ამ ქმედების ორგანიზებას რუსეთს უკავშირებენ და მასში, ჩანს, ბულგარეთიც იყო ჩართული. როგორ შეიძლება სარეკლამო სააგენტომ განსაზღვროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი?
თუ თქვენ ტყუილით გკვებავენ, ცხადია, რომ მისი გავლენით აძლევთ ხმას. მაგრამ აქ დაზუსტებაა საჭირო - მაგალითად, ყველა ამომრჩეველი კი არ იყო ამ სქემის სამიზნე, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ზედმეტად მიმნდობნი არიან.
სწორედ ეს მოხდა რუმინეთში. ახლახან იქ გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხალხი ხმას აძლევდა კანდიდატს ინტერნეტში მოქმედი თაღლითური სქემის გავლენით, რაც უცხოეთიდან იყო ორგანიზებული. საქმე გამოაშკარავდა იმიტომ, რომ პირველ ტურში უცნობმა კანდიდატმა მიიღო ხმების უმრავლესობა მას შემდეგ, რაც საეჭვო კამპანია ჩაატარა TikTok-ზე. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმეში არა მხოლოდ TikTok-ი, არამედ სხვა ძალებიც იყვნენ გარეული და ისინიც - უცხოეთიდან.
ასევე ნახეთ რუმინეთში ჯორჯესკუს გამარჯვება ტიკტოკერმა ბოგდან პეშირმა მოაწყო - გამომძიებელი ჟურნალისტებიუცხოეთიდან ჩარევის ცენტრში აღმოჩნდა სარეკლამო ონლაინპლატფორმა AdNow, იტყობინება რუმინეთის საგამოძიებო გამოცემა Snoop.ro.
გამოძიება თვლის, რომ ქსელი კრემლთანაა კავშირში. პლატფორმა ფულს უხდიდა გავლენის მქონე პირებს რუმინეთში და ასევე - მედიას, საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პრორუსი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს გასაყვანად.
პლატფორმას ბულგარული კომპანია მართავს, მაგრამ იქ რუსები მუშაობენ. 2021 წელს ჟურნალისტებმა ეს პლატფორმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო შეარჩიეს კვლევის სამიზნედ.
ახლა ის კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში - ჟურნალისტების მიერ მხილების, რუმინეთის უშიშროების სამსახურის რამდენიმე ანგარიშისა და რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ.
ორივე შემთხვევაში დადგინდა, რომ ფული რუსეთიდან შემოდიოდა. თუმცა, არის ერთი განსხვავება, რომელიც ბულგარეთს ეხება.
AdNow 2021 წელს ლონდონში იყო დაფუძნებული და რუსებს ეკუთვნოდა, 2024 წელს კი უკვე პლოვდივშია და ეკუთვნის ბულგარეთში მცხოვრებ ქართველს, გიორგი აბულაძეს.
გიორგი აბულაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ AdNow იყიდა „2-3 წლის წინ რუსისგან“ და, რომ კომპანიაში ძირითადად რუსები მუშაობენ, მაგრამ განაცხადა, რომ მას არა აქვს საქმე „პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ გავლენასთან“.
„ის, რომ ვიღაცამ შეიძლება ამით ისარგებლოს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ და არც ის, როგორ ვიმოქმედოთ ამაზე, ეს თიზერული (სარეკლამო - რედ.) ქსელია“, თქვა მან.
„ფული რომც შემოდიოდეს რუმინეთიდან [ან რუსეთიდან], ვერ მეცოდინება, ვერ მეცოდინება, ვინ არიან კლიენტები, როგორ რეგისტრირდებიან, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ“, - დასძინა მან.
რა არის AdNow
ხომ შეგხვედრიათ საკვები დანამატების რეკლამები წონის დასაკლებად, სასწაულმოქმედი საშუალებები მძიმე დაავადებებისთვის, თმის ცვენის საწინააღმდეგო ჯადოსნური ნაყენი, სენსაციური სათაურები, რომლებიც მოგიწოდებენ, დააწკაპუნოთ?
მსგავსი განცხადებები, ჩვეულებრივ, ცალკე ფანჯარაში გამოჩნდება ხოლმე თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში. თქვენ ცდილობთ მათ დახურვას, რომ ხელი არ შეგეშალოთ, მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი იხსნება და სხვა გვერდზე გადაჰყავხართ. მომხმარებელმა არ იცის, ვინ აგზავნის ამ რეკლამას, რატომ ჩნდება ის ამა თუ იმ საიტზე და რა პირადი მონაცემები „გააქვს“ მისგან.
აი, როგორ ხვდება რეკლამა თქვენთან: ის, ვისაც სურს მისი გავრცელება, უკავშირდება სარეკლამო ონლაინპლატფორმას, რომელსაც, თავის მხრივ, „გაჰყავს“ ის მომხმარებლებთან. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა GoogleAds, მაგრამ ის ზღუდავს რეკლამის განმთავსებელს - მაგალითად, იმ მხრივ, თუ რისი რეკლამა შეუძლია განათავსოს ან როგორ აირჩიოს მომხმარებელი.
ხოლო ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა AdNow, არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. თუ თქვენი სარეკლამო საიტი მისი კლიენტი გახდება, თქვენ შეძლებთ, დაიყენოთ აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია შეგირჩიოთ შესაბამისი ჯგუფი, სადაც რეკლამას გაიკეთებთ.
ასევე ნახეთ ვინ არის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ?AdNow-ის თანახმად, ონლაინრეკლამის შემთხვევაში, ამ მოდელის მიხედვით, ინტერნეტგამოცემის მფლობელი იღებს 0,068 დოლარს მომხმარებლის მიერ განცხადებაზე თითოეულ დაწკაპუნებაში.
კონკრეტულად AdNow-ს შემთხვევაში, მოგება რეკლამის დიდი ბრუნვის შედეგად მოდის - „ის დიდი არ არის, მაგრამ მუდმივია“, - თქვა აბულაძემ.
ის ვერ ამბობს, საიდან შემოდის ფული. AdNow-ს არ შეუძლია დაუკავშირდეს კლიენტებს, რომლებიც თავიანთი პროდუქტის რეკლამას აკეთებენ პლატფორმის მეშვეობით, „რადგან სერვერების ტექნიკური სტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას“, - უამბო Snoop.ro-ს კატალინა კიპერმა, AdNow-ს თანამშრომელმა.
„AdNow წარმოადგენს კომპანიების დიდ სტრუქტურას - ერთი მხრივ, რეკლამის განმთავსებელს შემოაქვს განცხადებები, მეორე მხრივ - საიტების მფლობელების მიერ ხდება მათი ინტეგრაცია“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას პეტკო პეტკოვმა, რომელიც „ბულგარელ ელფებში“ მუშაობს.
„ბულგარელი ელფები“ ინტერნეტის ექსპერტების არაფორმალური ჯგუფია, რომლის მიზანი რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ყველაზე ხშირად, ისინი გაჟონილ დოკუმენტებს აქვეყნებენ ან დიდი ოდენობით მონაცემს ამუშავებენ და ამხელენ ტროლების ქსელებს. მათი დასახელებაც აქედან მოდის - საინტერნეტო ვიდეოთამაშ Warcraft-ში ელფები ებრძვიან ტროლებს.
პეტკოვის თქმით, AdNow-ს მომსახურება შედარებით იაფია, ამიტომ ბულგარეთში ამით ბევრი საიტი სარგებლობს.
რუმინეთის საგამოძიებო გამოცემა Snoop.ro რამდენიმე ასეთ საიტზე მიუთითებს. პეტკოვი ამბობს, რომ არსებობს სხვებიც, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი თვითონ ავრცელებენ დეზინფორმაციას, არამედ მხოლოდ იმას, რომ მათ ასეთი რეკლამა დაუშვეს.
მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, AdNow-ის ბალახებით მკურნალობის და საერთოდ, ყალბმა რეკლამებმა 441 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა რუმინეთის ინტერნეტში.
რუსული კავშირი
Snoop.ro-მ მიაგნო ასობით პუბლიკაციას, ინფლუენსერსა და სარეკლამო განცხადებას, რომლებიც მოსკოვიდან ფინანსდება. ისინი, სულ მცირე, 8 წელია, რუმინეთის სოციალურ ქსელებში ავრცელებენ დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს.
2016-დან 2024 წლამდე AdNow-მ, სულ მცირე, 2 მილიონი ევრო გადარიცხა ტელეარხების, კონსპიროლოგებისა და ულტრამემარჯვენე შინაარსის მქონე გამოცემების საიტებზე. ეს მხოლოდ ის თანხაა, რომელიც რუმინეთის საგადასახადო ორგანოებმა გამოავლინეს.
კომპანია AdNow LIp დააფუძნეს რუსმა სტანისლავ ფესენკომ და ბრიტანელმა იუენ ტოლადეიმ. მათი შექმნილია თამაშების მეშვეობით თაღლითური სქემები, როცა ადამიანები უნებლიედ აყენებენ ამ თამაშებს თავიანთ ტელეფონებზე და პირად მონაცემებზე წვდომის საშუალებას აძლევენ დამნაშავეებს.
კომპანია დარეგისტრირებულია ლონდონის იმავე მისამართზე, რომელზეც რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ГРУ) დაახლოებული ფირმა. ის ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილს ეკუთვნის კრემლთან დაკავშირებულ სხვა ფირმებთან ერთად. მათ რიცხვშია Bunelu Ltd, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ დაფინანსებულ შეთქმულებებს. ამ კომპანიას ფილიალი აქვს რუმინეთში და მის წევრებს ხშირად ხედავენ რუსეთის საელჩოში. მათ კალინ ჯორჯესკუ ინტერვიუსთვისაც კი ჰყავდათ მიწვეული, იტყობინება Snoop.ro.
რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, AdNow-ს შტაბბინა იმ დროს მოსკოვში იყო და ეკუთვნოდა იულია სერებრიანსკაიას, რომელიც ორგანიზებას უწევდა ღონისძიებებს პუტინის პარტია „ედინაია როსიასთვის“. ის დგას ასევე კომპანია 2WTrade-ის უკან, რომელიც სილამაზისა და ჯანმრთელობის პროდუქტებით ვაჭრობს და ასევე დაკავშირებულია კომპანია Fazze-თან, რომელმაც სახელი გაითქვა მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიით COVID-19-ის ვაქცინის წინააღმდეგ.
AdNow დარეგისტრირდა 2014 წლის იანვარში და გაუქმდა 2023 წლის მარტში, როგორც ეს დიდი ბრიტანეთის ფირმების რეესტრიდან ჩანს.
ბულგარეთთან კავშირები
გიორგი აბულაძე პლოვდივში ცხოვრობს და ბიზნესით არის დაკავებული. AdNow მან 2021 წელს შეიძინა და დაიწყო მისი მართვა კომპანია Renovo Media-ს საშუალებით, რომელიც იმავე წელსაა დარეგისტრირებული.
პლატფორმაზე 350-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათი უმეტესობა რუსია. აბულაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ისინი პუტინის რეჟიმს გაექცნენ და საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მან ისინი აიყვანა სამსახურში, რადგან ბულგარეთში ძნელია სპეციალისტების პოვნა და ასევე იმიტომაც, რომ ისინი უფრო დაბალ ანაზღაურებას თანხმდებიან.
აბულაძე უარყოფს რუსეთთან კავშირს და იმას, რომ იქიდან ფულს იღებს. მისი თქმით, ძირითადი შემოსავალი აშშ-დან აქვს - 50-ზე მეტი კომპანიიდან, რომლებიც მის სახელზეა გაფორმებული. აბულაძის თქმით, ეს კომპანიები „Apple-ის აპლიკაციების გაყიდვით არიან დაკავებული“.
რუმინული გამოძიების შემდეგ, „ბულგარელმა ელფებმა“ ფეისბუკში გამოაქვეყნა სხვადასხვა საიტიდან აღებული მონაცემების ცხრილი, რომლებიც ეყრდნობა ევროპის ქვეყნებში რეკლამის შინაარსს.
„ეს ბმულები მიგიყვანთ დომენებზე, რომლებიც ეკუთვნის სერვერებს .ru ან .innovapp დაბოლოებებით (აბულაძის მეორე კომპანიის დასახელება)“, - ამბობს პეტკოვი.
პირველი სტრიქონი გვიჩვენებს, პოსტის რამდენჯერ გამოჩენაა საჭირო იმისთვის, რომ პრაქტიკულად რუმინეთში პრეზიდენტი გახდე. ბულგარეთის მონაცემით (თითქმის 73 მილიონი გამოჩენა) ჩანს, რომ ამ ეტაპზე ვერ განვსაზღვრავთ, რა მასშტაბით იზომება ის და რა გავლენას ახდენს“, - წერენ „ბულგარელი ელფები“. ისინი ამტკიცებენ, რომ „ამ ბულგარულმა კომპანიებმა, რომლებსაც რუსები მართავენ, დიდწილად განაპირობეს საარჩევნო პროცესის შედეგი რუმინეთსა და ბულგარეთში“.
რუსეთმა 69 მილიონი ევრო გამოყო პროპაგანდისთვის და ბულგარეთისა და რუმინეთის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის, წერენ „ბულგარელი ელფები“ Facebook-ში. ჯგუფი ამტკიცებს, რომ აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ბულგარეთსა და რუმინეთში ფულის შესვლას ნოვოსიბირსკიდან. ეს სქემა ამოქმედდა არაუგვიანეს 2010 წლისა და გადარიცხვები კეთდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ 5 ათას-5 ათასი ევროს ოდენობით.
პეტკო პეტკოვს მოჰყავს Facebook-ის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, საკმარისია, რომ საგანგებოდ შექმნილმა პოსტმა სამჯერ მიაღწიოს მომხმარებლამდე, რათა ჩამოუყალიბდეს გარკვეული აზრი.
„თუ ჩვენ 70 მილიონ გამოჩენას თანაბრად გავყოფთ, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად ისინი ახერხებდნენ ერთი ადამიანის გონებაში აზრის სამჯერ ჩამოყალიბებას. ეს ნიშნავს, რომ მათ მიზანში ამოიღეს [არა ყველა, არამედ მხოლოდ] გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად წალეკეს“.
„ბულგარელი ელფების“ პუბლიკაციამ აიძულა კოალიცია „ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთის“ დეპუტატი, ივაილო მირჩევი, მოეთხოვა საპარლამენტო კომისიის შექმნა „ბულგარეთში ყველა დონეზე რუსული გავლენის მტკიცებულებების შესაგროვებლად“.