ამერიკულმა გამოცემა „ფორბს“-მა ევროპის 2020 წლის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორის ბათუმიც დაასახელა იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ნიდერლანდის და უნგრეთის ქალაქებთან ერთად.
Your browser doesn’t support HTML5
გამოცემა წერს, რომ ბათუმი საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი და შავი ზღვის პოპულარული კურორტია და იმის გამო, რომ მიწის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია, შეზღუდვები კი ნაკლები, ახალი პროექტები ჩნდება, რათა გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს: „ინვესტორები, მათ შორის მეზობელი თურქეთიდან უფრო ცნობილ ევროპულ სანაპირო ჰაბებთან შედარებით მისაღები ფასებით არიან მოხიბლულები“.
„ფორბს“-ი იმასაც აღნიშნავს, რომ 2018-დან 2019 წლამდე ბათუმში 22 752 ბინა აშენდა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ახალი შენობების სიმაღლე შეზღუდული არ არის, ამიტომ დეველოპერები და მყიდველები ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებენ.
თავად ბათუმში, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში მშენებლობის ასეთი მასშტაბი და ტემპი დიდ წუხილს და პროტესტს იწვევს. ზღვისპირა ქალაქში, სადაც მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ტრადიციული, ორსართულიანი განაშენიანების გარემოში, დღეს საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვაა გაცემული. ამასთან, ბათუმს არ აქვს განაშენიანების რეგულირების და ურბანული განვითარების გეგმები.
ბათუმის ძველ უბნებში ისტორიული შენობების ნგრევისა და მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე ბოლო წლებში არაერთი ცათამბჯენი გაჩნდა, ქალაქის შემოგარენში ქაოსური მშენებლობების შედეგად კი, ახალი უბნები შეიქმნა.
შეუზღუდავი მშენებლობაა ის პრობლემა, რომელსაც ბათუმელები ყველაზე ხშირად აპროტესტებენ და პოლიტიკის გამკაცრებას, სამშენებლო წესების დამკვიდრებას და ქალაქის სწორ განვითარებას მოითხოვენ. ბოლო ხანს აქტივისტებმა ახალი სამოქალაქო მოძრაობებიც შექმნეს - „დაიცავი ბათუმი“, „ახალგაზრდა მწვანეები“. ქუჩის საპროტესტო აქციებზე და სოციალურ ქსელებში ხშირად ისმის მოთხოვნა: „არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ „დაიცავი ძველი ბათუმი!“
„ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ესაა მთელი ქალაქი, რომელსაც ებრძვის დღეს თითო-ოროლა კაცი, რომელიც გამდიდრების წყურვილით ზის თბილ სკამზე“, - გვითხრა მარიამმა, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. სამოქალაქო აქტივისტი ფილიპე აზნაური კორუფციის ნიშნებს ხედავს: „იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა ნახეს როგორ ხდება ევროპაში ქალაქის დაგეგმარება და ამის შემდეგ იგივეს აგრძელებენ, მეტი რაღა უნდა ვიფიქროთ?!“
„ხალხის ხმა არ ესმით და ორი-სამი კაცის ხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. ბათუმის მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან“, - გვეუბნება ზაზა ფირცხალაიშვილი. ბათუმის იერსახის დამახინჯებით შეწუხებული აქტივისტები ჩივიან, რომ ქალაქს ძველი და ავთენტიკური თითქმის აღარაფერი შერჩა და მერს, ლაშა კომახიძეს „ბეტონის მერს“ უწოდებენ.
„ქალაქი ყოველდღიურად კარგავს სახეს და ამის აღდგენა ვეღარ მოხდება. ეს არ არის ტყის ხანძარი, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღდგება. ეს ნიშნავს, რომ შენ დაკარგე საბოლოოდ და
„ქალაქი ყოველდღიურად კარგავს სახეს და ამის აღდგენა ვეღარ მოხდება. ეს არ არის ტყის ხანძარი, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღდგება.შოთა გუჯაბიძე
სანაცვლოდ ვერაფერს იღებ. სწორედ ამ მიმართულებით მიდის ჩვენი ხელისუფლება. იმიტომ ცდილობენ ბათუმის ისტორიულ ნაწილში აშენებას, რომ ის ლამაზი, მიმზიდველი და მოხდენილია. სწორედ იმას ანადგურებენ, რაც ლამაზია“, - გვეუბნება ბათუმის მკვლევარი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, - ასე უპასუხა 2019 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნას, შეჩერდეს ძველი ბათუმის ნგრევა. რიჟვაძემ მაშინ ისიც თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება კანონიერია. რაც შეეხება „ფორბს“-ის მიერ 2019 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ შეფასებას, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი აღიარება უწოდა: „ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ერთი წლის წინ ვამბობდით გვაქვს ამბიცია, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ ერთი კონკურენტი ქალაქი, ეს უკვე რეალობად გადაიქცა“.
ბათუმის რეალობას არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების შედეგად აფასებს არქიტექტორი და მკვლევარი გია რამიშვილი. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ქალაქებს შორის ბათუმს ყველზე კარგი ქალაქგეგმარებითი ტრადიცია ჰქონდა და ჯერ კიდევ გასულ
საუკუნეებში არსებობდა მშენებლობის წესები, რომელთა დაცვამ უნიკალური ისტორიული განაშენიანება შექმნა. „ახლა კი პროცესი უმართავია“, - გვეუბნება გია რამიშვილი და დასძენს, რომ არაკვალიფიციური გადაწყვეტილებები და ქალქის განვითარების ხედვის არქონა იწვევს დაუგეგმავ და გაუზარებელ მშენებლობებს, რაც სერიოზულად აზარალებს ქალაქის საცხოვრებელ გარემოს: „ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ინსოლაცია, ვენტილაცია, აერაცია და ა.შ. ანუ ჩეულებრივი ჯანსაღი გარემოსთვის აუცილებელ დარგებს დღევანდელი ნორმები არ ითვალისწინებს. ის, რაც „ფორბსს“ დაუწერია, ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს დადებით კონტექსტს. ნებისმიერი მშენებლობისთვის ყოველთვის და ყველგან არსებობს წესები. ნებისმიერი მენაშენე, სახელმწიფოც რომ იყოს, ისე უნდა აშენებდეს შენობას, რომ რაღაც მინიმალური საარსებო გარემო შეინარჩუნოს სხვებისთვისაც“.
ბათუმში სამშენებლო ბიზნესი ანტისოციალურ საქმიანობად იქცა - გვეუბნება ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე: „მშენებლობა საერთოდ, დაკავშირებულია მოქალაქეთა ეგზისტენციალურ მოთხოვნილებათა ფართო კომპლექსთან. ამიტომ, მისი ცალმხრივი განხილვა, როგორც კერძო მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკის დარგის, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში, და რასაც ამ შემთხვევაში „ფორბსის“ სტატია აკეთებს, არასწორია“.
ზურაბ ბაქრაძის თქმით, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ქალაქგანვითარების პროცესებში მათი მონაწილეობა და საზოგადოებრივ სივრცეთა თავისუფალი და თანასწორი გამოყენება ისევეა გასათვალისწინებელი მშენებლობის მართვაში, როგორც საერთო საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური სარგებელი: „ბათუმში მშენებლობამ ყველა ეს საზოგადოებრივი სიკეთე უგულებელყო და ამიტომ იქცა ანტისოციალურ, არაადამიანურ საქმიანობად“.