კომპანია, რომელსაც 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს კონტრაქტები, აცხადებს, რომ ბრალდებული თანამშრომლები დროებით დაითხოვა. იგი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ბრალდება ცალკეულ ადამიანებს ეხება და არა კომპანია „სმარტმატიკს“ და რაც მთავარია - არა არჩევნების რამენაირად გაყალბებას.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ:
- ამ ამბავს, - რა შედეგითაც უნდა დასრულდეს სასამართლო, - გავლენა ვერ ექნება საპარლამენტო არჩევნების სანდოობაზე;
- „სმარტმატიკის“ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს და, რაც მთავარია, ყოველ ნაბიჯზე არსებობს მისი გადამოწმების შესაძლებლობა.
„ქრთამი“ და „ფულის გათეთრება“
2024 წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ სამ აღმასრულებელ პირს ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.
ამავე საქმეზე მეოთხე ბრალდებულია ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი.
იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდების თანახმად, ფირმის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - სახელად როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა, - კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა.
ბრალდების თანახმადვე, ქრთამი აიღო ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის (COMELEC-ის) ყოფილმა თავმჯდომარემ ხუან ანდრეს დონატო ბაუტისტამ. ბაუტისტა 2015-17 წლებში იყო ამ თანამდებობაზე.
გამოძიების ვერსიით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმაში, რომ ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციას მათ კომპანიასთან გაეფორმებინა მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლითაც ქვეყანა ხმის მიცემის აპარატებს შეისყიდდა.
იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ ინვოისებში ხმის მიცემის თითოეული აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს; ასევე, შექმნეს ყალბი კონტრაქტები და საბანკო სესხების ხელშეკრულებები, რათა თანხის გადარიცხვები გაემართლებინათ.
შემდეგ, ბრალდების თანახმადვე, თანამზრახველებმა აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში განთავსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით გაათეთრეს ფული; სქემას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და 2018 წლამდე გრძელდებოდა.
იუსტიციის დეპარტამენტის თანახმადვე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს მაქსიმუმ 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. საქმეს ფლორიდელი გამომძიებლები იძიებენ.
რას ამბობს კომპანია
კომპანია „სმარტმატიკი“ ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი არ არის უშუალოდ კომპანიის ბრალეულობაზე.
9 აგვისტოს, იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებიდან მეორე დღეს, „სმარტმატიკმა“ პლატფორმა X-ზე (ყოფილ „ტვიტერზე“) დაწერა, რომ კომპანიამ „შეიტყო, რომ ორ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს „საზღვარგარეთ კორუფციული პრაქტიკის შესახებ აქტის“ (FCPA-ის) სავარაუდო დარღვევისათვის ფილიპინებთან დაკავშირებულ თითქმის 10 წლის წინანდელ საქმეზე“.
კომპანია განცხადებაში ლაპარაკობს „ორ თანამშრომელზე“, როდესაც იუსტიციის დეპარტამენტი კომპანიის სამ მაღალი თანამდებობის პირს ჩამოთვლის.
- როჯერ პინატე, კომპანიის პრეზიდენტი;
- ელი მორანო, კომპანიის გლობალური სერვისების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი;
- ხორხე მიგელ ვასკესი, ვიცე-პრეზიდენტი.
კომპანიის კომუნიკაციების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხორხე მიგელ ვასკესი „რამდენიმე წელია, „სმარტმატიკის“ თანამშრომელი აღარ არის“.
შესაბამისად, ორი თანამშრომელი, რომლებიც დროებით დაითხოვეს, არიან პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი პინატე და ვიცე-პრეზიდენტი ელი მორანო.
ადგილობრივი გამოცემა Miami Herald-ი, რომელიც ფლორიდაში 1903 წლიდან გამოდის, იუწყება, რომ პინატე და ვასკესი გამომძიებლებს ჩაბარდნენ და ისინი მალევე $8,5 და $1 მლნ-იანი გირაოთი გამოუშვეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა მოკვლევა ფილიპინებში.
„გარკვეული დონით, მოვახერხეთ, რომ დაგვედასტურებინა ეს ბრალდებები და ორიოდე კვირის განმავლობაში გაირკვევა, არსებობს თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომ … დანაშაული ჩადენილია“, - განაცხადა ჯორჯ გარსიამ, ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედმა თავმჯდომარემ 17 აგვისტოს.
„ბრალდება არ ეხება ხმების გაყალბებას“
„სმარტმატიკი“, თავის მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე მიუთითებს და აცხადებს:
„მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბრალდებები ზუსტი, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული თანამშრომლები არ მიიჩნევიან დამნაშავედ მანამ, ვიდრე მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება, ჩვენ ორივე მათგანი დაუყოვნებლივ დროებით დავითხოვეთ“.
კომპანია, რომელიც 2000 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში 30-ზე მეტ ქვეყანაში ჰქონია კონტრაქტები, ასევე აცხადებს:
- „ბრალდება არ ეხება ხმების გაყალბებას“;
- „სმარტმატიკი" არ არის დადანაშაულებული“;
- „ამომრჩევლები მსოფლიოს გარშემო დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ არჩევნები, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ტარდება უმაღლესი დონის სანდოობითა და გამჭვირვალობით“.
ცესკო და „სმარტმატიკი“
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა.
ამ კომპანიისგან იყიდა ცესკომ ამომრჩევლების ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ცესკომ 2 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ „სმარტმატიკისგან“ ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები მიიღო.
კითხვაზე, ცესკოს გადმოსახედიდან, ექნება თუ არა აშშ-ში მიმდინარე პროცესებს უარყოფითი გავლენა საქართველოს 2024 წლის არჩევნების შედეგების სანდოობაზე, ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა:
- „საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანი ვერ იქნება კონკრეტულ ქვეყანასა და კონკრეტულ პერსონალიებს შორის წარმოშობილი დავა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“.
- „მთავარია, რომ ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმ კუთხით თანამშრომლობაზე, რა კუთხითაც ჩვენ გვაქვს „სმარტმატიკთან“, [ბრალდება] ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს“;
- „დავას არ აქვს კავშირი ტექნოლოგიებთან. ჩვენ მათ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. ჩვენთვის არსებითი ის არის, რამდენად გამართულად მუშაობს ეს ტექნოლოგიები. და ისინი გამართულად მუშაობს“;
- „გარდა ამისა, ჩვენი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ყველა ნაბიჯზე არის შესაძლებლობა, რომ აუდიტირება მოხდეს ქაღალდის კვალით“.
ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს, რომ მართალია, პროცესი მოდერნიზებულია და არჩევნების პირველად შედეგებს ელექტრონული ტექნოლოგიები დაითვლის, „შემდეგ მოხდება ბიულეტენების ხელით გადათვლა და შესაბამისობის დადგენა“.
„ეს ნიშნავს, რომ მატერიალურად, ქაღალდის კვალი არსებობს. არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ელექტრონულ ტექნოლოგიებს იყენებენ და შეხება არ აქვთ ხელმოსაკიდი. ჩვენს შემთხვევაში, ბიულეტენიც მატერიალური სახითაა“, - ამბობს ნათია იოსელიანი.
ტენდერი
მეორე მხრივ, თუკი ბრალი დამტკიცდა, ეს კომპანიის მენეჯმენტის მიმართ წარმოშობს კითხვებს სხვადასხვა ქვეყანაში კონტრაქტების დადებისას კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, - რამეთუ ბრალდება ამბობს, რომ ფილიპინებში კონტრაქტი „სმარტმატიკის“ მენეჯმენტმა ქრთამით გაინაღდა.
ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე ცესკოს პრესსპიკერი გვპასუხობს:
„საერთაშორისო ტენდერი შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა. ეს იყო მრავალეტაპიანი კონკურსი და [გამარჯვებული] შეირჩა სააგენტოს ტენდერის შედეგად“.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა ივნისში აუქციონის გარეშე გამოცხადებულ საერთაშორისო კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ რამდენად სანდოა ელექტრონული არჩევნები? - რა უნდა ვიცოდეთერთადერთი პრეტენდენტი „სმარტმატიკი“ იყო.
ტენდერზე წინადადებების მიღება ორი დღის განმავლობაში - 2023 წლის 12-13 ივნისს - შეიძლებოდა.
ტენდერი გამოცხადებული იყო:
- ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებზე,
- ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატებსა და
- ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებებზე.
ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა საქართველოს, მთლიანობაში, თითქმის 55 მილიონი ლარის მომსახურება უნდა გაუწიოს და მიაწოდოს, მათ შორის 6453 ვერიფიკაციის აპარატი და 3601 ხმის მთვლელი აპარატი.
მანამდეც, საპილოტო პროექტებში ცესკო ამავე კომპანიის ტექნოლოგიებს იყენებდა. როგორც ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი რადიო თავისუფლებასთან ამბობს:
„სმარტმატიკის“ ტექნოლოგიები იყო გამოყენებული 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიწვია, დაადგინა, რომ აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად“.
კითხვაზე, 2024 წელსაც გეგმავს თუ არა ცესკო აუდიტორული ფირმის შერჩევას, პრესსპიკერი ამბობს:
„არ არსებობს საკანონმდებლო დანაწესი, რომლის თანახმადაც აუცილებელია, აუდიტი ჩატარდეს. თუ საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, საჯაროდ გამოვაცხადებთ. შარშან ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, მოვიწვიეთ Pro V&V და მათი დასკვნა აქარწყლებს ყველა იმ მითს, რასაც რეალობასთან შეხება არ აქვს“.
2024 წლის ზაფხულში კომპანიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტრენინგებს აგრძელებენ.
კომპანიის საწყისები
„სმარტმატიკი“ 2000 წელს დააარსა სამმა პარტნიორმა, ვენესუელის მოქალაქეებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ბრალდებული, პრეზიდენტი როჯერ პინატე.
მცირე ზომის ფირმა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2004 წელს მოექცა ვენესუელის რეფერენდუმის ჩატარებისას. რეფერენდუმის შედეგებით, ვენესუელის ანტიამერიკელი პრეზიდენტი უგო ჩავესი ხელისუფლებაში დარჩა. ეს იყო პირველი არჩევნები მსოფლიოში, რომელზეც ბიულეტენებთან ერთად ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს.
ამერიკული New York Times-ის არქივის თანახმად, „სმარტმატიკმა“ ვენესუელაში საარჩევნო ტექნოლოგიების ჩანაცვლებაზე კონტრაქტი რეფერენდუმამდე მცირე ხნით ადრე მიიღო.
მანამდე შვიდი თვით ადრე კი, ვენესუელის მთავრობამ $200 000-ის ინვესტიცია განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების კიდევ ერთ კომპანიაში, რომელიც იმავე კონსორციუმში შედიოდა, რომელშიც იმ დროისთვის „სმარტმატიკი“ იყო გაერთიანებული.
2006 წელს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი „სმარტმატიკს“ ვენესუელის მთავრობასთან/იყო თუ არა მის დაქვემდებარებაში, - თუმცა ეს იმთავითვე უარყვეს ვენესუელამაც და „სმარტმატიკმაც“.
ფილიპინებთან „სმარტმატიკი“ 2008 წლიდან თანამშრომლობდა რამდენიმე არჩევნებზე. თუმცა სადავო მხოლოდ 2016 წლის არჩევნებია, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ავტორიტარმა რობერტო დუტერტემ დაიკავა.
კომპანიის თანახმად, მას 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს კონტრაქტები საარჩევნო ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდებაზე. ამ ქვეყნებს შორის არიან არგენტინა, ბელგია, იტალია, სომხეთი, ბრაზილია და თავად აშშ-ც.
ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „სმარტმატიკს“ მრავალმილიარდიანი დავა აქვს კონსერვატიულ ტელეარხ „ფოქსთან“ და დონალდ ტრამპის მხარდამჭერ კონსერვატიულ პლატფორმებთან.
პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი ამტკიცებდა, რომ „სმარტმატიკი“, - რომელსაც „უგო ჩავესის დაფუძნებულს“ უწოდებდა, - გარეული იყო დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ არჩევნების გაყალბებაში. პასუხად „სმარტმატიკმა“ Fox News-ს, ჯულიანისა და სხვა კომენტატორებს სასამართლოში უჩივლა.
კომპანია აცხადებს, რომ დაუსაბუთებელი და არასწორი მტკიცებები რეპუტაციას ულახავდა და მნიშვნელოვნად აზიანებდა მის საქმიანობას და ახალი კლიენტების მოზიდვაში ხელს უშლიდა.
ეს საქმეც ამ დრომდე გრძელდება.