2 მაისი, 2024 წელი. საქართველოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებები დაარეგისტრირა. მმართველი პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მიღების წესს ცვლის და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებულ საკოორდინაციო ჯგუფსაც აუქმებს.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ეს ბოლო სამ წელში, შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმებიდან (19 აპრილი 2021 წელი) დღემდე, საარჩევნო კოდექსის მეოცე შესწორება იქნება.
ასევე ნახეთ არჩევნების სიმულატორიცესკოში ოპოზიციის გავლენა მცირდება
ახალი კანონპროექტით, მმართველ პარტიას უნდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებები და საკადრო გადაწყვეტილებები კომისის წევრთა უბრალო უმრავლესობით - 9 ხმით მიიღოს. დღეს ამისათვის კომისიის წევრთა ხმების ⅔ -ი ანუ 12 ხმაა საჭირო.
„ქართული ოცნების“ ვერსიით, თუ დადგენილება ცესკოს 12 წევრის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მას კენჭს ხელმეორედ უყრიან. მეორე ჯერზე, უკვე 9 ხმა იქნება საკმარისი.
2021 წლის ივნისში მიღებული საარჩევნო ცვლილებებით, ცესკოს წევრთა ოდენობა 11-დან 17-მდე გაიზარდა. მათგან 8 - პარლამენტის მიერ არჩეული პროფესიული კადრია, დანარჩენი ცხრა კი პარტიული კვოტითაა დანიშნული. ეს მოდელი 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების (ცნობილი, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი) მონაპოვარია.
თუ ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე მიიღებს დადგენილებებს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. 8 არჩეულ წევრს დამატებული ქართული ოცნება, ჯამში, ზუსტად 9 ხმაა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი.
„გვაქვს მმართველობა, სადაც ერთი პარტია ატარებს არჩევნებს, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ პროცესზე გავლენის შესაძლებლობა არა. ყველა ცვლილება ემსახურება ქართული ოცნების გაძლიერებას და არა მრავალპარტიული მითუმეტეს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან, „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გულადი ქანთარია.
ცესკოს დადგენილებები მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებს არეგულირებს. მაგალითად, კენჭისყრის დღის პროცედურებს, გადასატან ყუთის მიტანის საკითხებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, სპეციალური სიების შედგენისა და დაშვების საკითხებს. .
„დადგენილება ცესკოს ნორმატიული აქტია. შეიძლება ითქვას, რომ ამ გზით, ცესკოზე კანონმდებლის უფლებამოსილებაა დელეგირებული...ამიტომ ლოგიკურია რომ ასეთ ნორმატიულ აქტებს მაღალი კვორუმი და ოპოზიციის რაღაც ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება. ახლა ეს ბარიერიც არ არსებობს და შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ცესკოში მიიღებენ 9 ხმით, რომელიც ისედაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ”, - ამბობს ცესკოში პარტია ლელოს წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე „რადიო თავისუფლებასთან“.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს ყველა იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებზე მხარდაჭერის 1%-იანი ზვარი გადალახა.
2020 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი 9 პარტია იყო: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლელო, ევროპული საქართველო, ევროპელი-სოციალისტები, მოქალაქეები, ევროპელი დემოკრატები.
„ევროპელმა-სოციალისტებმა“ ადგილი ცესკოში „ქართული ოცნების“ დახმარებით მოიპოვეს, მას შემდეგ რაც 2021 წელს, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსი მათ სასარგებლოდ შეცვალა.
კოდექსში სპეციალური ჩანაწერის მიხედვით, პარტია საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი ამ პარტიას დატოვებს და სხვაგან გაწევრიანდება. ცესკოში თავისი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება ახალ პარტიას გადაეცემა.
ამ ცვლილების მიღების მომენტისთვის ფრიდონ ინჯია „პატრიოტთა ალიანსიდან” უკვე წასული იყო და ნათქვამი ქონდა, რომ ახალი პარტიას ქმნიდა.
ასე დაკარგა „პატრიოტთა ალიანსმა“ ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის უფლება და ის „ევროპელ-სოციალისტებს” გადაეცათ.
საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის ამ წესს არასწორი, მიკერძოებული და არასამართლიანი უწოდეს არჩევნების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“. კრიტიკის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ეს ჩანაწერი არ შეცვალა.
„მმართველმა პარტიამ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით თქვა, რომ წინასაარჩევნოდ არც ჩემს მიერ მართულ ოპოზიციურ პარტიებს ვენდობი და არ მინდა მათ პოლიტიკურ ვაჭრობაზე ვიყო დამოკიდებული”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან, „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გულადი ქანთარია.
ამ კანონპროექტის ინიციირებას წინ უსწრებდა ცესკოს ის ხდომა, რომელზეც კომისიის წევრებმა დადგენილებისთვის საჭირო 12 ხმის მობილიზება ვერ შეძლეს. ამ დადგენილებით საარჩევნო ადმინისტრაციას რეგლამენტიდან უნდა ამოეშალა ჩანაწერი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის შესახებ.
ეს თანამდებობა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში 2021 წელს შემოიღო, და აქედან სამ წელში, ოპოზიციისა და არასამთავრობოების წინააღმდეგობის, მიუხედავად, გააუქმა.
„პრობლემა შეექმნათ და ჩვენთან კონსენსუსის ნაცვლად ეს გზა აირჩიეს, არ დაგვლაპარაკებიან, არ დავურწმუნებივართ, რომ მხარი დაგვჭერია, არ სურდათ ამის გაკეთება და ამიტომ მოიფიქრეს ახალი კანონი, ჩვენ თუ წარმოვიდგენთ, რომ კომისია დამოუკიდებელია, ხომ შეიძლევა ჩემი და ნეიტრალური კომისიის წევრის გადაწყვეტილება როდესმე ერთმანეთს დაემთხვეს? ქართული ოცნება და ეს წევრები გადაწყვეტილებას ზუსტად ერთნაირად იღებენ“ - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ცესკოში, ანა კობახიძე რადიო თავისუფლებასთან.
2021 წლის ჩანაწერით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე უნდა ჰყოლოდა, ერთი არაპარტიული, მეორე კი ოპოზიციონერი. მას თავმჯდომარისა და მეორე მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობები უნდა შეესრულებინა. ოპოზიციონერი მოადგილე ამ ნორმის გაუქმებამდე „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე იყო.
ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმებასთან ერთად, შეიცვალა ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესიც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ქვევით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დაგეგმილ ცვლილებებზე მმართველ პარტიასთან წინასწარი კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუმცა იციან, რომ მხარს უჭერენ და მიაჩნიათ, რომ ცესკოს წევრების პოლიტიკურმა ინტერესებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა ჩიხში არ უნდა შეიყვანოს.
„ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში 2/3 ქმნის გარკვეულ ბარიერებს და გადაწყვეტილების მიღება ხდება პოლიტიკური მოსაზრებებით და საბოლოოდ, ეს პროცესს აზიანებს. მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა წევრმა საკუთარი ერთი ხმა გამოიყენოს იმგავარად, რომ საარჩევნო პროცესის კვალიფიციურ ადმინისტრირებას ხელი არ შეუშალოს და ცესკოს საქმიანობა გააცალკევოს პოლიტიკური ინტერესებისგან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელინმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საკანონმდებლო გაუარესებად“ თვლის ყველა იმ ცვლილებას, რომელიც ცესკოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობას გამორიცხავს. ორგანიზაციის აზრით, მიღებული და მომავალში დაანონსებული ცვლილებები „დაუსაბუთებელია“ და უგულვებელყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
„[ბოლო]ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დე ფაქტო გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით; კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
საკონსულტაციო ჯგუფს შანსი აღარ აქვს
მეორე ცვლილება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს. მისი არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრიანია, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება. ის სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
საკონსულტაციო ჯგუფი იძლევა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით და თუ ცესკო გადაწყვეტს, მას ხმების გადათვლის პროცესზე დაკვირვების უფლებაც ეძლევა.
2021 წელს საკონსულტაციო ჯგუფმა არაეფექტურად იმუშავა. მთავარმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „სამართლიანმა არჩევნებმა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ეს ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვეს; ჩათვალეს, რომ ჯგუფის წევრებად მიწვეული ორგანიზაციები სანდოობის ხარისხის ვერ აკმაყოფილებდნენ.
ცესკოს წევრი პარტია „ლელოდან“ გიორგი სიორიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად წარუმატებელი წარსული გამოდილებისა, ამ ჯგუფს 2024 წლის არჩევნებზე „ამ არჩევნების პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე“ შესაძლოა ახალი როლი და ფუნქცია შეეძინა.
როცა კანონი ერთი კაცისთვის იცვლება
საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სამ ეტაპად ვყოფთ:
- შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმებიდან ევროპული პერსპექტივის მინიჭებამდე (2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 23 ივლისის შუალედი);
- ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე (2022 წლის 23 ივლისიდან - 2023 წლის 14 დეკემბერი);
- კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ (2023 წლის 14 დეკემბერიდან -დღემდე)
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობამ, სახელმწიფო მწვავე კრიზისამდე მიიყვანა. ოპოზიციურ პარტიათა ნაწილმა, რომლებიც არ ენდობოდნენ არჩევნების შედეგებს, უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე. პარტია „მოქალაქეებმა“ საპარლამენტო საქმიანობა „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმში ასახული საკითხების შეცვლის პირობით დაიწყო, რომელიც, მათ შორის, საარჩევნო ცვლილებებსაც ეხებოდა.
2021 წლის თებერვალში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა პარლამენტში მუშაობა ოპოზიციური პარტიების გარეშე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო.
საარჩევნო რეფორმის პროცესის პარალელურად, 23 თებერვალს საქართველოს მთავრობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. 5 დღით ადრე თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინაპოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა და მის მოსაგვარებლად საქართველოში 28 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. დიალოგის საფუძველზე შეიმუშავა 6 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საარჩევნო რეფორმას ეხებოდა.
შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე პირველი ცვლილება საარჩევნო კოდესში 2021 წლის ივნისში შევიდა. აქედან ერთ თვეში ხელისუფლებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
საარჩევნო კოდექსში გაჩენილი ახალი ჩანაწერები უმეტესად პოზიტიური იყო და სისტემის გაჯანსაღებას ისახავდა მიზნად. პირველად მაშინ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი.
2021 წლის ივნისის ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. თუ წარდგენილი კანდიდატი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერას მოიპოვებს, ანუ 100 ხმას დააგროვებს ის თანამდებობაზე 5 წლით გამწესდება, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - 6 თვით, პარლამენტს უფლება აქვს კანდიდატს კენჭი ოთხჯერ უყაროს, პირველ ორ შემთხვევაში ასარჩევად 100 ხმაა საჭირო, მესამედ 90, ხოლო ბოლოს უბრალო უმრავლესობა - 76 ხმა.
კენჭისყრებს შორის შუალედი 4 კვირაა. ანალოგიური წესი ვრცელდება ცესკოს პროფესიული წევრების არჩევაზეც.
ქართულ ოცნებას პარლამენტში არც 100 დეპუტატი ჰყავს და არც 90, შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის მაღალი კვორუმით არჩევა მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობითაა შესაძლებელი. ამ ჩანაწერის მიზანიც პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა იყო. „ქართულ ოცნებას“ ცესკოს თავმჯდომარის დროებით, 6 თვით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ნორმა კრიზისის განმუხტვისთანავე უნდა შეეცვალა.
ამას გარდა,
- 11-დან 17-მდე გაიზარდა ცესკოს წევრების რაოდენობა;
- დაწესდა ცესკოს თავმჯდომარის ორი მოადგილის თანამდებობა, მათ შორის ერთი ოპოზიციის კვოტით, ერთი კი პროფესიული (ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი დღეს უკვე გაუქმებულია).
- აიკრძალა შესწორების ოქმის არჩევნების მეორე დღეს შედგენა;
- საოლქო კომისიას უბნის შედეგების გადათვლის ვალდებულება დაუწესეს, დაზუსტდა გადათვლისთვის საჭირო გარემოებები.
- გაფართოვდა იმ საჯარო მოსამსახურებიის, სია რომლებსაც საარჩევნო აგიტაცია აუკრძალეს.
- შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი ( ახალი ცვლილებით სწორედ ამ ჯგუფს აუქმენენ)
- გაიზარდა საჩივრის განხილვის ვადები.
საარჩევნო კოდექსის 2021 წლის ამ რედაქციაში წლების მიხედვით ბევრი ცვლილება შევა, თუმცა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში შეტანილი შესწორებების რაოდენობა ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ამ ცვლილებიდან სამ წელში გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 4-ჯერ უყრიან კენჭრს, მის დასანიშნად ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევ წესს ოთხჯერ შეცვლიან. პრეზიდენტი კი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს ოთხჯერ დაადებს.
ეს ამბავი 2021 წლის 30 ივნისიდან იწყება, ამ დღეს თანამდებობა დატოვა ცესკოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და მისი ადგილი ვაკანტური გახდა. მოვლენები ასე განვითარდა:
ივლისი, 2021
საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, გიორგი სანტურიანი და გიორგი კალანდარიშვილი წარუდგინა.
აგვისტო, 2021
პარლამენტმა დაბალი ლეგიტიმაციით და მეოთხე მცდელობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მან ოპოზიციის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. 2021 წლის ოქტომბერში თვითმმართველოს არჩევნები კალანდარიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა.
დეკემბერი, 2021
ქართულმა ოცნებამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროებითი წესი შეიმუშავა და კენჭისყრა ოთხის ნაცვლად ორეტაპიანი გახადა. 4-კვირიანი შუალედები კი ერთ კვირამდე შეამცირა. თუ თავმჯდომარეობის კანდიდატი 100 ხმას ვერ მიიღებდა, მის კანდიდატურას კენჭს განმეორებით ერთ კვირაში უყრიდნენ და უბრალო უმრავლესობით, ანუ 76 ხმით და ისევ დროებით გაამწესებდნენ თანამდებობაზე.
მმართველ პარტიაში ითქვა, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარეს ამ წესით არ აირჩევდნენ, მოქმედი კანონმდებლობით და დროში გაწელილი პროცედურით შუალედური არჩევნებისთვის ცესკო თავმჯდომარის გარეშე დარჩებოდა.
საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილებით, თუ პარლამენტი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ახალ თავმჯდომარეს ვერ აირჩევდა, უფლებამოსილების ვადა მოქმედს გაუხანგრძლივებდნენ.
„ [ამ] ცვლილებამ არანაირი სტიმული აღარ დაუტოვა მმართველ პარტიას, რომ მან სცადოს, ცესკოს თავმჯდომარის/პროფესიული წევრის კანდიდატურაზე კონსენსუსს მიაღწიოს ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს ლეგიტიმაციას მოკლებული ყოფილი თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილება. ეს ცვლილება საბოლოოდ ძირს უთხრის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი რეკომენდაციით ჩამოყალიბებულ ცესკოს დაკომპლექტების პრინციპს“, - ასე აკრიტიკებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.
იანვარი-თებერვალი, 2022 წელი
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები წარუდგინა, მათ შორის ისევ იყო გიორგი კალანდარიშვილი. ის დაბალი კვორუმითა და ისევ დროებით დაინიშნა თანამდებობაზე.
23 ივნისი, 2022
ამასობაში, ევროკომისიამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა. მეორედ შეიქმნა საარჩევნო რეფორმის ჯგუფი, რომელიც 12 რეკომენდაციას უნდა დაყრდნობოდა.
ჯგუფის მუშაობაში არ ჩაერთო საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, თითოეულ სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ორი სამოქალაქო ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო. მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ არ წარმოადგენდნენ.
ამ პლატფორმამ სამუშაო ჯგუფში საია და სამართლიანი არჩევნები წარადგინა, ამ უკანასკნელს მონაწილეობაზე უარი დისკრიმინაციულად უთხრეს. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ამ არასამთავრობოს „ნეიტრალიტეტი ჰქონდა“ დაკარგული. პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად სამუშაო ჯგუფი დატოვა საია-მ.
აგვისტო, 2022
პრეზიდენტმა პარლამენტს მესამედ წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, მათ შორის აღარ იყო გიორგი კალანდარიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება წინა კენჭისყრების შედეგებით ახსნა, სადაც კალანდარიშვილი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით ვერ აირჩიეს. ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტი, საპასუხოდ, პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა/
პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა. გასული წლის დეკემბრის ცვლილების დამსახურებით, კალანდარიშვილს ავტომატურად გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, 6 თვით.
ოქტომბერი, 2022
2022 წლის ოქტომბრის თვეში, ქართულმა ოცნებამ მორიგი საარჩევნო რეფორმა დაამტკიცა, რომელიც ვენეციის კომისიას გადაუგზავნა და დაჩქარებული წესით განხილვა მოსთხოვა:
- ამ ეტაპზე საარჩევნო კოდექსში ჩნდება ჩანაწერი არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარების შესახებ.
- შემოიღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირება
- კანონპროექტით განისაზღვრა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს, შემაჯამებელ ოქმში ე.წ. დისბალანსის გამოვლენისას, ამ უბანზე ხმების ხელახალი გადათვლის საფუძვლები.
- 2-დან 3 და 4 დღემდე გაიზარდა დარღვევების გასაჩივრებისა და განხილვების ვადები.
- გადასატანი ყუთით ხმის მიცემის დროს მარკირება სავალდებულო გახდა,
ამ ვერსიაში უცვლელი დარჩა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ოთხეტაპიანი წესი.
ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში მიუთითა, რომ ყოველ ჯერზე დაბალი ლეგიტიმაციითა და 6-თვით ცესკოს თავმჯდომარის არჩევა „კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესს“ ვერ უზრუნველყოფდა, რაც „გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“.
მაისი - ივლისი, 2023
საარჩევნო კოდექში მესამედ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ცესკოს წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენდა. ამასთან, დადგინდა, რომ 5 წლით თანამდებობაზე გასამწესებლად 100 ხმის ნაცვლად, 76 იქნებოდა საკმარისი. კენჭისყრა კი ორზე მეტჯერ ვერ ჩატარდებოდა. ხმების ეს ოდენობა ქართულ ოცნებას პარლამენტში აქვს. კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის 3 ივლისს დაძლია.
სექტემბერი - მარტი, 2024
ქართულმა ოცნებამ თავისივე დაწერილი, სამ თვეში შეცვალა- ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 კი არა 90 ხმა გახდა საჭირო. გაუქმდა 6 თვით თავმჯდომარის არჩევის შესახებ ჩანაწერიც. თუ კანდიდატს 90 ხმით ვერ აირჩევენ, 5 წლით თანამდებობაზე გასამწესებლად მეორე კენჭისყრაზე 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება.
ამავე ცვლილებით გააუქმეს, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტმა ამ კანონსაც ვეტო დაადო, რომელიც უმრავლესობამ დაძლია.
4 აპრილი, 2024
ახალი ჩანაწერებიდან ერთ თვეში „ქართული ოცნება“ პარტია „გირჩთან“ მოლაპარაკებით პარლამენტში გენდერულ კვოტებს აუქმებს, გირჩის ლიდერებს არ დაუმალავთ, რომ ქართულ ოცნებას გაურიგდნენ და სანაცვლოდ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
პრეზიდენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასაც ვეტო დაადო, თუმცა უშედეგოდ, ეს საარჩევნო საკითხებზე ეს პრეზიდენტის მეოთხე ვეტოა.
30 აპრილი, 2024
პარლამენტის თავმჯდომარემ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი წარადგინა და აირჩია კიდეც, მაღალი ლეგიტიმაციით მაინც ვერ - 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით.
კალანდარიშვილთან ერთად, ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე შეცვლილი კოდექსით ხუთი წლით აირჩიაკენჭისყრის პროცედურის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ წარდგენილ კანდიდატურებს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, პოლიტიკური ჯგუფების - “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“ მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ გასულ სასესიო კვირას რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში იყო, მათი 3/5-იანი კვორუმით არჩევა ვერ მოახერხეს.
„შარლ მიშელიდან მოყოლებული მთავარი მიზანი იყო, რომ ცესკო კონსენსუსით და ფართო ჩართულობით დაკომპლექტებულიყო. ახლა კი გვყავს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, რომლებიც დანიშნულები არიან არა ფართო პოლიტიკური კონსენსუსით არამედ ერთი პარტიის ხელით. ეს ადამიანი უნდოდათ ყოფილიყო სისტემაში და ამისთვის გააკეთეს ყველაფერი. პროცესიდან პრეზიდენტი სრულად გამოთიშეს, რადგან კალანდარიშვილის დანიშვნას უშლიდა ხელს“, - ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ საია-ის იურისტი ნანუკა ყრუაშვილი.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ბევრი რამ მოხდება პირველად. პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები, თანაც ელექტრონული წესით, რაც ხმების დასათვლელად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს, შეიცვლება ამომრჩევლის ქცევაც, იმისთვის, რომ აპარატმა თქვენი ხმა დაითვალოს და ბიულეტენი არ გაგინულდეთ, სასურველი კანდიდატი შემოხაზვის ნაცვლად, უნდა გააფერადოთ.
საერთაშორისო პარტნიორებითვის და დამკვირვებლებისთვის კი 2024 წლისთვის, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გარანტი მაღალი ლეგიტიმაციითა და კონსენსუსით დაკომპლექტებული ცესკო უნდა ყოფილიყო.
პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ