ბიჭი ბეკონის ნიღაბში - ინტერვიუ შალვა ნიკვაშვილთან

„დაიბადა 1990 წელს სიღნაღში. 2014 წლიდან ცხოვრობს ბელგიაში, ევროპის ლამაზ (ფასადურ) ქალაქში. მუშაობს ყოველდღე, რომ იყოს ბედნიერი“ - ეს ქართველი არტისტის, შალვა ნიკვაშვილის მოკლე ბიოგრაფიაა თავისივე ინსტაგრამის გვერდიდან.

შალვა ნიკვაშვილი

თუმცა ამ თარიღებს შორის და მათ შემდეგაც ბევრი ამბავია მოსაყოლი. მაგალითად, ის, რომ ქართულ ტრადიციულ ოჯაში დაიბადა. მუდმივად უწევდა ბრძოლა საკუთარი იდენტობის მოსაპოვებლად და მისი შემოქმედებაც ზუსტად ამ ბრძოლებისა და წინააღმდეგობების ისტორიაა. პირველად 2 წლის იყო, როცა ბებიის პორტრეტი დახატა. ოჯახში არ მოსწონდათ შალვას ფუნჯებითა და საღებავებით გატაცება. მამას ერჩივნა ბიჭებთან ეთამაშა, მერე სანადიროდ წასულიყო და ისე ეცხოვრა, როგორც დანარჩენი სიღნაღელი ბიჭები ცხოვრობდნენ. ერთ საღამოს ოჯახი შეიკრიბა და ერთხმად გადაწყდა, რომ მას ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაებარებიანა. უფრო სწორად, ყველამ ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა. შალვას არავინ მოუსმინა. ისიც ადგა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა ჩუმად. მერე თბილისის მოდის კვირეულზე ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა დიზაინერად დაასახელეს და ნათესავებმაც ნათესავებმაც სატელევიზიო სიუჟეტით გაიგეს, რომ საოჯახო საოჯახო კრებისგადაწყვეტილება ძალაში არ შევიდა.

წერილი დედას

მალევე ბელგიაში წავიდა და ხუთი წელია იქ ცხოვრობს. ხატავს და ქვიარ არტისტია. ერთი პერიოდი ტატუს კეთებით იყო გატაცებული. ახლა უკვე ლონდონისა და მილანის მოდის კვირულებზე მუშაობს ცნობილი მოდის სახლებისთვის და თავისი სიურრეალისტური ნიღბებით,რომლებსაც ხან ბეკონის ნაჭრებისგან და ხან სიგარეტის ნამწვავებისგან ამზადებს, ვირტუალურ სივრცეს იპყრობს. არც პროვოკაციებს ერიდება, არც სანტიმენტებს და გულწრფელ აღიარებებს - იმას აშიშვლებს, რასაც სხვები გულდასმით მალავენ და მაშინაც, როცა თითქოს გამოსავალი აღარ არის, შეუძლია თქვას „იდი ნა ხუი“ და
ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

მარიამ შავგულიძე: შენი ხელოვნება ხშირად ჰყვება ამბავს. შენი პერსონაჟები იბადებიან, იზრდებიან და აქვთ თავგადასავლები, რომლებსაც ისევე შეიძლება მიადევნო თვალი, როგორც სერიალს. შენი ერთ-ერთი პირველი პერსონაჟი და წარმატებული პროექტი პამელა იყო. როგორ და რისთვის გაჩნდა პამელა?

შალვა ნიკვაშვილი: პამელა მაშინ გავაჩინე, როცა ბელგიაში ჩამოვედი და ჩემს ყოფილ ქმართან ერთად დავიწყე ცხოვრება. ბევრი სირთულე გვქონდა და თავსაც ხშირად ვგრძნობდი ცუდად. მომინდა ისეთი პერსონაჟი შემექმნა, რომელიც იმ ამბებს მოყვებოდა, ჩემს წარმოსახვასა და გამოგონილ რეალობაში რომ ხდებოდა.

პროექტიდან "პამელა"

ასე გაჩნდა პამელა. თითქოს ბებიაჩემის პროტოტიპი, რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა. მისი sweet (ტკბილი) და თან ცოტა sneaky ( ეშმაკური ) ხასიათი შეიძინა პამელამ. მერე დედაჩემს მკერდის კიბო დაემართა. პამელას სკეტჩებს ვყიდდი და დედას სამკურნალოდ ფულს ვუგზავნიდი. მას მერე, რაც დედაჩემმა მკურნალობა დაამთავრა და გამოჯანმრთელდა, გადავწყვიტე პამელა მომეკლა. თავისი მისია შეასრულა და წავიდა. არ გაგრძელდა ვენესუელური სერიალივით.

მარიამ შავგულიძე: ტატუს კეთება როდის დაიწყე? გგონია, რომ ადამიანის სხეული და კანი უფრო საინტერესო მასალა შეიძლება იყოს, ვიდრე ტილო ან ქაღალდი?

შალვა ნიკვაშვილი: რამდენიმე წლის წინ უცნაური რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში. როცა პრობლემები მქონდა, ფიზიკური ტკივილი - მაგალითად, მაცივარში მოყოლილი ან გაჭრილი თითი - სიამოვნებას მანიჭებდა და ყურადღება გადამქონდა იმ სტრესისგან, რაც რეალურად მქონდა. ჰოდა, მივხვდი, ეს მიდრეკილება ან არტში უნდა გადამეტანა, ან კიდევ სადომაზოხიზმსა და სექსუალურ ფეტიშებში გადავარდებოდა. ავდექი და ტატუს მანქანა ვიყიდე. საკუთარ სხეულზე დავიწყე მუშაობა. ჯერ რამდენიმე მეგობარმა მთხოვა. მერე მივხვდი, რომ ხალხს მოსწონდა და დავიწყე შეკვეთების მიღება. ჩემი ჩემოდნით დავდიოდი, სახლში ვაკითხავდი კლიენტებს და თან ინტერვიუებს ვწერდი მათთან. LOVERS გავაკეთე მაშინ.

პროექტი LOVERS

კინოსავით მახსენდება ის დრო. უამრავი ვინმე გავიცანი. მათ სივრცეში შევდიოდი. მათ საწოლზე ან სამზარეულოში ვიჯექი - იქ, სადაც სექსი აქვთ, ჭამენ და ისეთები არიან, როგორიც სინამდვილეში. ერთმანეთს ჩვენს ამბებს ვუზიარებდით, ჩვენს ემოციებს. მთელი ეს პროცესი დიდი დაკვირვება იყო თანამედროვე ადამიანებზე, მათ შიშებსა და დაფარულ სურვილებზე. უამრავ ადამიანს გავუკეთე ტატუ, მაგრამ არასდროს არ ვაკეთებ ერთსა და იმავეს. არ ვმეორდები. მერე ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იფანტებიან. ჩემს ნახატებს ხელებით, ფეხებით, ზურგით ატარებენ და, ფაქტობრივად, ჩემი გამოფენაც თან დააქვთ. სულ მუდმივი პერფორმანსი და მოძრაობაა.

მარიამ შავგულიძე: შენი ნამუშევრები სულ ტრიალებს ადამიანის სექსუალობის ირგვლივ, ქვიარ არტიც დიდი დოზით არის. ნაწილობრივ მაინც გარკვეულწილად თავს ქვიარ აქტივისტად თვლიმოიაზრებ?

შალვა ნიკვაშვილი: არ ვიცი, ბოლომდე ქვიარ აქტივისტს, ალბათ, ვერ დავარქმევ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი წარსული და გამოცდილება. იმ გარემოსა და ოჯახში, სადაც დავიბადე, სექსუალობა დახურული თემა იყო, მით უმეტეს, როგორც გეისთვის. ძალიან გვიან ასაკში მომიწია ჩემს სექსუალურ ინტერესებში გარკვევა. ჩემს ნამუშევრებში ამას გვერდს ვერ ავუვლი. ეს რთული გამოცდილება ხშირად მაძლევს ინსპირაციას და ახლა სულ ვცდილობ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოში, სომხეთში ან, თუნდაც, ამერიკაში არიან, შთაგონება და იმედი მივცე. მინდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, იმიტომ რომ მე ეს მხარდაჭერა არ მქონია. ჩემი არტი ჩემი „სთეითმენტია“, რომლითაც სულ მინდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ - სექსზე, პოლიტიკაზე და სხვა დანარჩენ საკითხზეც.

შაკო მუშაობის პროცესში

მარიამ შავგულიძე: წარსულისა და ბავშვობის ამბების გარდა რა წამოიღე საქართველოდან, რამაც შეიძლება შენი არტი განსაზღვროს?

შალვა ნიკვაშვილი: არ ვიცი, ეს განსაზღვრავს თუ არა, მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადის მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი, მით უფრო მეტად დავიწყე ქართული კულტურის დაფასება, ენის, ისტორიის გააზრება. ქართული ანბანის პროექტიც ამის შედეგია. ცოტა ნოსტალგიის ამბავიც იყო. ალბათ, ქართულად საუბრის დანაკლისიც. მომინდა მემუშავა ქართულ ანბანზე და სხეულებად გადამექცია - მოძრავ, შიშველ და ერთმანეთში გადაკლაკნილ სხეულებად. ქართველები ხშირად ვიყენებთ სიძულვილის ენას, აგრესიას ვანთხევთ, ვილანძღებით და მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ხელოვნება არ მიყვარს, მომინდა, რომ ანბანი გამელამაზებინა და მექცია სიყვარულად - ისე, როგორც მე ვხედავ სიყვარულს და სილამაზეს...

ქართული ანბანის პროექტი

მარიამ შავგულიძე: ნიღბები შენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბოლოდროინდელი პროექტია. რატომ ნიღბები, რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ აქსესუარს?

შალვა ნიკვაშვილი: სულ მაინტერესებდა ადამიანის ემოციები. როგორ ვცდილობთ გამომეტყველებით ჩვენი ნამდვილი გრძნობებისა და ფიქრების დამალვას. თან ბავშვობაში წონის პრობლემა მქონდა. სულ მეუბნებოდნენ, რომ მსუქანი ვარ. სარკეში ვიხედებოდი და არ მომწონდა ჩემი თავი. მაშინ ძალიან მინდოდა სახის დამალვა, ჩემი იდენტობის წაშლა, მინდოდა ბუზი ვყოფილიყავი და შეუმჩნევლად მეფრინა. ეს ყველაფერი, ალბათ, სადღაც დაილექა და ერთ დღეს ისევ ამოტივტივდა.

ფოტონიღბების სერიიდან

რამდენიმე წლის წინ ბელგიამ საბუთები ჩამომართვა. არც მუშაობის უფლება მქონდა და არც ფული. მივხვდი, რომ მუშაობის გარეშე გავგიჟდებოდი. ჰოდა, გადავწყვიტე ის გამომეყენებინა, რაც მქონდა, ყველასთვის და ყველაფრისთვის მეთქვა „იდი ნა ხუი“ და დამეწყო მუშაობა. ფეისბუკზე შალვა იდინახუიშვილი გავხდი და დავიწყე ისეთი მასალის შეგროვება, რომელიც ძალიან იაფი ღირდა ან სულაც ნაგავში ეყარა. სიგარეტის ნამწვავებს ორი დღე ვაგროვებდი ქუჩაში. ერთევროიან და მეორად მაღაზიაბში დავდიოდი. დავიწყე ნიღბების კეთება, რომლებიც ჩემი მოგონებები, განცდილი ტკივილები ან სიხარულები არიან. ინსტაგრამზე დავიწყე ნამუშევრების გამოქვეყნება და ერთ დღეს მესიჯი მომივიდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჰონგ-კონგში დაარსებული ბრენდი izzue თანამშრომლობას მთავაზობდა. გამომიგზავნეს ტანსაცმელი წინა კოლექციებიდან და ამ მასალისგან გავაკეთე ნიღბები, რომლებიც ლონდონის მოდის კვირეულის ახალი კოლექციის ნაწილი გახდა.

მარიამ შავგულიძე: ლონდონის მოდის კვირეულის შემდეგ ცნობილ იტალიურ მოდის სახლ Marni-სთან ითანამშრომლე. როგორ იპოვეთ ერთმანეთი?

შალვა ნიკვაშვილი: დროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ხალხთან არტის მისატანად ტრადიციული გზები საერთოდ აღარ არის საჭირო. ინსტაგრამი და ფეისბუკი მაძლევს საშუალებას, რომ უამრავ ადამიანს ველაპარაკო. ეს არის ჩემი ვირტუალური საგამოფენო სივრცე, რომელშიც ზოგჯერ უფრო მარტივია შეხვდე ადამიანს, რომელიც შენს გამოფენაზე შეიძლება ვერასდროს მოხვედრილიყო. ერთ საღამო ვიჯექი და ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვვახშმობდი. უცებ ინსტაგრამზე მომივიდა მესიჯი: „შალვა, ძალიან მომწონს შენი ნამუშევრები და გამიხარდება ჩემთან მუშაობის სურვილი თუ გექნებაო“. Marni -ს კრეატიული დირექტორი მწერდა. მერე ახალი კოლექციისა და ჩვენებისთის ქუდები გავუკეთე.

შაკოს მიერ შექმნილი ქუდები Marni-სთვის

შაკოს მიერ შექმნილი ქუდები Marni-სთვის

ურთიერთობას ისევ ვაგრძელებთ და, სავარაუდოდ, მუშაობასაც გავაგრძელებთ. საერთოდ, ბევრი მიმართულებით ვმუშაობ და ეს მომწონს. სულ სიახლეს ვეძებ - ახალ მასალებს, თემებს და მედიუმებს. არტიც ეგ არის ჩემთვის - მუდმივი ძიება და კვლევა.

შაკოს ერთ-ერთი ბოლო პროექტი "ნიღბები"

უფრო მეტი ნამუშევრები იხილეთ შაკოს ინსტაგრამზე.