ადვოკატების დასკვნითი სიტყვა თითქმის 7 საათს გაგრძელდა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც, თუმცა ვინაიდან მას პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვან შვილზე უნდა ესაუბრა, ადვოკატების თხოვნით, მოსამართლემ პროცესი დახურა. სხდომას, რომელზეც დაცვა საუბრობდა, არ დაესწრო დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.
საბოლოო სიტყვა სრულად თქვა ჩოგბურთელის სამი ადვოკატიდან ერთ-ერთმა, თეონა გვაზავამ, რომელმაც ისაუბრა ბასილაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე, ძალადობის ეპიზოდები და მტკიცებულებები შეაფასა.
"ერთ-ერთი ეპიზოდი, რაზეც ნელი დოროყაშვილი საუბრობს, მეგობრების კონტროლია. ამაზე მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილია 2017 წლის 8 ივნისის ჩანაწერი, რაც არის ფაქტობრივად 1-საათიანი, სადაც ჩვენითაც ვნახავთ, რა ფსიქოტიპია ნელი და რა ფსიქოტიპია ნიკა და რეალურად ვინ ვისზე ძალადობს, ან რომელი იყენებს უფრო მეტ ბილწ სიტყვას და ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას აყენებს", - თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე. დაცვამ პროცესზე წყვილის დიალოგიდან ცალკეული ამონარიდების კითხვა დაიწყო და საკუთარი კომენტარები და შეფასებები დაურთო.
ასევე ნახეთ "ნიკოლოზის მოთხოვნით მომიწია კარიერის მიტოვება, სამსახურის დატოვება" - ნელი დოროყაშვილი"[ნიკამ] სიტყვა "სოფლელი" გამოიყენა... ბრალდების მხარემ [ისე წარმოაჩინა თითქოს], ამას მარტო ნიკოლოზი ამბობს ამ ჩანაწერში... ცხოველი ხარო, ნიკა ეუბნება? ნელი არ ეუბნება, ცხოველი ხარ და ცხოველებთან ერთად უნდა იცხოვროო? როგორ შეიძლება, ადამიანი და ქალი ამბობდეს, რომ მე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განვიცდი და უყვიროდეს მოძალადეს მანქანაში, აყენებდეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობის არ ეშინია ამ დროს?" - რიტორიკულად ჰკითხა ადვოკატმა პროკურორს, რომელიც წინა სხდომაზე ბრალდების არგუმენტებზე საუბრობდა.
ამის შემდეგ დაცვამ გააგრძელა ბრალდების საქმეში აღმოჩენილი ჩანაწერებიდან ნაწყვეტების კითხვა:
2017 წლის 8 ივლისი
ნიკა ნელის: "ჩვენ აუცილებლად უნდა განვქორწინდეთ, მე არ მჯერა შენი, ისევე, როგორც შენ არ გჯერა ჩემი".
ნელი: რისი არ გჯერა?
ნიკა: შენ ბევრჯერ გამოავლინე ისეთი რაღაცები, ძალიან დიდი ტყუილები, შენ თავთან ტყუილები, შენ უკვე ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მეშინია შენნაირ ადამიანთან ერთად ყოფნის.
ადვოკატი წყვეტს წყვილის დიალოგის კითხვას და სასამართლოს მიმართავს: "ამ ამონარიდიდან გამომდინარე, ვის აქვს შიში ურთიერთობაში? ნიკას თუ ნელის?" თავადვე პასუხობს - "ნიკას" და აგრძელებს:
ნელი: ძალიან ამცდარი ვართ ჩვენ მენტალურად, შენ თუ გინდოდა ჰოლივუდში გვეცხოვრა, გეთქვა, ნეკ, მე აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცებს, შენ გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი.
ნიკა: შენ ხო გაქვს შენი მოსაზრება, მეც მაქვს.
ნელი: შენ შეგეძლო, ჩემთვის გეთქვა, ნელი, შენც იყავი მოდელი, გაერთე მაგრად, მეც გავერთობი, მაგრამ ვიყოთ, როგორც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, ბევრი ცნობილი ადამიანები არიან, ერთობიან და მერე რიგდებიან, რაღაც მომენტში, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ ეს უნდა გეთქვა.
ადვოკატი ამ ადგილზე ისევ წყვეტს კითხვას და ამბობს: "ამ ჩანაწერიდან ვინ ვისზე ძალადობს ფსიქოლოგიურად, ან მორალურად, ან ამორალურად? ამავე ჩანაწერში ნელი ნიკოლოზს ეუბნება, რომ მას აქვს შესაძლებლობა, დღესვე მასზე მაგარი ბიჭი გაიცნოს ან ბიჭთან დაამყაროს კომუნიკაცია უფრო მაგარი ფინანსური რესურსებით..." - შენიშნავს ადვოკატი და კითხვას ისევ აგრძელებს:
ნიკა: შენ ხარ უსაქმური ადამიანი, საერთოდ არაფერს არ აკეთებ ამ ქვეყნად, შენ კიდევ ვიღაც ანგარიშზე ფულს გიდებს, ერთადერთი გყავს ლუკასი მისახედი და ძიძის აყვანაც კი შემოგთავაზე.
ადვოკატი ცდილობს, სასამართლოს განუმარტოს რა იგულისხმა ნიკამ, როდესაც მეუღლეს "უსაქმური" უწოდა: "თუ ნეკა დოროყაშვილი უსაქმურია, [და მისი] სამუშაოს, მოდელობის ან დასაქმების წინააღმდეგია ნიკოლოზ ბასილაშვილი, [მაშინ] რატომ სთავაზობს ძიძის აყვანას? შემთხვევით ამ სიტყვას იმიტომ ხომ არ ეუბნება, რომ რაღაცით დაინტერესდეს და რაღაც გააკეთოს?"
2018 წლის პირველი დეკემბერი
ჩანაწერის წაკითხვამდე ადვოკატი განმარტავს, რომ აქ ნელი ეუბნება ნიკას, რომ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი და სამუშაოდ მიდის თურქეთში. ამ ჩანაწერში ნიკოლოზი ნელის ეუბნება, რომ "მოტყლარწული ტანი" აქვს. ადვოკატი შეეცადა აეხსნა, რატომ ხმარობს ნიკა ბასილაშვილი ამ სიტყვებს.
"ახსენა “მოტყლარწული ტანი”, კონტექსტს წავიკითხავ თავიდან ბოლომდე, რატომაც ახსენა ეს", - თქვა ბასილაშვილის დაცვამ და კითხვა დაიწყო:
ნიკა: გააგრძელე სიგარეტის მოწევა, შენნაირი მოტყლარწული ტანი მე არ მინახავს, რა მოდელობას აპირებ, სახის კანი გაქვს ისეთ მდგომარეობაში…
"...ეს რას ნიშნავს? ნიკოლოზ ბასილაშვილი პირიქით, შენიშვნას გამოთქვამს, მოდელობა სურს ადამიანს და ის ამისათვის არაფერს არ აკეთებს. ამ შინაარსის დანახვა არც დაზარალებულს უნდა და არც ბრალდების მხარეს", - ამბობს ჩოგბურთელის ადვოკატი და განაგრძობს:
ნიკა: შენ მთელი ცხოვრება ამბობდი, ეს მინდა გავხდე, ის მინდა გავხდე და ამისთვის არაფერს აკეთებდი. - "ეს არის ნიკოლოზის სიტყვები, რომელიც არის “მოტყლარწული ტანის” გაგრძელება", - ამბობს ადვოკატი.
ნელი: იმიტომ არ ვაკეთებდი არაფერს, რომ მე ჩემი ოჯახი ვარჩიე. მე 5 წელი რომ არაფერი გავაკეთე, ეს არ ნიშნავს, რომ მეზარებოდა, მე ვაპირებ ჩემი კარიერა გავაგრძელო.
ნიკა: რომელი კარიერა უნდა გააგრძელო? საერთოდ გქონდა კარიერა?
ნელი: მაგას 100 წელი არ შეგითანხმებ, შენი საქმე არაა ვაფშე, რა გინდა, ნიკა? მე თუ 5 წლის განმავლობაში არაფერს ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ ოჯახი არ დამეკარგა და ოჯახის გოგო ვყოფილიყავი.
ნიკა: ნუ ყვირი, ნელი.
“მოძალადე დაზარალებულს მოუწოდებს, რომ ნუ ყვირის, არადა, პირიქით უნდა იყოს”, - შენიშნავს ადვოკატი და ხაზს უსვამს იმას, რომ დიალოგისას ხმამაღლა ნელი საუბრობს და არა ნიკა.
ნელი: მე შენ უფლებას არ მოგცემ, ჩემს კარიერაში ჩაერიო. როცა ხარ სხვა. ჩემს გარეგნობაზე რომ ლაპარაკობ, შენს გარეგნობას მიხედე, შენს თმებსა და ყურებს მიხედე, ჯობია.
“ანუ უწუნებს ნიკას გარეგნობას”, - ისევ აფასებს დიალოგს ადვოკატი.
ნიკა: მე ჩემს გარეგნობასთან პრეტენზია არ მაქვს.
ადვოკატმა სხდომაზე, ასევე, წაიკითხა 2020 წლის 17 მაისის მიმოწერიდან ამონარიდი, სადაც, მისი თქმით, ნელი სწერს ნიკოლოზს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს დედამთილს. ამ პერიოდში წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს.
ნელი წერს ნიკას: "იმაზე [იგულისხმება დედამთილი - რ.თ.] უფრო მაქვს ნერვები მოშლილი, ვიდრე შენზე, შენ უტვინო ხარ. იმას ყველაფერი გათვლილი აქვს, თან თავისი დეგენერატი ტვინით, ისიც არ იცის, რომ შვილიშვილი უნდა გიყვარდეს. მაგან ვის რა უნდა დაუმტკიცოს, შვილიშვილს ოჯახი დაუნგრია. ამას ყოველთვის ვიტყვი, იმიტომ რომ მაგან დაუნგრია ლუკასს ცხოვრება. სატანა. როგორ გამომიშვა განადგურებული ბავშვი, ჩაფსმული, მშიერი, უხ! კბილები მიკაწკაწებს, ასეთი გრძელი ენები რომ გაქვთ კიდევ, მაგრამ შენ რა გინდა? შენ ხარ უტვინო, ვერაფერს ვერ აცნობიერებ, შენ სულ ნატო კი არ გეყოლება, ნიკა, შენ ბოლოს ეგ ჩოგბურთი რომ დამთავრდება, მარტო არ დარჩე, ისეთი მამა მაინც იყავი, რომ ლუკასმა იზრუნოს შენზე, რომ დაბერდები. ხალხი სხვის ოჯახებს რომ ერჩის, საკუთარს იცავენ და ამან თავის შვილიშვილს ოჯახი დაუნგრია, ფულის ხამობის გამო, მაგან როგორ უნდა გაბედოს და ვინმესთან თქვას, ჩემს და შენს შექმნილ ქონებაზე, რომ მე ფული მაინტერესებდა, ფული ჩვენ შევქმენით და ნატომ მიითვისა… ნიკა, ახლა აღარ ვართ ერთად, უბრალოდ, მეცოდები, მინდა, რომ განთავისუფლდე, თორემ შენ არც მაგ გოგოსთან არ გაგაჩერებს დიდხანს, არც სხვასთან, სანამ ფული გექნება, მე მინდა, რომ შენ ბედნიერი იყო და მეცოდები, რომ ჩვენი ოჯახი გაწირა…”
ადვოკატმა ახსნა, თუ რატომ ჩათვალა მნიშვნელოვნად მესიჯის წაკითხვა. დაცვა ამ მიმოწერაზე დაყრდნობით შეეცადა სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ ნელი დოროყაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი ნიკას მხრიდან ძალადობა არ ყოფილა.
ასევე ნახეთ ყველაფერი, რაზეც ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავებიან - პროკურორის დასკვნითი სიტყვააშშ-ის ეპიზოდი - 2018 წლის 28 აგვისტო
დაცვა ირწმუნება, რომ აშშ-ის სასტუმროში არანაირი ძალადობა არ მომხდარა. ამ ეპიზოდზე დოროყაშვილი ამბობს, რომ ნომერში დაბრუნებულმა ქმარმა მასზე ფიზიკურად იძალადა და შემდეგ ჩოგნებიანი სპორტული ჩანთა ჩაარტყა.
“ნელი დოროყაშვილი ცალსახად გვიმტკიცებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე ძალადობის შემდეგ, რაც გამოიხატებოდა თმებით თრევაში, იატაკზე ხოხიალში, მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სიწითლეები, სილურჯეები არ ჰქონია… თან გვიმტკიცებს, რომ ჩანთამ, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აიღო და ესროლა ნელი დოროყაშვილს, რაიმე სახის სერიოზული დაზიანება არ დატოვა”, - ამბობს ადვოკატი თეონა გვაზავა.
მან სხდომაზე კიდევ ერთხელ ჩართო ვიდეოჩანაწერები, რომელიც სასტუმროს ნომერში ნელი დოროყაშვილმა ტელეფონით გადაიღო.
ვიდეოებში ნელი დოროყაშვილის მიერ აღწერილი ძალადობის სცენა არ ჩანს. [პირველ ვიდეოში] ტელეფონი იღებს საწოლის ფრაგმენტს, შემდეგ [მეორე ვიდეოში] ჩანს ჩოგბურთელი, რომელიც ჩანთას ალაგებს და ისმის ნელი დოროყაშვილის ხმა: “ჩაალაგე ტანსაცმელი და წადი…” - ეუბნება ის ბასილაშვილს ანერვიულებული, ნამტირალევი ხმით. ვიდეოში არ ისმის და არ ჩანს, რომ ქალის ამ ნათქვამზე ბასილაშვილმა რაიმე კომენტარი გააკეთა.
ორი მოკლე ვიდეოჩანაწერის შინაარსის შეფასებისას დაცვა ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ძალადობის სცენა დადგმული იყო და ნელი ხელოვნურად ცდილობდა ვიდეოგადაღებისას შეექმნა განცდა, თითქოს მასზე ნიკამ იძალადა.
ჩანაწერის ანალიზისას, თეონა გვაზავა აღნიშნავს, რომ ჩოგნების ჩანთა იყო ღია და როცა ნელი დოროყაშვილი ამტკიცებს, რომ ჩოგნებით სავსე ჩანთა მესროლაო, “ეს არის მორიგი ტყუილი… ჩემოდანი საერთოდ არ აუწევია ნიკოლოზ ბასილაშვილს და არ უსვრია”.
ასევე, აჩვენეს ნელი დოროყაშვილის ფოტოები, რომელიც, ადვოკატის თქმით, მისი ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ამოიღეს. ეს ფოტოები საქმეში არ დევს. დაცვის მხარე შეეცადა იმის დემონსტრირებას, რომ 2018 წლის აგვისტოში ნელი დოროყაშვილი სავარაუდო ძალადობის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, ქუჩაში ფოტოებს იღებდა და ნიუ-იორკის მაღაზიებში საყიდლებზე დადიოდა.
“აი, ნახეთ ნაძალადევი ნელი დოროყაშვილი, თარიღს დააკვირდით, როდისაა ატვირთული, 2018 წლის 28 აგვისტოს, ეს საჯარო ინფორმაციაა”, - თქვა ადვოკატმა და გადიდებულ ეკრანზე გამოსახული ნელის მოღიმარი ფოტოსკენ მიუთითა სასამართლოს.
დასკვნით სიტყვაში იმ ფოტოების გამოყენება, რომელიც საქმის მასალებში არ დევს, პროკურორმა გააპროტესტა. მისი თქმით, დაუდგენელია ამ სურათების ავთენტურობა და გადაღების დრო, რომ ამ მასალას დაცვა ნელი დოროყაშვილის დისკრედიტაციისთვის იყენებს.
“ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, მოუწოდოთ [დაცვას], რომ გათიშოს [ეკრანი]”, - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს, თუმცა ამის პარალელურად ადვოკატი ეკრანზე კვლავ ცვლიდა სხვადასხვა ფოტოს და განაგრძობდა გადაღების თარიღებზე საუბარს. ადვოკატმა გამოსახულება მხოლოდ მოსამართლის მოწოდების შემდეგ გათიშა.
პირველი აპრილის ეპიზოდი
“2019 წლის პირველ აპრილს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, და მიდის ავჭალაში, რის შემდეგაც მიდიან ჭავჭავაძის გამზირზე, შვილის მოსანახულებლად. იქ დაყოფენ გარკვეულ დროს და ტოვებენ ნელის სახლს", - იწყებს თხრობას ჩოგბურთელის დაცვა. ამ ეპიზოდში ნელი დოროყაშვილი ამტკიცებს, რომ ნიკოლოზმა მას ხელი ძლიერად გადაუგრიხა მას შემდეგ, რაც დედამთილს შეეპასუხა.
ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ფოტოები, სადაც სხეულის ცალკეული ნაწილებია ასახული და გაურკვეველია, ნამდვილად ნელი დოროყაშვილის სხეულია ეს თუ არა:
"ვხედავთ, რომ წარმოდგენილია ხან ხელის, ხან ფეხის, ხან კონკრეტული სახის დაზიანება და არ ვიცით, ვისია აღნიშნული ხელი. დაზიანება სრული მოცულობით კადრში არ ჩანს, რომ ეს კონკრეტულ შემთხვევაში ნელი დოროყაშვილის ხელია…"
30 აპრილის ეპიზოდი
ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ ეპიზოდიდან ბრალდებას აქვს სურათი, სადაც ჩანს, რომ ნელი დოროყაშვილს მუხლი აქვს დაზიანებული.
"ამ დაზიანებაზე რას ამბობს ნელი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფეხი აიღო, პორშეს ძალიან ვიწრო მანქანაზეა საუბარი, გადმოწია და მიაყენა დაზიანება. ამასთან, ნელი გვეუბნება, რომ მანქანა მოძრავ მდგომარეობაშია... შეეძლო თუ არა საგამოძიებო ორგანოს მოეპოვებინა მტკიცებულება და შეგვეფასებინა მოწმის სანდოობა? მოწმე ამბობს, რომ მანქანიდან გავიქეცი, შევედი მაღაზიაში და კონსულტანტები დამეხმარნენო", - თქვა ადვოკატმა და იკითხა, გადაამოწმა თუ არა პროკურატურამ კონსულტანტებთან ეს ინფორმაცია?
“არა", - თავადვე უპასუხა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თავისსავე კითხვას. "რაც უფრო მეტი ეპიზოდი იქნებოდა, ეს აწყობს დაზარალებულს, რათა განავითაროს თავისი მოსაზრება. განა ამდენ ტყუილს ამბობს ნელი დოროყაშვილი? სწორედ ესაა მისი მიზანი".
ადვოკატმა აღნიშნა ისიც, რომ საქმეში არაა სატელეფონო ანძების ამონაწერი, რომელიც დაადასტურებდა ნელი დოროყაშვილის მეგობრებთან საუბარს ამ სავარაუდო ძალადობის ეპიზოდის შემდეგ,
21 მაისის ეპიზოდი
ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ნელი დოროყაშვილის ჩვენების სანდოობას ამ ეპიზოდზე და ამბობს, რომ პირველ სამ ჩვენებაში იგი მანქანასთან ძალადობას არ ახსენებს. იგი გულისხმობს ეპიზოდს, როდესაც ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილების ოჯახის სახლში მივიდა. დაზარალებულის თქმით, მას ბავშვის წამოყვანა სურდა.
ადვოკატის თქმით, ნელი დოროყაშვილი, რომელმაც დაინახა, რომ ბავშვი ძალიან ტიროდა, იმისთვის მოიცალა, რომ მანქანას მოშორდა და ხელის მოძრაობით ნატალია ნაჭყებიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა: “ნატო, შენთან არ მოვსულვარ, შეეთრიე სახლში”.
მან, ასევე მოჰყვა იმ მოწმის ჩვენების ამონარიდი, რომელმაც სავარაუდო ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილი ბავშვთან ერთად მანქანით გაიყვანა.
“ბავშვმა ტირილი დაიწყო მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩაჯდა, მანქანა დაიძრა, უკან მოიხედა და თქვა: “მამასთან მინდაო”.
ადვოკატმა გაიხსენა პროკურორის დასკვნითი სიტყვა, რომელმაც სხდომაზე 112-ში შესული ზარის ჩანაწერი, ნელი დოროყაშვილისა და ოპერატორის დიალოგი წარადგინა. ბასილაშვილის დაცვა აღნიშნავს, რომ ნელიმ, პირველად პატრულში დარეკა და არა სასწრაფოში.
“ამ ჩანაწერში რა ჩანს? პატრული მოვიდესო. ოპერატორი ეხვეწება, სასწრაფოც ხომ არ მოვიდესო? არ მინდაო. მაინც ხომ არ ჯობია, მოვიდესო? ხო, კარგი, მოვიდესო”, - თქვა ადვოკატმა და სასწრაფოს ექიმის ჩვენება წაიკითხა სხდომაზე:
“დავამშვიდეთ პატარა დამამშვიდებლით, მკლავზე ჰქონდა განაკაწრი… რომ ვკითხეთ, საიდან ჰქონდა, თქვა, რომ მიჭერდაო ხელსო, მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდა, ვერ გაიხსენა. დაზიანება მცირედი ექსკორიაციის [კანის ზედაპირის დაზიანება] სახით იყო, გაქერცლილი და შეწითლებული. მამამთილმა მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურზე მეუღლეზე იძახდა, რაც გაჯანჯღარებაში გამოიხატა. მას არ დაუკონკრეტებია ჩვენთან დანარჩენი, შემდეგ უკვე პატრულმა დააკონკრეტებინა ყველაფერი, თავში ხო არ დაგარტყაო და კიო, უპასუხა პატრულს…”.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
იგი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.