ბაიდენი "სიმამაცის ხეივანში" - მოულოდნელი ვიზიტის ისტორიული, სიმბოლური და პოლიტიკური ასპექტები

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში.

„პუტინის დამპყრობლური ომი მარცხისკენ მიექანება. ...რუსეთთან ომის ერთი წლის თავზე კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, ამერიკელები და მთელი მსოფლიო თქვენ გვერდით დგანან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 თებერვალს, რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით მდგომმა.

სიმბოლურობა

ბაიდენის პირველი კადრები კიევიდან, საჰაერო სირენების ფონზე, უკრაინის დამცველთა მემორიალიდან გავრცელდა. 20 თებერვალს უკრაინაში იხსენებდნენ მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ერთგული სპეცრაზმელების მიერ 9 წლის წინ, ამ დღეს, „ღირსების რევოლუციის“ დროს დახოცილ „ზეციურ ასეულს“, ხოლო კიევიდან შორს, დონეცკის ოლქში, რუსეთის არმია მთელი ძალებით აგრძელებდა იერიშებს, რათა ომის დაწყების წლისთავზე მცირე გამარჯვებას მაინც მიაღწიოს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პატარა ქალაქ ბახმუტის აღება უპატაკოს.

მრავალთვიანი იერიშებისა და დიდი დანაკარგების მიუხედავად ბახმუტი დგას და ამაში თავისი დამსახურება აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის სამხედრო-ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებასაც მიუძღვის.

კიევში ვიზიტისას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას და უკრაინელ ხალხს საჯაროდ დაჰპირდა 500 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საარტილერიო ჭურვები და სხვა შეიარაღება შევა.

როგორ აღმოჩნდა ბაიდენი კიევში?

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში მაქსიმალურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით ჩატარდა.

მთელმა მსოფლიომ ჯო ბაიდენის კიევში ყოფნა მას შემდეგ შეიტყო, რაც ის უკვე კიევში იყო და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დამცველებს მიაგებდა პატივს. არადა, აშშ-ის ლიდერი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა, რომელიც ამ მანძილის გავლას სულ მცირე 4 საათს ანდომებს. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პოლონეთში 21 თებერვალს უნდა შეხვედროდნენ.

„არავის არ გვქონდა ინფორმაცია ჯო ბაიდენის ჩამოსვლის შესახებ. ყველას გვეგონა, რომ ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრა შედგებოდა ქალაქ ჟეშუვში პოლონეთში, სადაც ჯო ბაიდენის ვიზიტი ხვალ უნდა დაწყებულიყო. დღეს იყო ასეთი მომენტი, როცა მთელი ქალაქი იყო გადაკეტილი, ყველას უკვირდა და ერთმანეთს ეკითხებოდა. რა ხდებაო", - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა, წარსულში უკრაინაში საქართველოს საელჩოს პრესატაშემ, ბაჩო ქორჩილავამ, რომელიც ამჟამად კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ეხმარება ჟურნალისტებთან შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და პირდაპირი ჩართვების ორგანიზებაში.

"ცხადია, პრეზიდენტი ბაიდენი მატარებლით ჩამოვიდა კიევში. რკინიგზა დღეს უკრაინის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა“, - ამბობს ქარჩილავა.

ჯო ბაიდენის 20 თებერვლის ვიზიტი კიევში ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ლიდერი ჩადის ისეთ კონფლიქტის ზონაში, სადაც აშშ ან მისი ნატოელი მოკავშირეები ვერ აკონტროლებენ მასპინძელი ქვეყნის საჰაერო სივრცეს. შესაბამისად, როგორც სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ წერს, უკრაინის დედაქალაქში ჯო ბაიდენის რამდენიმესაათიანი ვიზიტის განმავლობაში, კიევს პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სივრციდან ადევნებდნენ თვალს ამერიკული სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავები RC-135W Rivet Joint-ი და საჰაერო რადარები E-3 Sentry.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე ამერიკულმა მხარემ საქმის კურსში ჩააყენა კრემლი. თეთრ სახლში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მან ვიზიტის შესახებ აცნობა მოსკოვის, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი ისეთი შეცდომა, რასაც შეეძლო პირდაპირი კონფლიქტი გამოეწვია ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტმა კიევში ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ვერხოვნა რადის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. საავიაციო სირენების ფონზე გაიარა კიევის ქუჩებში და გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც დაგმო რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი.

„პუტინის დამპყრობლური ომი მარცხდება. რუსეთის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიის ნახევარი, რომელიც ადრე ჰქონდა ოკუპირებული. ახალგაზრდა ნიჭიერი რუსები გარბიან ქვეყნიდან, რადგან ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში განხეთქილების შეტანასა და უკრაინის სისუსტეზე აკეთებდა გათვლას.

მთელმა მსოფლიომ ჯო ბაიდენის კიევში ყოფნა მას შემდეგ შეიტყო, რაც ის უკვე კიევში იყო და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დამცველებს მიაგებდა პატივს.

იმედები, რაც ბაიდენის ვიზიტს დაუკავშირდა

ორშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას „ნაყოფიერი“ და „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა უკრაინის პრეზიენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ამ ვიზიტმა დაარწმუნა, რომ „2023 წელი გამარჯვების წელი გახდება“.

უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის გარდა, ჯო ბაიდენის ვიზიტმა და უკრაინის დახმარების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ უბრალო მოქალაქეებს და, პირველ ყოვლისა, რუსეთთან ომის ფრონტის წინა ხაზზე მყოფ მებრძოლებს მისცა მნიშვნელოვანი სტიმული.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამჟამად ზაპოროჟიეში ვიმყოფებით, ორი გათვლის ჯგუფი ვართ, ერთმანეთს როტაციით ვენაცვლებით ბახმუტში. ჩვენ ზეგ ვბრუნდებით ბახმუტში, მეორე ჯგუფი კი გადმოინაცვლებს ზაპოროჟიეში. მე შემიძლია გითხრათ, თუ რა განწყობა იყო ზაპოროჟიეში. ბაიდენის ვიზიტი მოსახლეობაში არის საზეიმო განწყობის ტოლფასი, ხოლო რაც შეეხება მეომრებში, ეს არის დამატებითი სულისკვეთება, დამატებითი სტიმული და ენერგიაა, რომ აუცილებლად მივიყვანოთ ეს ომი ბოლომდე. იმიტომ, რომ ბოროტება უნდა დამარცხდეს და ამას ჩვენთვის, ქართველებისთვის ორმაგი მნიშვნელობა აქვს - გამომდინარე იქიდან, რომ ბოროტება მარცხდება და გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას ეომება ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ასე რომ, ჩვენთვის ეს [ბაიდენის ვიზიტი] დამატებითი, სამმაგი სტიმულია, რომ მივიყვანოთ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე“, - უთხრა კობა ხაბაზმა, უკრაინაში მოქმედი ქვედანაყოფის, „ქართული ლეგიონის“ არტილერისტმა, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრმა, რადიო თავისუფლებას.

კიევში ყოფნის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციის შექმნაში „ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე“ და მოკავშირეთა მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში, რაც უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

"ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს ან დაეხმარონ რუსეთის სამხედრო მანქანას...“ - ჯო ბაიდენი.

„მე ვაცხადებ, რომ გაგრძელდება კრიტიკულად საჭირო იარაღის, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის გამანადგურებელი სისტემებისა და რადიოსალოკაციო საშუალებების მიწოდება, რაც უკრაინელებს საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება. ასევე ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს ან დაეხმარონ რუსეთის სამხედრო მანქანას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2-მილიარდიანი პაკეტი. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს GLSDB-ებს, რომელთა ფრენის რადიუსი 150 კილომეტრია. პაკეტი მოიცავს ასევე HIMARS-ის სისტემების ამუნიციას, ჯავშანტექნიკას, Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Puma-ს უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin-ებს.

ასევე ნახეთ აშშ-მა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი 2,2-მილიარდიანი პაკეტის შესახებ

აშშ-მა, ევროპის ქვეყნებმა, იაპონიამ და ავსტრალიამ უკვე აღმოუჩინეს უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული. აშშ-ის დახმარება ყველაზე მასშტაბურია. უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მოცულობის თვალსაზრისით შემდეგ მოდიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიულს უწოდებენ უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე სიმბოლურ ასპექტზეც ამახვილებენ ყურადღებას.

„ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში ნამდვილად არის ისტორიული, რადგანაც კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას გამარჯვებამდე. „ზეციური ასეულის“ ხსენების დღეს მაიდანზე ყოფნით ბაიდენმა აჩვენა, რომ უკრაინას მხარს უჭერს სწორედ ფასეულობების დონეზე. მას ესმის, თუ რატომ ებრძვის უკრაინა რუსეთს, ესმის, თუ რატომ არის რუსეთზე უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანი, რადგან ეს დღეს მნიშვნელოვანია მთელი დასავლური სამყაროსთვის. აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს სხვა დიქტატორებისათვის იმის დემონსტრირება, რომ აშშ, ნატო, ევროკავშირი ერთად დგანან და მხარს უჭერენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ დემოკრატიაში ცხოვრება თანამედროვე სამყაროში და არ სურთ უკან, ბნელ წარსულში დაბრუნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.

„გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა აჩვენა, რომ ის არის დემოკრატიული სამყაროს ლიდერი და ის არის ვლადიმირ პუტინის სრული ანტიპოდი. ვიდრე პუტინი ბუნკერებში იმალება, ბაიდენს არ ეშინია კიევის ცენტრში გამოჩენისა საავიაციო განგაშის ფონზე. ეს არის მართლაც ძლიერი ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აშშ შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

„კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ აშშ ტრადიციულად აგრძელებს პუტინისთვის სილის გაწვნას. გავიხსენოთ, რომ მან ლენდლიზის შესახებ კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა, კიევში კი ჩამოვიდა დღეს, როდესაც 9 წლის წინ ასამდე ადამიანი ცივსისხლიანად დახვრიტეს კიევის ცენტრში, ხოლო ყირიმში იწყებოდა ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდება ე.წ. პატარა მწვანე კაცების მიერ. ჯო ბაიდენმა კიევში თავისი ვიზიტით აჩვენა, რომ მას ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის. და ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ [ვიცე-პრეზიდენტი] კამალა ჰარისიც და [სახელმწიფო მდივანი] ენტონი ბლინკენიც, რომლებმაც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადეს რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე“.

„კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ აშშ ტრადიციულად აგრძელებს პუტინისთვის სილის გაწვნას. გავიხსენოთ, რომ მან ლენდლიზის შესახებ კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა, კიევში კი ჩამოვიდა დღეს, როდესაც 9 წლის წინ ასამდე ადამიანი ცივსისხლიანად დახვრიტეს კიევის ცენტრში, ხოლო ყირიმში იწყებოდა ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდება ე.წ. პატარა მწვანე კაცების მიერ..." - ევჰენ მაგდა.

ჯო ბაიდენის ვიზიტამდე, ბოლოს უკრაინაში 2008 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი იმყოფებოდა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ყოფნის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენჯერმე იმყოფებოდა კიევში. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე იყო სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ჩავიდა უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევი კვლავ მატარებლით დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა.

საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში მისი მოულოდნელი სტუმრობისა და უკრაინის თავდაცვის საქმეში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად კიევის ცენტრში, ვერხოვნა რადის გვერდით მდებარე „სიმამაცის ხეივანში“ გაჩნდა ახალი აბრა წარწერით „ჯო ბაიდენი“.