თბილისის „დამკომს“ ექვსი ამოცანა ჰქონდა: ფოსტა-ტელეგრაფის, ჯავშნოსანი ავტომობილების, ჩეკას, კურსანტების, ჯავშნოსანი მატარებლისა და საავიაციო გუნდის დაკავება. რაზმები მზად იყვნენ და განკარგულებას ელოდებოდნენ.
სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებების მიხედვით, აჯანყებამდე ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს, ხალხი მოურიდებლად ლაპარაკობდა მოსალოდნელ წარმატებაზე, ყველას სიხარულისგან სახეზე ღიმილი ემჩნეოდა.
„მე პირადად ალაგს ვეღარ ვპოულობდი და სანატრელ წუთებს, ღამის ორ საათს, მოუთმენლად ველოდებოდი. ნასადილევს გახარებულმა ბავშვმა გაზეთი შემომიტანა - ძია, წაიკითხე, რა კარგი ამბები სწერიაო. გავშალე გაზეთი და ჩემ თვალებს არ დავუჯერე: ჭიათურა 28 აგვისტოს დილით 2 საათზე გამოსულიყო და აჯანყებულ ხალხს ქალაქი დაეკავა. ე.ი. ჭიათურა გამოვიდა 24 საათით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. თავბრუ დამეხვია, კანკალმა ამიტანა, მწუხარებით შეპყრობილმა არ ვიცოდი, რა მექნა! რითი მეშველა?! ამის წამკითხველი მეტყვის - კიდევ იყო გამოსავალი. დიაღ, მეც ვიგრძენი, რომ იყო... მხოლოდ ამისათვის საჭირო იყო ელვის სისწრაფით გვემოქმედა და იმ წუთშივე ყველგან, და განასაკუთრებით თბილისში, აჯანყება დაგვეწყო. მაგრამ როგორ მოგვეწყო ანდა ვინ იკისრებდა ამდენი შეცდომის გამოსწორებას. მთავარსარდალი და ხელმძღვანელი ორგანო 20 კილომეტრით იყო თბილისიდან დაშორებული და ტექნიკურად მოწყვეტილი ჩვენგან“, - ვკითხულობთ სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებებში.
ჭიათურაში აჯანყების 24 საათით ადრე დაწყების შედეგად, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ინიციატივა ჩეკასა და ბოლშევიკების ხელში გადავიდა. 28 აგვისტოსვე გამოაცხადეს სამხედრო წესები, დაიკავეს ჯავშნოსანი ავტომობილები, ფოსტა-ტელეგრაფი. ჯავშნოსანი მატარებელი ჭიათურაში გაგზავნეს, საეჭვო ოფიცრები დროებით ადგილებიდან გადააყენეს, პარტიული რაზმები ქუჩაში გამოიყვანეს და ბევრი სხვა ზომა მიიღეს.
29 აგვისტოს ღამით დააპატიმრეს და დახვრიტეს კახეთის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
აჯანყების გადარჩენის ერთადერთ იმედად რჩებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას რაზმები, თუკი იჩქარებდნენ და თბილისს მიადგებოდნენ მანგლისიდან და ვაზიანიდან, მაგრამ ისე გავიდა 29-30 აგვისტო, რომ თბილისზე იერიში არ დაწყებულა. მანგლისიც და ვაზიანიც დუმდა.
რატომ?
ირაკლი ცაგურიამ თავისი 300-კაციანი რაზმით („300 ყოჩაღი და ამაყი გლეხი“) ვერ შეძლო ვაზიანის დაკავება და თბილისზე გალაშქრება. როგორც ირაკლი ცაგურია იხსენებს თავის მოგონებებში, მისმა რაზმმა სამხედრო ოპერაციის პირველი ნაწილი წარმატებით შეასრულა: აჯანყებულების მხარეს გადავიდა 12 სოფელი, მაგრამ ვერ შეძლო ვაზიანის საარტილერიო ბაზის დაკავება და იქიდან თბილისზე იერიშის მიტანა.
„ვუახლოვდებოდით მტრის ბანაკს, როდესაც ჩვენი სვლა შენიშნა მტერმა პროჟექტორების საშუალებით. ბატარეიდან ათი კილომეტრის მანძილზე ავუტეხეთ სროლა უკანა მცველებს. გაჩაღდა ბრძოლა. ამ მომენტში მაცნობეს მტრის კავალერიის სამი პოლკის ჩვენკენ გამომგზავრება წითლების გასაძლიერებლად. მდგომარეობა გართულდა. ტყვია-წამალი გვითავდებოდა. იძულებული ვიყავი ჩემიანებისთვის უკან დახევა მებრძანებინა და ღამის სიბნელის გამოყენებით ტყეში შევიხიზნეთ“, - იხსენებდა პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია.
1924 წელი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა
ნაწილი I - აჯანყების წინაპირობები და მიზანი
ნაწილი II - მზადება ახალი აჯანყებისთვის
ნაწილი III - აჯანყების დაწყება...
რთული ამოცანის წინაშე დადგა ქაქუცა ჩოლოყაშვილის 150-კაციანი რაზმიც. საქმე ის იყო, რომ ჭიათურის ნაადრევი გამოსვლის შემდეგ მანგლისში საბჭოთა ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსული ჯარი სოფელში მზვერავი მილიციონერები გაეგზავნა. წინასწარი ზომების მიღების გამო ხალხი დაფრთხა, გამბედაობა დაკარგა და მანგლისელები ქაქუცასთან არ მივიდნენ.
კაპიტანმა ელიზბარ ვაჩნაძემ მანგლისს შეუტია. ლელო ჩიქოვანმაც დაიკავა თბილისის მახლობლად მომგებიანი პოზიციები სოფელ პრიუტთან, მაგრამ თავიანთი ძალებით ეს ადგილები ვერ შეინარჩუნეს, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და ქაქუცას შეერთებოდნენ. ვაზიანისთვის ბრძოლა თავის მოგონებებში აღწერილი აქვს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომლის თქმითაც, დაპირისპირებულ მხარეთა ძალები და შეიარაღება იმდენად არათანაბარი იყო, რომ ბრძოლა ნახევარ საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც, „დამკომის“ რჩევით, თბილისზე შეტევას ერიდებოდა, 30 აგვისტოს კავთისხევში გადავიდა, სადაც მას რუსის ჯარი დახვდა, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ქაქუცამ შებინდებისას თავისი რაზმი მტკვრის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. შეფიცულთა რაზმის მეთაური დარწმუნდა, რომ „დამკომი“ ხელს უშლიდა და მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. ამის გამო მან „დამკომი“ შიომღვიმის მონასტერში დატოვა და თვითონ თავისი რაზმით დუშეთისკენ წავიდა. ქაქუცასთან დარჩა „დამკომის“ ორი წევრი - შალვა ამირეჯიბი და გენერალი ჭავჭავაძე. შეფიცულებმა ბრძოლით აიღეს დუშეთი, შევიდნენ ზემო კახეთში, გადავიდნენ ყარაიაზში და ავიდნენ ბორჩალოში.
თბილისის საფუძვლიანმა დაზვერვამ აჩვენა, რომ ქალაქის გარედან აღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ქაქუცამ მდგომარეობის გამოსარკვევად შალვა ამირეჯიბი თბილისში გაგზავნა. სამი კვირა ელოდა ცნობებს. გაძნელდა კავშირის გაბმა. ბოლოს კი შეიტყო ქართველი ხალხის დამარცხება.
„გულ-ჩათუთქულმა დასტოვა თავისი სამშობლო მიწა-წყალი და თავისი რაზმის ერთი ნაწილით გადავიდა ოსმალეთში და იქიდან ოქტომბრის დამლევს - საფრანგეთში. სამი წლის განმავლობაში შიშველ-ტიტველმა, მშიერ-მწყურვალმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე“, - წერს სოლომონ ზალდასტანიშვილი.
რა ხდებოდა დასავლეთ საქართველოში
დასავლეთ საქართველოში ინიციატივა ხალხის ხელში იყო; ამბოხებულებმა დაიკავეს მნიშვნელოვანი რაიონები: საჩხერე, ვანი, სამტრედია, ბაღდათი, ახალი სენაკი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური და სხვა. ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის მიხედვით, ზოგან აჯანყებულებმა წარმატება 3-4 დღითაც კი შეინარჩუნეს. მართალია, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაატუსაღეს, მაგრამ ბრძოლის გაღრმავება და საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ მოხერხდა.
აჯანყებულებმა მოსახლეობაში გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულები ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ. მიმართვა მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით:
„მოქალაქენო! განვლო სამნახევარმა წელმა, წლებმა ტანჯვისამ, წამებისამ, რჩეულ პატრიოტთა სიკვდილით დასჯისამ, გადასახლებისამ, დამცირებისა და შეურაცხყოფისამ, ერის ნაოფლარის გაფლანგვისამ, მითვისებისამ. ამ პირობებში საქართველოს დარჩენა ნიშნავს საქართველოს დაღუპვას, ხოლო განთავისუფლება - აღორძინებას. ამიტომ ქართველმა ერმა დაიწყო თავის განთავისუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დილით, 29 აგვისტოს.
მოქალაქენო! ვისაც გინდათ ეროვნული თავისუფლება, ვისაც გინდათ პოლიტიკური თავისუფლება, სარწმუნოების თავისუფლება, ვისაც გინდათ თქვენი ნაოფლარის პატრონი იყოთ - იარაღს მოკიდეთ ხელი. ყველამ მიიღეთ მონაწილეობა ამ ბრძოლაში, ყველამ, ვისაც რითი შეგეძლებათ. ამ ბრძოლაში ჩვენთანაა ევროპა და ჩვენი გამარჯვება უზრუნველყოფილია.
ძირს საოკუპაციო მთავრობა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“
გურიაში აჯანყებულებმა აიღეს ხიდისთავი, ნაგომარი, საჯავახო და სხვა არაერთი სოფელი. 31 აგვისტოს აჯანყებულებმა იერიში მიიტანეს ქ. ოზურგეთზე, რომელიც გამაგრებული იყო სამტრედიიდან და ბათუმიდან ჩასული ჯარით. უთანასწორო ბრძოლაში აჯანყებულები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
მეამბოხეთა ხელში იყო სამეგრელო და სვანეთი. 29 აგვისტოს როტმისტრმა დავით მხეიძემ და 17-მა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატმა დაიკავეს სენაკი, განაიარაღეს ჩეკა, ციხიდან გაათავისუფლეს და შეაიარაღეს ხალხი. აჯანყებულმა ხალხმა რუსებს ბრძოლა დაუწყო სამტრედიისა და ფოთის მიმართულებით.
სვანეთში აჯანყებულ ხალხს ხელმძღვანელობდნენ: პოლკოვნიკი გარდაფხაძე, ეროვნულ-დემოკრატი ბიძინა პირველი, კაპიტანი ჭიჭინაძე და სხვ. 29 აგვისტოს სვანეთი მთლად ხალხის ხელში გადავიდა. 30 აგვისტოს 1200 კაცი მიადგა ქუთაისს, რომელიც რუსების მიერ უკვე გამაგრებული იყო. სამი კვირა დასჭირდათ რუსებს სვანეთის დასამორჩილებლად.
შორაპნის მაზრაში პოლიტიკურ ხელმძღვანელად დანიშნული იყო დ. გაბუნია. 29 აგვისტოს აჯანყებულებმა დაიკავეს ჩხარი, რომელიც რამდენჯერმე ხელიდან ხელში გადავიდა. საერთოდ, დასავლეთ საქართველოში აჯანყებულებმა და მათმა მეთაურებმა თავიანთი ამოცანები კარგად შეასრულეს და ახალ დირექტივებს თბილისიდან, „დამკომისგან“ ელოდებოდნენ, მაგრამ „დამკომს“ არ შეეძლო განკარგულება მიეცა პროვინციებისათვის, რადგანაც კავშირი გაწყვეტილი იყო.
სერიის სხვა ნაწილები:
- პირველი ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების წინაპირობები და მიზანი
- მეორე ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: მზადება ახალი აჯანყებისთვის
- მესამე ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების დაწყება
- მეოთხე ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების შემდეგ