მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე ვიზიტორი გარდაიცვალა. გერმანიის მოქალაქე „როჭოს ჩანჩქერის“ ტურისტული მარშრუტიდან უკან დაბრუნების დროს ბილიკიდან დაგორდა და დაიღუპა. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არსებული ბილიკები საშუალო სირთულისაა და მეტი ყურადღება მართებთ თავად ვიზიტორებს. ტურისტების მეტად ინფორმირებულობის საჭიროებაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
რამდენად უსაფრთხოა ლაგოდეხში არსებული ბილიკები ვიზიტორებისთვის?
კიდევ ერთი მსხვერპლი ლაგოდეხის დაცული ტერიტორების შემადგენლობაში არსებულ ტურისტულ მარშრუტზე. 53 წლის გერმანიის მოქალაქე, ვერნერ ბარჩი, „როჭოს ჩანჩქერიდან“ უკან დაბრუნების დროს ბილიკიდან დაგორდა და რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეუღლე ტანია ვერნერი ჩვენებაში წერს, რომ მეუღლესა და მას შორის ნაკრძალში მოძრაობის დროს იმხელა მანძილი იყო, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაუძახა და არ გააგონა, ძებნა დაიწყო. ტანია ვერნერი ვერ ამბობს, რა ვითარებაში დაგორდა ბილიკიდან მისი მუღლე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა.
ლაგოდეხში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე, მიმდინარე წლის მაისში სკოლის მოსწავლე, 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილიც გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, დასრულდა თუ არა ეს პროცესი და რა დაადგინა ძალოვანმა უწყებამ.
ასევე ნახეთ როგორ წავიყვანოთ ბავშვები ექსკურსიაზე - უსაფრთხოების წესებიმოკლე დროში უკვე მეორე ვიზიტორის გარდაცვალების შემდეგ ისმის შეკითხვა, არის თუ არა ლაგოდეხში ტურისტულ მარშრუტებზე გადაადგილება უსაფრთხო და ვინ არის პასუხისმგებელი ვიზიტორების სიცოცხლის დაცულობაზე.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი ზურაბ ლომიძე ამბობს, რომ ლაგოდეხში არსებული ტურისტული ბილიკები საშუალო სირთულის კატეგორიას მიეკუთვნება და ასაკობრივი ბარიერიც კი არ არის დაწესებული. ლომიძის თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა იმ ვიზიტორს, რომელიც ადმინისტრაციას მიმართავს, კერძო გიდის გაყოლას სთავაზობენ, თუმცა 90 პროცენტი ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით გიდის დაქირავება 50 ლარი ღირს. ზურაბ ლომიძის თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გაკეთდეს, ბილიკების შედარებით რთულ მონაკვეთებზე დამცავი ბარიერების დამონტაჟებაა:
„წელს იყო გარდაცვალების 2 შემთხვევა, რომელიც ტურისტების გაუფრთხილებლობის ბრალია. სპეციალისტი ვიზიტორებს გამგზავრებამდე აფრთხილებს, თუ რა აღჭურვილობა სჭირდებათ. მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური ფეხსაცმელი, რომ არ ცურავდეს ფეხი. ცოტა სქელლანჩიანი უნდა იყოს, რადგან ქვებზე გადაადგილება უწევს და ქვები ამ პერიოდში ისეა მოლიპული, რომ ყველგან, სადაც ფეხს დაადგამს, დიდი სიფრთხილეა საჭირო. კონკრეტულად გერმანელ ტურისტებს სპეციალისტმა გიდიც შესთავაზა, მაგრამ გიდზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მსოფლიო გვაქვს მოვლილი და გამოცდილება არ გვაკლიაო. გამკაცრებით ვერაფერი ვერ გამკაცრდება, მაგრამ ასეთ მონაკვეთებზე უნდა დამონტაჟდეს მოაჯირები“.
ზოგადად, ნაკრძალში არსებულ ტურისტულ მარშრუტებს უსაფრთხოდ მიიჩნევს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვალერი ოღიაშვილიც, თუმცა იმასაც ამბობს, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე ვიზიტორებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
ოღიაშვილის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტების წინასწარ ინფორმირებაზე, თუ სად არის დამაბრკოლებელი ადგილები და როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში:
„ვიზიტორებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ადმინისტრაციისა და ტუროპერატორებისგან. ყველა სირთულის შესახებ რამდენიმე ენაზე უნდა დაიწეროს ბილბორდზე, რომელიც შესასვლელში განთავსდება. იქ უნდა ეწეროს ისიც, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ შემთხვევაში“.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორების შემადგენლობაში არსებულ ტურისტულ მარშრუტზე 53 წლის გერმანელი ვიზიტორის გარდაცვალების შემდეგ, არსებული ვითარების შესწავლას გეგმავენ ლაგოდეხის საკრებულოში. სოციალური კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე ამბობს, რომ ვიზიტორებს ინფორმაცია ასაკობრივი ჭრილის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოთ:
„ადამიანმა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა იცოდეს, რომელი ბილიკის დაპყრობას შეძლებს, სად მოახერხებს მისვლას და სად ვერა. ამიტომ აუცილებელია, რომ ტურისტმაც გაითვალისწინოს თავისი შესაძლებლობები. ასევე, მათ ადმინისტრაციამ უნდა მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია. როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესწავლილი იქნება აღნიშნული საკითხი. ჩვენც მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას და შემდეგ მოქალაქეებს მივაწვდით ამომწურავ ცნობებს აღნიშნულ ბილიკებთან დაკავშირებით“.
სამოგზაურო მარშრუტი ლაგოდეხის ნაკრძალში მაისიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ამ დროს სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდები კარვებში ღამის თევისა და ცხენებით გასეირნების საშუალებასაც იძლევა. დამთვალიერებელს ჩანჩქერების, მთის ტბებისა და იშვიათი სახეობის მცენარეების ნახვას სთავაზობენ. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ყოველდღიურად ჰყავს დამთვალიერებლები. აქ შეხვდებით როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარშრუტები ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნევა, ყველა მხარე აღნიშნავს, რომ საჭიროა ვიზიტორების მეტად ინფორმირება და, ამავდროულად, მეტი სიფრთხილე თავად ტურისტების მხრიდან.