აშშ-მა საჰაერო დარტყმით მოკლა ირანის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური, რაც კონფლიქტის გამწვავებას ნიშნავს და, ანალიტიკოსთა აზრით, შეიძლება რეგიონში მეტ ძალადობას შეუწყოს ხელი.
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლა სერიოზული დარტყმაა ირანის რელიგიური რეჟიმისთვის, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს აშშ-ის სანქციების წნეხს, უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისსა და მზარდ ანტისამთავრობო გამოსვლებს.
62 წლის სოლეიმანი, რომელიც 3 იანვარს ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით მოკლეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან, პასუხისმგებელი იყო ირანის მოქმედებებზე საზღვარგარეთ. ის საკვანძო როლს თამაშობდა პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით ისლამური რესპუბლიკის გავლენის სფეროს გაფართოებაში სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში.
„სოლეიმანი ირანის მთავარი ადამიანი იყო ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების კუთხით, არამედ თეირანის პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელების თვალსაზრისითაც“, ამბობს სკოტ ლუკასი, ირანის სპეციალისტი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტიდან.
„სეროზული პრობლემები“
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ აშშ-ს „მკაცრი საპასუხო ზომები“ ემუქრება, და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მასთან მჭიდროდ დაახლოებული სოლეიმანის სიკვდილის გამო.
ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხათამიმ პირობა დადო, რომ სოლეიმანის მოკვლასთან დაკავშირებულ „ყველა ბოროტმოქმედს“ „გამანადგურებელი პასუხი“ გაეცემა.
ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ირანი ალბათ ძალისმიერი გზით უპასუხებს სოლეიმანის მოკვლას, რომელიც მრავალ თავდასხმას გადაურჩა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.
„ირანს არა აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ საპასუხო დარტყმა განახორციელოს სოლეიმანის მოკვლისთვის“, განაცხადა ალი ალფონემ, რომელიც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელია ვაშინგტონში.
ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია, რა პასუხის გაცემა შეუძლია ირანს.
ასევე ნახეთ თენგიზ ფხალაძე აშშ-ირანის მოვლენების გავლენაზეანალიტიკოსები ამბობენ, რომ თეირანს შესწევს უნარი, პირდაპირ იმოქმედოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო და კომერციული ინტერესების, ან ამერიკის მოკავშირეების - საუდის არაბეთისა და ისრაელის წინააღმდეგ.
ისლამურ რესპუბლიკას ასევე შეუძლია, იმოქმედოს მისი მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების მეშვეობით, როგორებიც არიან შიიტური ჯგუფები ერაყში, „ჰიზბოლა“ ლიბანში და ჰუთიტი მეამბოხეები იემენში.
ირანსა და მის მოკავშირე დაჯგუფებებს აქამდე ადანაშაულებდნენ სპარსეთის ყურეში ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებაში ნავთობის ტანკერებსა და მილსადენებზე თავდასხმების გზით.
ლუკასის თქმით, თეირანი გულდასმით გააანალიზებს თავის შესაძლებლობებს, სანამ რაიმე საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან, „ამერიკელებმა ამჯერად აჩვენეს, რომ მათ ხაზი გადაკვეთეს და საპასუხო დარტყმას განახორციელებენ“.
„მაგრამ ირანის სწრაფი პასუხის შემთხვევაში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ესკალაციისთვის, იციან რა, რომ აშშ საპასუხო დარტყმას განახორციელებს“, თქვა მან.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა თქვა, რომ „თუკი შევიტყობთ თავდასხმების შესახებ, წინმსწრებად ვიმოქმედებთ, რათა დავიცვათ ამერიკის ჯარები, დავიცვათ ამერიკელთა სიცოცხლე. თამაშის წესები შეიცვალა“.
Your browser doesn’t support HTML5
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი მოკავშირეები ამბობენ, რომ სოლეიმანის მოკვლა გამართლებული იყო. სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში ვითარების ესკალაცია მოხდა. 27 დეკემბერს ერაყში ირანის მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა აშშ-ის კონტრაქტორი.
„ამერიკელების მოკვლისა და დაჭრის ფასი მკვეთრად გაიზარდა“, დაწერა ტვიტერში რესპუბლიკელმა სენატორმა და ტრამპის დიდმა მხარდამჭერმა ლინდსი გრემმა.
მაგრამ ტრამპის კრიტიკოსების თქმით, ასეთი მკვეთრი სამხედრო ძალის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, რამაც რეგიონში ომი შეიძლება გამოიწვიოს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დინამიტი ჩააგდო აალებად მასალაში“, განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა. „ირანი აუცილებლად გასცემს ამას პასუხს. შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში დიდი კონფლიქტის პირას ვდგავართ“.
როგორც რადიო თავისუფლების ირანული რედაქციის ანალიტიკოსი, ირანელი აქტივისტი ალი აშრაფი ფიქრობს, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დისტანციური ომი შესაძლოა „პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში“ გადავიდეს, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
„პროპაგანდის საშუალება“
ანალიტიკოსების აზრით, სოლეიმანის სიკვდილი სავარაუდოდ არ გამოიწვევს დიდ ცვლილებას ირანის სამხედრო ოპერაციებში და საფრთხეს არ შეუქმნის გასამხედროებულ დაჯგუფებებთან მის კავშირებს რეგიონში.
როგორც ალფონე ამბობს, „ყუდსის ძალებში“ ძალაუფლების სისტემა მკაცრად არის ორგანიზებული. „მის მემკვიდრეს შეიძლება არ ჰქონდეს სოლეიმანის ქარიზმა, მაგრამ ირანსა და მის საზღვრებს გარეთ გავლენით ისარგებლებს ‘ყუდსის ძალების’ მეშვეობით“.
სოლეიმანის სიკვდილიდან რამდენიმე საათში ხამენეიმ ბრიგადის გენერალი ისმაილ ყაანი დანიშნა მის მემკვიდრედ.
ყაანი ირან-ერაყის ომში იბრძოდა 1980-იანებში და სოლეიმანისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყაანი, რომელიც ადრე ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსში დაზვერვაში მუშაობდა, ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობდა სირიის სამოქალაქო ომში ირანის მონაწილეობის საქმეში.
„სოლეიმანის მოკვლას რეჟიმი უზარმაზარ პროპაგანდისტულ საშუალებად გამოიყენებს და დემონსტრაციებში ჩართავს მოსახლეობის მოზრდილ ნაწილს“, ამბობს ვაშინგტონელი ექსპერტი ალი ალფონე.
სოლეიმანი, რომელიც „ყუდსის ძალებს“ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში, ირანში ყველაზე პოპულარული საჯარო პირი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი დიდი ეკონომიკური წნეხის ქვეშაა და ქვეყნის შიგნით დიდი მღელვარებაა, სკოტ ლუკასის აზრით, სოლეიმანი განასახიერებდა იმ გავლენასა და ძალას, როგორადაც ცდილობს თავის წარმოჩენას ისლამური რესპუბლიკა.
სოლეიმანის მოკვლის შემდეგ ათიათასობით ირანელმა გამართა დემონსტრაციები. „სიკვდილი ამერიკას“ - გაიძახოდა სოლეიმანის პორტრეტებით ქუჩებში გასული ხალხი. დემონსტრაციები გაიმართა თეირანსა და ათზე მეტ სხვა ქალაქში.
„არ მგონია, მისმა სიკვდილმა ირანში პოლიტიკური ფრაქციების დაქუცმაცება გამოიწვიოს, ვინაიდან ყოველი მათგანი შეეცდება, სოლეიმანი თავისიანად გამოაცხადოს“, მიაჩნია ალი ალფონეს.