„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ეკა ბესელიას და კიდევ რვა დეპუტატის ინიციატივას, შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს "არც ერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა".
ზარდიაშვილის ამ რეპლიკას ეკა ბესელიამ 11 თებერვალს ასე უპასუხა:
„ვინც კლასებსა და კურსებზე საუბრობს და აფასებს, ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები“.
ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ლობისტები პარლამენტში ძალიან ააღელვა მისმა საკანონმდებლო ინიციატივამ.
„დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე“, - ეკა ბესელიამ.
ბესელია და მისი თანამოაზრე დეპუტატები ფიქრობენ, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა გადავადდეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია უმრავლესობის მეორე ნაწილისთვის. ამ ინიციატივის ავტორი თავად ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს კი ხელს აწერს 9 დეპუტატი.
საკანონმდებლო ცვლილების საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.