დღეს სასამართლოში 8 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ 2020 წლის თავდასხმის მძევლები და შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც მძევლების განთავისუფლების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. გამოიკითხა ზუგდიდელი დავით მატუაც - მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი “საქართველოს ბანკამდე” მიიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, დავით მატუამ გაიხსენა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ის საკუთარი მანქანით სამსახურში მიდიოდა, რა დროსაც, ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ჯუმთან მას წინ გადაუდგა სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი, რომელიც შეიარაღებული იყო.
“წინ დამიდგა და გამაჩერა. როცა ჩაჯდა, ვკითხე რა ხდება-თქო: მითხრა გზას უყურე, წინ იყურეო… ვიფიქრე, ალბათ თანამშრომელია და რაღაც ღონისძიებაზე მიდის-მეთქი. მეტი კითხვები არ დამისვამს… ქალაქში რომ შევედით, მითხრა ბანკის მიმართულებით წადიო. მიმითითა, იქეთ ადი, ბორდიურეო. ვუთხარი, ხალხი დადის და როგორ-მეთქი? აქ უკვე აგრესიული იყო და ავიყვანე. როგორც კი ჩამოვიდა, ვნახე, რომ გაისროლა. ვნახე, ხელში ყუმბარაც ეჭირა. შოკი მქონდა… მე დაბნეული ვიყავი, პირდაპირ წავედი სამსახურში. ვუთხარი, ყაჩაღი მივიყვანე და შევარდა ბანკში-მეთქი”, - თქვა დავით მატუამ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხა ლაშა შენგელია. ის ერთ-ერთია იმ ოთხ ყოფილ მძევალს შორის, რომლებიც ბანკზე თავდამსხმელმა შენობის დატოვებისას თან წაიყვანა.
ლაშა შენგელიამ, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკში იმყოფებოდა, როცა იქ შეიარაღებული პირი შეიჭრა, თითქმის იგივე უამბო სასამართლოს, რაც სხვა, მანამდე გამოკითხულმა მოწმეებმა.
მან დაადასტურა, რომ სამხედრო ფორმიანმა, შეიარაღებულმა ადამიანმა ბანკში შეჭრისას დაიყვირა: “ძარცვაა, დაწექით!” მისივე სიტყვებით, შეძახილის პარალელურად მან გაიგონა 2-ჯერ გასროლის ხმა.
“ითხოვდა მენეჯერს. მახსოვს ეს სიტყვებიც, თუ არ მომიყვანთ, ამათ დავხოცავო”, - თქვა სასამართლოზე ლაშა შენგელიამ.
მან დეტალურად აღწერა, როგორ აიყვანა თავდამსხმელმა იგი სხვა მძევლებთან ერთად მე-3 სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც მძევლებს ტელეფონებით დაარეკინა 112-ში და ჟურნალისტებთან.
ყოფილმა მძევალმა გაიხსენა, რომ თავდამსხმელმა მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა მოითხოვა. ლაშა შენგელიამ სასამართლოს მოუყვა, რომ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა.
დაზარალებულმა დაადასტურა დანარჩენი მოწმეების ის ჩვენებაც, რომ რამდენიმე საათის შემდეგ მოთხოვნილი თანხა - 500 ათასი დოლარი - თავდამსხმელს ავთანდილ გალდავამ გადასცა.
დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაუშვა და დატოვა 4 ადამიანი, მათ შორის თავად ლაშა შენგელია, ავთანდილ გალდავა, დათო ხვიბლიანი და მურმან ბულია.
ასევე ნახეთ რა გაიხსენა ესებუას საქმეზე გამოკითხულმა ყოფილმა მძევალმა: მანქანა მდინარეში დაასუფთავა და გვითხრა, თავისუფალი ხართოთავდამსხმელმა ყველა მათგანს, დათო ხვიბლიანის გარდა, ხელები “პლასტმასის დამჭერებით” გადაუკრა და გაიყვანა გარეთ, სადაც მას მანქანა უკვე ელოდა. მოწმისვე თქმით, საჭესთან დათო ხვიბლიანი დაჯდა თავდამსხმელის მითითებით, ხელგადაკრული მძევლები კი ტრანსპორტის უკანა სავარძელზე დასხდნენ.
მისივე თქმით, მათ შეუჩერებლად იარეს წალენჯიხის და ჩხოროწყუს მიმართულებით და გაჩერდნენ ერთხელ სოფელ სქურში, სადაც თავდამსხმელმა “ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილა”.
მოწმის თქმით, მან ამ დროს რამდენჯერმე გაისროლა, რადგან შენიშნა ადევნებული მანქანების განათებები. ამის გამო, როგორც დაზარალებული იხსენებს, მან ავთანდილ გალდავა გააფრთხილა, დაერეკა მათთვის და ეთქვა, რომ დევნა შეჩერებულიყო.
ლაშა შენგელიას თქმით, ამის შემდეგ მათ გზა ჩხოროწყუს მიმართულებით გააგრძელეს და მანქანა მდინარესთან გააჩერეს. ყოფილმა მძევალმა სასამართლოს უამბო, რომ თავდამსხმელმა გადაიტანა ტომრები, რომელითაც ფული მიუტანეს და ”გაასუფთავა მანქანა” - მდინარის წყლით ჩამორეცხა სავარძელი და ავტომობილის ხალიჩები:
“მან [თავდამსხმელმა - რ.თ.] მანქანიდან ჩასვლის წინ თქვა, ბიჭებო, ფულს დაგიტოვებთო. ჩვენ ვუთხარით, არაო… გვითხრა, წადით, არ გააჩეროთო… უკან რომც მომეხედა, ვერც დავინახავდი სად წავიდა, ისე ბნელოდა”, - თქვა დაზარალებულმა.
მოწმის სტატუსით გამოკითხულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რაჯი ერემაძემ თქვა, რომ 2020 წელს, მაშინ როცა ბანკზე თავდასხმა მოხდა, წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა და ჩართული იყო მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციაში:
“მომხდარიდან დაახლოებით 40 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და ძირითადად მიწევდა ურთიერთობა მძევლების ოჯახის წევრებთან, ვამშვიდებდით მათ, შიგნით [ბანკში] არავის ვუშვებდით”, - განაცხადა რაჯი ერემაძემ.
მისი თქმით, ხედავდა, როგორ მიიტანა ავთანდილ გალდავამ თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი ფული ბანკში და დაახლოებით ნახევარ საათში როგორ დატოვა შეიარაღებულმა პირმა შენობა 4 მძევალთან ერთად.
“ჩვენც გავყევით მანქანით. რამდენიმე მანქანა იყო. ის მანქანა წავიდა წალენჯიხის მიმართულებით… მანქანის შუქს ვხედავდით, დაახლოებით ამ სიახლოვეს მივყვებოდით”.
ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოსამართლეს იმავე ისტორიას მოუყვა, რაც ყოფილმა მძეველმა. მან აღწერა, როგორ გააჩერა თავდამსხმელმა მანქანა და გადმოსვლისას შენიშნა პოლიციის ადევნებული მანქანები: “ამ დროს მან განახორციელა რამდენიმე გასროლა… დარეკა ავთანდილ გალდავამაც, რომ არ გავყოლოდით უკან”.
რაჯი ერემაძემ მანამდე გამოკითხული სხვა მოწმეების მსგავსად აღნიშნა, რომ თავდამსხმელის ამოცნობას ვერ შეძლებს, რადგან მას სამხედრო ფორმა ეცვა და ნიღაბი ეკეთა.
სხდომაზე გამოიკითხა კიდევ ერთი პოლიციელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია.
იგი 2020 წლის 21 ოქტომბერს მონაწილეობდა მძევლების განთავისუფლების სპეცოპერაციაში - უსაფრთხო ადგილას გაჰყავდა ბანკის ის თანამშრომლები, რომლებმაც შეიარაღებული პირის შეჭრისას ბანკის მეოთხე სართულის აივანზე მოასწრეს ასვლა.
მანვე აღნიშნა, რომ მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო მოწმეების, მათ შორის, უკვე განთავისუფლებული მძევლის დავით ხვიბლიანის გამოკითხვის პროცესში. პოლიციელებთან ერთად დაათვალიერა ის ადგილი, სოფელ სქურში, სადაც თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა. ასევე, შეისწავლეს ტერიტორია, საიდანაც თავდამსხმელი გაუჩინარდა. მოწმის თქმით, მათ ამ ადგილზე იპოვეს თავდამსხმელის ჩანთა.
ასევე ნახეთ ნაცნობიც რომ ყოფილიყო, ვერ ამოვიცნობდი - ბადრი ესებუას საქმეზე მოწმეები გამოჰკითხესალიკა კვარაცხელიას განმარტებით, ის ასევე მონაწილეობდა, ბანკზე თავდასხმიდან ორი წლის შემდეგ, 2023 წლის 8 თებერვალს ბადრი ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში.
მისი სიტყვებით, ადგილზე მივიდნენ ოპერატოული ინფორმაციის საფუძველზე. მათ აცნობეს, რომ ძებნილი ბადრი ესებუა შეიარაღებული იყო:
“სახლის კარი რომ შევაღე, ვნახე, რომ სახლის ფანჯარასთან იდგა ესებუა და ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი. ვუთხარით, რომ დაეგდო იარაღი…. მან სცადა გაქცევა… იარაღი დააგდო და ისე სცადა გაქცევა… გამოყენებულ იქნა პოლიციური ძალა და დაკავებულ იქნა. მან დაკავების შემდეგ, გასაუბრებისას თქვა, რომ მან დააყაჩაღა ბანკი. რომ ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო… თქვა, რომ აპირებდა სასამართლოში ეღიარებინა ყველაფერი… მე გასაუბრებისას ვიცანი ხმის ტემბრით. მანამდე მოსმენილი მქონდა თავდამსხმელის ხმის ჩანაწერები…”, - განმარტა ალიკა კვარაცხელიამ.
ამ ჩვენების საპაუხოდ ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა და უარყო ის ვერსია, რაც მის დაკავებაზე სასამართლოში ითქვა:
“დამიჭირეს მაშინ, როცა ლოგინში ვიწექი. მართალი ამ პიროვნებას [ალიკა კვარაცხელია - რ.თ.] ჩემთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს…. იარაღი ხელში ეჭირაო, ჯერ ეს ერთი, იარაღი იყო ბალიშის ქვეშ”, - თქვა ბრალდებულმა ბადრი ესებუამ.
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მომდევნო სხდომებზეც გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ კიდევ ათეულობით მოწმეა გამოსაკითხი.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში, დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა. ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. მოგვიანებით კი ჩხოროწყუსთან სიბნელეში გაუჩინარდა.