ვადამდელი არჩევნების ერთადერთი მოულოდნელობა მისი დანიშვნა იყო და ერთადერთი ინტრიგა ის, საბოლოოდ რამდენი პროცენტით გაიმარჯვებს "უალტერნატივო" კანდიდატი - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი.
აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნებს, ერთი შეხედვით, მშვიდ, მოწესრიგებულ პროცესს, მთელი დღე ადევნებდა თვალს საერთაშორისო მედია, დამკვირვებლები მიუთითებდნენ არაერთ დარღვევაზე და მათ შორის - საარჩევნო კარუსელზეც.
აქტივობა მაღალი იყო. 17:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა ამომრჩევლების 70.85%-ს, 4.5 მილიონ მოქალაქეს.
გამოძევება, კარუსელები
დღის მეორე ნახევრისთვის გავრცელდა ცნობები, რომ პოლიცია საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლებს აძევებდა. „Turan“-ი რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ იტყობინება.
აზერბაიჯანულ სააგენტოს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უთხრა, რომ ის მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა, მშვიდად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, რა დროსაც საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ძალისხმევით გამოაძევეს.
„Turan“-ს საუბნო საარჩევნო კომისიაში უთხრეს, რომ გაძევებული დამკვირვებლები „ქმნიდნენ დაბრკოლებას საარჩევნო პროცესში“.
გაჩნდა ცნობები ე.წ. კარუსელის შესახებაც.
დამკვირვებლებმა ამოიცნეს ერთი და იგივე პირები, რომლებმაც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა. ადგილობრივ მედიაში ფაქტების ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. აღრიცხეს ფაქტები, როცა ამომრჩევლები უბნებზე წინასწარ მომზადებული ბიულეტენებით შედიოდნენ.
დარღვევებს უარყოფენ საარჩევნო კომისიაში და ეს არავისთვის არის მოულოდნელი ავტორიტარული მმართველობის პირობებში.
უალტერნატივო კანდიდატი
მმართველი პარტიის - „ენი აზერბაიჯანის" კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ არჩევნებზეც უალტერნატივო კანდიდატი იყო. ოფიციალურად მას 6 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა აზერბაიჯანში ნამდვილი საარჩევნო დაპირისპირება ვერავინ იხილა. დებატებში, სადაც ოპონენტებიც ილჰამ ალიევს აქებდნენ, არა თავად პრეზიდენტი, არამედ მისი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ასეა უკვე 2013 წლის შემდეგ - ოპოზიცია აცხადებს, რომ "სპექტაკლს" ემიჯნება.
ილჰამ ალიევს შარშან პრეზიდენტობის 20 წელი შეუსრულდა, წელს ის არჩევნებში უკვე მეხუთედ მონაწილეობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ კიდევ ერთი 7-წლიანი ვადის ათვლას დაიწყებს.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანის მთავრობა აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევს ალტერნატივა არა ჰყავს
„აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ახალი ეპოქა 20 სექტემბრიდან დაიწყო“, - უთხრა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ტელეჟურნალისტებს, 10 იანვარს გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე. 2023 წლის 20 სექტემბერი თარიღია, როცა - ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დამყარების შემდეგ, პრეზიდენტმა ალიევმა ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენა გამოაცხადა. ამას წინ უსწრებდა სამხედრო ოპერაცია, შემდეგ - მოწინააღმდეგის კაპიტულაცია და ყარაბაღელი სომხების სომხეთში გახიზვნა.
სწორედ ამ „ახალ ეპოქას“ დაუკავშირა ალიევმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც.
საპრეზიდენტო არჩევნები წელს პირველად მოიცავს მთიანი ყარაბაღის ყოფილ ტერიტორიას.
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „საერთაშორისო სამართალი მუშაობს მხოლოდ სუსტი ქვეყნებისთვის“ და, რომ სამართლიანობა ქვეყნებმა თავად უნდა აღადგინონ და ამ პრინციპით იმოქმედა თავადაც - სუვერენიტეტის აღსადგენად.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ალიევმა აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისაპრეზიდენტო მემკვიდრეობა
პრეზიდენტის პოსტი ილჰამ ალიევმა მამისგან - ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი; ხოლო მანამდე, აზერბაიჯანს [1969-1982] კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის რანგში მართავდა.
მამა ალიევის სახელი აზერბაიჯანში უკვდავია. მას ხშირად დიდებით მოიხსენიებს შვილი - ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წლიდან მის პოლიტიკურ მემკვიდრეობასაც აგრძელებს.
ასევე ნახეთ ილჰამ ალიევის ვაჟი ოფიციალურ შეხვედრებზე - ის გააგრძელებს „ალიევების დინასტიას“?“ვფიქრობ, ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის გადამწყვეტ მომენტად იქცა 2003 წელი - გაგრძელდა ჰეიდარ ალიევის პოლიტიკა. ისტორია რომ სხვა მიმართულებით წასულიყო, ვინ იცის რა უბედურებებთან და ტრაგედიებთან მოუწევდათ შეხება ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოს”, - უთხრა ილჰამ ალიევმა ადგილობრივი ტელევიზიების წარმომადგენლებს, რომლებიც, თავის მხრივ, პრეზიდენტს აქებდნენ.
ალიევი განმარტავს, რომ აზერბაიჯანში „1993-2003 წლებში ჩაეყარა საფუძველი დღევანდელ სახელმწიფოებრიობას და შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება“.
სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ილჰამ ალიევის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებები ბოლო პერიოდში დასავლურ სტრუქტურებთან და უპირატესად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-თან დაპირისპირების ნაწილად იქცა.
დაკავებული მედიამენეჯერები და ჟურნალისტები უცხოური ვალუტის ჯგუფურ კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. ბაქო შიდა საქმეებში ჩარევად თვლის კრიტიკას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
ასევე ნახეთ ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების ტალღა და ბაქოს რეაქცია კრიტიკაზე„რამდენად შესაძლებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, სადაც დაკავებული არიან ჟურნალისტები?“ – “Turan”-ის ცნობით, ეს შეკითხვა ბაქოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ დანიელა დე რიდერს დაუსვეს.
„როდესაც გამოქვეყნდება [სადამკვირვებლო მისიის] საბოლოო ანგარიში, ნახავთ, თუ როგორ აისახება მასში ეს საკითხი“, - უპასუხა მან და დასძინა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლებისთვის აზერბაიჯანში არსებული საარჩევნო გარემოს სრული სურათია ცნობილი. „ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია“, - განაცხადა დანიელა დე რიდერმა, რომელსაც, როგორც აღნიშნავს, წარსულში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
აზერბაიჯანის ვადამდელ არჩევნებს აკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მისია, როგორც გრძელვადიანი, ასევე ასეულობით მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩართულობით.