დახვრეტილი საქართველო
უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა 1,2,3 სექტემბერს: ჩეკას შენობიდან და მეტეხიდან ასობით ადამიანი გაჰყავდათ და საბურთალოზე ხვრეტდნენ.
საბჭოთა ხელისუფლებამ შემოირიგა შორაპნის მაზრის მეამბოხეები და იარაღაყრილი ხალხი, მოტყუებით, ვითომ დასაკითხად ქუთაისში გადაყვანის მიზნით, საქონლის მატარებელში ჩაყარა. საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის თანამშრომლის, ლევან ჯიქიას თქმით, ბოლშევიკებმა შუა გზაში, ზესტაფონის სოფელ არგვეთასთან, სადაც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ორმო, გააჩერეს მატარებლის შემადგენლობა და ტყვიამფრქვევებით ამოჟლიტეს ხალხი, მათ შორის უმეტესი ნაწილი დაკეტილ ვაგონებშივე.
Your browser doesn’t support HTML5
3 სექტემბერს მცხეთის მიდამოებში, შიომღვიმის მონასტერთან, ბოლშევიკების სამხედრო-სამილიციო პატრულმა დააპატიმრა კოტე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი, რომელიც ფეხში დაჭრეს, და „დამკომის“ სხვა წევრები. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ჩეკას შენობაში, როცა დახვრეტის რიგში იდგნენ, დაიწყო მათთან მოლაპარაკება, რომ გარკვეული კომპრომისი შემდგარიყო: თუკი „დამკომი“აჯანყებულებს მიმართავდა მოწოდებით, რომ აჯანყება დამარცხდა და შეეწყვიტათ წინააღმდეგობა, საპასუხოდ რეჟიმი იძლეოდა პირობას, რომ აჯანყებულებს არ დასჯიდნენ და შეაჩერებდნენ მასობრივ დახვრეტებს, რაც სრული მასშტაბით მიმდინარეობდა იმ დღეებში.
„საუბარი იყო ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. შესაბამისად, „დამკომი“ დათანხმდა ამ შეთავაზებას და 3 სექტემბერს გამოსცა დეკლარაცია - აჯანყებას დაერქვა ავანტიურა და, რეჟიმის შეთავაზების მიხედვით, დაიწერა, რომ ეს იყო თავად-აზნაურების, ვაჭრებისა და ყოფილების განწირული გამოსვლა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
თავის მხრივ, ბოლშევიკებმა იმ მომენტში დაიცვეს პირობა და შეაჩერეს მასობრივი დახვრეტები... თუმცა შეაჩერეს დროებით. რეპრესიები მალევე განახლდა. განიარაღებულ ხალხს ჩეკაში ყრიდნენ, საიდანაც ზოგს საბურთალოზე ხვრეტდნენ და ზოგს კი შორეულ ციმბირში გზავნიდნენ. მოგვიანებით თვითონ კომუნისტურმა რეჟიმმაც კი ვერ დაადგინა, მთლიანობაში რამდენი ადამიანი იქნა დახვრეტილი. საბოლოო ჯამში, საუბარია 5-6 ათასზე.
დახვრეტილთა შორის იყვნენ აჯანყების პოლიტიკური ლიდერები. ნოე ხომერიკი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი, 1923 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და გაგზავნეს რუსეთში, პოლიტიზოლატორში.
როგორც კი აჯანყება დაიწყო, საქართველოს მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ОГПУ-ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) მიმართა თხოვნით, პოლიტპატიმრებთან, რომლებიც აჯანყების დაწებამდე ჩავარდნენ და მძევლებად იყვნენ გამოცხადებული, გაესწორებინათ ანგარიში. როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, ამ მიმართვის შესაბამისად, ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვასო ნოდია, გრიგოლ ცინცაბაძე, ვიქტორ ცენტერაძე და სხვები გამოიყვანეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან და გაგზავნეს მოსკოვის მიმართულებით, თუმცა სადღაც 30-31 აგვისტოს გზად დახვრიტეს უცნობ ადგილას.
ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს პირველივე ნაკადში, როგორც კი აჯანყება დაიწყო. დახვრეტილთა სია გამოაქვეყნეს გაზეთებში. ჯუღელის ბედი გაიზიარა ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დამფუძნებელი კრების ათამდე დეპუტატმა...
იმის გამო, რომ ბოლშევიკურმა პროპაგანდამ აჯანყება თავადაზნაურულად გამოაცხადა, დაიწყო უსასტიკესი ბრძოლა თავადაზნაურობის წინააღმდეგ. არადა, თავადაზნაურობის წინააღმდეგ ბრძოლა აჯანებამდეც კამპანიურ ხასიათს ატარებდა. გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთ სხდომაზე სერგო ორჯონიკიძეს უთქვამს, ბევრია ჩვენში თავადაზნაურობაო. პასუხად 1924 წლის 21 მაისის გაზეთ „კომუნისტში“ ცეკას მაშინდელმა მდივანმა, ლევან ღოღობერიძემ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:
1924 წელი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა
ნაწილი I - აჯანყების წინაპირობები და მიზანი
ნაწილი II - მზადება ახალი აჯანყებისთვის
ნაწილი III - აჯანყების დაწყება...
„თქვენ იცით, ამხანაგებო, რომ საქართველოში 6 % თავად-აზნაურობაა. ეს არაჩვეულებრივი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის, თუ გინდ პოლონეთის პანების სამეფოშიც, სადაც თავად-აზნაურობის პროცენტი 4-ს აღწევს. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში თავად-აზნაურობის პროცენტი. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშევიკური იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება!“
თუმცა „რკინის სერგოს“ განსაკუთრებული რისხვა მენშევიკებს დაატყდებათ. „მენშევიკებზე უფრო გახრწნილი, ზნედაცემული და წყალწაღებულია პარტია მე არ მინახავს... ხალხი შეიარაღებულ აჯანყებას იწყებს, მოუწოდებენ „სახალხო აჯანყებისკენ“, წერენ ყოველგვარ ჭორს და როცა ორი დღის შემდეგ ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და ბუტაფორია, ამ ადამიანებს გამბედაობა არ ყოფნით, რათა ღირსეულად შეეგებონ სიკვდილს!“, - წერს სერგო ორჯონიკიძე აჯანყების ჩახშობის შემდეგ.
... და მაინც გამარჯვება
აჯანყება დამარცხდა. საბჭოთა ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა არა მხოლოდ აჯანყების შეიარაღებულ მონაწილეებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც, რომელიც თანაუგრძნობდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.
აჯანყების ჩახშობისთანავე გაჩნდა კითხვები: ჰქონდა კი რაიმე გამართლება აჯანყებას? რა შედეგი მოჰყვა მას, გარდა იმისა, რომ მსხვერპლი იყო ძალიან დიდი?
სწორედ ამ კითხვების პასუხად 1925 წელს გამოცემულ ბროშურაში „რა მოხდა?“ ნოე ჟორდანია წერდა:
„საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ აჩვენა, რომ ქართველ ხალხს სურს თვით იყოს თავისი მმართველი, თავისი ბატონი, ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და ის თავისი საჭიროებისამებრ მოაწყოს“. - წერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უცხოეთში წასული მთავრობის თავმჯდომარე აჯანყების ერთი წლის თავზე და იქვე შენიშნავდა: „აგვისტოს გასულს სწორედ ეს ნაციონალური და დემოკრატიული დროშა აფრიალდა, დროშა, რომელიც საქართველოს მწვერვალზე სამ წელიწადს ფრიალებდა და იქიდან მურტალმა ხელმა ჩამოგლიჯა. ახლა ის შენახულია ხალხის გულში და მისი ამოგლეჯა შეუძლებელია. 28 აგვისტოს ქართველი ერი ამ დროშის ქვეშ გაერთიანდა და მის დასაცავად სისხლი დაღვარა“.
1924 წლის აჯანყებას ჰქონდა საყოველთაო-სახალხო ხასიათი და მის მომწიფებაში გადამწვეტი როლი ითამაშა საბჭოთა ხელისუფლების მიერ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ პარტიების წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამაც. საქართველოს დაპყრობიდან სულ რაღაც წელიწად-ნახევარში პოლიტიკური პლურალიზმიდან დარჩა მხოლოდ ბოლშევიკების ერთპარტიული დიქტატურა, რისთვისაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა თვითლიკვიდაციის პროცესების იმიტირება: პარტიების ყოფილი წევრები (ჩეკაში დამუშავებული) - სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები და სხვები - ატარებდნენ პარტიულ ყრილობებს (ე.წ. ლიკვიდაციის ყრილობებს) და აცხადებდნენ პარტიას დაშლილად.
მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ, ტაქტიკური შეცდომების გარეშეც, აჯანყება მარცხისთვის იყო განწირული. ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, იმდენად უთანასწორო ძალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ სხვა შედეგი, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო: ერთი მხრიდან იდგა ათობით ათასი კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული წითელი არმია და მეორე მხრიდან - რიცხობრივად გაცილებით ნაკლები და ცუდად შეიარაღებულ-ორგანიზებული აჯანყებულები.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ ყველა დაარწმუნა, რომ საქართველო დაპყრობილი იყო და რომ ბოლშევიკები საქართველოს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მართავდნენ. ნოე ჟორდანიას თქმითაც, აჯანყება გამართლებული იყო, მისი პოლიტიკური მიზნიდან გამომდინარე:
„აჯანყების საზომი არის არა გამარჯვება-დამარცხება, არამედ სულ სხვა რამ, რასაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ამ დაუყოვნებლივ შედეგთან. აჯანყების ერთ-ერთი საზომია მისი პოლიტიკური მიზანი, მისი დროშა, მისი იდეოლოგია. ხუთი ათასი უმანკო მსხვერპლი ჩვენ შემოგვყურებს; ხუთი ათასი გათხრილი საფლავი ჩვენ მოგვიწოდებს ერთგულებისკენ. მებრძოლი ერი არ დაივიწყებს მათ მცნებას და არ დატოვებს მათ საფლავს ყვავ-ყორნის დასაყივარათ“.
Your browser doesn’t support HTML5
აგვისტოს აჯანყების კიდევ ერთი მოთავე, ეროვნულ-დემოკრატი შალვა ამირეჯიბი კი დარწმუნებული იყო, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით დასრულდა საქართველოს ისტორიის ერთი ეპოქა და იშვა მეორე, თვისებრივად განსხვავებული ეპოქა:
„აგვისტოს აჯანყებამ ხალხს დაუბრუნა ძველი ეროვნული შეგნება, სრულიად განსხვავებული იმ შეგნებისა და იდეოლოგიისაგან, რომლისგანაც იშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. აგვისტოს აჯანყებამ, მართალია, ახალი დამოუკიდებელი საქართველო ვერ შვა, იგი დამარცხდა, მაგრამ მან შვა ახალი სულიერი საქართველო. აგვისტოს აჯანყების დღეებში მარქსიზმის დროშები მტრის ბანაკში დარჩნენ, ჩვენი დროშა მხოლოდ ქართული და ეროვნული იყო“.
ამ აჯანყებით ქართველებმა თქვეს, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც მონობას, დაპყრობას, აგრესიას არ შევეგუებითო! და ეს სათქმელი ისე მკაფიოდ ითქვა, რომ ძალა და დამაჯერებლობა არც 95 წლის შემდეგ დაუკარგავს და, ალბათ, არც არასოდეს დაკარგავს!
სერიის სხვა ნაწილები:
- პირველი ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების წინაპირობები და მიზანი
- მეორე ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: მზადება ახალი აჯანყებისთვის
- მესამე ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების დაწყება
- მეოთხე ნაწილი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების შემდეგ