„ქართული ოცნების“ რიგებში დაპირისპირება თანდათან სულ უფრო მწვავდება. ბიძინა ივანიშვილის ჩარევამ პროცესი ვერ შეაჩერა. ეკა ბესელია და მისი მომხრეები უკან დახევას არ აპირებენ. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა დაპირისპირების ახალი ფაზა გამოავლინა.
ვინ იცის კარგად, ცუდად ან საერთოდ არ იცის კონსტიტუცია - „ქართული ოცნების“ რიგებში არსებული დაპირისპირების ახალი ფაზა მოსამართლეებთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ დაიწყო.
„კონსტიტუციისა და კანონის წაკითხვას თავის დროზე ასწავლიან ხოლმე იურიდიულ ფაკულტეტზე და ვინც კარგად სწავლობდა, მან იცის კარგად, როგორ წაიკითხოს კანონი. ამას პარლამენტში ვერ ისწავლი, პარლამენტში უკვე ნასწავლი ადამიანები უნდა მოდიოდნენ“, - ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია თანაგუნდელების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კრიტიკას.
ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. ბესელიასთან ერთად, კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე.
კანონპროექტის მოთხოვნა ასეთია:
- „2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ გამწესება“;
- ამ შინაარსის საგანგებო მუხლი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს უნდა დაემატოს.
„არცერთი მეორე კლასელი იურისტი, ან პირველ კურსელი იურისტი არ მოაწერდა ხელს ამ ინიციატივას, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა.
ასევე ნახეთ ეკა ბესელია: ვინც კლასებზე საუბრობს, თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში - როგორც იურისტიეკა ბესელიას განსაკუთრებული გულისწყრომა სწორედ ვანო ზარდიაშვილის სიტყვებმა გამოიწვია, რადგან მისი დამოკიდებულება განსაკუთრებულად უარყოფითი სწორედ ზარდიაშვილის მიმართ არის.
2018 წლის დეკემბრის ბოლოს ბესელიამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც თანამდებობიდან გადადგა იმხანად მისი პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ სასამართლოს „კლანმა“ შეარყიათუმცა ეკა ბესელიას გულისწყრომა სხვა თანაგუნდელებსაც უკავშირდება. 11 თებერვალს გაკეთებული განცხადებით ნათელია, რომ კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. წინასწარი განწყობის შემცველი განცხადებები 12 თებერვალსაც გაკეთდა.
- „ადამიანებს, რომლებსაც კონსტიტუციით აქვთ მოლოდინი, რომ უვადოდ დაინიშნონ მოსამართლეებად, ეზღუდებათ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა;
- „პირველ რიგში კანონპროექტმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - სცილდება თუ არა ის კონსტიტუციურობის ფარგლებს. აქედან უნდა დავიწყოთ და შემდეგ მოვახდინოთ ამ კანონის განხილვა“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
„ამ ინიციატივას აქვს მაღალი მნიშვნელობა როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით“, - ასე ფიქრობს თავად ეკა ბესელია, რომელიც უკან დახევას არ აპირებს.
ახალი კანონპროექტის საკითხი არ იყო შეთანხმებული უმრავლესობის ფორმატში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სოფიო კილაძემ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტს კონსტიტუციასთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიც. ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ საბჭოს წევრების ღია დაპირისპირება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების სიის შეჩერებამ განაპირობა.
სწორედ იუსტიციის საბჭოსა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის შეხმატკბილებული თანამშრომლობის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას ეკა ბესელიას თანამოაზრე, „ქართული ოცნების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
„ფაქტობრივად, რისიც გვეშინოდა, შეიძლება ცოტა ხანში ეს რეალობა დადგეს - იუსტიციის საბჭოს ფილიალად იქცეს იურიდიული კომიტეტი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა 12 თებერვალს.
ასევე ნახეთ ლევან გოგიჩაიშვილი: პოლიტსაბჭოს განცხადება აცდენილია ქართველი ხალხის სურვილსსასამართლოს თემაზე „ქართული ოცნების“ რიგებში გაღვივებული დაპირისპირების ჩაცხრობა ვერც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. ფაქტია, დაპირისპირება უმრავლესობის ფორმატში გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ახალი ძალით გაგრძელდა.
თანაგუნდელებს ღია დაპირისპირება 12 თებერვალს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც დაუწუნა. მან თქვა, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივა უმრავლესობის სხდომაზე ან პარლამენტში უნდა გადაწყდეს.