პირველად არსებობის ისტორიაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით წელს არჩევნებს არავინ დააკვირდება

TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაური (მარცხნივ) და TI-ის წარმომადგენელი ზვიად ქორიძე. არჩევნები წელს „გამჭვირვალობის“ დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) არსებობის 24-წლიან ისტორიაში პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს საქართველოში. ამის მიზეზი გახდა „ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილება TI „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოეცხადებინა.

ანალიტიკოსების თქმით, ის, რაც TI-ის თავს ხდება, - რაც, სინამდვილეში, შემზღუდავი ნორმებია და მოჰყვა ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურის კრიტიკულ გამოსვლას აშშ-ის სენატში, - არის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება, რომლის მსგავსიც აქამდე საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

რა ხდება

2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება TI-სთან დაკავშირებით.

TI-ის ეს შუამდგომლობა, განხილვამდე შეეჩერებინა ბიუროს გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა, თუმცა სასამართლო განაგრძობს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თუმცა, TI-ის წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 30 სექტემბრის უარი, „ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის“.

„ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა“, - განმარტავს იგი.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ დღეს, 30 სექტემბერს, ბრიფინგზე.

„ლეგიტიმაციაზე მოქმედებს“

„ღია საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ TI-ის ამბავს უარყოფითი ზეგავლენა ექნება საარჩევნო და სადამკვირვებლო პროცესზე:

„დაკვირვების პროცესი არის ის, რაც არჩევნების ლეგიტიმაციის განმსაზღვრელია. როცა ყველაფერს კანონიერად აპირებ, ჩაატარო და დაგეგმარების და განხორციელების თვალსაზრისით არჩევნებს პრობლემა არ აქვს, დასამალიც არაფერი გაქვს“, - ამბობს იგი.

ბურჯანაძის თქმით, დამკვირვებლების როლია, არჩევნების ჩატარების ხარისხი დაადასტუროს, ხოლო „დაკვირვების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა ქმნის ეჭვს, რაიმე უკანონობას ხომ არ აქვს ადგილი და ამ უკანონობას ხომ არ მალავენ“.

გიორგი ბურჯანაძე

ცესკოს მონაცემებით,

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, I ტურში 626 დამკვირვებელი ჰყავდა, II ტურში - 48.
  • 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე I ტურში 309, II ტურში კი - 362 დამკვირვებელი.

„დაკვირვება მიზნად ისახავს, გარკვეული საკითხები დაფიქსირდეს, გამოვლინდეს, დადასტურდეს, ამის მოწმეები იყვნენ. ამიტომ, არჩევნები ამის გარეშე ძალიან რთულად შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, გამართულად. ბუნებრივია, ამას შეიძლება ჰქონდეს გამოუსწორებელი ზიანი არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაზე“, - ეუბნება გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებას.

TI-ის განცხადებით, ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე მისი სახელით არცერთი დამკვირვებელი არ ეყოლებათ.

„გაცხადებული საარჩევნო მიზანი“

„ღიმილის მომგვრელია, რომ ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს კორუფციასთან ბრძოლაში, ხელს უშლის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული კორუფციასთან ბრძოლის საქმეში“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში იურისტი კახა კოჟორიძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე (2012-2014).

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის მიწურულს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ, საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენისა და პარტიების ფინანსების შესამოწმებლად შექმნეს.

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის 2024 წლის 24 სექტემბერს TI-სა და მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ (მისი დირექტორია ხათუნა ლაგაზიძე) „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადება ამ ორგანიზაციებს ავალდებულებს:

  • წარადგინონ ფინანსური ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში
  • დაექვემდებარონ ყველა იმ შეზღუდვას, რაც პოლიტიკურ პარტიებს და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“ აქვთ.

ანუ:

  • არ მიიღონ დაფინანსება უცხოეთიდან, - როდესაც TI-ის დასავლელი დონორების დახმარებით ფუნქციონირებს;
  • არ მიიღონ დაფინანსება არცერთი ორგანიზაციისგან, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულისგან;
  • წინასაარჩევნო პერიოდში არ ჰქონდეთ ისეთი აქტივობები, რაც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს და
  • აწარმოონ დეტალური ფინანსური ანგარიშები შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.

კახა კოჟორიძე, იურისტი და ადვოკატი, რომელიც „აირჩიე ევროპას“ სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა, ამბობს: „ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირ წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან“.

ის ხსნის, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისიწინებს რომელიმე პირისთვის ფინანსურ მონიტორინგს, თუ ის „პირი“:

  • „არის პოლიტიკური პარტია - და TI არ არიას ასეთი“;
  • „როცა პირს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი; გაცხადებული საარჩევნო მიზანი რაც არის, ეს პირდაპირ წერია ამავე კანონის მე-7 პრიმა მუხლში: თუ პირს საჯაროდ აქვს გაცხადებული არჩევნებში მონაწილეობისა და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი“.

იურისტი კახა კოჟორიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობას, როგორც ვიცი, არასოდეს არ უთქვამს, რომ არჩევნებში მონაწილეობს და ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. მხოლოდ მაშინ ვიტყოდი, რომ ანტიკორუფციული ბიურო მართალია, თუკი მოიტანდნენ მტკიცებულებას, სადაც TI ამბობს საჯაროდ, რომ მას სურს, იყოს არა არჩევნების დამკვირვებელი, არამედ საპარლამენტო სია წარადგინა და უნდა, რომ მისი თანამშრომლები გახდნენ პარლამენტის წევრები“, - გვეუბნება კოჟორიძე.

„ძალიან მძიმე“

კახა კოჟორიძე „ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას“ უწოდებს ანტიკორუფციული ბიუროს ნაბიჯს.

„მე არასამთავრობო სექტორში ვიყავი მაშინაც, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და ყველამ ვიცით ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევის შესახებ, რასაც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ვებრძოდით. მაშინაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები იყვნენ ძალიან კრიტიკულები მაშინდელი ხელისუფლებისადმი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ მიღებულა. დღეს ძალიან მძიმე და სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს TI-სთან მიმართებაში“, - ამბობს ის.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოჰყვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის კრიტიკულ გამოსვლას შეერთებული შტატების სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ისაუბრეს მსოფლიოში „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებსა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე“.

ეკა გიგაურმა მოსმენაზე განაცხადა, რომ წლებია, საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებას უწევს დეზინფორმაციების კამპანიებს, რისი მიზანიც დასავლური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძირის გამოთხრაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დასავლური ინტეგრაცია სურს.

ასევე ნახეთ „ქართველებს არჩევნებზე ექნებათ შანსი, ვიგინდარები გაყარონ“ - მოსმენა სენატში „აგენტების კანონზე“

ეკა გიგაურის გამოსვლას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მორიგი ლუსტრაცია“ უწოდა, მას კი - „ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში“.

ხელისუფლება ასე ხშირად უწოდებს არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებიც მმართველი გუნდის ანტიდასავლურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, სენატორები ბენ კარდინი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი, 26 სექტემბერს გამოეხმაურნენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და განაცხადეს:

„არაკეთილსინდისიერია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე თავისი ბოლო გამოსვლის გამო“.

„ბარიერები ვერ გაგვაჩერებს“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“.

„მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა“ და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას“.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონზე“ სწრაფი და ეფექტური - ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ