აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: მზადება ახალი აჯანყებისთვის

1923 წლის აპრილში მიღებული იქნა აჯანყების ახალი გეგმა: მთავარი დარტყმა უნდა მომხდარიყო თბილისსა და ბათუმზე. გეგმა დეტალურად უნდა დაემუშავებინა სამხედრო-სამოქმედო შტაბს ბოლო დღეებში. სამხედრო კომისიამ ქალაქები და სოფლები დაყო რაიონებად, მებრძოლები კი დააჯგუფა ხუთეულებად, ათეულებად და ასეულებად. განისაზღვრა მთავარი პუნქტები, რომლებიც აღნიშნულ დღეს უნდა აეღოთ. აჯანყება უნდა დაწყებულიყო მთელ საქართველოში ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე საათზე; უნდა ემოქმედათ სწრაფად და შეუჩერებლად, სანამ მტრის რიგებში დემორალიზაცია არ მოხდებოდა. სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელად და მთავარსარდლად არჩეული იქნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე.

სპირიდონ ჭავჭავაძე, სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი

1924 წლის მაისში საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო გვარდიის ლეგენდარული სარდალი ვალიკო ჯუღელი, ტფილისის ყოფილი თავკაცი ბენია ჩხიკვიშვილი, ვასო ნოდია, ვლასა მგელაძე, გრიგოლ ცინცაბაძე და ბიქტორ ცენტერაძე.

საქართველოს ემიგრანტული მთავრობა ვალიკო ჯუღელზე დიდ იმედს ამყარებდა, რისთვისაც მალულად დაამთავრებინეს პარიზში სენ-სირის სამხედრო სკოლა. სწორედ ვალიკო ჯუღელი უნდა გამხდარიყო აჯანყების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური. სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებების მიხედვით, ჩამოსულებმა ჩამოიტანეს ინფორმაცია, რომ საერთაშორისო მდგომარეობა ხელს უწყობდა აჯანყების დაწყებას და „თუ ვინიცობაა, აჯანყება დამარცხდეს, მაშინ მოძრაობა პროვინციებში უნდა გაგრძელდეს, რომ ამით პარიზში მყოფმა გაერთიანებულმა ცენტრმა შესძლოს ზოგიერთ მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოსთან დიპლომატიური წესით მოაგვაროს საქართველოს საკითხი რუსებთან“. - ეს ცნობები სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო საქართველოში მოქმედი დამკომის წევრებისთვის.

ვალიკო ჯუღელი, მართლაც, დიდ აქტივობას იჩენდა სოციალ-დემოკრატების წრეში, ამხენევებდა და აძლიერებდა შეთქმულებს. ჯუღელი აღტაცებაში მოვიდა სამხედრო კომისიის მუშაობით და განაცხადა, რომ ყველაფერი მშვენივრად არის დამუშავებული და, რაც შეიძლება, საჩქაროდ უნდა დაიწყოს აჯანყება. თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. საბოლოო ჯამში, აჯანყება ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

აჯანყების გეგმა და პირველი თარიღი - 17 აგვისტო

1924 წლის ივლისის შუა რიცხვებში „დამკომმა“ მოიწვია გაფართოებული კრება. სამხედრო კომისიამ აღნუსხა რაზმელთა ძალები. მთავარსარდალმა სპირიდონ ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ძალები და ტექნიკური მუშაობა საკმარისად მიაჩნია აჯანყების დაწყებისათვის. მთავარსარდლის შეფასებამ გადაწყვიტა აჯანყების საკითხი, რაც ყველა პარტიამ მიიღო. აჯანყების დღე უნდა დაენიშნა მთავარსარდალს მას შემდეგ, რაც სამხედრო კომისიის დასკვნას ჩაიბარებდა.

1924 წლის 17 აგვისტო - სწორედ ეს თარიღი დანიშნა აჯანყების დღედ დამკომმა, გამოსვლა კი უნდა დაწყებულიყო შემდეგი გეგმით: პირველად გამოვიდოდა თბილისი. ამისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით თბილისს მიუახლოვდა 20 კილომეტრზე და სოფელ ნახშირგორასთან დაბანაკდა. ქაქუცას შეუერთდნენ მიხეილ ლაშქარაშვილი თავისი რაზმით, გ. ნაცვლიშვილი დუშეთისა და დიღმის რაზმით, კაპატანი ვლ. ვაჩნაძე ბორჩალოს რაზმით და კიდევ დაემატა მანგლისის რაზმი.

თბილისში ყველა დამკვრელ რაზმს მეთაურები ჩაუდგნენ სათავეში, დანიშნულ რაიონებში კი სარდლები გაიგზავნენ. აგვისტოს პირველ რიცხვებში ხალხი „დამკომის“ სიტყვას ელოდებოდა აჯანყების დასაწყებად.

ზუსტად იმ დღეებში ვაზიანის მიდამოებში დაბანაკდა მთელი ამიერკავკასიის არტილერია 120 ზარბაზნით. ამ ძალის ხელში ჩაგდება ნახევრად მაინც სწყვეტდა თბილისის ბედს. ამ რაიონის სარდლად დაინიშნა არტილერისტი პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია.

საბედისწერო ჩავარდნა - ვალიკო ჯუღელის დაპატიმრება

ასეთი იყო ვითარება 1-დან 6 აგვისტომდე. 6 აგვისტოს, 10.35 სთ-ზე, საგანგებო კომისიამ (ჩეკა) ვალიკო ჯუღელი დააპატიმრა, როდესაც ის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბორნით საბურთალოში გადადიოდა პარტიულ კრებაზე დასასწრებლად.

ვალიკო ჯუღელის დაკავებას 7 აგვისტოს გაზეთი „წითელი არმიელი“ მოკლე ცნობით გამოეხმაურა, ვრცელი ცნობა კი - „სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარისა და მენშევიკური მთავრობის მთავარი კომიტეტის წევრის, ცნობილი ყაჩაღის, ოსეთისა და აფხაზეთის გამანადგურებლის“ დაკავების შესახებ 9 აგვისტოს დაიბეჭდა.სწორედ ამ დღიდან, 6 აგვისტოდან, დაიწყო აჯანყების გეგმის ჩაშლა. ჯუღელის დაპატიმრებას მოჰყვა გეგმის შეცვლა და აჯანყების ცუდ პირობებში დაწყება.უნდა ითქვას, რომ მანამდე ჩეკამ დააპატიმრა აჯანყებულთა რამდენიმე გამორჩეული ლიდერი: ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი (ეს უკანასკნელი დაიჭირეს იმ დროს, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილთან იარაღს გზავნიდა. იარაღის მომტანთაგან ორში ერთი მოღალატე გამოდგა).

სოლომონ ზალდასტანიშვილის მტკიცებით, ჩეკამ ჯუღელის მოტყუება და აჯანყების გეგმის გამოაშკარავება შეძლო.

„ეს მოხდა შემდეგი სახით: ჩეკას გამომძიებელმა, მოროზოვმა, თავისი შედგენილი აჯანყების გეგმა უჩვენა ვ. ჯუღელს და დაარწმუნა, რომ ვითომ „დამკომის“ სამხედრო კომისიის ერთ-ერთი წევრი ყველა ცნობას აწვდიდა ჩეკას და თუ ვ. ჯუღელი ზომებს არ მიიღებს და „დამკომს“ აჯანყებას არ მოახსნევინებს, ხელისუფლება იძულებული იქნება დიდი სისასტიკე გამოიჩინოს. პირველ რიგში დახვრეტს იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე უკვე დატუსაღებული ჰყავს და შემდეგ ქალაქებს და სოფლებს გაანადგურებს. ამ ტყუილმა ცნობამ ვ. ჯუღელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინვე „დამკომს“ წერილი გამოუგზავნა და სთხოვა აჯანყება მოეხსნათ. რა თქმა უნდა, ჩეკადან გამოგზავნილ წერილს ჩვენთვის ფასი არ ჰქონდა“, - იხსენებს მოგონებებში „დამკომის“ წევრი.

არადა, ვალიკო ჯუღელმა ღია (ვრცელი) წერილით მიმართა თანამებრძოლებს:

„ამხანაგებო, მე წინადადებას გაძლევთ სასწრაფოდ გაარჩიოთ და შემდეგ სრულიადაც მოხსნათ საკითხი აჯანყების მოხდენის შესახებ, რამდენადაც იგი საზოგადოდ იდგა და ბურუსში ხვევდა მებრძოლ საქართველოს გონებას. ...დავრწმუნდი, რომ „სულიერ განწყობილების ლოღიკა“ უნდა შეიცვალოს ფაქტების ლოღიკით, რომ სუბიექტური უნდა ემსხვერპლოს საზოგადოებრივს. ...ჩვენ უნდა გვქონდეს გამბედაობა ამ საკითხის მოხსნისათვის, რადგან იგი ხალხის შუბლს ემუქრება, რადგან მე ვიცი, რომ ხანდახან განწირულ საკითხის მოხსნისათვის მეტი გამბედაობაა საჭირო, ვიდრე თვითმკვლელობისათვის მომაკვდავ ოცნებასთან ერთად....ფაქტების ლოღიკა ჩემს სურვილზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და გააფთრებულ ბრძოლისაკენ მოწოდების მაგიერ, მე მოგიწოდებთ ბრძოლის ყოველგვარ ფორმის უარყოფისაკენ. ...არავითარ ჩეკას არ ძალუძს დამაწერინოს ის, რაც მე არ მსურს“. ამხანაგური სალამით ვალიკო ჯუღელი. საქ. სოკ. დ. პარტ. ცკ-ის და საქ. სოკ. დ. პარტ-ის საზღვარგარეთის ბიუროს წევრი. 1924 წ. 24 აგვისტო. ამიერკავკასიის საგანგებო კომისია. საკანი N19.

თუმცა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი დარწმუნებულია, რომ ვალიკო ჯუღელმა თანამებრძოლებს ბრძოლის შეწყვეტისკენ კი არა, პირიქით, აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წერილში მე-20 საუკუნეში ქვეყნებისა და ერების გაქრობის შეუძლებლობაზე მინიშნება, ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხსენება.

„ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია რემსი მაკდონალდი, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელიც მას აქვს - მეორე ინტერნაციონალის ლიდერი და ქართველი სოც-დეკების დიდი მეგობარი. საბჭოთა კავშირთან დადებულ ხელშეკრულებაში სწორედ მან ჩადო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბრინატეთი ცნობს საბჭოთა სახელმწიფოს ლეგიტიმურად იქ, სადაც მოსახლეობა ცნობს საბჭოეთს საკუთარ მთავრობად. ეს იყო ღია ფანჯარა დატოვებული ოკუპირებული ქვეყნებისთვის: თუ ქვეყანა არ ცნობს საბჭოთა რეჟიმს თავის მთავრობად, მაშინ დიდი ბრიტანეთიც არ აღიარებს ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირის ნაწილად. შესაბამისად, წარმატებული აჯანყებით საქართველოს შეუძლია აჩვენოს, რომ არ ცნობს საბჭოთა რეჟიმს საკუთარ მთავრობად და ამ ბრძოლაში ჰქონდეს ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი. წერილში ვალიკო ჯუღელი აშკარად მიანიშნებს ამ გარემოებაზე, რომ გასწიონ რისკი და სცადონ გამოსვლა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

აჯანყების საბოლოო თარიღი

ჯუღელის მიმართვის მიუხედავად, აჯანყების საკითხი არ მოხსნილა. შესაბამისად, ბოლშევიკებმა დაიწყეს რეჟიმის გამკაცრება: თბილისში დააბრუნეს მანევრებზე გასული ჯარი; 21.00 საათიდან აკრძალეს თბილისიდან გასვლა და შემოსვლა; გაძლიერებულ დაცვაზე აიყვანეს ქალაქის მნიშვნელოვანი პუნქტები, ქუჩების კონტროლი ჩააბარეს „სამხედრო პატრულებს“ და დააპატიმრეს ყველა საეჭვო სამხედრო პირი. ბათუმში აიყვანეს ბათუმის გაერთიანებული ორგანო და გენერალი ფურცელაძე. გურიაში დააპატიმრეს გენერალი ს. ყარალაშვილი, რამაც საგონებელში ჩააგდო სპირიდონ ჭავჭავაძე, თუმცა პრინციპული პოზიცია დაიკავა „დამკომის“ მდივანმა იასონ ჯავახიშვილმა, რომელმაც სპირიდონ ჭავჭავაძეს სოლომონ ზალდასტანიშვილის პირით შეუთვალა, რომ აჯანყებაზე უარი არ ეთქვა:

„მთავარსარდალს გადაეცი, რომ აჯანყება უკვე დაწყებულია და ამ პირობებში უკან დახევა და მისი შეჩერება უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს. ვთხოვ მთავარსარდალს თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგეს“.

შეცვლილმა ვითარებამ გეგმის ცვლილება მოითხოვა. „დამკომისა“ და მთავარსარდლის აზრით, თბილისი აჯანყების ცენტრად ვეღარ გამოდგებოდა. ამიტომ ჩოლოყაშვილის ბანაკი გამოაცხადეს აჯანყების ცენტრად, რამაც პარტიებს შორის უთანხმოება გამოიწვია. „დამკომი“ იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ამ გარემოებისათვის და აჯანყება სხვა დღისთვის გადაედო.

15 აგვისტოსათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში ასეთი ვითარება იყო: კაპიტან ელიზბარ ვაჩნაძის რაზმთან ერთად ქაქუცას 200 კაცამდე ჰყავდა და 300-ს კიდევ მოელოდა. 17 აგვისტოსათვის მ. ლაშქარაშვილი და მ. ნაცვლიშვილი თავიანთი რაზმებით უნდა შეერთებოდნენ. ასე რომ, 17 აგვისტოსათვის სულ 600 კაცამდე უგროვდებოდა. შეფიცულთა თავკაცი დარწმუნებული იყო, რომ ერთ ღამეში რუსებს თბილისიდან გარეკავდა, მით უფრო, რომ თბილისში სხვა რაზმებიც უნდა დახვედროდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი უხალისოდ შეხვდა მთავარსარდლის დადგენილებას აჯანყების გადატანის თაობაზე, თუმცა იძულებული იყო დამორჩილებოდა.

„ხალხი თავს იყრის და თუ დროზე გამოვედით, იმედი მაქვს, რაზმს უფრო გავაძლიერებ, თუ გამოსვლა 20 აგვისტოს არ მოხდა, მაშინ თბილისთან ახლო ტყეში ამდენ ხალხს ვერ შევინახავ, სანოვაგის საკითხი ამისთვის მოგვარებული არ მაქვს და იძულებული გავხდები რამდენიმე დღის შემდეგ ხალხი სოფელში დავაბრუნო. ახლო მომავალში მათი თავის მოყრა ადვილი აღარ იქნება. მინამ გლეხკაცი პურს და ღვინოს არ დააბინავებს, აღარ გამოვა. რადგან გადადება აუცილებელია, მაშინ გონიერება მოითხოვს აჯანყება ოქტომბრისათვის გადაიდოს“, - ასეთი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოზიცია.

საბოლოო ჯამში, აჯანყების საკითხის გადაწყვეტა ხუთ კაცს მიანდეს: „დამკომის“ თავმჯდომარეს კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, მის მოადგილეს იასონ ჯავახიშვილს, სოციალ-დემოკრატიული ბიუროს თავმჯდომარეს დავით ონიაშვილს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს თავმჯდომარეს შალვა ამირეჯიბს და მთავარსარდალ სპირიდონ ჭავჭავაძეს. 24 აგვისტოს გადაწყდა: აჯანყება დაიწყოს 29 აგვისტოს, 2 საათზე (გამთენიისას), მეამბოხეთა მთავარი შტაბი გადავიდეს ქაქუცას ბანაკში. მათვე შეუერთდეს „დამკომი“ და მთავარსარდალი, თბილისში კი დაარსდეს „დამკომის“ განყოფილება. 25 აგვისტოს 5 საათზე კ. ანდრონიკაშვილმა, ი. ჯავახიშვილმა, შ. ამირეჯიბმა, დ. ონიაშვილმა, ა. წულაძემ და მთავარსარდალმა გენერალმა სპ.ჭავჭავაძემ თბილისი დატოევს და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში გადავიდნენ.

სერიის სხვა ნაწილები: