ახალი დრამის ფესტივალი - ამბები ჩვენზე

Your browser doesn’t support HTML5

პოლიტიკა, სოციალური რეალობა, ძალადობა, შიში, ანგარება, ომი, გაუცხოება... - ეს არის ის ამბები, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება, ამბები, რომლებზეც, ალბათ, ყოველდღე ვფიქრობთ, მერე შეიძლება ვეძებთ გამოსავალ გზებსაც, რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყოს გამოსავალი. - სწორედ ამ თემების გარშემო ტრიალებენ "ახალი დრამის ფესტივალის" ავტორები, რომლებიც აუდიტორიას უფრო ახლოს და შიგნიდან, მათი თანამონაწილეობითა და დიალოგით, სხვადასხვა რაკურსით დაანახვებენ იმ პრობლემებს, რომლებშიც ყოველდღიურად ვიხარშებით. პირველი ივლისიდან, 10 ივლისის ჩათვლით, დრამატურგები, რეჟისორები, მუსიკოსები და მსახიობები მოიყრიან თავს დიღომში, კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართება და სადაც ახალგაზრდა ხელოვანები სპეციალურად ამ ფესტივალისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებს შესთავაზებენ მაყურებელს. "ახალი დრამის ფესტივალი" წელს პირველად იმართება და აქვს კონკრეტული მისია - შექმნას თანამედროვე სახელოვნებო გარემო როგორც ავტორთათვის, ისე მაყურებლისთვის, რომლისთვისაც ხელოვნება თვითგამოხატვისა და კრიტიკის სივრცეა. ფესტივალის მთავარი ღერძი დრამაა, ტექსტი, რომელიც ხუთმა ავტორმა - ლაშა ბუღაძემ, დავით გაბუნიამ, პაატა ციკოლიამ, დათა თავაძემ და ნანა ექვთიმიშვილმა - ფესტივალისათვის დაწერა. ფესტივალი აუდიტორიას, გარდა წარმოდგენებისა, სთავაზობს პარალელურ პროგრამებს, დისკუსიებსა და ვორკშოპებს. პარალელური პროგრამით ფესტივალი მასპინძლობს სხვადასხვა შემოქმედებით-თეატრალურ ერთობას, მუსიკოსებსა და არტისტებს, რომლებიც „ახალი დრამის ფესტივალის“ ხედვას იზიარებენ. პროექტის ორგანიზატორია „დიალოგისა და განვითარების სახლი“.