სამთვიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მოახერხა დედამ და ადვოკატმა დალაპარაკება ლანა ხუნწარიასთან, რომელსაც საფრანგეთის პროკურატურა ქალაქ ტულონში, ქმრის, 31 წლის მარად სურმანიძის მკვლელობას ედავება.
28 წლის ქალი 2023 წლის 17 დეკემბერს დააკავეს და იმ დღიდან მოყოლებული, ოჯახი და ადვოკატი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ლანა ხუნწარიას ხუთი მცირეწლოვანი შვილი ამ დრომდე საფრანგეთის სოციალური სამსახურის მეურვეობის ქვეშ რჩება. ლანას მშობლები ითხოვენ, რომ ბავშვებზე მეურვეობა საფრანგეთმა მათ გადასცეს.
ბრალდებული ქალის დედის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია: „დედას სთხოვა, რომ შვილებზე პასუხისმგებლობა ბებიამ და ბაბუამ, ანუ, ლანას მშობლებმა აიღონ“, - მეუბნება ნინო ბაისონაშვილი. ის რამდენიმე თვეა ოჯახს და ადვოკატს ფრანგულ მხარესთან კომუნიკაციასა და ლანას ადგილსამყოფლის დადგენაში ეხმარებოდა.
რა ინფორმაციას სთხოვს ადვოკატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს?
ოჯახის ინფორმაციით, ლანა ხუნწარია, წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრებისას იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლანა ხუნწარია, 17 დეკემბერს სწორედ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ის, რომ ბრალდებული ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, ეს ინფორმაცია დამიდასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმაც“, - მეუბნება ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი ელისო რუხაძე.
მან 2024 წლის 4 იანვარს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, არის თუ არა მათ ბაზებში დაფიქსირებული ლანა ხუნწარიას დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერების გამოცემის ფაქტები, ან ფიქსირდება თუ არა უწყებაში ლანა ხუნწარიას განცხადება, სადაც უთითებს ძალადობის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელისო რუხაძემ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი მიიღო:
„მასალებიც ჰქონდათ გამზადებული, ხელვაჩაურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი დაგვპირდა თანამშრომლობას, მაგრამ ბოლო წუთს თავი შეიკავეს და მინდობილობა მოითხოვეს. მოგვწერეს, რომ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გასაცემად საჭიროა სათანადო ფორმით დამოწმებული თანხმობა, რომ მონაცემთა სუბიექტს ნამდვილად სურს მისი მონაცემების ადვოკატისთვის გადაცემა“, - გვეუბნება ელისო რუხაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს პასუხი ადვოკატმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე გაასაჩივრა, თუმცა, ესეც უშედეგოდ:
„შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვდით, რომ გაეთვალისწინებინა ქალის მდგომარეობა, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ და არ აქვს შესაძლებლობა თავად მოიპოვოს მტკიცებულებები, თუმცა, სამინისტროსგან 5 მარტს მივიღეთ პასუხი, რომ დახმარებისთვის უნდა მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქმეში წარმოდგენილი ორდერი არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დაცვის უფლებით სარგებლობაში გაეწია დახმარება“.
„არცერთი უწყება, არც შსს, არც საელჩო არ გვეხმარება“
ქალთა უფლებების დამცველი და აქტივისტი ნინო ბაისონაშვილი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს და ლანა ხუნწარიას ოჯახსა და ადვოკატს ფრანგულ მხარესთან, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებასთან, ადვოკატსა და სოციალურ სამსახურთან კომუნიკაციაში უკვე თვეებია ეხმარება, ამბობს, რომ როგორც ოფიციალურ სტრუქტურებთან, ისე ფრანგული მხარის მიერ დანიშნულ ადვოკატთან ურთიერთობის დამყარება მათთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა:
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქალი როგორც საქართველოში, ისე აქ, საფრანგეთშიც იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ერთი მხრივ, ამ ინფორმაციის მიწოდება გვსურდა ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატი, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, გენდერულად მგრძნობიარე იყოს ამ საქმის მიმართ. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ მართლმსაჯულება ნაკლებად ინტერესდება უკვე მომხდარი ფაქტის პრეისტორიით, არადა, ამ შემთხვევაში, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა მხარეებს შორის“, - ამბობს ნინო ბაისონაშვილი.
ელისო რუხაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ლანა ხუნწარიას ფსიქიატრიული სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
რაც შეეხება ლანა ხუნწარიასა და მისი მცირეწლოვანი შვილების საქმეში საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების ჩართულობას, ადვოკატი ამბობს:
„მსურდა ფრანგული მართლმსაჯულებისთვის მიმეწოდებინა ლანას შესახებ ინფორმაცია, რომ ის უმძიმესი ძალადობის მსხვერპლი ქალია. სამწუხაროდ, ამ საკითხში არც საქართველოს საელჩო საფრანგეთში და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დამეხმარა. ვიმედოვნებ, რომ საელჩო მეტად იქნება დაინტერესებული ხუთი შვილის დედის, ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი შვილების ბედით. ლანას დედა ითხოვს ბავშვებთან შეხვედრას და მეურვეობის აღებას, რაშიც, სამწუხაროდ, არცერთი ინსტიტუცია არ ეხმარება“.
რას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო?
რადიო თავისუფლება ლანა ხუნწარიას საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. საელჩოდან საკონსულოში გადაგვამისამართეს. საკონსულოდან კი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით და ზოგადად გვიპასუხა:
„საფრანგეთში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა დაკავებულის ოჯახის წევრებთან. დაკავებულს თანხმობა აქვს გამოთქმული ინფორმაციის გაზიარებაზე მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისთვის.
პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება არასრულწლოვნებს, დეტალების თქმა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის წევრებთან, რომლებთანაც კავშირზეა საქართველოს კონსული“.
მარად სურმანიძის ოჯახმა ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართა.
11 მარტს მარად სურმანიძის ოჯახმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა. ისინი ხელისუფლებას საფრანგეთში გარდაცვლილი ოჯახის წევრის ცხედრის ჩამოსვენებას სთხოვენ.
მარად სურმანიძის რძალი, ნესტან სურმანიძე ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად, ცხედარი კვლავ საფრანგეთში რჩება:
„გავიდა სამი თვე და ცხედარი ვერ დავიბრუნეთ. როგორ და რა მოხდა, ჩვენ არაფერი ვიცით. ერთადერთი რაც ვიცით, ცოლმა მოკლაო და მეტი არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, დაკავებულია თუ არა ეს ქალი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახს, შვილი წაიყვანეს სამკურნალოდ. ჩემი ქმარი იყო ჩასული, ვერც ბავშვები ნახა, ვერც ცხედარი. საკონსულოში იყო მისული. საკონსულო დაგვპირდა დახმარებას, მაგრამ მოგვატყუეს. გამოძიება რომ დასრულდება, ცხედარს გადმოგცემთო, მაგრამ რით ვერ დასრულდა გამოძიება. ცხედარი რაში სჭირდებათ. ექსპერტიზა ჩატარებულია“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „ქართული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგულ მხარესთან, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურები განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მალე“.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, რომელიც დეკემბრის ბოლოს აქტიურად წერდა ქალაქ ტულონში მომხდარ ფაქტზე, ტრაგედიამდე ჩხუბის ხმა მეზობლებმაც გაიგეს, რომლებსაც ბავშვებმა სთხოვეს დახმარება.
სასწრაფო დახმარების მისვლამდე სწორედ მათ ნახეს უგონო მდგომარეობაში მყოფი 31 წლის კაცი დილის 1:30 საათზე და მას პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს. კაცი გაგუდულს ჰგავდა.
ფრანგული პრესის ინფორმაციითვე, წყვილს ერთხელ უკვე ჰქონდა შეხება საფრანგეთის სასამართლოსთან, სავარაუდოდ, სწორედ ოჯახში ძალადობის მიზეზით, თუმცა მაშინ საქმე დაიხურა.
ასევე ნახეთ რა ელის ლანას - ქართველ ქალს, რომელსაც საფრანგეთში ქმრის მკვლელობას ედავებიან?