უკვე ერთი თვეა, დაბა ახალგორის მიმართულებით გზა ჩაკეტილია. დე ფაქტო ხელისუფლება ამას H1N1 -ის გავრცელების საფრთხით ხსნის. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი, არავინ იცის, დაბაში კი სტუდენტები და მოსწავლეები არიან ჩარჩენილები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას და სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
Your browser doesn’t support HTML5
გარდა ამისა, დაბაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებიც ვერ ახერხებენ შესვლას, ისინი სამსახურს აცდენენ და შესაძლოა მათი გათავისუფლების საკითხიც დადგეს. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე ვითარება რთულია და ყოველ წუთს ადამიანის უფლებები ირღვევა. მისი თქმით, ამ დრომდე 21 მოსწავლე და 14 პედაგოგი უშედეგოდ ელოდება გზის გახსნას.
„არდადეგების პერიოდი იყო და პედაგოგები, ვინც იქ მუშაობს, 14 პედაგოგი აქეთ არის. 21 მოსწავლე იქ დარჩა. პაპა-ბებიებთან იქ იყვნენ ჩასულები და არ უშვებენ. თუ ჩაკეტვის მიზეზი ვირუსის გავრცელება იყო, როგორც ისინი ეპიდემიის გავრცელებას უწოდებენ და არანაირი ეპიდემია არ ყოფილა, აქედან ხომ არ შედიან, იქიდან გამოატარონ მაშინ ის ბავშვები. არც მაშინ იყო და ახლაც სერიოზული დეფიციტია ბავშვთა კვების. ბევრი არა, მაგრამ ჩვილი ბავშვებიც არიან, ძირითადად ეთნიკური ოსები, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენები არიან ისინიც. იქ მეტწილად ასაკოვანი ადამიანები არიან და თითოეული მათგანი ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს და ამ ადამიანებს არა აქვთ საშუალება იქ შეიძინონ მედიკამენტები“, - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.
როგორც ორი ფუნქციონირებადი ბაგა-ბაღი დახურეს და ერთი რუსული გახსნეს, ასევე ამ სკოლების დახურვა სურთ და შეიძლება ერთი ახლად აშენებული რუსული სკოლა დატოვონ.ნუგზარ თინიკაშვილი
ერთთვიანი კარანტინის შედეგად დაბა ახალგორში მედიკამენტებისა და პროდუქციის დეფიციტიცაა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ადამიანები ოკუპირებულ ახალგორში ნათესავებისა და ნაცნობების მეშვეობით გზავნიან მედიკამენტებს. გამგებლის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, რათა ეთნიკური ნიშნით ქართველები შეავიწროოს და აიძულოს სამსახური დატოვონ. თინიკაშვილი დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს გზა გახსნან და ადამიანის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა შეწყვიტონ.
„წელს ორჯერ ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ბიბილოვს. მაშინ ესეთი განცხადებები გაუკეთებია, რომ რატომ უნდა მუშაობდნენ, ჩვენთან სახელმწიფო დაწესებულებებში მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებიო, - ანუ ზუსტი ციტირებაა. ვერ იტანენ, რომ 6 ქართული სკოლა ფუნქციონირებს, იქ არიან პედაგოგები. ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც საავადმყოფოში, ისე პოლიკლინიკაში არის ჩვენი მედპერსონალი, რომლებიც აქაც მუშაობენ და იქაც და, ჩემი აზრით, უნდათ, რომ ეს ადამიანები უმუშევრად დატოვონ და, საბოლოო ჯამში, როგორც ორი ფუნქციონირებადი ბაგა-ბაღი დახურეს და ერთი რუსული გახსნეს, ასევე ამ სკოლების დახურვა სურთ და შეიძლება ერთი ახლად აშენებული რუსული სკოლა დატოვონ“, - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.
ქართველები ოსებს ელაპარაკებიან უცხოელების შუამავლობით, ოსები ქართველებს - რუსების შუამავლობით, ჩვენ კი დღეებს ვითვლით. წინა კვირასაც გულის შეტევით ერთი კაცი გარდაიცვალა.თამარ მეარაყიშვილი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის რამდენჯერმე გაიხსნა - მძიმე ავადმყოფების გადასაყვანად და გასვენებაში მიმავალი ხალხისთვის. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ პროდუქტები, პურის გარდა, დაბაში უკვე გაძვირდა. გარდა ამისა, იმ ხალხის გათავისუფლების საფრთხე არსებობს, ვინც, უკვე ერთი თვეა, ჩაკეტილი გზის გამო დაბაში ჩასვლას ვერ ახერხებს. მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაიწყონ დიალოგი და განცხადებების კეთების ნაცვლად საქმე აკეთონ.
„ერთადერთი, რაზეც ფასმა არ მოიმატა, ეს არის პური. წეროვანიდან და თბილისიდან განცხადებების კეთებას, რომ მოგიწოდებთ გახსნათ გზა და გამოუშვათო, მე მგონი, ჯობია სხვა საშუალება გამონახონ, აიღონ და დაურეკონ და ადამიანურად დაელაპარაკონ. ქართველები ოსებს ელაპარაკებიან უცხოელების შუამავლობით, ოსები ქართველებს - რუსების შუამავლობით, ჩვენ კი დღეებს ვითვლით. წინა კვირასაც გულის შეტევით ერთი კაცი გარდაიცვალა. შეიძლება ის სხვა დროსაც გარდაცვლილიყო, მაგრამ, ბუნებრივია, ფიქრობ, რომ იქნებ ამას უკავშირდება... ამდენი ნერვიულობა, ამდენი სტრესი“... - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
ახალგორში არსებული ვითარების შესახებ 8 თებერვალს საუბარი ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც შედგა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა, განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების გამოა გზა ჩაკეტილი და ვიდრე ვირუსის საფრთხე იქნება, გზა არ გაიხსნება. თავიდან ითქვა, რომ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი ერთი თვით ჩაიკეტებოდა, თუმცა ერთი თვე უკვე გავიდა და ახლა არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ დაბა კიდევ ნახევარი თვით იქნება დაკეტილი.