საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია ორი კვირაა, რაც დაიწყო (29 აგვისტოს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე), თუმცა უკვე გამოვლინდა გარკვეული დარღვევები და ხარვეზები, მათ შორის:
- ნათესაობა კომისიებში
- ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა
- საბიუჯეტო რესურსების მობილიზება
- კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების შეუძლებლობა
- მედიაგარემოზე ნეგატიური ზემოქმედება
ნათესაობა საოლქო კომისიებში
„სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადგინა, რომ 73 საოლქო კომისიაში დროებითი წევრებიდან 14 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, 8 შემთხვევაში კი საოლქო კომისიებში აირჩიეს “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე სვამს რიტორიკულ შეკითხვას: როგორ მოახერხეს ცესკოს წევრებმა 24 საათში (2-3 აგვისტოს) 173 კონკურსანტის განაცხადის განხილვა და გასაუბრების გარეშე, მხოლოდ წარდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, კონკურსანტთა კვალიფიკაციის შეფასება?
Your browser doesn’t support HTML5
ISFED-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საოლქო კომისიებში ე. წ. „პროფესიულ წევრებად“ შერჩეული 72 პირიდან 14 ნათესაურ კავშირშია მმართველი პარტიის, ადგილობრივი ხელისუფლების ან სამართლადამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
ის, თუ ვინ ვისი ძმა, ცოლი, და, ქმარი ან ძმისცოლია საოლქო კომისიებში, დეტალურად გაარჩია გიორგი ვაშაძემ, ერთ-ერთმა ლიდერმა სამოქალაქო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“.
ISFED-ის მიხედვით, საოლქო კომისიებში დანიშნული წევრების ნათესაუბრი კავშირები
1. ახალქალაქი - ნარინე მოსოიანი - ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის ნათესავი; ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელი.
2. ახმეტა - ზურაბ შინჯიკაშვილი - ცესკოს საარჩევნო ტრენერის ანდრო შინჯიკაშვილის ძმა.
3. გორი - ნანა გელაშვილი - ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზაზა ნადირაშვილის მეუღლე.
4. თეთრიწყარო - ნატო ჩადუნელი - ამავე საოლქო კომისიის თავჯდომარის თამუნა მეტრეველის ძმის ცოლი.
5. თელავი - ლეილა სიბაშვილი - ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ნათესავი.
6. კრწანისი - თამილა რობაქიძე - ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თამაზ ფოლადაშვილის მეუღლე.
7. ოზურგეთი - თამთა გიორგაძე - ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მეუღლე.
8. საბურთალო - მაია ფეტვიაშვილი - კრწანისის საოლქო კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის დავით ფეტვიაშვილის მეუღლე.
9. საგარეჯო - ანნა თათრიშვილი - ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის განყოფილების თანამშრომლის ზაალ თათრიშვილის და.
10. სამგორი - ნანა ცინდელიანი - ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომლის მეუღლე.
11. ქარელი - მაია ალექსიძე - გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე.
12. ქედა - მზიური შავაძე - ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის და.
13. წყალტუბო - სალომე ქაჯაია - წყალტუბოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტინე ქაჯაიას და.
14. ლენტეხი - მარიანა ბენდელიანი - მესტიის სუსის უფროსის მეუღლე.
ვინ და როგორ აკომპლექტებს საარჩევნო ადმინისტრაციებს? ვინ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოძიება ჩაატარეს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ კენჭისყრამდე უკვე ცნობილია, ვინ იქნებიან საოლქო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები.
მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდებლობა
ISFED-ის ანგარიშში მოხვდა ქუთაისის მერიის მცდელობა წინასაარჩევნო პერიოდში შეექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომლის დირექტორი თამთა ბაკურაძე მერიის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ დირექტორი და „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია. ქუთაისის საკრებულოს წევრი გიგა შუშანია ამტკიცებდა, რომ თამთა ბაკურაძის ხელით სინამდვილეში ქუთაისის მერი და მთელი „ქართული ოცნება“ მოქმედებდა და ისინი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს აიძულებდნენ კუთვნილი ხელფასის 1% ყოველთვიურად აღნიშნულ ფონდში შეეტანათ.
ასევე ნახეთ ფონდი „ქუთაისი“ - საქველმოქმედო თუ „პარტიული ყულაბა“ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ ფონდი დამოუკიდებლად მოქმედებდა და რომ ხელფასის 1 %-ის ფონდში შეტანა ნებაყოფლობითიიყო,
თუმცა ISFED-მა, მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მიიღო პასუხი შემდეგ კითხვებზე: საიდან ჰქონდა საქველმოქმედო ფონდს ა(ა)იპ-ების თანამშრომლების ანგარიშებთან წვდომა? რამდენად კანონიერი იყო ავტომატურად ჩამოეჭრათ მათთვის ხელფასის 1%? რატომ იქმნებოდა ფონდი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ეს აჩენდა ეჭვებსა და შეკითხვებს დაინტერესებულ მხარეებში?
საბიუჯეტო რესურსების მობილიზება
„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რიგ ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ.ნინო რიჟამაძე
არჩევნების დანიშვნამდე 31 მუნიციპალიტეტში განხორციელდა საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები ხშირად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. კანონით, 29 აგვისტოდან (არჩევნებამდე 60 დღე) აკრძალულია ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება და შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, მაგრამ, როგორც ISFED-ის მონიტორინგი აჩვენებს, კანონის ეს მოთხოვნა მხოლოდ ფორმალურად არის დაცული, რადგანაც აკრძალვის ამოქმედებამდე სულ რაღაც ხუთი დღით ადრე, 2018 წლის 23 აგვისტოს, მთავრობამ გამოსცა N1665 განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 250 მილიონი ლარი გამოეყოთ. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის ვარაუდით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არჩევნების მოახლოებას უკავშირდებოდეს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის კეთილგანწყობის გაზრდას ისახავდეს მიზნად.
„არჩევნების წინ ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას და ხელს არ უწყობს არჩევნების წინ თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას“, ამბობს მიხეილ ბენიძე.
კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების შეუძლებლობა
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 45 ოლქში მოითხოვეს საოლქო კომისიებში ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წევრებმა, მაგრამ, როგორც ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე ამბობს, არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და, შესაბამისად, კომისიურად გასაუბრება არც ერთ ოლქში არ ჩატარებულა.
Your browser doesn’t support HTML5
„’ნაციონალური მოძრაობის’ მიერ დანიშნულ წევრებს ყველა ოლქში მიეცათ კანდიდატებთან გასაუბრების დამოუკიდებლად დანიშვნის შესაძლებლობა, თუმცა კონკურსანტთა უმრავლესობა გასაუბრებაზე არ მივიდა. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რიგ ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ზოგიერთ ოლქში ადგილი ჰქონდა საოლქო კომისიის დანარჩენი წევრების მიერ გასაუბრების ჩატარებისთვის ხელის შეშლის და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებს“, - ამბობს ნინო რიჟამაძე.
მაუწყებლებისთვის ამგვარი ვალდებულების განსაზღვრა აჩენს მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების გამოქვეყნებაზე უარის თქმის საფრთხეს და ქმნის კვლევაში მონაწილე პირების პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის რისკს.მიხეილ ბენიძე
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 73-ვე ოლქში საუბნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი მსგავსი სცენარით წარიმართა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კომისიის პროფესიული ნიშნით და „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრები კენჭისყრისას ერთსა და იმავე კანდიდატებს უჭერდნენ მხარს. 25 საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებდნენ წინასწარ მომზადებული სიებით, თუმცა განმარტავდნენ, რომ კანდიდატთა სიის სამუშაო ვერსია კანდიდატების განაცხადების გადარჩევის შემდეგ გააკეთეს.
მედიაგარემოზე ნეგატიური ზემოქმედება
2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNCC) წერილით მიმართა ყველა მედიასაშუალებას და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობის გადამოწმების ვალდებულება დააკისრა.
„საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს სავალდებულო კრიტერიუმებს კვლევის სანდოობის კუთხით, მაგრამ არა მაუწყებელთა ვალდებულებას თავად გადაამოწმონ კვლევის შედეგების სანდოობა, როგორც ამას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განუმარტავს მაუწყებლებს. მაუწყებლებისთვის ამგვარი ვალდებულების განსაზღვრა აჩენს მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების გამოქვეყნებაზე უარის თქმის საფრთხეს და ქმნის კვლევაში მონაწილე პირების პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის რისკს“, - ამბობს მიხეილ ბენიძე, რომლის თქმითაც, ასევე პრობლემურია კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის დაჯარიმების შესახებ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გადაცემის გამო.
Your browser doesn’t support HTML5
„აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 50 დღით ადრე აქვთ. ამ გადაწვეტილებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მაუწყებლებზე და მათ პოტენციურად თავი შეიკავონ პოლიტიკური/წინასაარჩევნო ხასიათის რეკლამის განთავსებისგან არასაარჩევნო პერიოდში“, - ვკითხულობთ ISFED-ის დასკვნაში.
ორგანიზაციაში ასევე მიიჩნევენ, რომ მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით საფრთხის შემცველია საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეცვლა და ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები.
„იბერიის“ დამფუძნებლები ხელისუფლებას ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ ფინანსური დავალიანების აღმოფხვრის შეთავაზებაში ადანაშაულებენ.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრინციპულად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა. მედიის დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკის მრავალფეროვნება საზოგადოების ინფორმირებისა და, შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.