Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ფხალაძე აშშ-ირანის მოვლენების გავლენაზე: საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ტერორისტული აქტების მიმართ


„ამ ეტაპზე გამოვრიცხავ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს აშშ-სა და ირანს შორის, თუმცა საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ტერორისტული აქტების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, განხორციელდეს ამერიკელების მიმართ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ-ერთ ასეთ ადგილად კი, შესაძლოა, საქართველოც იყოს მიჩნეული“, - უთხრა რადიო თავსიუფლებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო დღეს საქართველოს მხრიდან ანტიტერორისტული ღონისძიებების გაძლიერება.

ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს მიუხედავად თავისივე ვარაუდისა, რომ დღეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი არ არის.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ქმედებით მკაფიოდ დაადასტურა ის, რომ ამერიკა ყოველთვის გასცემს პასუხს თავდასხმას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ამერიკელებზე განხორციელდეს და დაუსჯელს არავის დატოვებს:

„ეს ნათლად იყო გაცხადებული პენტაგონის განცხადებაში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„ცხადია, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას შოკი მოჰყვა ირანში, სადაც სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. არც ირანის ხელისუფლების მწვავე განცხადებებია გასაკვირი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ველდოოთ არა ფართომასშტაბიან კონფლიქტს, რომლისთვისაც დღეს ირანის ხელისუფლება მზად არ არის, არამედ საპასუხო წერტილოვან ქმედებებს. ჩემი შეფასებით, არც ამერიკა ისწრაფვის დღე კონფლიქტისკენ - ის მაქსიმალურად ცდილობს იმ კერების შემცირებას, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ჩართულები. ამიტომ მე არც ჰუმანიტარული კატასტროფას და ლტოლვილების ნაკადებს არ ველი“.

თენგიზ ფხალაძე გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ან ერთი ან მეორე ქვეყნის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთება მოუწიოს და საომარ ქ,ედებებში ჩაერთოს, მაგრამ ეს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა მოდუნდეს. პირიქით, მისი შეფასებით, საქართველომ ახლა ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიადევნოს ყურადღება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ერთი მხრივ, მეზობელ ირანში და მეორე მხრივ, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-სა და ირანს შორის ბოლო დღეებში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ საელჩოს შენობების კომპლექსი და მის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. მას შემდეგ, რაც მოიერიშეები უშიშროების ძალებმა მოიგერიეს, ისინი საელჩოს შენობასთან დაბანაკდნენ. ოთხშაბათს დილას კვლავ ეცადნენ საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრას, მაგრამ ამჯერად აშშ-ის სამხედროებმა შეაჩერეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

შეკრებილები აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს შიიტური მოძრაობა „ჰიზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.

3 იანვარს კი, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ყუდსის ძალების“ ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში.

სარაკეტო თავდასხმისას სოლეიმანთან ერთად მოკლულია აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე.

XS
SM
MD
LG