აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საქმე

ნათია კაპანაძე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადეს. გადაწყვეტილება რეგიონული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

ნათია კაპანაძე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მოგვიანებით საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

მთავარი არის ის, რომ ის გუნდი, რომელიც დღეს აჭარის მაუწყებელში მუშაობს, იქნება წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ და მათ არ ეყოლებათ ფარი, რომელიც ამ ზეწოლისგან დაიცავს...
ნინო დანელია

"მაშინ, როცა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი, შესაბამისად, ეს შედეგიც. პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა, შედეგიდან გამომდინარე მისახვედრია, რომ სარედაქციო პოლიტიკა, დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს", - ამბობს ნათია კაპანაძე.

დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორის, გიგა ჩხარტიშვილმა, რომელმაც ნათია კაპანაძე დაადანაშაულა ბიუჯეტის ერთპიროვნულ და არამიზნობრივ ხარჯვაში, ხელფასების უსამართლო გადანაწილებაში, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაში, აგრეთვე მაუწყებლის თანამშრომლების დაშინებასა და სამსახურიდან გათავისუფლებაში.​

„წარმოუდგენელია საჯარო პირს, რომელიც ხელმძღვანელობს საჯარო დაწესებულებას, სადაც მუშაობს 300-ზე მეტი ადამიანი; პირი, რომელიც განაგებს საბიუჯეტო თანხას 9 მილიონ ლარზე მეტს, უპირობოდ ენდო მხოლოდ იმიტომ, რომ იგი წარსულში იყო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი”, - განაცხადა მან.

ყველაზე საინტერესო პროცესი რომ ახლა იწყება, ეს ფაქტია… დირექტორის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს და როგორ წარიმართება ეს პროცესი და ვინ იქნება არჩეული, ეს არის ტესტი...
სულხან სალაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილმა კი განაცხადა, რომ დღეს სხდომაზე ვერ მოისმინა ნათია კაპანაძისგან არგუმენტები, თუ როგორ აპირებდა გადაეჭრა ტელევიზიაში შექმნილი ვითარება:

„მოლოდინი მქონდა, რომ საბჭოს ორი წევრის შენიშვნებზე არგუმენტირებული პასუხები იქნებოდა და ამავე დროს, იქნებოდა საუბარი მომავალზე, პერსპექტივაზე და პრობლემების მოგვარებაზე. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვისმინე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია“, - თქვა მან.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის პროცესს აქტიურად ადევნებდა თვალს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სულხან სალაძე

„მე წინასწარ არ მინდა შეთქმულების თეორიებში შესვლა, არც იმის თქმა მინდა, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ ყველაზე საინტერესო პროცესი რომ ახლა იწყება, ეს ფაქტია… დირექტორის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს და როგორ წარიმართება ეს პროცესი და ვინ იქნება არჩეული, ეს არის ტესტი“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

მედიაკოალიციის წევრ ნინო დანელიას შეფასებით, ქართულ პოლარიზებულ მედიასივრცეში აჭარის ტელევიზია იყო მიუკერძოებელი პოლიტიკის მქონე მარგალიტი, რაც ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს:

ნინო დანელია

„არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს გადწყვეტილება სარედაქციო მიუკერძოებელი პოლიტიკისთვის ჩვენ ამას გვაჩვენებს დრო. მთავარი არის ის, რომ ის გუნდი, რომელიც დღეს აჭარის მაუწყებელში მუშაობს, იქნება წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ და მათ არ ეყოლებათ ფარი, რომელიც ამ ზეწოლისგან დაიცავს".

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ნათია კაპანაძის დროს საზოგადოებრივ მაუწყებელი საგრძნობლად გაძლიერდა და თუკი ტელევიზიისა და რადიოს ღირებულებით მონაპოვარს რამე დაემუქრება, იქნება სათანადო რეაგირება.

გადაწყვეტილება რეგიონული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იტვირთა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ტელევიზიის თანამშრომლებმა, როცა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო კარგი და უკეთესი პროცესი დაიწყება. მე ვერ გავიზიარებ ამ პათოსს, იმიტომ რომ არ ვიცი, როგორი იქნება. დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვი, რომ უარესი იქნება... თუკი ვინმე შეეცდება იმ ღირებულებების, იმ მონაპოვრის შეცვლას, რაც გვაქვს ახლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სათანადო რეაგირება“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი მარი ბოლქვაძე კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურებაა:

„სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი ვართ ჩვენ, ჟურნალისტები. ახალი დირექტორის პირობებშიც ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ თავისუფლად მუშაობა და იმ მონაპოვრის შენარჩუნება, რაც საერთაშორისო, თუ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა კვლევებით აღიარეს. ეს არ არის ტრაგედია, რომ იქნება სხვა დირექტორი“.

მოლოდინი მქონდა, რომ საბჭოს ორი წევრის შენიშვნებზე არგუმენტირებული პასუხები იქნებოდა და ამავე დროს, იქნებოდა საუბარი მომავალზე, პერსპექტივაზე და პრობლემების მოგვარებაზე. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვისმინე...
ნატა იმედაიშვილი

საგამოძიებო სტუდია „REC“-ის ჟურნალისტი ირმა ზოიძე კი მიიჩნევს, რომ ყველა მხარეს პასუხისმგებლობა უნდა აეღო პროცესებზე და პრობლემებზე ელაპარაკა. მისივე თქმით, ახლა მთავარი კითხვაა - რა იქნება შემდეგ?

„ეს შედეგი იმიტომ დადგა, რომ არავინ არ აიღო მედიატორის როლი. თუ ადამიანებს მართლა აინტერესებდათ საზოგადოების, ტელევიზიისა და სიტყვის თავისუფლების ბედი, უნდა დაესვათ მწვავე კითხვები. ხოლო იმპერატიულ ტონალობაში მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ეს თუ არ იქნება, ყველაფერი დაიღუპება, უკვე თავის თავში გულისხმობს, რომ ვერ მიიღებ შედეგს. კაპანაძის გადაყენებით არაფერი არ მთავრდება. გამოწვევები გრძელდება და მთავარი რაც არის, ახლა ამ ადამიანებს მოუსმინონ“, - ამბობს ირმა ზოიძე.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ცამეტმა ოპერატორმა გაფიცვა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მათი გაფიცვა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პარალელურად მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, სამართლიანი ანაზღაურების შესახებ მოლაპარაკება მათ უკვე ახალ დირექტორთან მოუწევთ.