ამავდროულად, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარადგინა მეორე რეზოლუცია, რომლის შინაარსიც პირველისგან რადიკალურად განსხვავდება - ითხოვს საქართველოს ევროინტეგრაციის სრულ შეჩერებას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას, საუბრობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლებაზე, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველოს ნატოს წევრობა დაუშვებელია.
ამ პროექტს ბუნდესტაგი მოგვიანებით უყრის კენჭს და ნაკლებად სავარაუდოა, მხარი დაუჭიროს.
10 ოქტომბერს მიღებული, კრიტიკული რეზოლუციის ავტორები გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები - სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები არიან.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატებმა, თუმცა მათმა წარმომადგენელმა, კნუტ აბრაჰამმა განმარტა, რომ რეზოლუციის სულისკვეთებას იზიარებდა. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისმა ფრაქციამ ხმა წინააღმდეგ მისცა, ის იყო, რომ სამთავრობო კოალიციის პარტიებმა ტექსტი წინასწარ არ განიხილეს ქრისტიან-დემოკრატებთან.
ასევე ნახეთ "საქართველომ და ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნონ, რასაც ბოლო 20 წელიწადში მიაღწიეს" - ინტერვიუ გერმანელ დეპუტატთანრეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა აგრეთვე პარტიებმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა „მემარცხენე პარტიამ“.
ბუნდესტაგის რეზოლუცია განსახილველად ახლა გერმანიის მთავრობას გადაეცემა, რომელმაც მისი გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა.
„მზარდი ავტორიტარიზმი“
„ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, ქვეყნის პოლიტიკური მმართველები განზრახ აგდებენ საფრთხეში ქვეყნის ევროპულ მომავალს, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
გერმანიის ძირითადი პარტიების წარმომადგენლები იზიარებენ შეფასებას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი „მზარდად ავტორიტარულია“ და „საზოგადოებას ყოფს“.
რეზოლუცია კრიტიკულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. ტექსტში ნახსენებია, რომ მმართველი პარტია „ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე წინ აყენებს.
ტექსტში საუბარია „ქართული ოცნების“ დაპირებაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და ნათქვამია, რომ ეს „აბსოლუტურად მიუღებელი და შეუსაბამოა დემოკრატიის ევროპული გაგებისთვის“.
ამასთან, გერმანელი პარლამენტარების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სანამ „აგენტების კანონი“ ძალაშია, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო პროგრესი „არ და ვერ იქნება“.
„ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან“, - წერენ გერმანელი დეპუტატები და დასძენენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი „შეესაბამება რუსული „უცხოეთის აგენტების კანონის“ სულისკვეთებას“.
ბუნდესტაგი გერმანიის მთავრობას სთხოვს, რომ ევროკავშირის დონეზე უზრუნველყოს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წინ არ წავიდეს იქამდე, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაშია.
ასევე ნახეთ „ამ პოლიტიკით ევროკავშირში ვერ შეხვალთ“ - ბუნდესტაგის დელეგაციის გზავნილირეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო ამ დრომდე „იმპერიალისტური რუსული აგრესიის მსხვერპლია“. გერმანელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით ცნო აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ტექსტის მხარდამჭერი დეპუტატები იმეორებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გერმანელი დეპუტატები აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღებასაც და თვლიან, რომ მმართველი პარტია სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ „დეზინფორმაციასა და დევნას“ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. ბუნდესტაგს სურს, ამ კანონის უკან გაწვევა საქართველოს ევროინტეგრაციის წინსვლის წინაპირობაც გახდეს. გერმანელი დეპუტატები მთავრობას მოუწოდებენ, საქართველოს მოსთხოვონ „ოფშორების კანონის“ უკან გაწვევაც.
ტექსტში საუბარია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც. გერმანელი პოლიტიკოსები ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს მთავრობის ქმედებების გამო.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბუნდესტაგი აქტიურად დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. დეპუტატებს სურთ, გერმანიისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობები იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რამდენად სამართლიან გარემოში ჩაივლის არჩევნები.
„ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა“
რეზოლუციის მიღებამდე ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე გერმანელმა დეპუტატმა გაიმეორა ფრაზა - „ქართული ოცნება ქართულ კოშმარად გადაიქცა“.
განხილვისას სიტყვით გამოვიდა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როტი, რომელიც ხშირადაა „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე.
მიხაელ როტის თანახმად, „ეპოქალური ცვლილება“, რომელიც კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააანონსა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უნდა მომხდარიყო, „როცა რუსული იმპერიალიზმი თავს დაესხა საქართველოს“.
მიხაელ როტმა თბილისს „ევროპის ნამდვილი დედაქალაქი“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახლა იმ ღირებულებებისთვის იბრძვიან, რაც ევროპელებისთვის თავისთავადი გახდა.
როტმა გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, საქართველოს მომავალი „ქვეყნის ოლიგარქიზაცია ვერ იქნება“.
დასასრულს, მიხაელ როტმა 26 ოქტომბრის არჩევნებს „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა“ და თქვა, რომ ქართველები დემოკრატიასა და გარუსებას შორის აკეთებენ არჩევანს.
რეზოლუციისადმი კრიტიკული განცხადებით გამოვიდა შტეფენ კოტრე, დეპუტატი რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
შტეფენ კოტრემ გერმანიის მთავრობა უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ევროკავშირი „გამჭვირვალობის კანონის“ დისკრედიტაციას ეწევა. მისი თქმით, მსგავსი კანონი უკვე აქვთ იაპონიაში, აშშ-სა და ისრაელში.
გამოსვლისას, რომელსაც სხვა დეპუტატების ხმაური ახლდა თან, კოტრემ მოიშველია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვები, რომელთა თანახმადაც დასავლეთი აწარმოებს „კოლექტიურ თავდასხმას საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე“.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ანიკო გლოგოვსკი-მერტენმა, „ქართული ოცნების“ დაპირებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, როგორც ერთგვარ ნიურნბერგის პროცესს, საქართველოსთვის სახიფათო უწოდა.
„ოლიგარქის მხარდაჭერით პარტია „ქართული ოცნება“ კრემლის ხელსაწყოდ და „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა“, - აღნიშნა მან.
გლოგოვსკი-მერტენსმა ქართველებს მოუწოდა, 26 ოქტომბერს არჩევნებზე წავიდნენ და „რუსი ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ“ მისცენ ხმა.
„ხმა მიეცით თავისუფლებას“, - თქვა ლიბერალმა პოლიტიკოსმა.
„ქართული ოცნება“ გააკრიტიკა ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ტობიას ვინკლერმაც:
„ვინც რუსეთთან დაწვება, არ უნდა გაუკვირდეს, რომ არათავისუფალი გაიღვიძებს“, - მიმართა მან საქართველოს ხელისუფლებას.
ალტერნატივა საქართველოსთვის
გარდა იმ რეზოლუციისა, რომელიც გერმანიის მმართველმა კოალიციამ წარადგინა და დიდი უმრავლესობით დამტკიცდა, ბუნდესტაგში ალტერნატიული რეზოლუციის პროექტიცაა წარდგენილი, რომლის ავტორია რუსეთისადმი მეგობრული განწყობებით ცნობილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
„საქართველოში რეჟიმის ცვლილების პოლიტიკა გერმანიის ინტერესებში არაა“, - ვკითხულობთ პროექტში.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ იზიარებს ბუნდესტაგის უმრავლესობის პოზიციას „აგენტების კანონზე“. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ ამ კანონით „დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების არადემოკრატიული და არალეგიტიმური ქმედებების მეტი გამჭვირვალობა“ უზრუნველყო.
ასევე ნახეთ "ალტერნატივა გერმანიისთვის" - უნდა გვეშინოდეს ახალი ნაციზმის? ინტერვიუ ისტორიკოს კატია ჰოიერთანულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების თანახმად, „ზოგიერთი ეს ორგანიზაცია, რომლებსაც მხარს უჭერს მცირე ურბანული ინტელიგენცია და არ წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს“, საქართველოში „რეჟიმის ცვლილებაზე მუშაობენ, რაც რუსეთთან [საქართველოს] ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის“.
გარდა ამისა, რეზოლუციის ავტორების აზრით, ევროკავშირმა სრულად უნდა შეწყვიტოს საქართველოს მიღების პროცესი და გაუუქმოს უვიზო რეჟიმი.
რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებსაც ეთმობა. ტექსტში აღნიშნულია, რომ გერმანიამ და ევროკავშირმა „საქართველოს ეთნო-ტერიტორიულ კონფლიქტებში კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშონ“.
რეზოლუციის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს „დაყავი და იბატონეს“ სტალინისტური პოლიტიკის ფარგლებში მიუერთეს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი დიდხანს იყო დამოუკიდებელი სამეფო, ხოლო სამხრეთ ოსეთს მჭიდრო კავშირი აქვს ჩრდილოეთ ოსეთთან, რომელიც რუსეთს ეკუთვნისო.
ტექსტის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ავტორები თვლიან, რომ იქ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ მას შემდეგ, რაც ყველა დევნილი დაბრუნდება.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ნატოს წევრობა დაუშვებელია.
რეზოლუციაში გამოთქმულია იდეა, რომ ეუთოს ფარგლებში მოწვეული იქნეს რეგიონული კონფერენცია, რომლის ამოცანაც „სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა“ იქნება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთი, რუსეთი, ირანი, საფრანგეთი, აშშ და ჩინეთი.
ეს რეზოლუცია მომდევნო განხილვისთვის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეგზავნება, თუმცა დაბალია იმის ალბათობა, რომ ბუნდესტაგმა ის დაამტკიცოს. როგორც წესი, დანარჩენი გერმანული პარტიები უარს ამბობენ თანამშრომლობაზე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რადგან მათი პოზიციები დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის მიუღებელია.
ასევე ნახეთ სანქციები, უვიზო რეჟიმზე გავლენა, ხელისუფლების გადაბარება და სხვა დეტალები ევროპარლამენტის რეზოლუციიდან