თუმცა, გაივლი აქეთ-იქით და დროშებს მაინც წააწყდები, გერმანელებს არ სჭირდებათ გადმოფენა, ისედაც სახლში არიან, თუმცა, ერთი-ორი მაინც შემხვდა. აი, სტუმრებს კი გაცილებით მეტი დროშა აქვთ, მაგალითად, ალბანელებსა და იტალიელებს. ქალაქის მთავარი მონაპოვარი დაკიდებული რკინიგზაა. ლამაზი ვაგონებიც მოძრაობს ჰაერში. ესეც ბედკრულზე გაფიქრებს, მერე კი ხვდები, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, გინდა ცაში, გინდა ჰაერში, მაინც ყველგან საცობს შევქმნით, იმიტომ, რომ ეგეთი ხალხი ვართ. ჯერჯერობით მაინც.
სასტუმრო დაკეტილი დამხვდა, მისაღები მხოლოდ დილის საათებში მუშაობს, გასაღები მესამე სართულიდან გადმომიგდეს, მაგრამ კარი ვერ გავაღე, ეს არა, ძმაო, ეგერ მეორე შენობაა და იქ უნდა წახვიდეო. წავედი N2 შენობისკენ, სასტუმროს შესასვლელი მარკეტის საწყობის კარს წააგავს. მესამეზე ავედი, ვან გოგთან, თბილისის საბავშვო ბაღის კედლებს ამშვენებდა ადრე დიდი მხატვრების ასლები. აქაც ასეა. მესამეზე ვან გოგის მზესუმზირა კიდია.
სუნიც ისეთივეა, არ ვიცი, ეს რისი სუნია, მაგრამ ჩემი ბაღის დერეფნებში იყო ხოლმე ასეთი სუნი, ფერად-ფერად კარადებთან. პატარა ოთახი დამხვდა, უფერული კედლებით, ძლივს რომ დაეტევი, ისეთი საწოლით, გამიმართლა, რომ არც ძაან მაღალი ვარ და არც ძალიან წონიანი. ერთი თარო, პატარა ტელევიზორი და მაგიდა. სულ ეგ არის. მშვენიერი! რაღაც აკლია... კარადა არ მაქვს. არ არის. ორი ცალი საკიდია კედელზე, ბარგი ალბათ ჩანთებში დარჩება.
ჰოოო, საშხაპე ძალიან ვიწრო კარით, აქაც ჩემს წონას ვლოცავ, რომ შევეტიე. ცოტას ვჭიდაობ, მაგრამ ქართველური მოხერხებულობით შევეტიე! მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი, მაგრამ ისევ ადამიანური ბუნება მშველის, ვიძინებ-ვიღვიძებ და ვეჩვევი აქაურობას. უპირატესობებზე მაწყებინებს ფიქრს. პირველი უპირატესობა ის არის, რომ მიუხედავად ასეთი სივიწროვისა, ყველაფერი მაინც სუფთაა.
მეორე უპირატესობაზე კი დიდხანს ვიფიქრე, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაკლდა. წერის დროს გავიხსენე - თბილისური ბურღის ხმა მაკლია. იღვიძებ და არაფერი გაწუხებს. საოცარი გრძნობაა. რამდენი ხანია არაფერი მსგავსი არ მიგრძვნია, რამდენი ხანია ირგვლივ მორიგი მავნებლური მშენებლობიდან გამწარებული მუშის აკივლებული ინსტრუმენტი მაღვიძებდა, ახლა კი სიმშვიდეა.
დიდებული დილა გათენდა!
რაჭის ჰაერია მთელ გერმანიაში, ავავსე ფილტვები და მერე უკვე ყველაფერი გემრიელი გეჩვენება, წყალიც, პურიც და ღვინოც.
ლუდს კი მოჩვენებები არ სჭირდება, ისედაც გემრიელია.
ვუპერტალიდან დორტმუნდამდე 15 ევროს ვიხდი. აკრედიტაციის აღების მერე მგზავრობას უფასოდ შევძლებ. უეფა გვაბედნიერებს.
ამინდს ვერაფერი გავუგე, გადიხარ - წვიმს, მერე მზე გამოვა, მერე აცივდება, მერე ისევ მზე, მერე ისევ წვიმა, და ეს ყველაფერი მხოლოდ ოცწუთიან მონაკვეთში, და მერე ისევ იგივე დაღამებამდე.
წინა დღით, ჯუდ ბელინგემის გოლი ბუნდოვნად მახსოვს, ინგლისს ახალი გმირი ჰყავს, შესაძლოა, ასე გმირულად ვერ დაიწყეს, მაგრამ როგორც იქნა, გამორჩეული გმირი ჰყავთ და უმღერიან კიდეც ჰეი ჯუდს, მაგარი ბიჭია, საერთოდ, მაგარი ოჯახიდან, ჰყოლიათ ინგლისელებს დიდი ლიდერები, და ჰყოლიათ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები, მაგრამ ორივე ერთად დიდი იშვიათობაა ინგლისურ ფეხბურთში, ან ტვინი აკლდათ, ან ხასიათი, ბელინგემს კი ორივე აქვს. იქნებ სწორედ ეს არის გასაღები? იქნებ სწორედ ამ კაცმა დააბრუნოს ფეხბურთი სახლში? ერთი პრობლემაა მხოლოდ, ინგლისი არასდროს ყოფილა მისიონერული კულტის ნაწილი, ეს არგენტინა არ არის, ერთმა კაცმა აიკიდოს და ყველაფერი შეძლოს. ჰოდა, რა ვიცი...
მთავარ სადგურამდე მისასვლელად ბევრ დროს ვხარჯავ, ახლა ეს არის ჩემი სატკივარი. ნაკრების ბაზას ვეწვიე და ერთი ფოტოც არ გადამაღებინეს, უჟმური დაცვა მაგრად იცავს ჩვენს ბიჭებს, ვერც შემოხვალ, ვერც ფოტოს გადაიღებთ და საერთოდ დაახვიეთ აქედანო.
ვარჯიშის 15 წუთს დავესწარით, არაფერი განსაკუთრებული, კარგი განწყობაა, მხიარულებაა, ყველა თამაშზეა კონცენტრირებული. მერე კი დორტმუნდისკენ გავეშურე, პრესკონფერენციაზე, ალბათ ვერ მოვასწრებდი და პოპსპორტის გუნდს მივეკედლე, ვიღაცას უფიქრია წინასწარ, აქ რა დახვდებოდა, გზაც გაუზომავს, საწვავიც დაუთვლია და მზადყოფნაში მოვიდა. წარმოუდგენელი ამბავია. ქართველობის მენტალური ფერისცვალება.
პრესკონფერენციაზე ორი ყურადსაღები რამ მოვისმინე - კიტე არ ითამაშებს. რაც დიდი დანაკლისია. მეორე კი სანიოლის სიტყვა იყო - ქართველ ქომაგს ფილტრი არ აქვსო, თუ ოცნებობენ, ბოლომდე შლიან ფრთებსო, ვაჰ... ოცნება ეგ არ არის? მიწას უნდა მოწყდე და რაღაც სიგიჟეებზე იფიქრო. აბა, შეზღუდული ოცნება ვის გაუგია? ეს მითხრა სწორედ ჩემმა თანაგუნდელმა 2008 წელს, სადღაც ავსტრიის ტერიტორიაზე, როცა მთელი გუნდი ავტობუსით გავეშურეთ თბილისიდან დანიაში. გზად არაფერი საქმე არ გვქონდა, ჰოდა, ოცნებას მივყავით ხელი.
ვილი კი ოცნებაში უფრო რაციონალურ მოთხოვნებს გულისხმობს. გუშინ ამათი ზღვარი აქ გასვლა იყო და ახლა ჯგუფიდან გასვლას ითხოვენო. მე მგონი, ნორმალურია. სხვაგვარად ვერ გაიზრდები.
ამ რაციონალურისა და ირაციონალურის ჭიდილში კი დავით ოდიკაძე გამახსენდა, 2014 წელს საჩხერის ჩიხურა ბურსასპორს შეხვდა უეფას საკვალიფიკაციო ეტაპზე. მატჩის წინ გუნდის კაპიტანმა, დავით ოდიკაძემ ასეთი რამ თქვა - „11 თურქი 11 ქართველს ვერ დაამარცხებს, უბრალოდ შეუძლებელიაო“, - თავიდან ძალიან გამეცინა, იმიტომ, რომ 11 თურქს უკვე ჰყავდა 11 ქართველი დამარცხებული, თანაც ორჯერ, ორივეჯერ დიდი ანგარიშით. მერე იმან დამაფიქრა, რამ ათქმევინა? რაზე ფიქრობდა? და მივხვდი, რომ ერთი წვეთი რაციონალიზმი არ ყოფილა მასთან, არც იყო საჭირო, ოდიკაძე იმ თამაშში ასეთი განწყობით გავიდა, ამ რწმენით, რწმენაში კიდევ რაციოს ადგილი არ არის. მაგრად დაჩაგრა თავისი მეტოქე და უდიდესი სენსაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახდა.
ასე რომ, ნუ შეხედავთ თურქებთან ურთიერთშეხვედრებს, ნუ დაიწყებთ იმის გაზომვას, ვის როგორი ეკონომიკა და სამედიცინო დაზღვევა აქვს, არაფერში გვჭირდება ეს ფიქრები, ახლა ოდიკაძის სააზროვნო მოდელზე უნდა გადავერთოთ და უბრალოდ დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია.
საპრესკონფერენციო დარბაზში ალტინტოპს მოვკარი თვალი, და როგორც თურქები ვერ არჩევენ შოთას და აჩის, ისე მე ვერ გავარჩიე, ჰალილი იყო თუ ჰამიტი. ამიტომ, ძალიან ფამილარულად მივმართე - ალტი, როგორ ხარ? ღიმილით ჩამომართვა ხელი, ალბათ ეგონა, რომ უკვე ვიცნობდი, მერე ღიმილითვე მომიცილა თავიდან, ახლა არა, თამაშის მერე ჩაგეწერებიო.
ძმები კარგად იცნობენ კობიაშვილსა და სანიოლსაც. საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა, მაგრამ ზედმეტად თავშეკავებული მომეჩვენა.
დორტმუნდის ცენტრში დიდი ქართველობაა, დილიდან საღამომდე მღერიან, ხან ნიაზის, ხან მერაბის სიმღერებს. ერთმა თურქმა ჟურნალისტმა იკითხა კიდეც, ძალიან ცინიკური სიცილნარევი ხმით - თქვენები უკვე აღნიშნავენ გამარჯვებას, ეს ნორმალურია? ვილიმ კი უპასუხა - ხომ გითხარით? მათ ფილტრი არ აქვთ.
არ ვიცი, სხვა ქალაქებში როგორ არის საქმე, მაგრამ დორტმუნდში თურქებზე მეტი ქართველი ვნახე. ცოტა უცნაური ქართველები, იღიმის ეს ხალხი. ან ჰაერი მოგვიხდა, ან რაღაც სხვა ხდება ჩვენს თავს.
ხვალ დიდი დღეა!
თურქებიც შემხვდნენ, ფოტოს გადაღება მთხოვეს, ბოლოს გავუმხილე, რომ ქართველი ვარ, ცოტა უხერხულად ამოიხვნეშეს, წარმატება არ უსურვებიათ, არც მე ვუსურვე, ახლა სხვისი წარმატება შენს წარუმატებლობას უდრის, ამიტომ, მხოლოდ ქართველები ვუღიმით ერთმანეთს, თურქებს კიდევ თვალს ვარიდებთ. ჯერჯერობით ასეა, მატჩის მერე ვნახოთ რა იქნება.
ვუპერტალისკენ პირველ საათზე ვბრუნდები, ტაქსი 80 ევროს მართმევს. ჰაბიბი ერქვა. დიდი შავი ულვაში ჰქონდა, ნამუსი კიდევ არ ჰქონია.