„ძალიან დავზარალდით. ამ პერიოდში არასდროს გვიჭირდა ნომრების გაყიდვა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ახლა სულ მცირე 50 ოთახი უნდა მქონდეს გაქირავებული და მხოლოდ 25 მაქვს“, - ამბობს Shota Rustaveli Boutique Hotel-ის გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე. მისი სასტუმრო პირველი სკოლის უკან მდებარეობს: „ერთს ისე შეეშინდა, სასტუმროდან წავიდა, სხვებმა ჯავშანი გააუქმეს, ამერიკიდან, გერმანიიდან... ებრაელებმაც კი, რომლებსაც დაძაბულ სიტუაციებზე ასეთი მწვავე რეაგირება არა აქვთ. განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ ტურებს. ტურებით აღარ ჩამოდიან“.
„ასტორია ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭიღლაძემ „კომერსანტს“ უთხრა, რომ სასტუმროების ქსელმა „ასტორიამ“ თბილისის სასტუმროებში 274 000 ლარის ჯავშნები გააუქმა. ნაწილობრივ საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ნაწილობრივ კი - პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამო. მისი თქმით, ომმა შეაჩერა ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ირანიდან.
„ყველაზე მეტად თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროები დაზარალდნენ. "ასტორიამ" დაკარგა კლიენტები, "რუმსში" 300 ათასი ლარის ჯავშანი გაუქმდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ამ პერიოდში მომავალი თვეებისთვის იჯავშნებოდა სასტუმროები და ახალი ჯავშნები არ გვაქვს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის დემონსტრანტების ბრალი, ეს ამ გაუგებარი კანონის ბრალია“, - ამბობს „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი და იხსენებს, რა დღეში ჩააგდო იმავე კანონმა ტურიზმი შარშან.
2023 წელს საქართველო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის, ITB Berlin-2023-ის მასპინძელი ქვეყანა იყო. საქართველო ტურისტული პროდუქტების გამოფენისა და 200 ათასი მნახველის მიღებისთვის ემზადებოდა. 7 მარტს გამოფენა გაიხსნა და იმავე დღეს დაიწყო გამოსვლები ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგაც.
„მილიონობით ლარი იყო დახარჯული. გამოიტანეს ეს კანონი და დაინგრა ღამე ყველაფერი. მეორე დღეს ყველა გვეკითხებოდა, ხომ მშვიდობა გაქვთ, დაწყნარდით და მერე დაგელაპარაკებითო. და ახლაც, ამ სეზონის დასაწყისშიც ამ კანონზე გვაქვს ლაპარაკი. რად ღირს ეს კანონი, თუ ის ბიზნესს და მოსახლეობას ასე აზარალებს?!“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
ქართულმა ტურიზმმა პირველი დიდი დარტყმა კოვიდპანდემიის პერიოდში მიიღო. მომდევნო წლებში, რეგულაციების მოხსნის კვალდაკვალ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით, 2024 წლის პირველ კვარტალში 48%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
„ინდუსტრია ისედაც აღდგენის პროცესში იყო. ეს აღდგენა წელს უნდა დასრულებულიყო. პირველი კვარტლის მონაცემები ამაზე მეტყველებდა. მომავალ კვარტლებშიც ამას ველოდით, მაგრამ მიმდინარე მოვლენები ამ პროცესს შეაფერხებს და შეიძლება 2025 წლისთვისაც კი გადადოს. აჭარაში სეზონი კარს მოგვადგა და ჩვენ ასეთი რყევები გვაქვს. ძნელი იქნება იმ მოგების მიღება, რომელსაც ხალხი ელის“, - ამბობს ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ტურიზმის სფეროში მხარჯველუნარიანი, მდიდარი ტურისტების მოზიდვაა, ანუ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის. ის ამბობს, რომ საქართველოში ევროპელები ისედაც ძალიან იშვიათად ისვენებენ, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ კი ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და საქართველო რუსული, თურქული და სპარსეთის ყურის ქვეყნების ამარაღა დარჩება.