ბათუმელი აქტივისტები: „ვიწყებთ პროტესტს ბათუმის დასაცავად“

ძველი ბათუმის დამცველები ქალაქის ისტორიული უბნების გადასარჩენად ერთიანდებიან. ჩვენ ვართ ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ვაპროტესტებთ ქალაქის შენების სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას, -უთხრეს მათ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.

სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთმა ლიდერმა, ექიმმა ზეინაბ დიასამიძემ, თქვა, რომ მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის ემზადეებიან:

„ჩვენი მოთხოვნებია:

  • შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული უკანონო ე. წ. ზონალური საბჭო;
  • ბათუმის რივიერაზე ქალაქის მერმა და საკრებულომ არ დაუშვან მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის ფარგლებში;
  • ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ არ მოაწეროს ხელი ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევის გარეშე“.

ამ მოთხოვნებით სამოქალაქო აქტივისტების რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდა. მათ შორის არიან „დაიცავი ძველი ბულვარისა“ და საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის სწორად განვითარების ნაცვლად, შერჩევით, რამდენიმე ინვესტორის ინტერესებს ემსახურება. მათი მოთხოვნაა სასწრაფოდ დამტკიცდეს ისტორიული ქალაქის დამცავი ზონა მეცნიერებისა და მკვლევრების მიერ დადგენილ საზღვრებში, ხოლო მანამდე ძველ ბათუმში გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობაზე, რადგან, როგორც საინიციატივო ჯგუფის, „დაიცავი ბათუმის“, ერთ-ერთი წევრი, ექიმი ფატმა ლორთქიფანიძე ამბობს, ბათუმის ისტორიულ უბანს განადგურება ემუქრება:

„ეს უბანი იმითაა განსაკუთრებული, რომ დაბალსართულიანი სახლებია სანაპიროზე აშენებული ისტორიულად. ევროპული წესებით აშენებული ევროპული ქალაქია. ჩვენ კი, რომლებმაც ევროპული სტანდარტები უნდა დავიცვათ, რაც გამოიხატება, მაგალითად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, ასეთი მიდგომით, - სანაპიროზე მრავალსართულიანი სახლების შენებით და ჩაბეტონებით, - პირიქით, ვშორდებით ევროპას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს. მერწმუნეთ, დაავადებათა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება ვენტილაციისა და ჰაერის გარეშე“.

​ძველი ბათუმის უბნების გადასარჩენად ქალაქის ისტორიული ზონის საზღვრების დადგენას ითხოვს საზოგადოება „ბათომი“. ეს ორგანიზაცია უპირისპირდება აგრეთვეე.წ. ზონალურ საბჭოს. საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტი შითა გუჯაბიძე თვლის, რომ საბჭოს წევრები კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ. მან საჯარო წერილითაც მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, და საბჭოს გაუქმება მოითხოვა:

„ეს არის მთავრობის თავმჯდომარის საბჭო, ანუ თავის გადაწყვეტილებებს ახორციელებს ამ ადამიანების მეშვეობით. მისი პერსონალური საბჭოა, რომელმაც გაანადგურა ძველი ბათუმის არა მარტო უამრავი შენობა, არამედ უბნები დაქალაქს სახე დააკარგვინა. გარდა იმისა, რომ ბათუმმა დაკარგა ისტორიული და კულტურული ღირებულებები, ქალაქში სიცოცხლისთვის საშიში გარემო შექმნეს. ამ გადაწყვეტილების 99 % სწორედ ამ საბჭომ მიიღო. მაგალითად, სასტუმრო „ლეოგრანდის“ აშენების უკანონო გადაწყვეტილება, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სწორედ ამ საბჭომ მიიღო, მიუხედავდ იმისა, რომ ასეთი მასშტაბის მშენებლობა იქ არ შეიძლებოდა. ერთ-ერთი საბჭოს წევრი, რომელმაც თანხმობა მისცა ამ პროექტს, ახლაც იქაა და ასეთ გადაწყვეტილებებს ისევ იღებს“.

​ე.წ. ზონალური საბჭოს შემადგენლობა ქალაქის დამცველების პროტესტს დღესაც იწვევს. 7-წევრიან საბჭოში ყოფილი ან მოქმედი საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც ხმათა უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ისტორიული სახლი დაინგრეს და რა აშენდეს მის ნაცვლად ძველი ბათუმის უბნებში. ამ საბჭომ ბოლო დროს 10-ზე მეტი სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც აქტივისტების პროტესტი გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი საბჭოს წევრის, დავით ზოიძის, კუთვნილ საუკუნოვან სახლს ეხება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია. სახლის მეპატრონემ, რომელიც, ამავე დროს, ზონალური საბჭოს წევრია, სართულების დამატება ითხოვა და მიიღო კიდეც თანხმობა. როგორც მან განმარტა, პრობლემას ვერ ხედავს, რადგან საკითხის განხილვაში არ მონაწილეობდა. კითხვები არსებობს საბჭოს კიდევ ერთწევრთან, ზვიად ბურჭულაძესთან, რომელიც ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსია, ამჟამად კი საბჭოს წევრობასთან ერთად მოქმედი არქიტექტორიც, რომლის არქიტექტურულ პროექტებს ამავე საბჭოზე განიხილავენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ზაურ ახვლედიანიც ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრია. ამბობს, რომ ვერც საბჭოს შემადგენლობაში ხედავს პრობლემას და არც ინტერესთა კომფლიქტის არსებობას ეთანხმება:

„ზვიად ბურჭულაძე იყო ქალაქის მთავარი არქიტექტორი. ხოლო როცა მისი პროექტი გამოდის განხილვაზე, იგი, რა თქმა უნდა, თავს იკავებს და ვალდებულია სხდომიდან გავიდეს. იმას კი ვადასტურებ, რომ არქიტექტურული პროექტების შედგენაში მონაწილეობს“, - ამბობს ზაურ ახვლედიანი, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც უწყების მოადგილესთან ერთად ზონალური საბჭოს სხდომაზე ისეთ საკითხებს დაუჭირა მხარი, რომ ბათუმის დამცველების პროტესტი გამოიწვია. მათ შორისაა ჟორდანიას ქუჩაზე ორი ისტორიული სახლის ნგრევისა და მის ნაცვლად ხუთსართულიანი შუშის სასტუმროს მშენებლობაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ითხოვს ბათუმელების ნაწილი. ამ და სხვა მოთხოვნებით საპროტესტო აქციის გამართვას ისინიკვირას აპირებენენ.