ბათუმში რეპრესიების მსხვერპლთა ახალ სამარხს მიაგნეს

ბათუმში ნაპოვნი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა 150 ნეშტის გარდა, 30 აპრილს, ყოფილი რუსული სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, რომელიც ახლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, კიდევ ერთ სამარხს მიაგნეს.

1937-38 წლებში, სტალინური რეპრესიების დროს სავარაუდოდ, ამ ადგილზე დახვრიტეს ათეულობით ადამიანი და საერთო სამარხში ჩაყარეს. ბათუმის ეპარქიის წარმომადგენელი, ისტორიკოსი პირიმზე რურუა ამბობს, რომ 2016 წელს ნაპოვნი 4 სამარხის გვერდით მორიგი კირის ფენა აღმოაჩინეს, რაც საერთო საფლავის კვალზე მიუთითებს.

„როდესაც ამ ადამიანებს ხვრეტდნენ და ყრიდნენ ორმოში (ძალიან მძიმე სანახავია, ყველას ხელები აქვს შეკრული ზურგზე და პირქვე არიან დამხობილი ), შემდეგ დახვრეტილი ადამიანების ცხედრებს აყრიდნენ კირის ფენას, ანუ მიწას მაშინვე არ აყრიდნენ, ალბათ იმიტომ რომ არ მისულიყო ფრინველი ან ცხოველი, და როცა ორმო ამოივსებოდა, ალბათ მერე ფარავდნენ მიწით. სულ ახლახან, გუშინწინ, იქვე ახლოს ტერიტორიის მოსუფთავების დროს ისევ გამოჩნდა კირის ფენა და მეორე ორმო, რომელშიც, სავარაუდოდ, ათეულობით ადამიანის ცხედარი უნდა იყოს“.

მეცნიერების ნაწილი საარქივო მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საბჭოთა რეპრესიების დროს ბათუმში არა 6013, არამედ 1050 ადამიანი დახვრიტეს. მათგან 150-ის ნეშტის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ აპრილის დასაწყისში გაავრცელა.

აღმოჩნდა, რომ სამარხს 2016 წელს მიაგნეს. მაშინ საქმეში საპატრიარქოსთან ერთად ჩაერთო კრიმინალური პოლიცია. როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ამბობენ, სახელმწიფო უწყებებთან ერთად სამარხების აღმოჩენის შესახებ კვლევით ინსტიტუციებსაც შეატყობინეს, თუმცა მაშინ არავინ დაინტერესებულა.

დაღუპულთა ნეშტები ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფში გადაასვენეს. ამოიღეს აგრეთვე არტეფაქტები - ტყვიის ვაზნები, მონეტები, დაღუპულთა ნივთები და სხვა, - რაც, სპეციალისტების თქმით, 90 %-ით ადასტურებს, რომ ეს სწორედ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა საფლავია.

გათხრის დროს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ერთმანეთზე უწესრიგოდ დაყრილი და შემდეგ მიწით დაფარული ადამიანების ჩონჩხები. მათ ხელები აქვთ შეკრული, თავის ქალებზე კი ნატყვიარები ეტყობათ. დოკუმენტური ფოტომასალა ცხადყოფს, თუ რა სისასტიკითა და წამებით არიან ადამიანები მოკლული.

ბათუმის ეპარქიამ აპრილის ბოლოს ნეშტების დაკრძალვა გადაწყვიტა, თუმცა გარდაცვლილთა ნათესავების ნაწილმა და მუსლიმმა თემმა თარიღის გადავადება და სახელმწიფო კომისიის შექმნა მოითხოვა.

„მოხდეს თითოეული ნეშტის იდენტიფიცირება, რომ შთამომავლობამ იცოდეს, რომელია მისი წინაპარი“

კომისიაში საპატრიარქოსა და სამუფთოსთან ერთად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან.

პროცესში ჩაერეთვნენ დარგის სპეციალისტები, სამეცნიერო წრეებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები. კომისია უნდა შეთანხმდეს აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღსა და ადგილზე, ასევე მათი იდენტიფიკაციისა და შესწავლის მეთოდზე.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ნიმუში უნდა აიღონ და რაც შეიძლება მალე დაკრძალონ, რადგან, ნაპოვნი ნეშტების ძვლები უკვე იშლება. ასევე მიიჩნევენ, რომ ნეშტები სამოქალაქო წესით იქვე უნდა დაიკრძალოს, სადაც სამარხი აღმოჩნდა.

ამ აზრს იზიარებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა და მეცნიერთა ნაწილი.

„ეს გლობალური მნიშვნელობის აღმოჩენაა, რადგანაც საბჭოთა რეპრესიები მიჩნეულია ერთ -ერთ ყველაზე დიდ ბოროტებად, რაც კაცობრიობის ისტორიას გადახდენია და საქართველო, სამწუხაროდ, ამ ისტორიის ნაწილია. ეს ადგილი, სადაც სამარხები აღმოაჩინეს, თავისი მასშტაბით საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ იქ პატივით და შესაბამისი წესით დაიკრძალოს ნეშტები. იდეა გაჟღერდა კომისიის სხდომაზე, რომ აქვე მოეწყობა მემორიალი და მუზეუმი. ამ ტერიტორიაზე დაიღვარა მათი სისხლი და სხვა დანიშნულებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია. გარდა ამისა, აქ მათი ნამარხების ჩვენებაცაა შესაძლებელი შთამომავლებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის“, - ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

საქართველოს სამუფთოს წარმომადგენლობა კი ნეშტების დაკრძალვას სხვა ტერიტორიაზე ითხოვს. საკითხის შემსწავლელ სახელმწიფო კომისიაში საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძეა ჩართული. იგი ამბობს, რომ დაღუპულთა იდენტიფიკაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, თუ სახელმწიფო ამას ვერ უზრუნველყოფს, ერთი ნაწილის დნმ-ის კვლევას მოსახლეობა დააფინანსებს.

„მოხდეს თითოეული ნეშტის იდენტიფიცირება, რომ შთამომავლობამ იცოდეს, რომელია მისი წინაპარი“, - ამბობს ადამ შანთაძე.

საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპულთა ვინაობის დასადგენად ყველა ნეშტის სინჯს აიღებენ და შეინახავენ, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ.

მაგრამ ჩატარდება თუ არა დნმ-ის ანალიზი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ზაალ მიქელაძე დაზუსტებით ვერ ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროში იმდროინდელი დაცული საარქივო მასალებით შესაძლებელია ნაპოვნ სამარხებში აღმოჩენილი დაღუპულთა ნეშტების სავარაუდო ვინაობის დადგენა:

„ამ მასალებში მითითებულია, კონკრეტულ დღეს რამდენია დახვრეტილი. ჩვენ შესაძლოა საარქივო მასალებით ინდივიდუალურად ვერ დავადგინოთ დაღუპულთა ვინაობა, მაგრამ შესაძლოა ზუსტად დადგინდეს ამა თუ იმ თარიღის მიხედვით კონკრეტულ სამარხთან დახვრეტილი ადამიანების სია“.

აჭარაში 1937-38 წლებში საბჭოთა სისტემა რამდენიმე მიმართულებით ახორციელებდა რეპრესიებს. როგორც მეცნიერები საარქივო მასალებზე დაყრდნობით ამბობენ, აჭარაში სტალინის გადაწყვეტილებით ჩატარდა სადამსჯელო ოპერაცია იმდროინდელი ელიტის გასანადგურებლად.

პარალელურად ხვრეტდნენ კულაკებს, - შეძლებული გლეხებსა და საქმიანი ადამიანებს. ე.წ. ნაციონალური ოპერაციისას კი ეროვნული ნიშნით დახვრიტეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის თურქეთისა და გერმანიის. აჭარაში 1050 დახვრეტილიდან უმრავლესობა კაცია და 11-ია ქალი.