Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში ჯორჯესკუს გამარჯვება ტიკტოკერმა ბოგდან პეშირმა მოაწყო - გამომძიებელი ჟურნალისტები


ბოგდან პეშირის საქმიანობის ამსახველი ფოკოლაჟი. ქვემოთ მარცხნივ ფართო პლანით ბოგდან პეშირი
ბოგდან პეშირის საქმიანობის ამსახველი ფოკოლაჟი. ქვემოთ მარცხნივ ფართო პლანით ბოგდან პეშირი

რუმინეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კელინ ჯორჯესკუს წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსა ბოგდან პეშირმა, 36 წლის პროგრამისტმა. პეშირის შესახებ გამოძიება ჩაატარეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 24 ნოემბერს. პირველი ტურის გამარჯვებულად გამოაცხადეს ულტრამემარჯვენე კანდიდატი, კელინ ჯორჯესკუ, რომელიც აქტიურად აწარმოებდა თავის კამპანიას TikTok-ში.

არჩევნების შედეგები გააუქმა უზენაესმა სასამართლომ ჯორჯესკუს მხარეს რუსეთის ჩარევის ეჭვის გამო.

პეშირი, რომელიც რუმინეთში ცნობილია, როგორც "TikTok-ის მეფე", სპეცსამსახურების მონაცემებით, უკანონოდ აფინანსებდა ჯორჯესკუს კამპანიას.

სპეცსამსახურები აგიტაციას მოსკოვთან აკავშირებენ. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ 4 დეკემბერს მოხსნა საიდუმლოების გრიფი დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანა გახდა სამიზნე "რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული მოქმედებებისა", რომელთა შედეგადაც ჯორჯესკუს პოპულარობა 1-დან 22%-მდე გაიზარდა და მან, ბევრისთვის მოულოდნელად, პირველ ტურში გაიმარჯვა.

ჯორჯესკუს კამპანია TikTok-ში ითვლება ახალგაზრდა ამომრჩევლების მიზიდვის მთავარ ფაქტორად. გამოძიების მონაცემების მიხედვით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯორჯესკუს კამპანიაში. პეშირმა, რომელიც თავის TikTok-ის ანგარიშს იყენებს bogpr-ის სახელით, ჯორჯესკუს კამპანია მილიონ ევროზე მეტი თანხით დააფინანსა.

ამასთან, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მას ნულოვანი ბიუჯეტი ჰქონდა.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ წარსულში პეშირი დაკავშირებული იყო კომპანიებთან, რომლებიც კრიპტოვალუტებით მუშაობდნენ, ხოლო დაახლოებით ორი წლის წინ, ის ცნობილი გახდა, როგორც დიდი რუმინელი ტიკტოკერი, რომელიც TikTok-ის სხვადასხვა ანგარიშებზე რიცხავდა ფულს. ნოემბერში, დაზვერვის მონაცემებით, პეშირმა თითქმის 400 000 ევრო გადარიცხა ჯორჯესკუს მხარდამჭერ ანგარიშებზე შემოწირულების სახით. მარტში პეშირმა ათობით ათასი ევრო შესწირა მანელეს (პოპ-ფოლკის ჟანრი, რომელიც რუმინეთში წარმოიშვა), რამაც გამოიწვია მითქმა-მოთქმა მის შესახებ. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობდა, რომ ის შესაძლოა, ცნობილი მაგნატის ვაჟი ან დანაშაულებრივი კლანის წევრი ყოფილიყო.

ნოემბერში მან ფულის გადარიცხვა დაიწყო რუმინელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჯორჯესკუს უჭერდნენ მხარს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც აეხსნა საიდუმლოების გრიფი, ამ საქმეში მონაწილეობას იღებდა TikTok-ის 100-ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა გამომწერების საერთო რაოდენობა 8 მილიონს აჭარბებს.

პეშირი უარყოფს ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსებას და ამტკიცებს, რომ მისი შეწირულობების ნაწილი მართლაც კანდიდატის მომხრეებზე წავიდა, მაგრამ დანარჩენი ფული მოხმარდა ქველმოქმედებას, არაპოლიტიკურ ანგარიშებს TikTok-ზე და ისეთ ანგარიშებსაც კი, რომლებიც სხვა კანდიდატებს უჭერდნენ მხარს.

"მე არ მაქვს არც მატერიალური და არც პირადი ინტერესი, მე უბრალოდ ნებაყოფლობით ვუჭერდი მას მხარს პოსტებისა და კომენტარების მეშვეობით", - განაცხადა პეშირმა რადიო თავისუფლების წერილში.

6 დეკემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმებამდე ცოტა ხნით ადრე, პეშირმა ფეისბუკის პოსტში მედია დევნაში დაადანაშაულა და სამართლებრივი ქმედებებით დაემუქრა. კომენტარებში, შეკითხვაზე ფულის წარმოშობის შესახებ, პეშირმა უპასუხა: "მე არ ვარ სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფოსთან მომუშავე ადამიანი, რომ ჩემი შემოსავლის საჯარო დეკლარირება მოვახდინო".

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. კელინ ჯორჯესკუს მეტოქე უნდა ყოფილიყო ლიბერალური პარტია "რუმინეთის გადარჩენის კავშირის" ხელმძღვანელი, ელენა ლასკონი.

მეორე ტური გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების ანულირების შემდეგ. ჯორჯესკუმ ადრე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აკრძალავდა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს რუმინეთის გავლით და შეაჩერებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას. ლასკონი მხარს უჭერს თავდაცვისთვის ხარჯების გაზრდას და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მის ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG