ახალი ქართველი მემარცხენეები „პერესტროიკის ინტელექტუალების“ წინააღმდეგ

გია ნოდია

ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა ახალი ტერმინი: „პერესტროიკის ინტელექტუალები“. იგულისხმება, რომ ეს ის ადამიანები არიან (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი), ვინც საბჭოთა რეჟიმის უეცარი შესუსტების და სიკვდილის პერიოდში „საბჭოურობის“ დაწერილ თუ დაუწერელ ნორმებს დაუპირისპირდა და დასავლური დემოკრატიების მოდელს უპირობო უპირატესობა მიანიჭა. შეცდომა არ იქნება, თუ ამ მოდელს, მოკლედ, „ლიბერალურს“ ვუწოდებთ. ის შეიძლება სამ დებულებად დავაკონკრეტოთ: ლიბერალურ და დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური სისტემა სჯობია კოლექტივისტურ ტოტალიტარიზმს, თავისუფალ მეწარმეობაზე აგებული („კაპიტალისტური“) ეკონომიკა სჯობია კერძო საკუთრების უარმყოფელს და ერთი ცენტრიდან მართულს, ხოლო დამოუკიდებელი საქართველო სჯობია რუსეთს დაქვემდებარებულს.

ამ პრინციპებს დღესაც „დომინანტურის“ თუ „მეინსტრიმულის“ სტატუსი აქვთ (რამდენად რეალურად მივდევთ მათ, სხვა საკითხია). თუმცა, ბოლო წლებში გააქტიურდნენ ჯერჯერობით მარგინალური, მაგრამ აგრესიული ჯგუფები, რომლებმაც ამ „მეინსტრიმს“ და მათ გამომხატველ ლიბერალებს შეუტიეს.

ორი ტიპის ანტილიბერალები

საქართველოში (ისევე როგორც თითქმის ყველგან) მებრძოლი ანტილიბერალიზმი ორი ფორმით არსებობს: მათ, ჩვეულებრივ, „მემარჯვენეს“და „მემარცხენეს“ უწოდებენ (ამ ტერმინებს ბრჭყალებში ვსვამ, რადგან ბევრი მემარჯვენე და მემარცხენე თავს ლიბერალად თვლის და ამ ხალხთან გაიგივება არ უნდა). „მემარჯვენეები“ ძირითადად ქსენოფობიით, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებზე თავდასხმებით გამოიცნობიან, „მემარცხენეებს“ კი, პირველ რიგში, ანტიკაპიტალიზმი გამოარჩევთ, რასაც, ბოლო ხანებში, სულ უფრო ემატება ანტიკოლონიალიზმი, ოღონდ არა ანტირუსული, არამედ ანტიდასავლური.

ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან სოციალური და კულტურული მახასიათებლებიც განასხვავებს. „მემარჯვენე“ ანტილიბერალებმა უფრო რუსული იციან, „მემარცხენეებმა“ - უფრო ინგლისური (რამდენად კარგად - სხვა საკითხია). შესაბამისად, პირველთა გზავნილები ხშირად კრემლის პროპაგანდისას ემთხვევა, მეორენი კი წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების მოდური პროფესორების ტროპებს იმეორებენ. პირველთა შორის ბევრი უფროს თაობას განეკუთვნება და საბჭოთა სისტემაშია სოციალიზებული, მეორეები უმეტესწილად ახალგაზრდები არიან და საბჭოთა ცხოვრებაზე მშობლების ან ბებია-ბაბუების მონაყოლით იციან.

ამავე დროს, შინაარსობრივად, მათი პოზიციები ხშირად იკვეთება, რადგან საერთო მტერი საუკეთესო გამაერთიანებელია. მაგალითად, პრომთავრობული POST-TV ორივეს ადგება პლატფორმად. ისინი ერთად იდგნენ „თურქული ეკონომიკური იმპერიალიზმისგან“ რიონის ხეობის დასაცავად. ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი მემარჯვენე ანტილიბერალის, ლევან ვასაძის ნათქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ოკუპირებულია, 80% კი - ამერიკის, ბევრი მემარცხენე „ანტიკოლონიალისტიც“ სიამოვნებით მოაწერდა ხელს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი გადაკვეთა საბჭოთა წარსულის მიმართ დამოკიდებულებაცაა. თუმცა, განსხვავებაც არის: „მემარჯვენე“ ანტილიბერალები საბჭოთა კავშირის პირდაპირ აპოლოგიას, როგორც წესი, გაურბიან (თუმცა არაპირდაპირ გამოხატავენ): შესაძლოა, ისინი „პრორუსულობის“ იარლიყს გაურბოდნენ. ზოგმა „მემარცხენემ“ ეს კომპლექსი უკვე გადალახა: მათთვის „ანტისაბჭოთა“ თითქმის ისევე დამაკნინებელი ტერმინია, როგორც „მემარჯვენეებისთვის“ - „ლიბერასტი“.

წარსულში ჩარჩენილები?

როგორც ვთქვი, ე.წ. პერესტროიკის ინტელექტუალების მთავარი ნიშანი (ან მთავარი ცოდვა) ცხოვრების და აზროვნების საბჭოთა წესის უარყოფა და დასავლური ლიბერალიზმის უპირობო უპირატესობის მტკიცებაა. ცხადია, დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებს საქართველოში მხოლოდ ამ თაობის ადამიანები არ იცავენ, მაგრამ მათ დიდი წვლილი შეიტანეს ამ იდეების „დომინანტ დისკურსად“ ქცევაში.

ძირითადად რის გამო აკრიტიკებენ მათ „მემარჯვენეები“, დიდი ხანია ვიცით: ეს ხალხი დასავლურ გრანტებზე გაიყიდა, უბრალო ხალხს მოწყდა და სამშობლო არ უყვარს. მემარცხენე კრიტიკა ზოგიერთ ამ მოტივს იყენებს, მაგრამ უფრო დახვეწილია. მისი კრიტიკის ერთ-ერთი მოტივია, რომ ასაკოვანი ლიბერალები „წარსულში ჩარჩნენ“ და ფეხს ვერ უწყობენ თანამედროვე ინტელექტუალურ მოდას, რომელსაც ლიბერალიზმთან დაპირისპირებული „კრიტიკული თეორიის“ სხვადასხვა მიმდინარეობა განსაზღვრავს.

ამ შეფასებაში, როგორც ყველა სტერეოტიპში, არის ჭეშმარიტების მარცვალი. „პერესტროიკის ინტელექტუალებად“ წოდებული ხალხი საბჭოთა კავშირში სოციალიზდა, რაც მათ ცნობიერებას გარკვეულ კვალს ამჩნევს. კერძოდ, მათ საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ ეს სისტემა უსამართლო, ძალადობრივი და ფარისევლური იყო, ხოლო განვითარების დასავლური მოდელი „ნორმალურის“ სინონიმად ჩათვალეს. ცხადია, მათ შედარებით შეზღუდული წარმოდგენა ჰქონდათ დასავლეთზე, რადგან იქ არ უშვებდნენ, დასავლური მედია მიუწვდომელი იყო, დასავლელი ავტორების წიგნების შოვნა ჭირდა და ა.შ. ეს ხელს უწყობდა დასავლეთზე შედარებით ზედაპირულ და, ამავე დროს, იდეალიზებულ წარმოდგენას.

ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ამ თაობის ბევრ ადამიანსაც დასავლეთში მოგზაურობა და მასთან ურთიერთობის სხვა ფორმები არ აკლდა; შესაბამისად, ამ სამყაროზე უფრო საფუძვლიანი და ნიუანსირებული ცოდნა შეიძინეს. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, კარგი დასავლეთის და ცუდი საბჭოთა კავშირის დიქოტომია შეენარჩუნებინათ.

ახალი თაობის სოციალური გამოცდილება რადიკალურად სხვაა. მათთვის დასავლეთი სხვა პლანეტა აღარაა: იქ მოგზაურობაც შეიძლება, განათლების მიღებაც, იქაური პოლიტიკური ამბების თუ იდეოლოგიური დისკუსიების ცოცხალ დროში მიდევნებაც და, ბოლოს და ბოლოს, დროებით ან სამუდამოდ გადასახლებაც.

რაც მთავარია, თანამედროვე საქართველოს გაცილებით მეტი საერთო აქვს დასავლეთთან, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰქონდა: განსხვავება განვითარების დონეშია. დღეს ჩვენ დასავლეთთან დაპირისპირებული სამყაროდან კი არ მოვდივართ, მისი პერიფერია ვართ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სოციალიზებულ თაობას ეს ვითარება დახვდა, როგორც მოცემულობა.

პერიფერიის წარმომადგენელს - ძველი ტერმინებით, „პროვინციელს“ - ცენტრის მიმართ გაორებული დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, მას „ცენტრის“ (განვითარებული ქვეყნების) დონეზე ასვლა და მისი მხრიდან აღიარება, მასში თანასწორ წევრად „ჩაჯდომა“ უნდა. მეორე მხრივ კი, იმავე ცენტრზე ბრაზდება, რომ ასეთ აღიარებას ვერ ჰპოვებს, ჩაგრულობის და არასრულფასოვნების კომპლექსი უვითარდება.

ჩვენი ანტილიბერალი „მემარცხენეების“ განწყობები ამ ფონზე ჩამოყალიბდა. მათ უნდათ, მეტროპოლიის ინტელექტუალურ მოდას აუწყონ ფეხი; ხოლო „კრიტიკული თეორიის“ სხვადასხვა მიმართულება, რომელიც ამ მოდას დიდწილად განსაზღვრავს, ამხელს დასავლურ ცივილიზაციას და ინტელექტუალურ ტრადიციას (ანუ ლიბერალიზმს) როგორც ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის გამმართლებელს. მისი ერთ-ერთი ნაირსახეობაა პოსტკოლონიური თეორია, რომლის თანახმადაც, ჩვეულებრივი ევროპული კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ, დასავლური ლიბერალური დისკურსი და მასზე დამყარებული ინსტიტუტები სხვა ქვეყნებსა და მათ კულტურებზე ბატონობის ახალ, უფრო დახვეწილ საშუალებად იქცნენ.

თუ ამის გწამს, დასავლურ ლიბერალიზმზე ორიენტირებული ადამიანი შენი მოწინააღმდეგეა. შეიძლება თქვა, რომ ის დასავლურ ფულზე გაიყიდა, ან, უფრო რბილ ვარიანტში, რომ ის თავისი სიჭაბუკისდროინდელ იდეოლოგიურ დოგმებში ჩარჩა (შეიძლება იმიტომ, რომ ინტერნეტის ხმარება კარგად არ იცის). ეს კი, უბრალოდ, დაცინვის ღირსია.

ვინც ასე ფიქრობს, ჩვეულებრივ ვერ გრძნობს ამ პოზიციის პარადოქსულობას. დასავლეთში კრიტიკული თეორია შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ დასავლეთი აძაგო და, ამის მეშვეობით, მის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში პროფესორის კათედრებზე დამკვიდრდე. ქართველი ანტილიბერალი „მემარცხენე“ „პერესტროიკის ინტელექტუალს“ დასავლეთის წინაშე ქედის მოხრისთვის დასცინის, მაგრამ თვით მის ინტელექტუალურ იარაღს დიდი ასოებით აწერია Made in America (კრიტიკულ თეორიას გერმანული და ფრანგული ძირებიც აქვს, მაგრამ ახლა ნუ დავწვრილმანდებით). ანტიდასავლელი „მემარცხენეები“ თავიანთ ჩამორჩენილ სამშობლოში ამერიკული უნივერსიტეტების „ჰეგემონურ დისკურსს“ ამკვიდრებენ, რაც მათ, მათივე ტერმინებით, დასავლური სულიერი (ნეო)იმპერიალიზმის აგენტებად აქცევს. ჯიგრული „მემარჯვენე“ ანტილიბერალიზმი უფრო ავთენტიკურია.

სინამდვილეში, დასავლური ინტელექტუალური ტრადიციის არსს შეადგენს არა რომელიმე „დისკურსის“ უპირობო „დომინაცია“, არამედ იდეების დაუსრულებელი ბრძოლა. ინტელექტუალური მოდა მუდმივად მერყეობს, მიმდინარეობებს შორის გავლენის ბალანსი იცვლება. ზოგი იდეოლოგია - ამის მაგალითია ნახსენები „კრიტიკური თეორია“ - აგრესიული მეთოდებით ოპონენტთა ჩახშობასაც ცდილობს (ამ მეთოდების ერთობლიობას „cancel culture“, „გაუქმების კულტურა“ დაერქვა). მაგრამ ჰეგემონია მაინც არ გამოსდის: ერთი იდეოლოგიური მიმდინარეობის გაძლიერება მის მიმართ წინააღმდეგობას ააქტიურებს.

მინიშნება, რომ რაღაც იდეების (ამ შემთხვევაში, ლიბერალურის) დაცვა „წარსულში ჩარჩენილობას“ ნიშნავს, თავისთავად პერიფერიულ-პროვინციული კომპლექსის გამოვლენაა. მოდას სხვადასხვა აზრს შორის დისკუსიის ხასიათი განსაზღვრავს; ამ დისკუსიაში უნდა ჩავერთოთ, იმიტომ რომ ის ჩვენც გვეხება.

რაში გამოდგება საბჭოეთში ცხოვრების გამოცდილება?

გამოთქმა „პერესტროიკის ინტელექტუალი“ პირველ რიგში მერაბ მამარდაშვილს მახსენებს. ის საბჭოთა სინამდვილეს "კოშმარს" ეძახდა და შეურყეველი პროდასავლელი ლიბერალი იყო. წარსულშიც რადიკალურად იყო „ჩარჩენილი“: კანტისშემდგომ დასავლურ ფილოსოფიას პატივს ნაკლებად სცემდა, ხოლო ფრანგ პოსტმოდერნისტებს, მისი თაობის ინტელექტუალურ ვარსკვლავებს, საერთოდ არ თვლიდა ყურადღების ღირსად.

საბჭოთა სისტემის შერყევის წლებში მისგან არაერთხელ მსმენია ასეთი სენტენცია: საბჭოთა კავშირში ცხოვრება გძენს გამოცდილებას, რომელიც სრულიად უსარგებლოა. ის უნარ-ჩვევები, რასაც საბჭოთა გარემოსთან შესაგუებლად იძენ, არაფერში გადგება, როგორც კი ამ, ინტელექტუალური გაუგებრობიდან შობილი სისტემის გარეთ ხვდები.

იმავე პერიოდში, 1989 წელს, ვაშინგტონში გავიცანი იუგოსლაველი ემიგრანტი მიხაილო მიხაილოვი, „რადიო თავისუფლების“ პირველი თანამშრომელი, ვისთანაც ურთიერთობა მქონია. კომუნისტური სისტემა მასაც სძულდა, მაგრამ ერთ პოზიტივს მაინც უკავშირებდა: ის თვლიდა, რომ მასში ნაცხოვრებ ხალხს მემარცხენე იდეებისადმი მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდება. დასავლეთში გაზრდილი იდეალისტები ადვილად ვარდებიან მემარცხენე უტოპიების ხიბლში, მაგრამ ვისაც კომუნიზმი თავის ტყავზე გამოუცდია, ასეთი რამ აღარ დაემართება (ცხადია, ის შეიძლება სხვა უბედურებაში გაეხვიოს - მაგალითად, მიხაილო ძალიან შეშფოთებული იყო იუგოსლავიასა და საბჭოთა კავშირში ნაციონალიზმის გავრცელებით).

ეს მოსაზრებები ბოლო ხანებში ხშირად მახსენდება. ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში გატარებულ ნაწილს პასივში იწერს: მაშინ შეძენილი სოციალური ჩვევები არა მარტო არ გვეხმარება ახალი და უფრო თავისუფალი ცხოვრების აშენებაში, არამედ ხელსაც გვიშლის. აქედან გამომდინარე, 1990-იანებში პოპულარული იყო იმის თქმა, რომ მაშინ „გვეშველება“, როცა გაიზრდება ახალი თავისუფალი თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია.

ეს დრო უკვე დადგა: ქვეყნის ცხოვრებას სულ უფრო განსაზღვრავს თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბდა. მაგრამ არ ჩანს, რომ „გვეშველა“. „ახალი, თავისუფალი თაობის“ მითი მრავალი სხვა გულუბრყვილო წარმოდგენის მსგავსად გაქარწყლდა.

ახალ თაობას შეიძლება მავნე საბჭოთა ჩვევები არ ჰქონდეს, მაგრამ არც იმუნიტეტი გააჩნია, რასაც საბჭოთა სინამდვილეში ნაცხოვრებ ადამიანს ულტრამემარცხენე უტოპიებით გატაცებისგან იცავდა. მიხაილო მიხაილოვი ნაწილობრივ აღმოჩნდა მართალი: როგორც კოვიდ-19-ის პანდემიამ გვასწავლა, ანტისხეულები მხოლოდ გარკვეული დროით მუშაობს, მერე კი „დაბუსტვა“ ხდება საჭირო. იმუნიტეტმა მარქსისტული იდეების მიმართ დიდხანს ვერ იმუშავა.

ის, რომ ქართველ ახალგაზრდა იდეალისტთა დიდ ნაწილს მემარცხენეობის სხვადასხვა ვერსია ხიბლავს, იმის უტყუარი ნიშანია, რომ საბჭოთა ეპოქა უკან მოვიტოვეთ და, ნაწილობრივ მაინც, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გავხდით (თუნდაც პერიფერიული). რაც შეგვეხება „პერესტროიკის“ თაობას, არ უნდა მოგვერიდოს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერთადერთი სიკეთე, რაც საბჭოთა წარსულიდან დაგვრჩა: მედეგობა ულტრამემარცხენე ფანტაზიების მიმართ და რწმენა, რომ თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.