სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღის ბოლოს გამოაცხადებს თავის გადადგომას, რათა ასეთი ტაქტიკური ნაბიჯით სათავე დაუდოს ეროვნული კრების - სომხეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დათხოვნის პროცესს. ფაშინიანის ეს გადაწყვეტილება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა არმან იეგოიანმა.
რა დგას ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის უკან
სომხეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე
- კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს არა უადრეს 30 და არა უგვიანეს 45 დღისა, ანუ, დიდი ალბათობით, დეკემბრის პირველ ნახევარში.
- სომხეთის 105-ადგილიან პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერ საპარლამენტო ფრაქცია „ელკს“ მხოლოდ 9 წევრი ჰყავს.
- ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა აპრილ-მაისში, მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე.
სომხეთი შედის „ახალ ისტორიულ პერიოდში“, რომლითაც „უნდა დასრულდეს გაზაფხულზე დაწყებული არაძალადობრივი ხავერდოვანი რევოლუცია“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ „უფრო კონკრეტულ“ განცხადებას იგი დღეს მოგვიანებით გააკეთებს.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრემიერ-მინისტრი გადადგა და საკანონმდებლო ორგანომ ორკვირიან ვადაში ორჯერ ვერ შეძლო მთავრობის ახალი მეთაურის არჩევა.
სომხეთის 105-ადგილიან პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერ საპარლამენტო ფრაქცია „ელკს“ მხოლოდ 9 წევრი ჰყავს. ამიტომ შესაძლო გადადგომის წინ ფაშინიანმა პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციის ლიდერ გაგიკ ცარუკიანთან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც ამ უკანასკნელმა პირობა დადო, რომ ფაშინიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას და არც სხვა ფრაქციების კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის ყოფილი მმართველი და ჯერაც ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის - „რესპუბლიკური პარტიის“ - ორმა ათეულმა წევრმა მოაწერა ხელი განცხადებას, რომელშიც პირობას დებენ, რომ მხარს დაუჭერენ ფაშინიანის გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში გაიმართოს. ამავე დროს, „რესპუბლიკური პარტიაც“ აცხადებს, რომ არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
პარალელურად გრძელდება ფაშინიანის მოლაპარაკება „დაშნაკცუტუნის“ შვიდკაციან საპარლამენტო ფრაქციასთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციების მხარდაჭერა აქვს, თუ ფაშინიანი ამ საღამოს გამოაცხადებს თავის გადადგომას, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო ვადაში პარლამენტი ვერ შეძლებს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას, რაც საკნანონმდებლო ორგანოს დაშლას გამოიწვევს.
კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს არა უადრეს 30 და არა უგვიანეს 45 დღისა, ანუ, დიდი ალბათობით, დეკემბრის პირველ ნახევარში.
სომხეთის არშემდგარი „კონტრრევოლუცია“
თუმცა ცოტა ხნის წინ, 2 ოქტომბერს, ეროვნულმა კრებამ სცადა გაერთიანება, რათა ხელი შეეშალა ნიკოლ ფაშინიანის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისაკენ მიმართული გეგმისათვის. რეგლამენტის შეცვლის შესახებ სადავოდქცეულ კანონპროექტს 67-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის,“ „დაშნაკცუტუნისა“ და „ცარუკიანის ბლოკის“ ფრაქციებმა.
მათ ამ ნაბიჯს უმალ დაატყდა თავს ნიკოლ ფაშინიანის რისხვა. გვიანი ღამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის მოწოდებით ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სომხეთის პარლამენტთან, რათა არ დაეშვათ, როგორც ფაშინიანმა უწოდა, „შეთქმულება კონტრრევოლუციის მოხდენის მიზნით“.
ასევე ნახეთ ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო პარტიებმა ხალხის ხმა გაიგონესრეგლამენტის მომხრე საპარლამენტო ძალებს თავიანთი ამოცანა ჰქონდათ. „ცარუკიანის ბლოკის“ ფრაქცია იმხანად მხარს უჭერდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, დეკემბრის ნაცვლად, მაისში ან ივნისში. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც ამტკიცებდნენ, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭორდებათ დრო საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და არჩევნებისათვის სათანადოდ მომზადებისათვის.
მაგრამ 5 ოქტომბრის სატელევიზოო ინტერვიუში ცარუკიანმა მიანიშნა, რომ მზად არის შეცვალოს პოზიცია.
ფაშინიანის გეგმისადმი მოსახლეობის დიდმა მხარადაჭერამ აიძულა „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის საკმაოდ დიდი ნაწილი შეეცვალა პოზიცია და მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებისათვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დეკემბერში გამართვის თაობაზე.
ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა აპრილ-მაისში, მასობრივი ანტისამათავრობო დემონსტრაციების ფონზე, რამაც სერჟ სარგსიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, რომელსაც მანამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი, აიძულა გადამდგარიყო.
ასევე ნახეთ სომხეთის რევოლუცია - ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდესაპროტესტო ტალღამ იძულებული გახადა მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურისათვის, რომელმაც მაისში პირობა დადო, რომ მისი მთავრობა ერთი წლის განმავლობაში ჩაატარებდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
სექტემბერში ფაშინიანის მიერ დაარსებულმა მოძრაობა „ჩემმა ნაბიჯმა“ ხმების 80 % მიიღო სომხეთის დედაქალაქ ერევნის მუნიციპალიტეტის არჩევნებში. გამომდინარე იქიდან, რომ ერევანში მთელი ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს, ბევრი ანალიტიკოსი ასეთსავე დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ფაშინიანსა და მის პოლიტიკურ გუნდს დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.