არდასავიწყებელი დღე

30 ოქტომბერს რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აღნიშნავენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღეს, რომელიც საგანგებოდ იქნა შერჩეული და უკავშირდება 1974 წლის 30 ოქტომბერს მორდოვისა და პერმის ბანაკებში დაწყებულ შიმშილობას. პატიმრებმა საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიები გააპროტესტეს და 30 ოქტომბერი პოლიტპატიმრის დღედ გამოაცხადეს. აქედან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში, ყოველი წლის 30 ოქტომბერს იმართებოდა პოლიტპატიმართა შიმშილობის აქციები.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია, სულ ცოტა, 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს.

რეპრესიების პიკმა უწია 1937-1938 წლებს, როცა პოლიტიკური ბრალდებით დაპატიმრებული იქნა 1,5 მილიონამდე ადამიანი, რომელთაგან 1,3 მილიონს განაჩენი გამოუტანეს არასასამართლო ორგანოებმა, 700 ათასს კი დახვრეტა მიუსაჯეს. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს.

Your browser doesn’t support HTML5

სტალინიზმი - დახვრეტა, გადასახლება...

სწორედ გასული საუკუნის 30-იანი წლებში დამკვიდრდა ტერმინი „ხალხის მტერი“, 1937 წლის ზაფხულიდან კი რეპრესიებს (დაპატიმრებას, გადასახლებას) დაექვემდებარნენ ხალხის მტერთა მეუღლეები, რომლებსაც ეწოდათ ЧСИР - Член семьи изменника родины, ანუ სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი. საქმე ისაა, რომ 1937 წლის 15 აგვისტოს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გამოსცა ოპერატიული ბრძანება ნომერი 00486, რომელმაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ათობით ათასი ქალის ბედი განსაზღვრა:

„ბრძანების მიღებისთანავე შეუდექით სამშობლოს მოღალატეთა და მემარჯვენე-ტროცკისტული ჯაშუშურ-დივერსიული ორგანიზაციების წევრების, სამხედრო კოლეგიებისა და სამხედრო ტრიბუნალების მიერ პირველი და მეორე კატეგორიების მიხედვით 1936 წლის პირველი აგვისტოდან მსჯავრდებულთა ცოლების რეპრესირებას. სამშობლოს მოღალატეთა ცოლები, რომლებიც პატიმრობაში არ აუყვანიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მცირეწლოვანი შვილების ავადმყოფობის გამო, გამოჯანმრთელებისთანავე ექვემდებარებიან დაპატიმრებას და ბანაკებში გაგზავნას.“

ქართულ „მემორიალს“ აღრიცხული აქვს 2500-მდე რეპრესიერუბლი ქალის სახელი და გვარი. თითქმის ყველა მათგანს, ვიდრე დააპატიმრებდნენ და გადაასახლებდნენ, დაუხვრიტეს ქმარი ან ოჯახის სხვა წევრი. ყაზახეთში, აკმოლინსკში მდებარეობდა სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულთა ცოლების ყველაზე დიდი ბანაკი სახელწოდებით - Алжир - Акмолинский лагерь жен изменников родины (აკმოლინსიკის სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკი).

ასევე ნახეთ რეპრესიების მსხვერპლი ქალები

სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

1960-1980 წლებში საბჭოთა კავშირის რეპრესიების ძირითად ობიექტად იქცა დისედენტობა. ამ პერიოდში უშიშროების საკავშირო კომიტეტმა გამოავლინა „პოლიტიკურად მავნე“ 3 ათასამდე ჯგუფი. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი დისიდენტის ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, დისიდენტი იყო დანაშაულის მოწმე მოქალაქე, რომელსაც ვერ აჩუმებდნენ:

„საბჭოთა კავშირში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა დანაშაული. ამას ხედავდა ყველა. ხელისუფლება ეხვეწებოდა დისიდენტებს, არ თქვათ არაფერი, ისარგებლეთ დუმილის უფლებითო. მთელი ქვეყანა სარგებლობდა დუმილის უფლებით. ხედავდნენ და არ ამბობდნენ. დისიდენტები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ და ამბობდნენ.“

ასევე ნახეთ დისიდენტის ბედი

საქართველოს პარლამენტმა 1997 წელს მიიღო კანონი საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა: ა) პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; ბ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.

ასევე ნახეთ რეპრესიების მოწმე საგნები

საქართველოში პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის ოდენობა 55 ლარს შეადგენს.