთვლი თუნდაც იმ გაიდლაინებს... გაიდლაინების განსაზღვრა რაღაც ჭრილში ჩემთვის, ვთქვათ, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად რაღაც კუთხით შეიძლება ჩაითვალოს“.

გიზო უბილავა 2020 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, 2019 წლამდე, 16 წლის განმავლობაში, პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

საკომიტეტო მოსმენაზე გაირკვა, რომ მას აკადემიური ნაშრომები არ აქვს. უბილავა იყო იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვეს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს მთავარი არხის მაშინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის* მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც აცხადებდა, რომ საელჩომ ამოშალა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით მიწვეულ მოსამართლეთა სიიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას, "3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე". ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

ბადრი შონია

ბადრი შონია, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე

ბადრი შონია 2011 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2021-2023 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი იყო, იქამდე საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა.

ბადრი შონია იმ მოსამართლეებს შორისაა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს: ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, მიხეილ ჩინჩალაძეს, ვალერიან ცერცვაძეს. მან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ „სპეცოპერაცია“ უწოდა.

„თავისუფლების მონიტორის“ გამოძიების მიხედვით, ბადრი შონიას პროკურორობის პერიოდში მოქალაქეები ქონების იძულებით დათმობაში ადანაშაულებდნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საკითხზე 2013 წელს, გამოძიებაც დაიწყო. დაკითხეს ბადრი შონიაც, რომელსაც ამ პერიოდში უკვე მოსამართლის თანამდებობა ეკავა, თუმცა საბოლოოდ გამოძიება შეწყდა.

ამ მოსამართლემ განიხილა „ბირჟა მაფიას“ საქმე. ამ საქმეზე ბრალდებული მუსიკოსები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მუსიკალური კლიპის შინაარსის გამო დააკავა და "ნარკოტიკი ჩაუდო". დაკავებულ რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა. მეორე დღესვე პროკურატურამ დაკავებულების პატიმრობა აღარ მოითხოვა, მოგვიანებით კი საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

მოსამართლე შონია უძღვებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომას, რომელიც სხვადასხვა მოტივით დახურა მაშინ, როცა თავად ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველები საქმის მაქსიმალურ საჯაროობას მოითხოვდნენ.

გოჩა ჯეირანაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებული მოსამართლე

გოჩა ჯეირანაშვილი 2021 წლის აგვისტოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

2009-2018 წლებში ის იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012-2018 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ.

მის სამოსამართლო კარიერაში არის ერთი ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გაუპატიურებაში ბრალდებულ მაღალჩინოსანს ეხება. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009 წლის 1 იანვარს შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ცემის პროცესში, პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, დაზარალებული გააუპატიურეს.

სასამართლომ ბრალდებული პოლიციელები გაამართლა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ „განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნით”. მოსამართლის სიტყვებით, „ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა“. პროკურორმა მის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა“, - აცხადებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის იმდროინდელი პრესსამსახური.

პროკურატურას უზენაესმა სასამართლომ უპასუხა და მიუთითა, რომ მთავარი პროკურატურა „სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა“.

გოჩა ჯეირანაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 2019 წელსაც სურდა, მან მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო, იუსტიციის საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა პარლამენტში არ აირჩიეს.

ასევე ნახეთ კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინა - ნახეთ, ვინ არიან ისინი

2019, 2021 და 2024 წლები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის სამ ციკლს ასახავს. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი 3.

„უზენაესი სასამართლოს როლი ყველაზე მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებაში. ბოლო ინსტანციაა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მას ექვემდებარება, ის ადგენს პრაქტიკას და ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ინსტანციები მთლიანად კლანის ხელში იყო, უზენაეს სასამართლოს ვერ აკონტროლებდნენ, გაჩაღდა ბრძოლა ამ ინსტანციის ხელში ჩასაგდებად. მიზანია, მათთვის საინტერესო საქმეებზე შედეგების პროგნოზირება შეძლოს და წინა ინსტანციების მიღებული გადაწყვეტილებები შეინარჩუნონ. ამიტომ იბრძვიან იქ გავლენებისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილი.

10-კაციანი სია და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პირველი ეტაპი

უზენაესი სასამართლოს „ხელში ჩასაგდებად ბრძოლა“ 2018 წლის დეკემბრიდან იწყება. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 10-კაციანი სია გადაუგზავნა.

10-კაციან სიაში მოხვდნენ როგორც მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საბჭოს წევრები - დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე, რომელთაც სასამართლოს კლანის წევრებად მიიჩნევს ექსპერტების უმრავლესობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ფორსირებულად დამტკიცების პროცესის შეჩერების მოტივით, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ირაკლი კობახიძე, ვანო ზარდიაშვილი და რამდენიმე სხვა, მას “მოსამართლეთა კლანის მიერ წარდგენილი სიის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას და დამტკიცებას სთხოვდა”.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკითხი დაჩქარებული წესით აღარ განიხილა. მოგვიანებით, საბჭოს მიერ წარდგენილმა პირებმა თავად განაცხადეს უარი საკუთარი კანდიდატურების განხილვაზე.

ეტაპობრივად, უმრავლესობის დატოვება ეკა ბესელიასთან ერთად სხვა დეპუტატებმაც დაიწყეს. საბოლოოდ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

2019 წლის იანვარში „ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე დაიწყო მუშაობა. სამუშაო ჯგუფის აბსოლუტური უმრავლესობა „კლანის წევრებად“ მიჩნეული მოსამართლეები და მათი მოკავშირე დეპუტატები იყვნენ.

ასევე ნახეთ მოსამართლეთა შერჩევა: ინტერესთა კონფლიქტი, ფარული კენჭისყრის სადავო როლი და სხვა 

2019 წლის მაისში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის ხელახალი პროცესი დაიწყო. 2019 წლის სექტემბერში საბჭომ 48 კანდიდატს ფარულად უყარა კენჭი და პარლამენტისათვის წარსადგენი 20-კაციანი სია დაამტკიცა.

მოსამართლეების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა.

მოსამართლეებთან გასაუბრებები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კანდიდატების ნაწილმა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობა გამოავლინა, არასამთავრობოები კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების პრობლემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამის მიუხედავად, 2019 წლის 12 დეკემბერს იურიდიულმა კომიტეტმა 20-დან 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომაც სწრაფად, იმავე დღეს დაინიშნა და 14-ვე მმართველი პარტიის მხარდაჭერით დაინიშნა უვადოდ. მათ შორის იყო შალვა თადუმაძე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ყოფილი გენერალური პროკურორი; გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის საბჭოს ყოფილი თავჯდომარე.

მოსამართლეები უვადოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე ინიშნებიან. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე უფლებამოსილებას 2034 წლამდე შეასრულებს, ქეთევან ცინცაძე კი - 2053 წლამდე.

„2019 წლიდან მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა პოლიტიკური მოტივაციებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად აქცევს, მართლმსაჯულების სისტემას კი დამოუკიდებლობის სიმყარეს აცლის. ასეთი სასამართლო ნებისმიერი მოქალაქისთვის საშიშია და ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებული სასამართლო მხოლოდ მოქალაქეების ვიწრო წრისთვის არის პრობლემა. პოლიტიკური და ვიწროკლანური ინტერესები, როდის და რომელი მოქალაქის წინააღმდეგ იჩენს თავს, არავინ იცის“, - ამბობს გურო იმნაძე.

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი 2021 წელს გაგრძელდა. ამ დროს მთავარი პოლიტიკური თემა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაა. ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება.

შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. "ქართულ ოცნებას" 2019 წლის ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნდა მოემზადებინა კანონპროექტი, რაც იუსტიციის საბჭოში ღია კენჭისყრას და კანდიდატების მხარდაჭერის დასაბუთებას ეხებოდა. ამის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს კიდევ 11 მოსამართლე დანიშნა უვადოდ.

ასევე ნახეთ ევროკავშირი მოსამართლეთა დანიშვნაზე: ეს ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, საქართველოსთვის 9 ნაბიჯი განისაზღვრა. მათგან ერთ-ერთი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, კლანური მმმართველობის აღმოფხვრასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ნდობის აღდგენას ეხება. ამ მიზნით, სასამართლო სისტემაში საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა დაინერგოს. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს.

„თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას“, - ნათქვამია ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ჯერ უზენაეს სასამართლოში უკვე გამწესებული მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმებულიყო და შემდეგ უნდა აერჩიათ ახლებიც. რეკომენდაციების უგულებელყოფით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო, მართლმსაჯულების სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, რაც სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს და დიდი ძალაუფლებით აღჭურვილ იუსტიციის საბჭოს ეხება, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მთავარ ბარიერად შეიძლება იქცეს.