ბათუმის ბულვარის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობს. ბულვარის სასეირნო მთავარ ბილიკთან, ზღვის გასწვრივ, პლაჟზე, იქ, სადაც მანამდე ღია ღამის კლუბი „მანდარინი“ იყო, ახლა ეთნოგრაფიული სახლი შენდება. როგორც ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ობიექტის სახეცვლილებაზე პროექტია შესული, ნებართვა კი არ არის გაცემული. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ ბულვარის სანაპიროზე უკვე არსებული ღამის კლუბის კონსტრუქცია გადაიხურება და არსებითად არ შეიცვლება გარემო:
Your browser doesn’t support HTML5
„ეს არის ფასადის შეცვლა და მოპირკეთება. როგორც იყო, იგივე ზომის იქნება. როგორც მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ობიექტებია, ისეთივე ფუნქციის იქნება ეს სივრცეც, ოღონდ სხვებისგან განსხვავებული. ზუსტად იგივე იქნება, რაც ადრე. გარეგნული არა, მხოლოდ დიზაინერულად ხდება გადაკეთება, ანუ რამე ახალი, მიწასთან დაკავშირებული კონსტრუქციის გაჩენა არ იგეგმება“.
თუმცა ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, ღამის კლუბ „მანდარინის“ ნაცვლად, რამდენიმე ახალი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს ყოფილი კლუბის ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე. ობიექტის გადახურვას კრამიტით აპირებენ, ფასადის მოპირკეთება კი ხის მასალითაა დაწყებული. ბულვარის პლაჟზე მდებარე ახალი სივრცე ხის ოდას ემსგავსება. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, რისთვისაც მერიის სამსახურმა მეპატრონე სიტყვიერად გააფრთხილა და, თუ მშენებლობა არ შეჩერდა, მოიჯარეს დააჯარიმებენ კიდეც. ლაშა კომახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მიმდინარე მშენებლობა მკვეთრად განსხვავდება იმ პროექტისგან, რომელიც მერიაში წარადგინეს:
მე მიმაჩნია, რომ როგორც ჩვენ ეთნოგრაფიულ მუზეუმებში - იქ, სადაც წარმოდგენილია ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები - არ მივალთ საცურაო კოსტუმებით, ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმი არ უნდა მოვიდეს იქ, სადაც ჩვენ ვართ საცურაო კოსტუმებით...
„რაც არ უნდა გაკეთებულიყო, მათ ნამდვილად ძალიან იჩქარეს. მათი განმარტება იყო ასეთი, რომ არ იცოდნენ, თუ არსებულ შენობაზე გარედან ფილების გაკვრას სჭირდებოდა ნებართვა. თითქოს არ სჭირდებოდა, - ასე ხედავდნენ ამ საკითხს, რაზეც, რა თქმა უნდა, ვუსაყვედურეთ. ზედამხედველობის სამსახურით გავაკეთეთ სასწრაფო რეაგირება, შევაჩერებინეთ ნებისმიერი მოქმედება პროექტის საბოლოო დაზუსტებამდე. დამოუკიდებლად მიმდინარეობს ეს პროექტი, როგორც ყველა, მანამდე არსებული, ობიექტი. კომერციას ვაძლევთ მოძრაობის საშუალებას და, რა თქმა უნდა, ესთეტიკას აქვს მნიშვნელობა და პროექტის განხილვა იმიტომ ხდება, რომ ვაკვირდებით ამ პროცესს“.
ბათუმის ბულვარის პლაჟზე ეთნოგრაფიული სახლის მშენებლობა რომ უკანონოდ მიმდინარეობდა, მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ახალი მშენებლობა გააპროტესტა. განხილვის საგნად იქცა ამ ობიექტის ესთეტიკური მხარეც, რომელიც, პროექტის თანახმად, ქართული, ტრადიციული უნდა იყოს. ბათუმელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დანიშნულებისა და შინაარსის სახლი ბათუმის პლაჟზე არ უნდა იყოს:
რატომ უნდა იყოს დაფარული ულამაზესი ჩვენი პლაჟი? რატომ უნდა დაიფაროს ულამაზესი ხედი, როდესაც ცა არის უღრუბლო და მთელი კავკასიონია ხელისგულივით გადაშლილი? მე მაქვს პრეტენზია, ჩემს მეგობრებს და უამრავ ბათუმელს იმაზე, რომ მთლიანად ძველი ბულვარის მიმდებარედ, სადაც ქვიშა და პლაჟია, საერთოდ არ იყოს ეს ხმაურიანი რესტორნები, ბარები და კლუბები...
„მე მიმაჩნია, რომ როგორც ჩვენ ეთნოგრაფიულ მუზეუმებში - იქ, სადაც წარმოდგენილია ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები - არ მივალთ საცურაო კოსტუმებით, ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმი არ უნდა მოვიდეს იქ, სადაც ჩვენ ვართ საცურაო კოსტუმებით. ჩემი აზრი ეს არის, იმიტომ რომ არავინ დაობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავავრცელოთ და გავაცნოთ ჩვენი კულტურა და ისტორია ტურისტებს, მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესია ადგილი - სად ვაკეთებთ ამას? “
ძველი ბულვარის ზღვის სანაპიროზე ახალი ეთნოსივრცისთვის კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებენ სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარის“ წევრები, რომლებიც ორი წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბულვარის სახეცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ. შედეგად კი, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ ვიდრე ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმა არ შეიქმნებოდა, ახალ მშენებლობებს არ დაუშვებდნენ. ბულვარის დამცველებს შორისაა მაია სურმანიძე:
„რატომ უნდა იყოს დაფარული ულამაზესი ჩვენი პლაჟი? რატომ უნდა დაიფაროს ულამაზესი ხედი, როდესაც ცა არის უღრუბლო და მთელი კავკასიონია ხელისგულივით გადაშლილი? მე მაქვს პრეტენზია, ჩემს მეგობრებს და უამრავ ბათუმელს იმაზე, რომ მთლიანად ძველი ბულვარის მიმდებარედ, სადაც ქვიშა და პლაჟია, საერთოდ არ იყოს ეს ხმაურიანი რესტორნები, ბარები და კლუბები. ამისთვის არის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აბსოლუტურად დაუტვირთავია და ეს ძველი ბულვარი, რომელიც კილომეტრ-ნახევარია, ხომ შეიძლება, შენარჩუნდეს და იყოს ავთენტური, იყოს საამაყო, რაც წლების განმავლობაში იყო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ და ჩვენ ვამაყობდით ამ რამდენიმეკილომეტრიანი ხელუხლებელი, მწვანე და რეკრეაციული ზოლით“.
ბათუმის ბულვარის სანაპიროს გასწვრივ რესტორნების მშენებლობის წინააღმდეგია “საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი:
„უფრო მსუბუქი კონსტრუქციის კაფეები იქნებოდა, სავარაუდოდ, დასაშვები, რომელიც რაღაცნაირად საზღვაო და სანაპირო თემატიკაზე იქნებოდა ორიენტირებული. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბათუმის ბულვარში ისედაც ბევრი რესტორანია აშენებული, რომელიც არაა მისაღები, აქედან გამომდინარე, კიდევ ახალი ჩარევა ახალი რესტორნის აშენების სახით, ალბათ, ნაკლებად მიზანშეწონილი იქნებოდა ბულვარისთვის“.
ბათუმის ბულვარს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მართავს. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ძველი ბულვარის დამცველებად მოიხსენიებენ თავს, ორი წლის წინ ითხოვდნენ ზღვისპირა პარკის ბათუმის თვითმმართველობისთვის გადაცემას, თუმცა გასულ წელს ბათუმის საკრებულომ ბულვარის მმართველობაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. დღეს კი აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ, ზღვისპირა პარკში დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტის გამო, მოთხოვნა ისევ დადგება დღის წესრიგში.