რუსული პროექტის „ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ“ ჟურნალისტები საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მობილიზაცია შეიძლება დაიწყოს სექტემბრის ბოლოს. მობილიზაციის გამოცხადებას სავარაუდოს ხდის რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან მოსული ახალი ამბები, რომლებიც ჯარისკაცების კონტრაქტით დაქირავების კამპანიის წარუმატებლობის შესახებ იუწყებიან. როგორც ამბობენ, რეკრუტირების გეგმა სანახევროდაც კი არაა შესრულებული.
2023 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამარხებზე გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ ხელმოწერილი „ბრძანების“ ფოტო „11 სექტემბრიდან მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების შესახებ“. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა ამ ფოტოს უკრაინის სპეცსამსახურების „ფეიკი“ უწოდა.
„ამჟამად დამატებითი მობილიზაციის საჭიროება არ არის, მიმდინარეობს კონტრაქტორების მიღების აქტიური პროცესი. ყველა ამოცანა ამ პროცესის ფარგლებში სრულდება“, - დასძინა მაშინ კარტაპოლოვმა.
რუსეთში უახლოეს მომავალში მობილიზაციის გამოცხადების ალბათობაზე რადიო თავისუფლებას განუცხადა უფლებადამცველმა, პროექტ „წვევამდელის სკოლის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ტაბალოვმა:
„მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას ბევრი არჩევნების დასრულებას უკავშირებს. სინამდვილეში მობილიზაციის არჩევნებთან მიბმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მით უფრო, რომ რუსეთში დიდი ხანია არანაირი არჩევნები აღარ არსებობს. მობილიზაციის გამოცხადების საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებასთან და იმ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ამოცანებთან, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების წინაშე დგას. ახალი მობილიზაციის შესაძლებლობის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ფრაგმენტული, ირიბი ნიშნებით. არ ვიცი, როდის მოხდება მობილიზაცია ან საერთოდ მოხდება თუ არა. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან ეს უნდა მოხდეს, სხვა საკითხია, რა მასშტაბის იქნება ის“.
როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მობილიზაციის პირველ ტალღაზე გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა თავიანთი რესურსები უკვე ამოწურეს. ზოგი მოკლეს, ზოგი უბრალოდ მთელი წელი იბრძვის დასვენების, როტაციის გარეშე.
„მდგომარეობა რუსეთის არმიაში არ არის სახარბიელო: იზრდება დაძაბულობა, ხალხი ითხოვს შვებულებას, როტაციას და არავინ იცის, სადამდე მივა ეს ყველაფერი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია პუტინის საიდუმლო ბრძანების შესახებ (N580), რომელიც მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, უშვებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასა და დემობილიზაციას. ხელისუფლება იძულებულია, რაიმე სახით განახორციელოს როტაცია. როგორ გააკეთებენ ამას, ძნელი სათქმელია: ან რეზერვში მყოფთა ხარჯზე, ან მობილიზაციის გზით“, - მიაჩნია ალექსეი ტაბალოვს.
სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთში ახალი ფართომასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადება პირდაპირ კავშირშია ფრონტზე არსებულ ვითარებასთან:
„მობილიზაციის ეგრეთ წოდებული მეორე ტალღა აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მოძებნოს გზები ფრონტზე გაგზავნილი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შესავსებად. აგროვებენ კიდეც გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ აშკარაა, რომ ეს რაოდენობა არასაკმარისია. ეს არის ომი და ომი ყოველთვის მოითხოვს რესურსებს თავიდან ბოლომდე, რესურსები კი, საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობასთან ერთად, პირველ რიგში ადამიანებია. ამიტომ, აუცილებლად გამოცხადდება მობილიზაციის მეორე ტალღა“.
იან მატვეევის თქმით, მობილიზაციის პირველი ტალღის გამოცხადების ანატომიიდან გამომდინარე, მორიგი მობილიზაცია დიდი ალბათობით შედარებით მოულოდნელად გამოცხადდება.
„როდის დაიწყო პირველი მობილიზაცია? როცა რუსეთის არმიას ძალიან ცუდად წაუვიდა საქმე ხარკოვის ოლქში, როცა რუსეთის ჯარი უკან იხევდა, უკრაინელები ტერიტორიებს ათავისუფლებდნენ: იზიუმს, ბალაკლეიას და ა.შ. ახლაც ასე იქნება. მობილიზაცია სწრაფად დაიწყება, რათა ხალხი ჩაყარონ და "საზარბაზნე ხორცით" ამოქოლონ ფრონტზე გაჩენილი ხვრელები. ამიტომ, გამოცნობა, როდის მოხდება მობილიზაცია - ხვალ თუ ერთ თვეში - ალბათ ფუჭი საქმეა. უბრალოდ აშკარაა, ვინც ცხოვრობს რუსეთში, უბრალოდ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება. პირობითად რომ ვთქვათ, მოხვდება ან ხვალ ან ზეგ. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მიიღოს გარკვეული მოსამზადებელი ზომები, რათა თავიდან აიცილოს მობილიზაცია და არ მოხვდეს რუსეთის ჯარში“, - ამბობს იან მატვეევი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ 2023 წლის იანვრის შემდეგ დაახლოებით 280 ათასმა ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გურულევმა კი განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გეგმა წლის ბოლომდე 420 ათასი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის გადაბირებას ითვალისწინებს. მისი თქმით, მობილიზაციის ახალი ტალღის შემთხვევაში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვერ შეძლებს დიდი რაოდენობით მობილიზებულთა იარაღითა და ფორმით უზრუნველყოფას:
„ამბობენ, მოდით მოვახდინოთ სამი მილიონის მობილიზება. დავუშვათ, მოვახდინეთ, მერე? მათ სჭირდებათ იარაღი, აღჭურვილობა, ტანსაცმელი, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, ლოგისტიკა, საწვავი, საკვები და ყველაფერი სხვა. რა აზრი აქვს ხალხის მობილიზებას, როცა თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი ამდენს ვერ აუვა?” – გაიკვირვა გურულევმა.
ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ დამატებითი მობილიზაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ეს [მობილიზაცია] დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გვინდა. <…> იმის მიხედვით, თუ რა მიზნებს დავუსახავთ საკუთარ თავს, უნდა გადავწყვიტოთ მობილიზაციის საკითხი. დღეს ასეთი საჭიროება არ არის“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წლის ივნისში.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს თავი მოუყაროს 400 ათასამდე ჯარისკაცს. ამასთან ერთად, იგეგმება 40 ათასამდე ჩეჩნეთის მკვიდრის გაწვევა, რათა მათ ბაზაზე შეიქმნას ე.წ. ჩამხერგავი რაზმები, რომლებიც რუსეთის არმიის ზურგში იდგებიან. მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან კვლავ მინიმალური რაოდენობის ადამიანს გაიწვევენ.
„ჩვეულებრივი მოქალაქეები, რუსეთის რეგიონების მცხოვრებლები, კვლავ წავლენ ფრონტზე "საზარბაზნე ხორცად", რომლებსაც კადიროვის ჯალათები ზურგში დაუდგებიან და უკან დახევის საშუალებას არ მისცემენ. შესაბამისად, შესაძლოა, რუსი სამხედროების გადარჩენის ერთადერთი გზა ნებაყოფლობით ჩაბარება იყოს“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განუცხადა გამოცემა „რბკ-უკრაინას“, რომ კრემლი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას, რომლის ფარგლებში წელს უკვე 90-დან 100 ათასამდე ადამიანია გაწვეული, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია დმიტრი მედვედევის მიერ დასახელებულ 280 ათასზე.
„გამოაცხადებენ თუ არა ახალ, ღია მობილიზაციას, როგორიც გასულ შემოდგომაზე ჰქონდათ? ალბათ არა. ახლა ჩაატარებენ ამ არჩევნებს, შემდეგ დაიწყებენ მზადებას 2024 წლის 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. არავის არ სურს, კამპანიის წინა დღეებში მობილიზაციის გამოცხადებით გარისკოს. შესაძლოა, მოგვიანებით დაიწყონ“, - ამბობს ვადიმ სკიბიცკი.
რუსეთში მობილიზაციის შესაძლო ახალ ტალღაზე საუბრობს უფლებადამცველთა ჯგუფის „მოქალაქე და არმიის“ დირექტორი სერგეი კრივენკო, რომლის თქმითაც, მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ სახელმწიფომ გააცნობიერა, რამდენი ხვრელი იყო კანონმდებლობაში, რა ცუდად მუშაობდნენ სამხედრო კომისარიატები და მთელი ერთი წელი მოანდომეს ამ ხვრელების ამოვსებასა და მობილიზაციის სისტემის გამართვას. შემოიღეს ელექტრონული უწყებები, გამკაცრდა ჯარიმები და ა.შ.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სისტემის გამართვა ხდება სწორედ გაწვევისთვის და მობილიზაციის გამოცხადებისთვის, რომელიც მოიცავს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციას ჟენევის კონვენცია კრძალავს, თუმცა რუსეთმა ეს ტერიტორიები უკვე გამოაცხადა თავის საკუთრებად და მიმდინარეობს ინტეგრაციის მძლავრი პროცესი. იქ უკვე გახსნეს სამხედრო კომისარიატები“, - ამბობს სერგეი კრივენკო.
სერგეი კრივენკოს თქმით, რუსეთი ბოლო ექვსი თვეა ცდილობს, ფრონტზე საჭირო ცოცხალი ძალა კონტრაქტით აყვანილი ჯარისკაცებით შეავსოს, თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, პროცესი ფაქტობრივად გაჩერდა, არადა, თავიდან ითქვა, რომ 400 ათასი ჯარისკაცის გაწვევას აპირებდნენ.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კონტრაქტით აყვანილი 400 ათასი ჯარისკაცი სჭირდებოდა, თუმცა სავარაუდოდ ეს გეგმა ჩავარდა. შარშანაც ასე იყო, მობილიზაცია დაიწყო ზუსტად მას შემდეგ, რაც საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ჩაიშალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოეცხადებინა მობილიზაცია (სექტემბერში). ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ კონტრაქტით გაწვევის ეს ტალღაც მარცხისთვისაა განწირული. ძალიან მრავლისმეტყველი მონაცემებია ტოლიატიდან: გეგმის 10%-ია შესრულებული. ვფიქრობ, ასეთი მდგომარეობაა ბევრ რეგიონში“, - სერგეი კრივენკოს თქმით რუსეთის მოქალაქეები ხვდებიან, რომ ეს არის არა უბრალოდ ჯარში გაწვევა, არამედ ომში წასვლა, სავარაუდოდ, ბევრმა კი გააცნობიერა, რომ სამხედრო მოსამსახურეები საშინელ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, მონურ პირობებში იმყოფებიან:
„მათ არ შეუძლიათ თადარიგში გასვლა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგაც. დაწესებულია მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელი ბრძოლაზე უარის თქმასა და დანაყოფის უნებართვოდ დატოვებაზე. ასეთი პირობაა: ან იბრძოლებ, ან 10-12 წლით წახვალ ციხეში. ბოლო დროს ციხეში წამსვლელთა რიცხვიც იზრდება. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეებს კარგად არ ესმით, რისთვის იბრძვიან. ომის მიზეზი მათთვის ნათლად არ განუმარტავთ. ბევრი მიხვდა რაშიცაა საქმე და დიდი ფულით აღარ ცდუნდებიან. რის გამოც საკონტრაქტო ჯარისკაცების დაკომპლექტება ვერ ხერხდება“.
რუსეთის ხელისუფლება 2023 წლის მთელი ზაფხული გულმოდგინედ ემზადებოდა შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღისთვის: სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა გაამკაცრეს კანონები, რომლებიც დაკავშირებულია გაწვევასა და მობილიზაციასთან. გაწვევის ასაკი 18-დან 30 წლამდე გაზარდეს. გარდა ამისა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 10-ჯერ გაიზარდა სამხედრო კომისარიატებში გამოუცხადებლობის გამო დაწესებული ჯარიმა, რომელიც 10-30 ათას რუბლს შეადგენს.
ასევე ნახეთ რუსეთში კიდევ უფრო „დიდი ომის“ სუნი ტრიალებს