Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიკოლოზის მოთხოვნით მომიწია კარიერის მიტოვება, სამსახურის დატოვება" - ნელი დოროყაშვილი


ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი
ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე მას ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები კითხავენ.

ნელი დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილთან თანაცხოვრების დროს, გარკვეული პერიოდით ცესკოში, "ქოლცენტრში" მუშაობდა, თუმცა ქმრის მოთხოვნით სამსახური მიატოვა და ამავე მიზეზით ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება.

"მე დავასრულე სწავლა უნივერსიტეტში, ვაპირებდი სწავლის გაგრძელებასაც... სანამ შეყვარებულები ვიყავით, არ მქონია განცდა, რომ იძალადებდა, ყველაფერზე ნალაპარაკები გვქონდა, ჩვეულებრივად ვფიქრობდი კარიერის გაგრძელებას", - აღნიშნა ნელი დოროყაშვილმა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატ თეონა გვაზავას კითხვაზე, ცესკოში სამსახურის მიტოვება ბასილაშვილის მოთხოვნა იყო თუ არა, დოროყაშვილმა უპასუხა: "ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნა... მისი მოთხოვნით მომიწია კარიერის მიტოვება, სამსახურის დატოვება".

ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, როგორ აპირებდა ახალდაქორწინებული ადამიანი მეუღლესთან თანაცხოვრებას, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი საზღვარგარეთ დადიოდა ტურნირებზე, დოროყაშვილმა თქვა, რომ ისე - როგორც "სხვა ჩოგბურთელების ცოლები" ცხოვრობენ.

"ისინი არიან რეალიზებულები თავისი კონკრეტული საქმით. ჩვენთვის პრობლემა არ იყო ონლაინურთიერთობა, ჩვენ ამას შეჩვეულები ვიყავით, [დაქორწინებამდე] წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდით ონლაინ. ჩემს სამსახურთან მქონდა საუბარი და შემიწყობდნენ ხელს, რომ ქმართან წავსულიყავი".

ნელი დოროყაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქმრის მოთხოვნით ვერ გააგრძელა მაგისტრატურაზე სწავლა. მისივე სიტყვებით, ბასილაშვილს პრობლემა ჰქონდა იმაზეც, რომ "2-თვიანი კურსები გაევლო".

"მეუბნებოდა, მე არ ვარ საქართველოში, არ ვარ ბავშვთან და იყავი სახლში და ბავშვს მიხედეო".

ნელი დოროყაშვილის თქმით, ქმარმა მას ტურნირზე წასვლის დროს თავისი ტელეფონი დაუტოვა, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ფარულად უსმენდა.

"ჩემი ტელეფონი გამიტეხა და სამსუნგი დამიტოვა. 1 თვის განმავლობაში მისმენდა", - თქვა დოროყაშვილმა.

ბასილაშვილის ადვოკატმა მას ასევე ჰკითხა მამხილებელი მტკიცებულებების ტელეფონში შენახვაზე. ნელი დოროყაშვილის თქმით, მამხილებელი ფაქტები გადაღებული ჰქონდა, თუმცა გატეხილი "აიფონიდან" ვერ მოხერხდა ინფორმაციის ამოღება, რადგან "iCloud-ის პაროლი ვერ გაიხსენა".

სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატმა თეონა გვაზავამ აღნიშნა, რომ ნელი დოროყაშვილი სასამართლო პროცესებზე ცრუობს და ამის "არაერთი მტკიცებულება" აქვთ.

"საქმეში მოთავსებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია წინა თუ დღევანდელზე, არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთ დროს ჩვენ ვეფუძნებით არა ნელი დოროყაშვილის მეგობრების ჩვენებებს, არამედ ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიცაა მის მიერ განხორციელებული მიმოწერები, მის მიერ დამზადებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები".

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა - ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, მას ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG