არასრულწლოვნები ამბობენ, რომ პოლიციელები მათ იარაღით ემუქრებოდნენ - რა მოხდა ბათუმში?

პოლიციის შენობა ბათუმში

17 წლის ბათუმელი არასრულწლოვანი ჰყვება, რომ მასთან ერთად მისი ორი მეგობარი, ორივე სკოლის მოსწავლე, 11 მაისს სამმა პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა, იარაღით დაემუქრა და გამთენიისას  ქალაქგარეთ, სახლიდან მოშორებით ჩამოსვა.

რადიო თავისუფლებას შს სამინისტრომ დაუდასტურა, რომ გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა ბათუმში პოლიციელების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო ძალადობის ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 17 წლის ბიჭი იხსენებს, რომ გუშინ თავდაპირველად მას და მის ხუთ მეგობარს ორი პოლიციელი ღამის 11 საათზე, იმ მომენტში შეხვდა, როდესაც ისინი სუპერმარკეტ „ვილმარტთან“ მეზობელ კორპუსში გადადიოდნენ.

„საღამოს 11 საათის შემდეგ ჩემი კორპუსის ეზოში ვიყავით ექვსნი, ნუ თითქმის სახლში ვიყავით. ქუჩით გადავედით გვერდით სახლში ერთ-ერთი მეგობრის ბინაში. ამ დროს გზაში შეგხვდა პოლიციის ორი თანამშრომელი. გაგვაჩერეს. ავუხსენით, რომ სახლამდე მივდიოდით. ექვსიდან ერთ-ერთ ბიჭს წარსულში პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. ყველას გადაგვიღო ფოტოები. ამის შემდეგ მიგვიყვანეს სახლამდე. მეგობრის ბინაში დავრჩით სამნი. დილით 05:30 საათზე ჩვენ სამნი [17, 14 და 13 წლის] ჩავედით სუპერმარკეტში. ვიყიდეთ საჭმელი და ქუჩა რომ გადავკვეთეთ, პოლიციამ გაგვაჩერა. ის ორი პოლიციელი ვიცანით და კიდევ ერთი უცნობი პოლიციელი ახლდათ. გვკითხეს, რას შვრებითო. ვუპასუხეთ, საჭმელი ვიყიდეთ და სახლში მივდივართ. შემოგვთავაზეს მანქანით მიყვანა. უარი ვუთხარით. შემდეგ ხმას აუწიეს და პოლიციის ბრძანება კანონია მაინც და დავჯექით... 15 წუთის განმავლობაში ქალაქში მანქანით დავყავდით. გვეკითხებოდნენ იმ ბიჭზე, ადრე რომ პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. გვაგინებდნენ. გვემუქრებოდნენ 30 ტყვია გვაქვს და თქვენ „დაგერხათო“, ახლა წაგიყვანთ ჭოროხზე და იქ დაგტოვებთო. ეს პოლიციელი ვიდეოს მთელი ამ დროის განმავლობაში იღებდა“.

არასრულწლოვნის თქმით, პოლიციის ეკიპაჟმა სამივე ბიჭი სახლიდან მოშორებით ქალაქგარეთ, აეროპორტის სიახლოვეს გამთენიისას ჩამოსვა, რომ სახლამდე ფეხით გრძელი გზა ჰქონოდათ გასავლელი, რაც კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მათთვის.

„ბოლოს მოგვაძახა - თქვენნაირი ბიჭები საქართველოს დედას "იმასუშვებითო"“, - გვიყვება არასრულწლოვანი. მისივე თქმით, ბიჭები აეროპორტის ტერიტორიიდან სახლისკენ ფეხით წავიდნენ, თუმცა მალევე ქუჩაში შემთხვევითი მანქანა გააჩერეს.

„ხელი დამიქნიეს, გავუჩერე, მანქანაში ჩამისხდნენ. იყვნენ ძალიან შეშინებულები, ერთმანეთს დაბნეულად ელაპარაკებოდნენ. მითხრეს, რომ დღეს დილით 6-ის წუთებზე ბათუმში, სუპერმარკეტ „ვილმარტთან“, კობალაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, პოლიციამ მანქანაში ჩაისვა და წაიყვანეს მდინარე ჭოროხის მიმართულებით. როგორც მათი მონაყოლით გავიგე, მანქანაში პოლიცია ეკითხებოდა, რას აკეთებდნენ ამ დროს ქუჩაში. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ პოლიციელმა გადატენილი იარაღი აჩვენა და დაემუქრა „მუხლებს დაგიხვრიტაო“. მათივე თქმით, პოლიციელმა უთხრა, რომ „ჭკუა ესწავლათ“ და მეორეჯერ ასე ადრე ქუჩაში აღარ გამოსულიყვნენ“, - უყვება რადიო თავისუფლებას გოჩა სურგულაძე, ბათუმის უნივერსიტეტის მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი და იმ მანქანის მძღოლი, რომელიც ბავშვებმა შემთხვევით გააჩერეს ახალ ბულვართან.

მანქანაში მოსმენილი ისტორიის შესახებ გოჩა სურგულაძემ თავდაპირველად ფეისბუკზე დაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა. „3 ბავშვს ბათუმში ვილმარტთან მანქანაში რომ ჩაისვამ, დედას აგინებ და გადატენილი პისტოლეტის ჩვენებით მუხლების დახვრეტით დაემუქრები, შემდეგ კი ახალ ბულვარში, ჭოროხის პირას ჭკუის სწავლების გამო დატოვებ - ხალხის სამსახურში ყოფნა გგონიათ?“ - დაწერა მან თავის კედელზე.

რადიო თავისუფლებასთან გოჩა სურგულაძე ჰყვება, რომ სკოლის სამი მოსწავლე, ახალი ბულვარის მიმდებარე საავტომობილო გზაზე დილის 6 საათზე შენიშნა, მანქანაში ჩაისვა და სახლამდე მიიყვანა.

„ამოიღონ ეს კადრები და ნახონ, ვინ წაიყვანა ბავშვები და რა მიზნით. თუ მე ვცდები, საჯაროდაც მოვიხდი ბოდიშს. მაგრამ ეს ბავშვები იმდენად შეშინებულები, სტრესის ქვეშ და გულწრფელები იყვნენ, რომ მე მათი მჯერა. დაშინება კი კანონითაა აკრძალული“, - ამბობს გოჩა სურგულაძე. მან ინფორმაცია სახალხო დამცველსაც გადაუგზავნა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს 17 წლის არასრულწლოვანიც.

ომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმეზე მუშაობა თბილისის ოფისის თანამშრომლებმა დაიწყეს.